1. ლურჯი ტრასა: ჯუთა – როშკა – მთავარი გზა – ღული – ჭიე – დათვისჯვრის უღელტეხილი (41 კმ.)
სოფელ ჯუთადან (2 150 მეტრი ზღვის დონიდან) უნდა გავიდეთ ფერდობზე, რომელზეც დასახლებაა და მივაღწიოთ კემპინგ „ზეთამდე“. კემპინგიდან სვლას ხეობის გავლით განვაგრძობთ, რომელიც სოფლიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს. გზას ჭაუხის კლდოვან მასივამდე მივყავართ, სადაც უმაღლესი მწვერვალი ასათიანია (3 842 მეტრი ზღვის დონიდან). ზედ მასივის წინ ტრასა მარცხნივ უხვევს, გზას განვაგრძობთ და ჭაუხის ქედის თხემს ჩრდილოეთიდან ვუვლით. როდესაც მასივს ჩრდილოეთის მხრიდან მოვექცევით და დაახლოებით 2 900 მეტრის სიმაღლეზე აღმოვჩნდებით, საჭიროა მარცხნივ გადავუხვიოთ და ავიდეთ ქედზე, რომელიც ხეობას ჩრდილოეთიდან აკრავს. დაახლოებით 300-მეტრიანი აღმართის ავლის შემდეგ 3 200 მეტრის სიმაღლეზე აღმოვჩნდებით. მივემართებით ქედის გასწვრივ სამხრეთ-აღმოსავლეთით და მივაღწევთ ჭაუხის უღელტეხილს (3 338 მ. ზღვის დონიდან). ქედიდან იშლება პანორამა, რომელიც მოიცავს ჭაუხის მასივის სამხრეთ ნაწილს, დასავლეთით ყაზბეგის მწვერვალს, ჩრდილოეთით კავკასიონის მთავარ ქედს, სადაც საქართველო- ინგუშეთის საზღვარზე 4 000 მეტრამდე სიმაღლის მწვერვალებია, აგრეთვე მოჩანს არხოტისთავისა და საძელეს უღელტეხილები. ჩრდილო-აღმოსავლეთით მოჩანს არხოტის, კალოთანისა და ტანიეს ქედები თვით დათვისჯვრის უღელტეხილამდე. ქვემოთ, სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით დაინახავთ აბუდელაურის მცირე მყინვარულ ტბებს (2 650 მ. ზღვის დონიდან). ტრასა ქედიდან ქვემოთ ეშვება და შემდეგ მდინარე აბუდელაურის ხეობას მიუყვება აღმოსავლეთისაკენ. ტრასის გასწვრივ მიმობნეულია „მოხეტიალე” მყინვარული კაჭრები, რომელთა ჯგუფებიც სოფელ როშკამდეც კი (2 000 მ. ზღვის დონიდან) გვხვდება. სოფელ როშკაში ლურჯი მარშრუტი ყვითელ მარშრუტს კვეთს. როშკის ცენტრიდან ლურჯი მარშრუტი მდინარე აბუდელაურზე გადებული პატარა ხიდით სოფლის ჩრდილოეთ ნაწილში გადადის და შემდეგ აღმოსავლეთის მიმართულებით მიემართება. რამდენიმე კილომეტრის გავლის შემდეგ ტრასა ხევსურეთის არაგვს აღწევს. მარშრუტი მდინარეს პატარა, დაკიდული ხიდით გადაკვეთს, შემდგომ მთავარ გზას უერთდება და დაახლოებით 100 მეტრის მანძილზე ჩრდილოეთისაკენ მიემართება. შემდეგ მთავარ გზას ეყრება გრუნტიანი გზა, რომელიც სოფელ ღულს აღწევს (1 660 მ. ზღვის დონიდან). აქედან ტრასა დასავლეთით მიემართება, გადაკვეთს მცირე წარაფს და მიდის სოფელ ჭიემდე (1 900 მ. ზღვის დონიდან). ამ ადგილას ლურჯი ტრასა შავ ტრასას ხვდება. შემდეგ სოფელ ჭიედან სამხრეთ-აღმოსავლეთით, დაახლოებით 3 კილომეტრის დაშორებით ლურჯი ტრასა ადის ქედზე, თითქმის 2 300 მეტრის სიმაღლეზე. აქედან, ქედის გასწვრივ ტრასა აღმოსავლეთისაკენ მიემართება და ნელ-ნელა იღებს სიმაღლეს. იგი გაივლის მწვერვალ ლიქოკს (2 868 მ. ზღვის დონიდან) და ჭიედან 11 კილომეტრის გავლის შემდეგ 3 000 მეტრ სიმაღლეზე ადის. აქ იგი ხვდება ყვითელ ტრასას, რომელიც სოფელ შუაფხოდან მოემართება. ლურჯი ტრასა ამ ადგილას ჩრდილოეთისაკენ უხვევს, რათა კიდევ 3 კილომეტრის გავლის შემდეგ მიაღწიოს დათვისჯვრის უღელტეხილს (2 676 მ. ზღვის დონიდან). აქედან ტრასა შატილისაკენ მიმავალ მთავარ გზას მიჰყვება.
2. წითელი ტრასა: ჯუთა – არხოტისთავის უღელტეხილი – ახიელი – ამღა (28 კმ.)
სოფელ ჯუთადან წითელი ტრასა გრუნტის გზას მიჰყვება, რომელიც, თავის მხრივ, მდინარის ფართო ხეობით მიდის ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ. ჯუთადან დაახლოებით 4 კილომეტრის დაშორებით სასაზღვრო პოლიციის საგუშაგოა, სადაც აუცილებელია პასპორტების წარდგენა, რათა გზის გაგრძელების ნებართვა მივიღოთ. საგუშაგოს იქით გზა პატარა ბილიკად იქცევა და უხვევს სამხრეთ-აღმოსავლეთით. ოდნავ მოშორებით მდინარის გადალახვა მოგვიწევს, რათა მისი ჩრდილოეთ ნაპირიდან განვაგრძოთ აღმასვლა ხეობით. ზღვის დონიდან დაახლოებით 2 400 მეტრის სიმაღლეზე ტრასა მთის ორი მდინარის შეერთების ადგილს მიადგება. ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით უღელტეხილისაკენ მიემართება პატარა მდინარე ვეშაწყალი. ტრასა ამ მდინარეს მიჰყვება და 2 700 მეტრის სიმაღლეზე ყვითელ ტრასას ხვდება (რომელიც სოფელ როშკაში მიდის), შემდეგ კი ზემოთ მიდის ხეობისკენ. 2 800 მეტრის სიმაღლეზე ტრასა ხეობის ფსკერიდან ოდნავ მარცხნივ გადაუხვევს და სულ უფრო და უფრო ზემოთ იწევს მანამ, სანამ არხოტისთავის უღელტეხილს არ მიადგება (3 287 მეტრი ზღვის დონიდან). უღელტეხილიდან ტრასა თავიდან აღმოსავლეთით უხვევს და მთის ნაკადს მიუყვება, შემდეგ კი დაახლოებით 5 კილომეტრის დაშორებით, 2 400-2 500 მეტრის სიმაღლეზე ის უერთდება ბილიკებს, რომლებიც როშკიდან პირდაპირ არხოტისაკენ მიდის. იქ ტრასა მდინარესთან ერთად ჩრდილოეთისკენ უხვევს და ხეობით კიდევ 7 კილომეტრს გაივლის სოფელ ახიელამდე. სოფელ ახიელში რამდენიმე მთის ნაკადი იყრის ერთად თავს და ისინი მდინარე ასას ქმნიან, რომლის კალაპოტის პარალელურადაც ტრასა კიდევ 4 კილომეტრს გაივლის ასასა და კალოთანის ხეობების შეერთების ადგილამდე.
3. ყვითელი ტრასა როშკის მიდამოებში: ხიდი მდინარე არაგვზე – როშკა – საძელეს უღელტეხილი (17 კმ.)
ყვითელი ტრასის მონაკვეთი ხევსურეთის არაგვზე გადებული ხიდიდან სოფელ როშკამდე 7 კილომეტრია. ყვითელი ტრასის ეს მონაკვეთი ლურჯი ტრასის ანალოგიურ მონაკვეთზე გრძელია, მაგრამ გარკვეულ მანძილზე იგი გრუნტის გზას მიჰყვება და ამ გზით როშკამდე „ჯიპითაც“ კი შეიძლება მისვლა. დასახლებიდან ტრასა ჩრდილო-დასავლეთით მიემართება. როშკის ხევის გაყოლებით ტრასა ჩრდილო-დასავლეთისაკენ მიემართება ტაფობამდე, რომელიც საძელეს უღელტეხილის ძირშია (3 056 მ. ზღვის დონიდან). დაახლოებით 2 500 მეტრის სიმაღლეზე იწყება შედარებით ციცაბო აღმართი უღელტეხილამდე. ჯუთის გზაზე დასავლეთ მხარეს ყვითელი ტრასა წითელს ხვდება. როშკა-ჯუთის მონაკვეთის გავლა ყვითელი და წითელი ტრასების საშუალებით გაცილებით უფრო ადვილია, ვიდრე ლურჯით – ჭაუხის გავლით. განსხვავება პირველი ორი ტრასის უმაღლეს წერტილსა და მესამე ტრასის უმაღლეს წერტილს შორის, თითქმის, 300 მეტრია.
4. მწვანე ტრასა: ორწყალი – ბარისახო – კორშა – ხიდი არაგვზე – გუდანი – ბაცალიგო – ატაბე (26 კმ.)
ეს ტრასა გადის გრუნტის გზაზე, რომელზეც შესაძლებელია „ჯიპით“ გადაადგილება კავკასიონის მთავარ ქედის ძირამდე. ორწყალის ხიდიდან სოფელ გუდანამდე ეს ტრასა ხევსურეთის მთავარ გზას მიუყვება. გუდანიდან ტრასა ჯერ დასავლეთით, შემდეგ კი ჩრდილოეთით მიემართება. დაახლოებით ერთი კილომეტრის მანძილზე მწვანე და შავი ტრასები პარალელურად მიდის, შემდეგ მწვანე ტრასა გამოეყოფა შავს და სოფელ ატაბეს აღწევს. აქედან მოუნიშნავი ბილიკებით შეგვიძლია ავიდეთ ქედზე და ქედის გადაღმა მდებარე კალოთანის ან ტანიეს ხეობებში მოვხვდეთ.
5. შავი ტრასა: ხიდი არაგვზე – აყნელი – სანაღელეს უღელტეხილი – გუდანი – ჭიე (8 კმ.).
გუდანის მიდამოებში არსებული შავი ტრასა ერთდღიანი მსუბუქი და ადვილად დასაძლევი გზაა. ლურჯი ტრასის მცირე ფრაგმენტთან ერთად (ჭიედან არაგვის ხიდამდე, დაახლ. 4 კმ.) ეს ტრასები ქმნის12 კილომეტრის სიგრძის წრეს. სიმაღლეთა სხვაობა ამ ტრასაზე 600 მეტრს არ აჭარბებს. შავი ტრასა იწყება არაგვის ხიდიდან, ეშვება ქვემოთ პატარა ხიდამდე, შემდეგ ზემოთ მიემართება ფერდობით, რომელიც საშუალო სიხშირის ტყითაა დაფარული და რამდენიმე ასეული მეტრის გავლის შემდეგ უერთდება გუდანი-ატაბეს გზას. აქედან ეს ტრასა რამდენიმე ხნის განმავლობაში მწვანე ტრასის პარალელურად მიდის, სოფელ აყნელის გავლის შემდეგ კი სანაღელეს უღელტეხილის მიმართულებით აღმოსავლეთისაკენ უხვევს (2 138 მ. ზღვის დონიდან). უღელტეხილიდან შავი ტრასა სამხრეთით, გუდანისაკენ უხვევს. გუდანიდან გამოსვლის შემდეგ კვეთს მთავარ გზას და მდინარე გუდანისჭალას, მოგვიანებით კი დაახლოებით 1,5 კილომეტრის გავლის შემდეგსოფელ ჭიეს აღწევს, სადაც უერთდება ლურჯ ტრასას და ამით მთავრდება კიდეც.
6. წითელი ტრასა წარმოადგენს წრეს, რომელიც მოიცავს შემდეგ პუნქტებს: მდინარე არაგვი – სოფლები: ჩირდილი – ბუჩუკურთა – უკანახო – მდინარე არაგვი (15 კმ.)
ტრასა იწყება მდინარე არაგვზე გადებული ხიდიდან სოფელ კორშას მიდამოებში. ტრასა მიდის დასავლეთის მიმართულებით მდინარე ბუჩუკურთას გასწვრივ, ჩაუვლის სასაზღვრო ჯარების საგუშაგოს და რამდენიმე ასეული მეტრის გავლის შემდეგ მიადგება ქვის შენობას, რომელზეც აღნიშნულია, რომ გზა ორად იყოფა. მარჯვენა ბილიკი გადის ფერდობზე, რომელიც მდინარე ბუჩუკურთას ჩრდილო ნაპირს გადმოჰყურებს, ამ ბილიკს მიუყვება წითელი ტრასაც. იგი ზემოთ აჰყვება ხეობას და დაახლოებით 4 კილომეტრის გავლის შემდეგ ადის მცირე ქედზე, რომლის სიმაღლეც 2 000 მეტრია ზღვის დონიდან. აქედან ტრასა სოფელ უკანახოსკენ მიემართება (1 750 მეტრი ზღვის დონიდან) თუმცა არ შედის სოფელში და გვერდზე გაუვლის მას ბილიკებით, რომლებიც დასახლების გვერდითაა. მას შემდეგ, რაც ტრასა დასახლებას გარს შემოუვლის, იგი იქვე სამხრეთ- დასავლეთით მდებარე მდელოდან დაბლა ეშვება და უერთდება გრუნტის გზას. შემდეგ ტრასა აღწევს სოფლებს, ბუჩუკურთასა და ჩირდილს და თავდება ბუჩუკურთას ხეობაში, ანუ იქ, საიდანაც იგი დაიწყო. მთელი გზის გავლა ერთ დღეშია შესაძლებელი. სიმაღლეთა განსხვავება მთლიანობაში 700 მეტრს არ აჭარბებს. დროის დეფიციტის შემთხვევაში ტრასა შეიძლება შევამოკლოთ სოფელ უკანახოს მიდამოებში – არ შემოვუაროთ დასახლებას და პირდაპირ ჩავიდეთ ქვემოთ მთავარი გზისაკენ.
7. ლურჯი ტრასაც წრიულია, იგი მოიცავს შემდეგ პუნქტებს: ბარისახო – მწვერვალი ქუდნისლა – ბარისახო (10 კმ.)
ტრასა იწყება მდინარე არაგვზე გადებული ხიდიდან ბარისახოს მახლობლად, უხვევს მარცხნივ და გრუნტის გზით ადის ქედზე მწვერვალ კუდნისლას მახლობლად. გზად გვხვდება ცალკეული კომლები, გავლა მოგვიწევს მწყემსების მიერ აღმართულ ხის ჭიშკარში, საბოლოოდ ავდივართ ქედზე, რომლის სიმაღლეც მოცემულ ადგილზე 1 950 მეტრია ზღვის დონიდან. ამ ადგილას ღირს, რომ გზიდან გადავუხვიოთ და იქვე ახლოს მდებარე მწვერვალ კუდნისლაზე (2 090 მეტრი ზღვის დონიდან) ავიდეთ. მიუხედავად იმისა, რომ მწვერვალი არც თუ ისე მაღალია, მისი წვერიდან ფშავისა და სამხრეთ ხევსურეთის არაჩვეულებრივი ხედი იშლება. ტრასა რეკომენდებულია იმ პირებისათვის, რომლებსაც დროის დეფიციტისა თუ სხვა რაიმე შეზღუდვების გამო არ შეუძლიათ სხვა უფრო რთული ტრასების დალაშქვრა. ქედამდე მისვლა შესაძლებელია „ჯიპითაც“. ასეთ შემთხვევაში ფეხით სასიარულო მხოლოდ ორასიოდე მეტრიღა რჩება. 1 900 მეტრის სიმაღლიდან ქვემოთ ეშვება ბარისახოში დასაბრუნებელი ალტერნატიული ტრასა, რომელიც ბუჩქნარებსა და ტყის განაკაფ ზოლში გადის.
8. ლურჯი ტრასა: დათვისჯვრის უღელტეხილი – ჭანჭახი – ბოროლა – ანდაქის უღელტეხილი (19 კმ.)
ტრასა დათვისჯვრის უღელტეხილიდან (2 767 მეტრი ზღვის დონიდან) იწყება და მთავარი გზით აღმოსავლეთისაკენ მიემართება. შემდეგ გზა დაბლა ეშვება, მდინარე არღუნის ხეობაში, 2 500 მეტრ სიმაღლემდე ზღვის დონიდან. აქედან თვითონ გზა ჩრდილოეთისაკენ, სოფელ შატილისაკენ მიემართება, ხოლო ლურჯი ტრასა კი ნაკადულს გადაკვეთს და პირდაპირ აღმოსავლეთისკენ მიდის, სადაც იგი პატარა ბილიკით წუბროვანის (სხვანაირად ჭანჭახი, 2 855 მ. ზღვის დონიდან) უღელტეხილის კალთებს შეუყვება. უღელტეხილიდან ტრასა ისევ დაბლა ეშვება 2 500 მეტრის სიმაღლემდე, მდინარე ჭანჭახისწყლამდე, სადაც იგი ყვითელ ტრასას ხვდება, რომელიც სოფელ ხახაბოში მიდის. შემდეგ ლურჯი ტრასა სამხრეთისაკენ უხვევს და კავკასიონის მთავარ ქედზე ადის. 3 000 მეტრის სიმაღლის მიღწევის შემდეგ ტრასა ქედს მიჰყვება სამხრეთ-აღმოსავლეთით, გადაივლის მწვერვალ ჭანჭახისმთას (3 024 მეტრი ზღვის დონიდან), მწვერვალ ბოროლას (2 954 მეტრი ზღვის დონიდან) და გადაკვეთს ყვითელ ტრასას, რომელიც ფშავის სოფელ მუქოსაკენ მიემართება. შემდეგ ლურჯი ტრასა სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით მიდის საორბისგორის ქედამდე, რომლიდანაც სამხრეთის მიმართულებით სვლის შემთხვევაში მოუნიშნავი ტრასით უკანაფშავში შეიძლება მოვხვდეთ. საბოლოოდ, ქედზე ასვლის ადგილიდან დაახლოებით 13 კილომეტრის გავლის შემდეგ ტრასა აღწევს ანდაქის უღელტეხილს (2 887 მეტრი ზღვის დონიდან). აქედან თუ ჩრდილოეთის მიმართულებით დავეშვებით შეიძლება ჩავიდეთ ანდაქის ხეობაში ან სოფლებში, მუცოსა და შატილში, ხოლო თუ აღმოსავლეთის მიმართულებით წავალთ, ბორბალოს მთის მიდამოების გავლით თუშეთში აღმოვჩნდებით.
9. მწვანე ტრასა: ანდაქის უღელტეხილი – სოფელი არჭილო – სოფელი ანდაქი – სოფელი არდოტი – მუცოს მიდამოები (25 კმ.)
ანდაქის უღელტეხილის მიდამოებში მწვანე ტრასა ქედიდან ჩრდილოეთისაკენ ეშვება 2 700 მეტრის სიმაღლეზე. შემდეგ იგი აღმოსავლეთისაკენ უხვევს და 2 400 მეტრის სიმაღლეზე მდინარე ბორილოსხევს აღწევს. ტრასა კვეთს მდინარეს და ისევ ჩრდილოეთისაკენ უხვევს, მცირე ქედის მიმართულებით. აქ იგი დაახლოებით 2 700 მეტრის სიმაღლის მიღწევის შემდეგ კვლავ ჩრდილოეთის მიმართულებით ეშვება და დაახლოებით 2 100 მეტრის სიმაღლეზე ზღვის დონიდან ორი მდინარის შესართავს აღწევს. შემდეგო ტრასა 6 კილომეტრის მანძილზე ხეობის ვაკეს მიუყვება მდინარის დინების პარალელურად და აღწევს არჭილოს ნასოფლარს (1 800 მეტრი ზღვის დონიდან). არჭილოს შემდეგ ტრასა გაივლის სოფელ ანდაქს, გადაკვეთს შავ ტრასას (რომელიც აღმოსავლეთით, ხიდოტანის ქედისაკენ მიემართე ბა), აგრეთვე გადაკვეთს ყვითელ ტრასას (ჭანჭახისწყლის ხეობით სოფლების – ხახაბოსა და ჭანჭახისაკენ მიემართება) და საბოლოოდ აღწევს ისტორიულ სოფელ არდოტს. არდოტიდან ტრასა გრუნტის გზაზე გადის და დაახლოებით 4 კილომეტრის გავლის შემდეგ ხიდთან, სასაზღვრო პოლიციის საგუშაგოს აღწევს, რომელიც სოფელ მუცოსთან ახლოს მდებარეობს. აქ მწვანე ტრასა წითელს ხვდება და სრულდება. მუცოდან ანდაქის უღელტეხილამდე ტრასა მრავალჯერ გადაკვეთს მდინარე ანდაქსა და მის მცირე შენაკადებს, აქედან გამომდინარე გაზაფხულობით წყლის დონის მომატებისას ტრასაზე მოძრაობა შეიძლება გართულდეს.
10. წითელი ტრასა: აწუნთის უღელტეხილი – ხიდოთანის ქედი – ხონისჭალა – მუცო – შატილი – კისტანი (40 კმ.)
ამ პოპულარულ ტრასას თუშეთიდან მუცოსა და შატილში მივყავართ, სოფლებში, რომლებიც ბევრის აზრით, ყველაზე საინტერესოა ხევსურეთში გაბნეული მრავალრი ისტორიული ციხე-სოფლებიდან. აწუნთის უღელტეხილიდან (3 519 მ. ზღვის დონიდან) ტრასა ციცაბო სერპანტინად ეშვება ფიქლის კლდეების ფერდობებზე და ჩადის დაახლოებით 3 000 მეტრის სიმაღლემდე, პატარა მდინარე ხაროხისწყლამდე. აქედან ტრასა დასავლეთისკენ მიემართება და ხიდოთანის ქედის კალთებს აღწევს. რამდენიმე კილომეტრის მანძილზე ტრასა ქედის გაყოლებაზე მიდის პატარა პლატომდე, რომელიც დაახლოებით 2 500 მეტრის სიმაღლეზეა ზღვის დონიდან. აქ წითელი ტრასა შავ ტრასას ხვდება. აქედან იწყება ხიდოთანის ქედიდან ჩასასვლელი დაღმართი, შემდეგ კი შეგვიძლია წითელი ტრასით გავემართოთ ჩრდილოეთისაკენ ან შავი ტრასით ჩრდილო-დასავლეთისაკენ. წითელი ტრასა ჩრდილოეთისკენ ჩადის ფერდობზე და შემდეგ ბილიკს მიუყვება, რომელიც ტყეზე გადის. აქედან იწყება ციცაბო დაღმართ, რომელსაც 2 400 მეტრის სიმაღლიდან 1 900 მეტრის სიმაღლემდე ჩავყავართ, რის შედეგადაც მივადგებით მდინარე ხონისწყლის ნაპირთან გამავალ გრუნტის გზას. შემდეგ ტრასა მიჰყვება მდინარეს, გაივლის სოფელ ხონისჭალას და აღწევს ადგილს, სადაც ხონისწყალი მდინარე ანდაკს უერთდება. აქ მდებარეობს პოლიციის საგუშაგო, სადაც აუცილებელია პასპორტების წარდგენა. განვაგრძობთ სვლას და ჩრდილოეთის მიმართულებით დაახლოებით ერთი კილომეტრის გავლის შემდეგ მივადგებით სოფელ მუცოს, რომელიც თავისი არქიტექტურით გამოირჩევა, აქ არის ქვის კოშკების კომპლექსი, ის წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს მნახველზე. მუცო ხევსურული არქიტექტურის ერთ-ერთი გამორჩეული ნიმუშია, ეს სოფელი მეოცე საუკუნის დასაწყისამდე მჭიდროდ იყო დასახლებული. დღეს ციხე-სოფელი მიტოვებულია, თუმცა მის მახლობლად კიდევ ცხოვრობს რამდენიმე კომლი, ძირითადად მარტოხელა მოხუცები. ნამდვილად ღირს, რომ გადავუხვიოთ ტრასას, ავიაროთ რამდენიმე ათეული მეტრი და ერთი საათი დავუთმოთ ციხე-სიმაგრის, ახლომდებარე სასაფლაოებისა და სალოცავების მონახულებას. მუცოდან 10 კილომეტრის დაშორებით, ჩეჩნეთის საზღვრთან ახლოს, მდინარე ანდაქი მდინარე არღუნს უერთდება. მდინარე ების შეერთების ადგილას არის ნასოფლარ ანატორის სამარხები. სოფელ ანატორის მოსახლეობა მე-19 საუკუნეში ეპიდემიის ემსხვერპლა და მას მერე ეს ტერიტორია გაუკაცრიელდა. ამ ადგილას ტრასა სამხრეთ-დასავლეთით უხვევს და არღუნის ხეობაში შედის. ტრასის ამ მონაკვეთზე, მდინარე არღუნის ნაპირებზე, ვხვდებით ამ რეგიონისთვის დამახასიათებელ მორუხო- მოცისფრო კლდოვან ფორმაციებს. ორი კილომეტრის გავლის შემდეგ შევდივართ შატილში – ჩრდილო ხევსურეთის ყველაზე დიდ და ყველაზე უკეთ შემონახულ სოფელში. შატილის კომპლექსი რამდენიმე ათეული ქვის კოშკისაგან შედგება და მდინარე არღუნის ციცაბო ნაპირზე დგას, ის შუა საუკუნეებში აიგო. შატილი ხევსურეთის ნამდვილი მარგალიტია, ესაა ყველაზე ცნობილი ხევსურული ძეგლი და ამ რეგიონისთვის დამახასიათებელი არქიტექტურის საუკეთესო ნიმუში. კოშკები ერთ მთლიანობას ქმნის, ისინი ერთმანეთთან ტერასების, გასასვლელებისა და ხის კიბეეების რთული სისტემით არიან დაკავშირებულნი, ასე რომ ერთი შენობიდან მეორეში გადასვლა გარეთ გამოსვლის გარეშეა შესაძლებელი. ამ ქვის ლაბირინთამდე ერთადერთ ბილიკს მივყავართ, რომლის გავლის შემდეგაც სოფლის შუაგულში აღმოვჩნდებით. დღეს ეს კოშკები მხოლოდ და მხოლოდ ტურისტების დასაბინავებლად გამოიყენება, დღევანდელი შატილელები თანამედროვე სახლებში ცხოვრობენ დასახლებაში, რომელიც ამ ისტორიული ციხე-სოფლის მახლობლადაა. შატილი, როგორც ყველაზე უკეთ შემონახული სოფელი, პირიქითა ხევსურეთში მოსახლეობის შედარებით დიდი რაოდენობით გამოირჩევა (დაახლოებით 100 მოსახლე ზაფხულის სეზონზე). მინი-ელექტროსადგური დასახლებას ელექტრო ენერგიით უზრუნველყოფს, არის მობილური კავშირიც (კომპანია „მაგთი“), შესაძლებელია საკვებისა და პირველადი საჭიროების საგნების შეძენაც. კვირაში მინიმუმ ორჯერ თბილისსა და შატილს შორის მიკროავტობუსი („მარშუტკა“) დადის, შეიძლება „ჯიპის“ დაქირავებაც, რომელიც დათვისჯვრის უღელტეხილის გავლით სხვა დასახლებულ პუნქტებამდე მიგვიყვანს. წითელი ტრასა შატილიდან სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით მიდის მთავარი გზის პარალელურად და დაახლოებით 15 კილომეტრის გავლის შემდეგ კისტანის ნასოფლარამდე მივყავართ. გზიდან დასავლეთით მოჩანს ორი კოშკი და მოზრდილი არქიტექტურული კომპლექსის ნანგრევები, აქ ოდესღაც საკმაოდ მჭიდროდ დასახლებული სოფელი უნდა ყოფილიყო
11. შავი ტრასა: ხიდოთანის ქედი – მდინარე ანდაქის ხეობა (4 კმ.)
ეს ტრასა საშუალებას გვაძლევს ხიდოთანის ქედიდან დასავლეთის მიმართულებით პირდაპირ ანდაქის ხეობაში ჩავიდეთ. ის შედარებით უფრო რთულია, ვიდრე მთავარი ბილიკი, რომელიც წითელი ტრასის პარალელურად გადის, მაგრამ მუცოსა და შატილის მიმართულებით სვლისას ამ ტრასით გავივლით სოფელ არდოტს, რომელშიც აგრეთვე მრავლადაა მნიშვნელოვანი ისტორიული კოშკები. გარდა ზემოთქმულისა შავი ტრასა კარგი არჩევანია მათთვის, ვისაც აწუნთის მიდამოებიდან მოკლე გზით ფშავის რეგიონში ან შუა ხევსურეთში უნდა მოხვედრა. გარდა 2012 წელს მონიშნული 300 კილომეტრისა, ხევსურეთის მთები კიდევ მრავალ საინტერესო მარშრუტს გვთავაზობს, მათ შორისაა: დაგეგმილი წითელი ტრასა ასას ხეობიდან კალოთანის უღელტეხილამდე (2 978 მ. ზღვის დონიდან) და შემდეგ აღმოსავლეთის მიმართულებით კავკასიონის მთავარი ქედის გავლით კისტანამდე (26 კმ.) ეს ტრასა აერთებს უკვე მონიშნული წითელი ტრასის ორ ფრაგმენტს და საშუალებას იძლევა, რომ მთელი ხევსურეთი უწყვეტად გადავკვეთოთ აღმოსავლეთიდან დასავლეთით. სხვა დაგეგმილი ტრასაა აწ უკვე არსებული მწვანე ტრასის გაგრძელება, შუა ხევსურეთში მდებარე სოფელ ატაბედან ჩრდილოეთის მიმართულებით, რომელიც გადაკვეთს კავკასიონის მთავარ ქედს, ეშვება ტანიეს ხეობაში ამავე სახელწოდების მქონე ტბასთან, ხოლო შემდეგ კი ისართღელის უღელტეხილის (3 486 მ. ზღვის დონიდან) გავლით აღწევს შატილამდე. აგრეთვე საკმაოდ პოპულარული ტრასაა როშკა-არხოტის მონაკვეთი – იწყება სოფელ როშკადან, მიდის ჩრდილოეთის მიმართულებით და არხოტისღელის უღელტეხილის (2 968 მ. ზღვის დონიდან) გავლით ჩადის არხოტის ხეობამდე.
ასევე შეგიძლიათ იხილოთ რუკაზე საქართველოს ბილიკები.