ანატორელის ჩანაწერები

„ხევსურეთში, ჭირიანობის დროს, დაავადებულები ანატორის აკლდამებში შედიოდნენ და ერთად ელოდებოდნენ სიკვდილს. აკლდამები და ადამიანების ჩონჩხები დღემდეა შემორჩენილი.”

*

შავ-თეთრი სოფელი მაქვს.

*

მეც სიკვდილი ვარ

ფანდურითა და არყით ხელში.

*

სარკმლიდან მოჩანს შემოდგომის ჭრელი ხეები,

მდინარის აქეთ ყველაფერი შავ-თეთრია.

*

გარეთ დავტოვე ცხენი.

სახლი.

ჩემი ბავშვობა.

*

გაღმასოფელში ასკილი ყვავის.

*

სხედან ბავშვები ვიწრო სარკმელთან

და შემობერილ ნიავს

თვალებით ეფერებიან.

*

სარკმლის გარეთ ჰაერია,

შიგნით – სიჩუმე.

*

სიცოცხლის მძევლად

ჩემი ცოლი დავტოვე სახლში.

*

ჩემი შვილებიც აქ არიან.

მე აღარ ვსუნთქავ,

რომ ჰაერის მარაგი დარჩეს.

*

მკვდარი რწმენა ვარ.

*

ამ წვრილ სარკმელში

ღმერთიც ვეღარ შემოეტევა.

*

მე და სიკვდილი ერთ საწოლში ვწევართ და

ძილი არ გვეკარება.

*

დედა ტიროდა:

„ნეტავ, სიკვდილს მისცა შვილიო…”

*

ჩემ სოფელში მზე ორჯერ ჩადის.

*

შემოფრენილმა გულწითელამ

თითქოს სიცოცხლე შემოიტანა,

ისე ავღელდით.

*

მე – ორჯერმკვდარი.

*

სხედან სიკვდილშეყრილი ქალები,

ქსოვენ და ჩუმად ბუტბუტებენ.

*

ცისფერთვალება ბიჭს წამოსცდა – „ღმერთო”.

ჩავაცვით.

*

წყალგაღმა მოჩანს საფლავების

თეთღი ლოდები და მათი ჩრდილი

აკლდამაშიც გვწვდება და გვფარავს.

*

მკვდრებიც სუნთქავენ.

*

უსაფლავოდ ვარ დარჩენილი.

*

დედის ტკივილით გაჟღენთილი ღამეებია.

*

ჩვენთან ცოლები სახალხოდ ქმრებს ვერ იტირებენ,

ეძებენ ადგილს ბნელს, მივარდნილს.

*

მაინც მომაგნო,

ჩემი ძაღლი სარკმელთან ყმუის.

*

მესიზმრა, თითქოს ამოვიდა მზე და გავედით.

*

რა სიჩუმეა,

სიჩუმესაც კი ვეღარ ვისმენ.

*

ქალაქისოდენი ღამეა.

*

ჩემს სახლს ასტკივდა

კედლები და ღია ფანჯრები.

*

ვცდილობ ფეხი არ დავაბიჯო

მკვდარსა და ცოცხალს.

*

მკვდრებიც დგებიან და წვებიან,

როგორც ჩრდილები.

*

ჩემი სწორფერი მდინარის პირას დგას და

არ სუნთქავს.

*

ყვავილები არ საუბრობენ.

*

აქ გაღმერთებაც შეიძლება,

ოღონდ მოვკვდები.

*

„იხმაურეთ” – ასე ვარიგებთ ბავშვებს,

ბეღურებივით შემოსახლებულებს,

სიკვდილშეყრილებს.

*

ჩემი მარტოდყოფნის ღმერთი.

*

ვწევარ და სიკვდილს ველოდები,

როგორც გაღვიძებას.

*

შენ გამაჩინე, დედაჩემო, –

შენი ტკივილი.

*

სიზმარში ვხედავ გაღმადარჩენილებს,

მოდიან და სახეზე მკოცნიან, მეფერებიან.

*

აღარ იტიროთ-

ვამბობ, მაგრამ არავინ ტირის.

*

ჩემ გვერდით ჭირშეყრილი ქალი

აკვანს არწევს – იქ კი გოგოა

წინა ზაფხულს დაბადებული.

*

სიკვდილის მძევლები ვართ.

*

სიკვდილში ვდგავარ-

სიცოცხლეში?!

ვეღარ გავიგე.

*

ჩემი სიმშვიდე –

უძირო ტბაში კლდესავით ჩაყუდებული.

*

წუხელ წყალგაღმა დედაჩემმა

ცოცხალი დამიტირა.

*

დღეს მგონი ვკვდები.

ვეღარ ვსუნთქავ,

ვეღარც ვიცინი.

====================

გიორგი არაბული

2009-2010