ხევსურთა, განსაკუთრებით პირიქითა მხარის, ყოფა გამოირჩევა უქმე დღეების სიმრავლით და ნაირგვარობით. გარდა შაბათ-კვირისა, გაზაფხულიდან შემოდგომამდე, მიუხედავად იმისა, რომ ისედაც ბევრი საქმე აქვთ, დათქვამენ უქმედ კიდევ ორ დღეს – ორშაბათსა და პარასკევს. გადმოცემით ეს დღეები ‘’მეფე ერეკლეს დაუწესებია’’ ხევსურთათვის. ამ უქმე დღეების გარდა ტრადიციულად უქმობენ კიდევ ყველა საჯვარო (რელიგიურ) დღეობას, ფერისცვალს, კუმეტს, დიდმარხვისა და ათენგენობის წინა და მომდევნო ორშაბათს, ურწყის ორშაბათსა და ოთხშაბათს, გრძელ უქმს (ფერისცვალების მომდევნო სამშაბათს), რომლებიც ‘’ხელუძრავ’’ (მძიმე) უქმეებად ითვლება. ამ უქმე დღეების გარდა ტრადიციულად კიდევ მოდის ‘’თაგვთ უქმი’’, ‘’ჩიტთ უქმი’’, ‘’მგელთ უქმი’’, ‘’კირკილთ უქმი’’, ქარ-სეტყვისა და ნიაღვრის უქმეები, რათა ნადირ-ფრინველებმა, მწერმა, ქვეწარმავალმა და სტიქიამ მოსახლეობა არ აზარალოს. ამ უქმეების გამო პირიქითა ხევსურნი დასცინოდნენ კიდეც პირაქეთელებს.
უქმეებში იკრძალება ნებისმიერი სამუშაოს შესრულება, ხელსაქმე, განსაკუთრებით მჭრელი იარაღის ხმარება და მიწის სამუშაოები.
უქმეები არის მძიმე, ანუ ‘’ხელუძრავი’’ და მსუბუქი, რომლის დროსაც იციან ‘’მუშათ შეყრა’’ (ნადი). (მუშათ საქმის დღეებში ვერ შეყრიან, რადგანაც ყველას თავისი სამუშაო აქვს, უქმე დღეებში კი თავისუფალნი არიან). ოღონდ ამ დროს ღვთაება კვირაეს მსხვერპლს (თხას) შესწირავენ ან რიტუალურ ლუდს დაამზადებენ, რასაც ‘’უქმის სანათლავი’’ ჰქვიან.
იმდენად დიდი შიში და რიდი აქვთ ‘’უქმის შერევისა’’, რომ მოსახლეობა საგანგებოდ ჯვარში ან ოჯახში კვირაეს საგანგებო მსხვერპლს სწირავს, რომელსაც ‘’ სახთო-საკვირაო’’ ჰქვია.
უქმე დღეების სიმრავლე ხევსურეთში იმის გამოც იყო დამკვიდრებული, რომ ბუნებითა და პროფესიით მეომარი ხალხი მძიმე შრომით არ გადაღლილიყო და მუდამ საბრძოლო მზადყოფნაში ყოფილიყო.
მომზადებულია შოთა არაბულის წიგნის ”ისტორიული თავგადასავალი ხევსურთა”-ს მიხედვით