წყალსიქითის თემი როშკის წყლის ხეობაში მდებარეობს და სხვადასხვა გვარებით დასახლებულ რამდენიმე სოფელს აერთიანებს. უმთავრესი სოფლებია ქმოსტი, როშკა და ბლო, რომლებიც კიდევ ცალკეულ სოფელ-უბნებისგან შედგება.
როშკის გორზე ძველ დროს “დევებს” სამჭედლოები ჰქონიათ გამართული. როდესაც მაშარიდან მოსულმა ლომნიურისძემ როშკა საკარგყმოში აიღო, იგი უკვე გაუკაცრიელებული და ტყით დაფარული იყო.
“ხევიდან მოსულ” თურმანაულს დაუარსებია ქმოსტელ-როშკიონთა სათემო სალოცავი – დიდგორის ჯვარი.
ძველ დროში როშკაში მდგარან ჩურთაულები, კალაურები, სინდაურები… სხვადასხვა დროს როშკასა და ქმოსტ-ღელისვაკეს მდგარან სხვადასხვა წარმოშობის გვარებს ერთი გვარი მიუღიათ – წიკლაური (როშკივნებს) და ბურდული (ბურდვიაული) ან ველთაური (ქმოსტელ-ღელისვაკივნებს).
სოფელ ღელისვაკესთან ძველ დროს მდებარეობდა ფხოველთა უმთავრესი სალოცავი – “ხთისკარი”.
წყალსიქითის თემში შედის მეზობელ ხეობაში მდებარე სოფლები – ბლო და ხორნაულთა, რომლებსაც ცალკე სალოცავები აქვს. სოფ. ბლოს უძველესი გვარებიც, რომელნიც ”ოთხრქა, ოთხყურა ცხვარს”სწირავენ მსხვერპლად, რათა აბუდელაურის ტბიდან დატყვევებული იახსარი გამოიხსნან, ადგილიდან აყრილან (წითელაურნი, მაშვნიანნი, ციხელაურნი, კოკიტურისძენი… ).
წყალსიქითის ხეობის სათავეში აღმართულა “სინდაურისძის მაღალი” (ჭაუხების მასივი), რომლის ძირშიც მდებარეობს აბუდელაურის მშვენიერი ტბა.
წყალსიქითის თემის ნაწილი, ოხერხევის ჩათვლით, გუდანის ჯვრის საბეგრო იყო.
მომზადებულია შოთა არაბულის წიგნის ”ისტორიული თავგადასავალი ხევსურთა”-ს მიხედვით