მდინარისპირული ტყეები ძირითადად წარმოდგენილია მურყნარებით (Alnus barbata, A. incana), რომელსაც ერევა ტირიფის სახეობები (Salix exelsa, S.alba). ცალკეულ ადგილებზე გვხვდება ასევე ოფი (Populus nigra) და ხვალო (Populus canescens). სამხრეთ ექსპოზიციებზე ფართოდ არის წარმოდგენილი მუხნარი ტყეები, სადაც დომინირებს ქართული მუხა (Quercus petraea subsp. iberica). მისი გავრცელების ოპტიმალური სიმაღლეა ზ.დ. 1000მ. მუხნარებისფორმაციაში წარმოდგენილია მუხნარები-რცხილნარის, მუხნარები-იელის, მუხნარები-თხილნარის, მუხნარები-შინდის, მუხნარები-თივაქასრას, მუხნარები-მთის წივანას მონაწილეობით. უფრო მაღლა, ზ. დ. 1500-1800-მზე მას ენაცვლება მაღალმთის მუხა (Quercus macranthera). ეს ტყეები ფშავ-ხევსურეთში საკმაოდ გაჩეხილია და მათ ნაალაგარზე იელი (Rhododendron luteum), და ველური ხილი: პანტა, მაჟალო, კუნელი და ზღმარტლი არის გავრცელებული. ჩრდილო ფერდობებზე დომინანტურია წიფელი (Fagus orientalis), მას ერევა რცხილა (Carpinus betulus = C. caucasicus), ნეკერჩხალი (Acer campestre, A. laetum), იფანი (Fraxinus exelsior), თელა (Ulmus scabra), ვერხვი (Populus tremula). უფრო ზემოთ წარმოდგენილია არყი (Betula pendula), მაღალმთის მუხა (Quercus macranthera). ბუჩქნარებიდან აღსანიშნავია თხილი (Corylus avellana), უზანი (Viburnum lantana), ძახველი (Viburnum opulus), ასკილი (Rosa canina), ჭანჭყატი (Euonimus latifolia). მთის შუა სარტყლის ტყეები და განსაკუთრებით ე. წ. ტყის ფანჯრები, რომელიც ტყის გაჩეხვის შედეგად არის გაჩენილი, საკმაოდ მრავალფეროვანი ფლორით გამოირჩევა. ფშავ-ხევსურეთის ტერიტორიაზე წიფლნარი ტყის საფართა მრავასახეობა აღინიშნება: რცხილნარის, თხილის, გვიმრების, მაღალბალახეულის, მაყვლის,თივაქასრის და სხვა. მთის შუა სარტყლის ტყეები (1500-1700მ), რომელიც ძირითადად წიფლნარებითა და მუხნარებით არის წარმოდგენილი, თანდათანობით სუბალპურ ტყეებში გადადის. აქ დამახასიატებელია არყნარი ტყეები (Betula litwinowii). პირიქით ხევსურეთში გავრცელებულია ჩრდილო კავკასიის ენდემური ჯიში ანუ შავი არყი (Betula raddeana). არყნარებს ერევა ჭნავი (Sorbus aucuparia=S. caucasigena), მდგნალი (Salix caprea), მთრთოლვარე ვერხვი (Populus tremula), მაღალმთის ნეკერჩხალი (Acer trautvetteri). პირიქით ხევსურეთში, როგორც ტყის შემქმნელის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კავკასიური ფიჭვის (Pinus sosnowskyi) ხვედრითი წილი. სუბალპურ სარტყელში (1800-2000მ) Gგვხვდება, როგორც წმინდა ფიჭვნარები, ისე ფიჭვნარები არყნარებთან და (Betula litwinowii, B. Pendula, B. Raddeana) მთრთოლვარე ვერხვთან (Populus tremula) ერთად. არღუნის ხეობაში შატილ-მუცოს მონაკვეთზე, სამხრეთ-აღმოსავლეთის კლდოვან, ღია ფერდობებზე გვხვდება ფიჭვნარებისა და მაღალმღის მუხის ნარევი. არყნარი ტყეები ზოგან ზღვის დონიდან 2500 მ-ს აღწევენ. არყნარებში გარეულია: დეკა, იელი, ტირიფი, ჭრელი წივანა, ბრძამიანი და სხვა. ფშავ-ხევსურეთის რაიონში მთრთოლვარე ვერხვს კი თხილის, იელის და ნაირბალახოვანი საფარი ახასიატებს. სუბალპური სარტყელი ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ინტენსიურად იყო და არის ათვისებული როგორც სათიბ-საძოვარი და სასოფლო სამეურნეო სავარგული. ამის გამო, სუბალპური ტყეები გაჩეხილია. მათ ადგილზე გავრცელებულია იშვიათი ბალახების 200-ზე მეთი სახეობა, რომელსაც საქართველოში ანალოგი არ გააჩნია. მცენარეთა მსგავსი თანასაზოგადოება ფართოდაა გავრცელებული დაღესტანსა და ჩეჩნეთ-ინგუშეთში. მცენარეულობის ეს ტიპი უძველესია და მიეკუთვნება მთის სიმშრალის მოყვარულ მცენარეულობას. კავკასიაში მისი გავრცელება დაკავშირებულია კლდოვან, ქვიან ნიადაგთან და მოიცავს ზღვის დონიდან 1000-2000მ სიმაღლეებს. სუბალპებში, ჩრდილო-დასავლეთ ფერდობებზე ფართოდაა გავრცელებული კავკასიური დეკნარები (Rhododendron caucasicum), და მოცვის (Vaccinium myrtilus, V, vitis idaea) სახეობები. აღსანიშნავია, რომ დეკა მუდამ ჩრდილოეთ ფერდობებზე იზრდება და არასოდეს – სამხრეთზე. სუბალპურ სარტყელში გავრცელებული ბუჩქნარებიდან აღსანიშნავია თხილი (Corylus avellana), ბიბერშტეინის და ალპური მოცხარი (Ribes biebersteinii, R. alpinum), უზანი (Viburnum lantana), წერწა (Lonicera caucasica), ხურტკმელი (Grossularia reclinata). კავკასიური დეკიანები განსაკუთრებით ფართოდაა წარმოდგენილი არღუნის (დათვისჯვრის მიდამოები, გურო-გიორგიწმინდა, შატილის, მუცოს, ხონის, ჰუროს, ხაროჰკის, არდოტ-არჭილო-ანდაქის წყლის სათავეები) და ასას (ცირცლოვანი, ტანიე) სუბალპურ და ალპურ სარტყელში.