პიროვნებისა და სოციალური ჯგუფების თემიდან გამოყოფის ტენდენციები ხევსურეთში | ხევსურეთი

პიროვნებისა და სოციალური ჯგუფების თემიდან გამოყოფის ტენდენციები ხევსურეთში

Individuals and social groups from the communities in the allocation trends Khevsureti

პიროვნებისა და სოციალური ჯგუფების თემიდან გამოყოფის ტენდენციები ხევსურეთში
აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის საზოგადოებრივი ყოფისა და სოციალური სტრუქტურის საკითხები კარგა ხანია მეცნიერთა ცხოველ ინტერესს იწვევს. მკვლევართა უმეტესობა იმ აზრისაა, რომ მთიანეთი თავისი
შინაგანი განვითარებით ჩამორჩებოდა ბარის რეგიონებს. ამავე დროს, ისიც ხაზგასასმელია,
რომ აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის სხვადასხვა რეგიონები, სოციალური განვითარების თვალსაზრისით, ერთ დონეზე როდი იდგნენ. მთიანეთის საზოგადოებრივი ყოფის სხვადასხვა ისტორიულ-გეოგრაფიული (ისტორიულ-ეთნოგრაფიული) ერთეულებისადმი ასეთ არადიფერენცირებულ მიდგომას უფრო ხშირად ვხვდებით სხვადასხვა დროის მეცნიერთა ნაშრომებში. სოციალური სტრუქტურის მიხედვით ყველაზე მეტ კონსერვატულობას მთის კუთხეებს შორის ამჟღავნებს ხევსურეთის ეთნოგრაფიული რეგიონი. ქართულ ისტორიოგრაფიაში ისიც აღიარებულია, რომ ფეოდალურ ბარს ჩამორჩენილი საქართველოს მთიანეთი ერთიან სახელმწიფოებრივ სისტემაში ავტონომიურად ფუნქციონირებდა. მთიანეთის ავტონომიურ ჩართვას ერთიან ქართულ სახელმწიფოებრივ სისტემასა და ქართულ ეროვნულ ორგანიზმში, სოციალური ვითარების ამსახველ ეთნოგრაფიულ მასალებთან ერთად, კარგად მიუთითებენ იდეოლოგიური სფეროს ტრადიციებიც.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის საზოგადოებრივი ყოფისა და სოციალური
სისტემის შესასწავლად განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ეთნოგრაფიულ მასალებს, მით
უფრო წერილობითი წყაროების სიმცირის გამო (ბართან შედარებით). საკითხთან
დაკავშირებით, მკვლევართა მიერ სამეცნიერო მიმოქცევაში შემოტანილია მრავალმხრივ
საყურადღებო ეთნოგრაფიული მასალები. ბევრიც ელის გამომზეურებას. საგულისყურო
ეთნოგრაფიულ მასალას წარმოადგენს აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში მოპოვებული
მასალები გვართა სადაურობა-წარმომავლობის შესახებ მთიანეთის საზოგადოებრივი
ყოფისა და სოციალური სისტემის კვლევის თვალსაზრისით გვართა შესახებ არსებული
ეთნოგრაფიული მონაცემები ფაქტობრივად არ იყო შემოტანილი სამეცნიერო მიმოქცევაში,
თუმცა სხვადასხვა პრობლემის კვლევისას ასეთი მასალები ყოველთვის იმსახურებდა
ეთნოგრაფთა ყურადღებას რ. ერისთავით დაწყებული და თანამედროვე საბჭოთა
მკვლევრებით დამთავრებული (ვ. ბარდაველიძე, რ. ხარაძე, ს. მაკალათია, გ. ჩიტაია, ალ.
რობაქიძე, თ. ოჩიაური, ვ. ითონიშვილი, ი. ჭყონია, მ. კანდელაკი, ჟ. ერიაშვილი, რ.
თოფჩიშვილი და სხვ.). განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსად მიგვაჩნია ალ. ოჩიაურის
ეთნოგრაფიული ჩანაწერები.

კარგა ხანია აღიარებულია, რომ გვართა ისტორიის ამსახველი გენეალოგიური
გადმოცემები ისტორიულ სინამდვილეს შეეფერება. ასეთი გადმოცემების სანდოობის შესახებ
მიუთითებდა ალ. რობაქიძე: “ხალხში შემონახული გენეალოგიები გარკვეულ ნაწილში და
მათი კრიტიკული შემოწმების პირობებში ეთნოგრაფიული კვლევის ერთ-ერთ საინტერესო
წყაროს წარმოადგენს” [15; გვ. 75; 32; გვ. 183]. ისიც აღიარებულია, რომ გადმოცემების
განსაკუთრებული სახე, რომელსაც “ანდრეზს” უწოდებენ, რეალურ სინამდვილეში მომხდარი
ფაქტის კონსტატაციაა [20; 14]. სწორედ ანდრეზების ჯგუფს მიეკუთვნება მთაში დაცული
გადმოცემები ამა თუ იმ გვარის სადაურობა-წარმომავლობის შესახებ. შეიძლება
დაბეჯითებით ითქვას, რომ ქართველ მთიელთა გადმოცემები გვართა გენეალოგიების
შესახებ ზეპირი ისტორიაა, რომლის მეცნიერული შესწავლა იძლევა იმის დანახვის
საშუალებას, რომ ზეპირ ისტორიაში დაცულია ჭეშმარიტი ისტორიული სიმართლე.
რა განაპირობებდა მთაში ანდრეზების, გადმოცემების, გენეალოგიების მაღალ დონეზე
შემონახულობას? _ პირველ რიგში, მთისათვის დამახასიათებელი სოციალური სისტემა (რაც
უფრო განვითარებულია საზოგადოება, მით უფრო ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება ასეთ
გადმოცემებს და უფრო მეტად მცირდება ასეთი გადმოცემების სანდოობა). ასეთივე
მნიშვნელობა ჰქონდა გადმოცემა-გენეალოგიებს დასავლეთ ევროპის ფეოდალიზმამდელი
საზოგადოებისათვის. ა. გურევიჩხ თუ დავიმოწმებთ, «Варвары проявляли напряженный
интерес к генеалогиям и родовым сказаниям. Это не просто естественный интерес к прошлому,
он прежде всего имел практическое значение» [25, გვ. 415]. საქართველოს მთიანეთში დიდი
როლი უნდა ეთამაშა აგრეთვე ბუნებრივ-გეოგრაფიულ პირობებს. ხანგრძლივი ზამთარი
მოსახლეობის სამეურნეო საქმიანობისაგან დიდი ხნით მოწყვეტას იწვევდა, რაც
განაპირობებდა მამაკაცთა ხანგრძლივ შეკრებას და უფროსი თაობის წარმომადგენელთა მიერ ძველი ამბების და მათ შორის განეალოგიების, ანდრეზების არაერთგზის მოყოლას (შეიძლება
ითქვას, რომ მთის თითოეული კუთხე თავისი ცხოვრებით, თავისი წარსულით ცხოვრობდა).
ამავე დროს, ასეთი გადმოცემა-ანდრეზებით ჩვენს მთაში შემაგრებული იყო გვარის (თემის)
ერთობა, რასაც ადგილობრივთა სათემო ურთიერთობებში უდიდესი მნიშვნელობა
ენიჭებოდა. ეს გენიალოგია-გადმოცემები იყო ერთ-ერთი მთავარი პირობა ტერიტორიული
თემების სიმტკიცისა და ერთიანობისა, რომლებიც გარეგნულად გვაროვნული თემის
შთაბეჭდილებას ახდენდნენ. სხვათა შორის, მსგავსი გადმოცემებით განპირობებული იყო
სკანდინავიელთა ყოფა VIII-XI საუკუნეებში.
გვართა შესახებ არსებული ეთნოგრაფიული მასალებით შესაძლებელია რიგი
ეთნოისტორიული და სოციალური საკითხების კვლევა, კერძოდ: აღმოსავლეთ საქართველოს
მთიანეთის ქართული ეთნოსით დასახლების საკითხი; აქ ისტორიულად მიმდინარე
ეთნიკური პროცესები და ეთნიკური ისტორია; მთიელთა მთასშიდა და მთის გარეთ
მიმართული მიგრაციული პროცესები; მთიელთა ანთროპონიმია და სულიერი კულტურის
ზოგიერთი საკითხი; ტყვის სოციალური სტატუსი; პიროვნებისა და სოციალური ჯგუფების
თემიდან გამოყოფის ტენდენციები და სხვ.
წინამდებარე ნაშრომი მიძღვნილია ამ უკანასკნელი პრობლემისადმი. იგი თავის ძირითად
ნაწილში ეყრდნობა ალ. ოჩიაურის ხელნაწერ ეთნოგრაფიულ მასალებს [15], რაც ობიექტური
პირობებით შეიძლება აიხსნას: ფშავ-ხევსურეთის ყოფის თვითმხილველის ამ 40-50 წლის წინ
მოძიებული მასალები უფრო სრულყოფილია, ვიდრე ამ ნაშრომის ავტორის მიერ თითქმის
გაუკაცრიელებულ მთასა და ბარში განსახლებულ მთიელებში ჩაწერილი მასალები.
XIX ს. ეთნოგრაფიული მონაცემებით ხევსურეთში სულ 28 გვარი მოსახლეობდა. ესენია:
არაბული, ჭინჭარაული, გოგოჭური, წიკლაური, ბურდული, გიგაური, ზვიადაური,
ქისტაური, ქერაული, ქეთელაური, ალუდაური, შეთეკაური, დაიაური, ქიბიშაური,
ჯაბუშანური, ბალიაური, ცისკარაული, ოჩიაური, ნაროზაული, თეთრაული, გაბური,
მინდიკაური, ხოსიაური, მამიაური, ზარიძე (იგივე ხორნაული), ლიქოკელი, მურღუევი
(მურღვანი). გადმოცემით, ყველა ჩამოთვლილ გვარს თავისი ისტორია გააჩნია, როგორც
ხევსურეთში დასახლების [6], ისე სხვა გვარებთან და ადგილობრივ სოციალურ სისტემასთან
ურთიერთობა-მიმართებისა. ამჯერად ჩვენს მიზანს არ შეადგენს აღნიშნული გვარების
ისტორიის განხილვა. ვიტყვით მხოლოდ იმას, რომ ისტორიულად ხევსურეთში გვარების
გაცილებით მეტი რაოდენობა მოსახლეობდა [6]. როგორ და რანაირად მოხდა აქ გვარსახელთა
რაოდენობის შემცირება? ხევსურეთში ეს პროცესი ძირითადად სამი გზით მიემართებოდა:
1) მცირერიცხოვანი და სუსტი გვარების დიდ (კაცრიელ) და ძლიერ გვარებში შესვლით
(ე.ი. მიმდინარეობდა გვარების გამსხვილების ხელოვნური პროცესი. მსგავსი სოციალური
მოვლენა დადასტურებულია გუდამაყარშიც1) [5]. გვარების გამსხვილების ერთ-ერთი გზა იყო,
აგრეთვე, ჩვენს მთაში დადასტურებული ამანათობის ისნტიტუტიც [26]; 2) ზოგიერთი გვარის
აყრა-გადასახლებით მეზობელ მთის რეგიონებსა და აღმოსავლეთ საქართველოს ბარში [4]; 3)
ზოგიერთი გვარის (ანდა გვარის დანაყოფის //პატრონიმიული ერთეულის// მამიშვილობის)
ამოწყვეტით. გვარების შემცირების სამივე გზა ხევსურეთის საზოგადოებრივი ყოფითა და
სოციალური სისტემით იყო განპირობებული და შეიძლება ითქვას, რომ თითოეული მათგანი
ხდებოდა ისტორიის გრძელ მანძილზე და ერთის მოქმედება მეორის ან მესამის მოქმედებას
ხელს არ უშლიდა. გვარების შემცირების სამივე გზა ერთდროულად მიმდინარეობდა: ისინი
ერთმანეთს არ გამორიცხავდნენ.
ამოწყვეტილი (აგრეთვე, აყრილ-გადასახლებული) გვარების შესახებ ეთნოგრაფიული
მასალები პასუხობენ წინამდებარე ნაშრომში შესასწავლ პრობლემას. თავდაპირველად
მივმართოთ სათანადო ხევსურულ ეთნოგრაფიულ მასალებს.
არხოტის თემში, XIX ს. არსებული ხუთი სოფლის გარდა, ყოფილა კიდევ ორი სოფელი _
თათხელი და ორბეულთა, რომლებშიც შესაბამისად თათხელიონთა და ორბელთა გვარებს
უცხოვრიათ. ორბელთა გვარზე, როგორც ხევსურეთიდან აყრილ გვარზე, ქვემოთ გვექნება
მსჯელობა. აქ კი დაწვრილებით შევჩერდებით თათხელიონებზე, რომლებიც მსხვერპლნი
გახდნენ მეთემეთა ერთობლივი მოქმედებისა. ალ. ოჩიაურის თქმით, “ეს ხალხი იყო ძალიან
ამაყი. ისინი ხალხს არ ეპუებოდნენ და არც ჯვარ-ღმერთი სწამდათ. ამიტომ ისინი ხალხს
აწუხებდნენ (ალ. ოჩ., 1-2). თათხელის მკვიდრნი, მათ ადგილში თუ მსხვილი პირუტყვი
გადავიდოდა, მას პატრონს აღარ უბრუნებდნენ. თათხილიონთი ყველას ეშინოდა. მათ ისე
ჰქონდათ დაკანონებული, რომ სოფელზე თუ ვინმე გაივლიდა (თათხელი გზაზე ამღასა და
ახიელს შორის მდებარეობდა), გამვლელს აუცილებლად უნდა დაეძახა: “თათხელიონნო,
კარში გამვედით”. ისინიც გამოვიდოდნენ, თუ გამვლელს კარგი რამ ექნებოდა, წაართმევდნენ.
თათხელიონთა შიშით გზაზე ვერავინ გაივლიდა, მათ მიერ შემოთავაზებული დაძახების
ფორმულა რომ არ შეესრულებინა. თათხელიონთა გვარში განსაკუთრებით გამოირჩეოდა
ერთი პიროვნება, სახელად სისკარა, რომელსაც დიდი გავლენა ჰქონდა თანასოფლელებში
მოპოვებული და ისინიც მისი მითითების მიხედვით მოქმედებდნენ: “რასაც სისკარა იტყოდა,
დანარჩენებიც იმას ასრულებდნენ” (ალ. ოჩიაური., 1-3). ამასთანავე, თათხელიონთ,
საუკეთესო სახნავ-სათიბი ადგილებიც ეჭირათ. ბოლოს თათხელიონთა სიამაყემ და
მძლავრობამ აპოგეას მიაღწია: ერთ დღეს თათხელის ბოლოზე ერთ ამღელ მოხუცს გაუვლია,
რომელსაც მათთვის არ დაუძახია. თათხელიონებმა, სისკარას ბრძანებით, მოხუცი ძალიან
სცემეს, შეურაცხყვეს და ისე გაუშვეს ამღაში. მოხუცის გალახვა საბაბი გახდა თათხელიონთა
ამოწყვეტისა. მეთემეებმა პირი შეკრეს და გათენებისას თავს დაესხნენ გაამაყებულ გვარს. ჯერ
სისკარა მოკლეს და შემდეგ ყველა, მთელი გვარი ამოწყვიტეს. “ხალხის თქმით, თათხელიონნი
ამოწყვიტა სიამაყემ და ურწმუნოებამ” (ალ. ოჩ., 1-4). აღნიშნულის შესახებ ხალხური ლექსიცაა ნათქმავი:
“ის არ ეგონა სისკარას, თუ მტერი მოერეოდა,
თავის თათხელი მზისპირი შიგიში აერეოდა,
წინითი ნადგომ სუფრაი თუ სისხლში გაერეოდა” (იქვე).
დიდი გვარი ყოფილა ბერდიაული, რომლებიც ხევსურეთის რამდენიმე სოფელში
(ჩირდილი, ჩხუბა, ქმოსტი, ღელისვაკე, როშკა) ყოფილან განსახლებული. ალ. ოჩიაურის
სიტყვით, ბერდიაულები “თითქმის მაგანძურს არ უთმობდნენ კაცრივლობით” (ალ. ოჩ., VII-
74). ბერდიაულთ, ანდრეზი ხევსურეთისათვის ბევრი კეთილი საქმის ჩადენას მიაწერს. მათ
გაუწყვეტიათ ხევსურეთზე დასალაშქრავად წამოსული ლეკის ლაშქარი, ბოდავიდან
მოუტანიათ ბოდავის მინდორჯვარის ნიში და ამით ხევსურეთი უხსნიათ ხანგრძლივი,
შვიდწლიანი გვალვისაგან. ყოველ წელს ბერდიაულებს ბოდავიდან მოყავდათ ბოდავის
მინდორჯვარის დროშა. ანდრეზებით, ყოველივე ამას ბერდიაულები ძალიან გაუამაყებია.
“ბერდიაულნი იქამდინ გათამამებულიყვნენ, რომ ბოლოს ჯვარმა წაიცდინა და თავისი
მოყვანილი მედროშე თვითონ მოკლეს. ამის შემდეგ გაუწყრა მინდორის ჯვარი და
ბერდიაულები სულ ერთიანად ამოწყდნენ” (ალ. ოჩ., VII-77). ხალხის რწმენით, ბერდიაულთა
ამოწყვეტის ერთ-ერთი მიზეზი “ურჯულოს” განუსაზღვრელი რაოდენობით კვლაც ყოფილა.
ღრმად თუ ჩავუკვირდებით ალ. ოჩიაურის აქ მოტანილ ეთნოგრაფიულ მასალას, ნათლად
ჩანს, რომ ბერდიაულებს კავშირი ჰქონდათ დამყარებული ბართან, ბარის სალოცავთან. მთის,
ბარისაგან განსხვავებულ, საზოგადოებას კი, საგულვებელია, არ სურდა ბართან მუდმივი
კავშირების დამყარება. ეს ხომ არ გახდა მიზეზი ჯერ ბოდავის მედროშის მოკვლის და შემდეგ
ბერდიაულთ ამოწყვეტისა?
არა ერთი და ორი მიზეზით ხევსურეთში ამოწყვეტილ გვარებს (მამიშვილობებს) შორის
გვხვდებიან ისეთები, რომლებიც ითვისებენ როგორც მეზობელთა, ისე თემის (სალოცავის)
კუთვნილ ადგილ-მამულებს. ქეთელაურთ გვარის ერთ-ერთი დანაყოფი (ხევსურული
ტერმინით “მამა”) ყოფილან კინწანი. “ისინი იყვნენ საშინელი ამაყი, უყვარდათ ქურდობა,
დამცემლობა და ძალმომრეობა. ისინი არც სოფელს და არც ჯვარ-ჯვარისკარს არაფრად
აგდებდნენ. სოფელში ისე იქცეოდნენ, როგორც მათ სურდათ და ხმის გაცემა არავის შეეძლო.
მიდიოდნენ სხვის სათიბში და თვითონ თიბავდნენ. აგრეთვე, სხვის მამულებს ეტანებოდნენ
სახნავად. ჯვარში, როცა ლუდი და დღეობა იყო, იქაც თავისუფლად იქცეოდნენ”. “როგორც
ხალხის მამულების, ასევე საჯვარო მამულების მოხვნასაც არ ერიდებოდნენ. სახლში რომ
ხორცი შემოაკლდებოდათ, წავიდოდნენ სადმე მთებში, ან მეცხვარეების ცხვრებს
გამორეკავდნენ, ან სადმე სხვა სოფლის მცხოვრებლების მსხვილფეხა რამეს, რომელიც
სიმსუქნეზე მოეწონებოდათ, წამოიყვანდნენ და დაკლავდნენ სახლში”. “ხევსურებმა რჯულის
ძალით იციან საქმის გარჩევა, მაგრამ კინწანი რჯულში ადვილად არავის მოჰყვებოდნენ. როცა
თვითონ ბრალი ედებოდათ, ძალას გამოაცხადებდნენ: რჯულში არ მოგყვებით და რაც
გინდათ, ის გააკეთეთო. ადვილად ვერავინ გაუბედავდა სამაგიეროს გადახდას. ბოლოს
კინწანი მივიდნენ და თავის მეზობლის ჩოდრათ მამუკას მამულები მიითვისეს და ძალით
დაიწყეს მისი ხვნა” (ალ. ოჩ., II-20/22). ვრცელი ამონაწერები ალ. ოჩიაურის მასალებიდან
იმიტომ მოვიტანეთ, რომ გვეჩვენებინა, თუ რამდენად იყვნენ კინწანი თემისადმი
დაპირისპირებულნი, როგორც სახალხო, სათემო, ისე რელიგიურ საქმეებში. კინწათ სიამაყეს
საზღვარი არ ჰქონია, რაც, გადმოცემით, გამხდარა მიზეზი მათი ამოწყვეტისა. “ხევსურებმა
მათი გათავება მიაწერეს მათ სიამაყეს, ჯვარ-ჯარისკარში და ხალხში თავაშვებულობას და
სხვ.” (ალ. ოჩ., II-20). თუმცა ისინი ერთი კაცის ჩოდრათ მამუკას მსხვერპლნი გახდნენ.
ეთნოგრაფიული მასალებით, ხევსურეთში გაამაყებული გვარების (მამიშვილობების)
ამოწყვეტა სხვადასხვა კონკრეტულ შემთხვევაში ხდებოდა, როგორც ერთობლივად თემის,
ისე ცალკეული პიროვნებების მიერ. ზოგჯერ, სანამ მათ მიმართ უკიდურეს ზომებს
განახორციელებდნენ, მიმართავდნენ გაფრთხილებას: ამის შემდეგ სალოცავებში
არისხებდნენ. გადმოცემებით, დარისხების შედეგად, ხატის მიერ ამოწყვეტილიც ბევრია.
კონკრეტული მასალების მოტანა შორს წაგვიყვანდა. დავასახელებთ ზოგიერთ
მამიშვილობებს, რომლებიც თემიდან გამოცალკევებას ლამობდნენ და ამის გამო იქნენ
ამოწყვეტილნი: მარტიანი (სოფ. აჭეხი, არაბულების მამიშვილობა) _ ადგილ კეოში მიითვისეს
ლიქოკელთა მამულები, რაზედაც ამ უკანასკნელებმა მარტიანი დაარისხეს (ალ. ოჩ., VI-62).
ნანაისძენი (მოწმაო) _ “დაუწყეს სოფელს ბრძოლა. წაართვეს მამულები მეზობლებს”.
ამოწყვიტა სოფელმა ერთობლივად (ალ. ოჩ., X-119). ორჩოლანი (ოჩიაურთ მამიშვილობა) _
“სამან-სამძღვარს ეტანებოდნენ”. “სხვის მამულში ნაპირებზე გადასწვდნენ სამანს”. სოფელი
უშლიდა სხვისი მამულების მითვისებას, მაგრამ ამაოდ. ორჩოლანი სტიქიური უბედურების
(ზვავის) მსხვერპლნი გახდნენ. “ხალხმა მათი გათავება მიაწერა იმას, რომ სამან-სამძღვარს არ
ინდობდნენ” (ალ. ოჩ., VII-15/16): გუგუანი (ნაროზაულთ მამიშვილობა) _ “მათი მამის ხალხი
ამაყები იყვნენ, არავის არაფრად არ აგდებდნენ, მამულებს და სახნავ-სათიბ მიწებს ძალით
ითვისებდნენ” (ალ. ოჩ., 1-10). ბოლოს, ერთმა კაცმა არხოტის ჯვარის გალავანთან ხმალი
იხმარა, რაც საბაბი გამხდარა გუგუათ გათავებისა: ყაბელნი (სოფ. როშკა, წიკლაური გვარის
ერთ-ერთი მამა) _ მდიდრად ცხოვრობდნენ და სხვის მამულებს ეტანებოდნენ” (ალ. ოჩ. VIII-
88); ბასილანი (სოფ. როშკა) _ ამოწყვეტის მიზეზი იყო ტყუილად დაფიცება და ჯვარის
მამულების მითვისება (ალ. ოჩ., VIII _ 87); ალბექანი (მოწმაო. არაბულთა ერთ-ერთი მამა) _
“აიშენეს სახლი ჯვარის ადგილში და ჯვარის მამულებსაც თავის სასარგებლოდ იყენებდნენ.
ხალხი ჩუმად არისხებდა” (ალ. ოჩ., IX _ 107); ნებიერელნი (ლიქოკის ხეობა) _ “ერთბაშად მათ
მამაში ოცამდი კაცი ითვლებოდა ხმლისა და თოფის ამტანი”. მათ სამოსახლო ადგილში
იახსარი ყოფილიყო დაარსებული. არ აიყარნეს ჯვარის ადგილიდან. ბოლოს იახსარი გაუწყრა
და ქალ-ქალიშვილიანად ამოწყდნენ (ალ. ოჩ., X_118). ამავე მიზეზით გათავებულან დავითაურნი (ს. გველეთი); კიწონი (ს. მოწმაო) _ მათი მძლავრობით სოფელი დროებით
აყრილა და სხვაგან გადასახლებულა; მითვისებული ჰქონდათ როგორც მეზობლების, ისე
სალოცავის მამულები (ალ. ოჩ., VIII _ 102/103). ბაბუანი (ს. ბაკურხევი, ფიცხელაურთ ერთ-
ერთი მამა) _ იპარავდნენ ხარს, ცხენს, ცხვარს. “ითვისებდნენ ჯვარის მამულებს” (ალ. ოჩ.,
VI_61); კალაურნი (სოფ. აჭეხი) _ “შანთია კალაური თანდათან გამრავლდა და აღარაად ვის
აგდებდა არც ხალხს და არც ჯვარჯვარისკარს”. “გახდნენ თექვსმეტი სული. ისინი თანდათან
გათამამდნენ და თავის დავლათს ხთიშვილთ დავლათზე მაღლა აყენებდნენ”. აღარაფრად
აგდებდნენ სალოცავს და სცემეს მედროშეს (ალ. ოჩ., X_114_116). ბურდულების გვარიდან
ამოწყვეტილან: თავბერაულნი, ყარდანაულნი, თინიბექანი და ტაუზანი. პირველი სამი
მამიშვილობის ამოწყვეტის მიზეზი სათემო, საჯვარო და პირად საკუთრებაში არსებული
მიწების მითვისება ყოფილა (ალ. ოჩ., VII_73, 84). ტაუზათ “გაძევების მიზეზი იყო ძმობის
ღმერთის დალახვა და მეტად თავისაკე მიწეულობა. ტაუზად ჯარჯო ღარიბებისაგან
მამულებს ყიდულობდა და სულ ცოტა ფასს აძლევდა. როცა ღარიბებს საქმე გაუჭირდებოდა,
მაშინ ცოტა რამეს მისცემდა და მამულს თვითონ იჭერდა (ალ. ოჩ., VI_70). ბურდულების
გვარში ამოწყვეტილია სამნანთ მამაც (სოფ. იღლია) _ “ლამფაის შუქი ღამღამობით მათ
სახლიდან გამომდინარი ჯვართ ადგებოდა და ამას არ იხდენდა”. “მაგრამ ჯვარი რაკი ერთი
გაწყრა, აღარ შეინდო-შეიწყნარა ამ ხალხის ლოცვა და ბოლოს სულ ამოწყვიტა ისინი” (ალ. ოჩ.,
VII_78); ბაყინალი და ზეზვანი (სოფ. გველეთში) _ ბაყილანი “სიმრავლის გამო
აზეზეურებულან და დაუწყიათ სიამაყე. აღარც ჯვარი სწამდათ და არც სოფლის უღური.
ამიტომ თანდათანობით შემცირდა მათი მამა” (ალ. ოჩ., XI_105); ხორჯანი (ბაკურხევი,
ფიცხელაურთ ერთ-ერთი მამა) _ “ქურდობდნენ, ამაყობდნენ, ხოცავდნენ ხალხს მთიულეთში
და გუდამაყარში”. “დაუწყია ხალხს რისხვა, მაგრამ მაინც ისინი არავის ეპოვებოდნენ. ჩვენი
დავლათი ხთისშვილთ დავლათზე ნაკლები არ არისო _ იტყოდნენ ხარაჯანი _ ჩვენ მტერი ვერ
მოგვერევა, ვერც ხმლით, ვერც რისხვით და ვერც დავლათითო. ხალხი რომ აუტყდა და
ახოხორდა მათ საქციელზე, ჯვარიც გაუწყრა და ღმერთიც. გაუჩნდა ჟამი და ამათ მამაში სულ
გაწყდა ქალიც და კაციც” (ალ. ოჩ., VI_64); ხაომაჯალანი და ჭოლიკანი (ლიქოკელთა გვარში)
(ალ. ოჩ., VIII_92_93); ომანი (ქმოსტი, ბურდულთა გვარის ყარდანაულთ მამის ერთ-ერთი მამა) _ “ომანი ქმოსტში ყველანი მდიდრები იყვნენ. მაგრამ მათ არ სწამდათ არც ჯვარი, არც
ღმერთი. მამულები დაიჭირეს ჯვართან ახლოს” (ალ. ოჩ., XI_121); კვირიკანი (სოფ. ახიელი,
ცისკარაულთ ერთ-ერთი დანაყოფი) _ “ყოფილან ძალიან ამაყი ხალხი. მათი სიამაყე
გამოიხატებოდა იმაში, რომ არც სოფელში, არც თემში არავის არ ეპოვებოდნენ, არაფრად
აგდებდნენ არავის და რაც სურდათ იმას აკეთებდნენ. თუ თვითონ არ სურდათ, არც სახალხო
საქმეს გააკეთებდნენ და არც საჯვაროს _ არც საერთო წესებს და რჯულს ემორჩილებოდნენ.
მათი სიამაყე კიდევ იმაში გამოიხატებოდა, რომ ღილღვებს (ქისტებს) ხოცავდნენ სალაღ-
სანებივროდ”. “საბოლოოდ მთელი გვარი ამოწყდა, რაც ხალხმა მათ სიამაყეს მიაწერა” (ალ.
ოჩ., I_4_9); ხორჩანი (ა. ახიელა, ოჩიაურთა ერთ-ერთი დანაყოფი) _ “ამათი მამის ხალხი
ყოფილან საშინელი ამაყი. ისინი უფრო ქისტებზე ნადირობდნენ. ერთ-ერთი მათგანი, ხირჩათ
მინდია ყველაზე ამაყი იყო (ხევსურები ქისტის ან სხვა მაჰმადიანის მოკვლას ცოდვად არ
თვლიდნენ. მაგრამ მაინც ასე იტყოდნენ: ქრისტიანის ხალხის ხოცა კი არა და ჯერ ურჯულოს
ხოცაიც არ ვარგა. ისიც საბოლოოდ მაეწევის; მითომ გვარს ღმერთი გაუწყრება და
ამოწყვეტსო). ხირჩათ მინდიას 11 კაცი მოუკლავს და მეთორმეტე ტყვედ მოუყვანია”.
“როგორც ხალხი ამბობს, ხირჩანი ამოწყდნენ იმიტომ, რომ მეტად ბევრს ურჯულოს
ხოცავდნენ” (ალ. ოჩ., 1 6_8). ხორნაულთ გვარში რამდენიმე მამიშვილობა ამოწყვეტილა:
ბაყიანი, ჭულიანი, ივანიკანი, ჯოყოლანი, მაღალანი. “მაღალათ ჯურხა განთქმული იყო
სიამაყით. არ სწამდა არც ჯვარ-ჯვარისკარი და არც სოფელი. სულ მუდამ შარში, შუღლში და
ჭრა-ჭრილობაში იყო, სადაც ვის მამული მოეწონებოდა, გაუხდიდა შუღლად, ეჭრევინებოდა
და მემრე მამულს წაართმევდა. ბოლოს მოეწია ხალხის ცოდო და ცოლ-შვილიანად ამოწყდა”
(ალ. ოჩ., VIII_29); ჯოყოლანი ზარიძეების გვარში ერთ-ერთი მამა იყო. ესენი ცხოვრობდნენ სხვა ხორნაულებთან შედარებით უფრო კარგად. გადადიოდნენ მიწათ ღმერთს.
ხორნაულთაში მიწის ნაკლებობა იყო და ხალხი ძალიან ღარიბად ცხოვრობდა. როცა ვინმე
მოკვდებოდა და ოჯახს ხარჯი დასჭირდებოდა გასაღებად და სახლში არაფერი ჰქონდა,
მიმართავდნენ ჯოყოლათ, რადგან “მათ ყველაფერი ეშოვებოდა _ მკვდრის ხარჯისათვის
საჭირო სატან-ერბო, საკლავი და დრამაში გასაღები უნჯი და ვერცხლი. ჯოყოლანი
ასეთებისაგან მამულებს ყიდულობდნენ სულ იაფ ფასებში, რადგან ღარიბ კაცს მეტი გზა არ
ჰქონდა, მიწა უნდა გაეყო და ისიც იაფ ფასად, თუკი ამ გაჭირვებულ მდგომარეობაში ვინმე
დაეხმარებოდა. ამათ აგრეთვე ახასიათებდათ ჯვარ-ჯვარისკარის არაფრად ჩაგდება. თუ
ეწადათ, გავიდოდნენ ჯვარის სახნავ-სამკალში, თუ არ ეწადათ, არც იმუშავებდნენ და არც
დასტურად დადგებოდნენ… ყველა ამ შანაცოდვარზე ამოწყდნენ ქალქალი-შვილიანად. მათი
ქონება ცამეტმა კომლმა გაიყო, რადგან მათი ახლობელი აღარავინ იყო” (ალ. ოჩ., VIII_89);
ამავე მიზეზით ამოწყვეტილა ს. კალოთანაში ქიბიშაურების ერთ-ერთი მამიშვილობა _
სოფარანი (ალ. ოჩ., _V_49_51); ამოწყვეტილან ყურაულნი (სოფ. ჭიე), რომლებიც
საჭინჭარაულოში შედიოდნენ. “ყურაულნი არაფრად აგდებდნენ არც ჯვარს და არც იმის
ყმათ. ეტანებოდნენ გუდანის ჯვარის მამულებს, ხნავდნენ და პურს იყენებდნენ თავის
სასარგებლოდ. ჯვარს არაფერ წილს არ აძლევდნენ ნაღალურში. გუდანის ჯვარის ადგილში
ჰქონდათ სახლიც. ჯვარი ამიზეზებდა, მკითხავის პირით უთვლიდა: “ჩემს მიწა-წყალს თავი
დაანებეთ, მკლავი მკლავს ნუ გამისწორეთ და კისერი კისერს, თორემ განანათავ”. მათ მაინც
არ დაიშალეს. ბოლოს ჯვარმა რომ ვერ მოიყვანა ჭკუაზე, შეუდგათ ავადობა და სულ ამოწყდა
ეს მამა ქალ-ქალიშვილიანად” (ალ. ოჩ., VI_61_62). სხვა გადმოცემით, ყურაულნი
გვევლინებიან აგრეთვე რჯულის დამრღვევად: “მამკლავ-მამკვდართ ერთად შეხყრიდნენ და
მამკვდრის პატრონს ნებას არ მისცემდნენ, რომ მამკვლავი მაეკლა. როგორც მათ სურდათ,
ყველაფერი ისე უნდა გაკეთებულიყო…” (სლ. ოჩ., IV_101). ამოწყვეტილთა შორის,
გადმოცემით, არიან ისეთებიც, ვინც ტრადიციულად დაკანონებულ ადამიანისა და ბუნების
ურთიერთობას დაარღვევდა. ჩანს, თემი ეკოლოგიის დაცვასაც კონტროლს უწევდა.
მაგალითად, ამ მიზნით ამოწყვეტილან ხომიზურანი (ცისკარაულთ ერთ-ერთი მამიშვილობა).
“ხალხის თქმით ცისკარაულთ ეს მამა სიურჩემ და სიამაყემ კი არ ამოწყვიტა, არამედ ჯიხვების
გადამეტებით ხოცვამ. შემოუწყევლია ნადირი მწყემსს და დაილივნენ (ამოწყდნენ) ქალ-
ქალიშვილიანად” (ალ. ოჩ., I_10). ხალხის რწმენით, ჩანს, ხატის მსახური ხუცესები
ხევსურეთიდან არ უნდა გადასახლებულიყვნენ (რაც, თავისთავად ცხადია, ხუცესთა მიერ _
ღვთისმსახურების შეწყვეტას გამოიწვევდა). ასეთ გადასახლებულს ხატი სჯიდა.
გადმოცემით, ასეთი დღე დაადგათ ცისკარაულების გვარის ფუნჩანთ მამას. ერთ-ერთი ამ
მამიდან, დავით ხუცესი კავკავში გადასახლებულა, სადაც თვითონ და მისი შვილები
მოკვდნენ. ალ. ოჩიაურის თქმით, “ლაპარაკობდნენ, არხოტის ჯვარს არ უნდოდა, რომ მისი
გამძღო დავითი სადმე წასულიყო, მას _ დავითს _ წასვლის ნებას არ აძლევდა, თავის ძალით
წავიდა და არხოტის ჯვარმა გააძევაო” (ალ. ოჩ., II _15); კანათანი (სოფ. გურო) _ ეს
უკანასკნელნი “თავის სიამაყით და უწესო საქციელით ამოწყდნენ რუსეთის ძველი
მთავრობის დროს” (ალ. ოჩ., III_35_36).
ზოგიერთი ხევსურული გვარი ნაწილობრივ ამოწყვეტილა. გადარჩენილთა ნაწილი
ხევსურეთიდან გადასახლებულა, ნაწილი ადგილობრივ აგრძელებდა ცხოვრებას, როგორც
სხვა გვარის ერთ-ერთი პატრონიმიული ერთეული [6]. XIX-XX სს. ეთნოგრაფიული
მონაცემებით, შატილელი ჭინჭარაულების ერთ-ერთ პატარა მამიშვილობას ჯალაბაურები
წარმოადგენდნენ [21. გვ. 193]. ალ. ოჩიაურის ეთნოგრაფიული მასალით კი, ჯალაბაური
შატილში ძველად დამოუკიდებელი გვარი ყოფილა, რომლებიც სხვებისაგან თავისი
კაცრიელობით და სიამაყით გამოირჩეოდნენ. ჯალაბაურების შემცირება ხევსურეთში ორი
გზით წარმართულა:L ა) ხევსურეთიდან ფშავსა და გუდამაყარში მიგრაციით [14, გვ.8-13, 24,
გვ.35; 4, გვ.94] და ბ) ამოწყვეტით. “ჯალაბაურნი ხევსურეთშიც ამაყობდნენ და აგრეთვე ფშავს
აწუხებდნენ” (ალ. ოჩ., IX _38). ჯალაბაურთ გვარში ყოფილა თავისი სიამაყით გამორჩეული ვინმე თათარი, რომელიც არ ერიდებოდა მთისათვის დამახასიათებელი ადათ-წესებისა და
ტრადიციების დარღვევას. თათარს დაურღვევია სტუმარმასპინძლობის წესები. მას ერთხელ
სამი ღილღველი მოსვლია სტუმრად, ჩვეულებრივ, კარგად გამასპინძლებია, მაგრამ
მძინარეთათვის თავები მოუჭრია (ალ. ოჩ., IV_39). ჯალაბაურებს ყოლიათ კიდევ თავისი
სიამაყით სახელგანთქმული თაძია, რომელიც ხშირად თავს ესხმოდა ქისტებს, მოყავდა
ტყვეები, შინაური პირუტყვი და ქონება. შატილელებს არ მოსწონდათ ჯალაბაურთ მიერ
მეზობელი მითხოვლების დალაშქვრა, მაგრამ “ჯალაბაურნი კაცრიელნი იყვნენ და თან ამაყნი,
ამიტომ არაფერს ეუბნებოდნენო (ალ. ოჩ., IV_40). “შატილში ყოფილან ჯალაბაურები. ეგენი
ყოფილან ამაყი ხალხი, სოფელი უჩაგრავ, წყალი არ უზიდვინებია, მოჩხუბარი, მხოცველი და
ერთი ხათაბალა ხალხი ყოფილა” (ბაბუტა ზვიადაური, ს. გამარჯვება). ზემოხსენებულ თათარ
ჯალაბაურს ხუთი ვაჟი და ერთი ქალი ყოლია, რომელიც ცოლად ყოლია გიორგიწმიდელ
საგინას. ჯალაბაურებმა სიძის დაჩაგვრაც დაიწყეს. ართმევდნენ საქონელს, ნანადირევს.
შეურაცხყოფილმა საგინამ თავისი ცოლეურები ღალატით დაახოცინა ფშავლებს (ალ. ოჩ.,
VI_41_43). ასე თანდათან დაილია ჯალაბაურების დიდი და მრავალრიცხოვანი გვარი.
“ჯალაბაური დანარჩენ ძმის ჩამომავლობაში თითო-ოროლა კაცი კარგა ხანს იყო, მაგრამ
ისინიც ამაყები და მოუსვენრები იყვნენ, თან მამა-პაპის შანაცოდარი და ბოლოს სულ
ამოწყდნენ…” (ალ. ოჩ., IV_44).
რ. ხარაძის მიხედვით, არაბულთა გვარის ერთ-ერთი “ძირია” ველგუჯაური [21; გვ. 119].
მოკლედ შეიძლება ითქვას, რომ XIX-XX სს. ეთნოგრაფიული მონაცემებით, ველგუჯაური
არაბულთა გვარში და სამაგანძუროს თემში შედიოდნენ. ელგუჯაური ცალკე გვარი არ იყო.
მაგრამ ჩვენი ეთნოგრაფიული მასალებით, ველგუჯაური არაბულთა გვარიდან გამოსული
განშტოება არაა. აი, რას ამბობს მთხრობელი: “ყველა არაბული არაბული არაა. მე, მაგალითად,
ელგუჯაური ვარ. მასში ბევრნი არიან გამოქცეული გვარები, არაბული ძლიერ იდგა და ხარ-
ქვაბით შეფიცულები ვართ. მივიდნენ და დაეწერნენ არაბულების გვარზე; გაფიცულებია:
ელგუჯაური, ფიცხელაური, ბიჩინგაური, ბაბურაული, რკინაული, და სხვები. ესენი ყველანი
შეფიცულებია არაბულების გვარში”. ალ. ოჩიაურის მასალით, ველგუჯაურები, თავის დროზე,
ხევსურეთში ძლიერი გვარი ყოფილა, რომლებიც გათავებულან. მათი ამოწყვეტის მიზეზი
ქედმაღლობა, სიამაყე და ძალმომრეობა ყოფილა: “გორშეღმ, სადაც ვის მამული მოეწონებოდა,
მოხნავდნენ და პური შინ მიქონდათ., თუ ვინმე ეტყოდა, რატომ ხნავთ ჩემს მამულსაო, ისინი
უპასუხებდნენ: “ჩვენ განა მამულს გეცილებით, მამული ისევ თქვენი იყოს, ჩვენ მარტო პურს
წავიღებთ, რაც ზედ მოვაო”. მათ ისეთი დავლათი ჰქონდათ, რომ პირველ ხანებში გუდანის
ჯვარის დავლათს სძლევდა…” მკითხავს რამდენჯერმე სიზმარი ენახა, რომ გუდანის ჯვარის
დავლათს უკან მისდევდა ველგუჯაურთ დავლათი და ეს უკანასკნელი სძლევდა პირველს,
რამაც ველგუჯაურები უფრო გაათამამა და გააამაყა. ერთ დილით იგივე მკითხავი ამდგარა და
უთქვამს: “ეჰ, ახლა კი ხათაბალა ამბავი მოხდება, გუდანის ჯვარის დავლათმა გატეხა
ველგუჯაურის დავლათიო, წინ გარბოდა წითელცხენიანი ველგუჯაურის დავლათი და უკან
გუდანის ჯვარის დავლათი მისდევდა და სცემდა მათრახსაო”. ეს ამბავი ხევსურეთს მოედო
და ელოდებოდნენ ველგუჯაურების გათავებას. ცოტა ხნის შემდეგ შეუდგათ მუცლის ჭირი
და ველგუჯაურები დიდ-ცოტაიანად სულ ამოწყდნენ. დარჩა ერთ დიაცი ორსულად და ვაჟი
ეყოლა. ვაჟი, რახან უცოდველი იყო, გაიზარდა და დაცოლშვილდა. ემსახურებოდა გუდანის
ჯვარს და დარჩა მისი შთამომავლობა. ხოლო არც სულ გათავებულან და არც
გამრავლებულან, რადგან შანაცოდვარი ძველებისა არ ამრავლებდა და ახლმ, რომ აღარ
სცოდავდნენ, მათი ძე ამის წყალობით არ გათავებულა. ხოლო სამ-ოთხ მეკომურზე ზევით არ
წასულა მათი რაოდენობა. ასე უყო ველგუჯაურთ თავისმა სიამაყემ _ სთქვა მთხრობელმა”
(ალ. ოჩ., IX_103_105).
ასევე სულ არ ამოწყვეტილან რკინაულები, რომლებიც რ. ხარაძის მიხედვით,
ველგუჯაურთა მსგავსად, არაბულთა გვარის ერთ-ერთი “ძირი” იყო. გამრავლებული
რკინაულები ხიტალედან და უკანხადუდან სოფ. ჩირდილში გადასახლებულან და სალოცავის ადგილში დამდგარან. ამოწყვეტილან დიდი რაოდენობით. გადარჩენილა ერთი ბავშვი,
რომელიც ხიტალეში რკინაულთ ერთ-ერთ მამას, თადიაურებს გაუზრდიათ. “ჯვარს ეს ოჯახი
სულ უნდა გაეძეგა, მაგრამ ყმაწვილი რომ უსუსური, უდანაშაულო იყო, ამიტომ ის გადარჩა
და ისევ მომრავლდა მათი მამა” (ალ. ოჩ., IX _99_101).
ნაწილობრივ ამოწყვეტილთა შორისაა დაიაურების გვარი. ეთნოგრაფიული მასალა: “დაიას
შვილები ისე გამრავლდნენ, რომ ყველაფერი ხელში დაუჭერავ: შატილი, ხახაბო, მიცუ,
არდოტი. დაყოყოჩებულან, არაფრად არ აგდებდნენ ხალხს მკაცრივლობით. წინავ ხომ
ძალმომრეობა იყო. ამ დაიაურებმა, გამრავლდნენ, ბევრნი გახდნენ და სხვების დაჩაგვრა
დაიწყეს. შატილს, ხახაბოს, არდოტს შეუკრავთ პირობა და იმათ დახოცეს ეს დაიაურები. სამ
წელიწადს ჩუმად ერთმანეთში მოლაპარაკება ჰქონდათ, რომ დაიაურები დაეხოცათ.
დაიაურები იყვნენ ლეკის ტყვის შვილები და დედა ჰყავდათ შეთეკაური. მემრე მოუწვევიათ
ოთხ სოფელს ყრილობა. შეიყარნეს; ყველა მომზადებით მოვიდა. დაიაურებმა არაფერი იციან.
შეყრილან იქა და უცბად დაღრევიან ამ უიარაღო ხალხს და სულ მთლად დაუხოცავთ.
მხოლოდ ერთი ქალი არ მოუკლავთ. ხახაბოელ მამიაურებს არ გაუშვიათ: ჩვენი ქალი ერთი
კვირის გათხოვილია და არ მოგაკვლევინებთო. და ქნილა ის ორსული და ისევ ბიჭი ყოლია და
ისევ წარმოიშვა დაიაური იმ ერთ ბიჭზე. დამთავრდა ამით მაგათი მოძალადეობა”
სოფლებში _ კისტანსა და ჭეჭყეთში _ პაპკიაურებს უცხოვრიათ. ჭეჭყეთელი პაპკიაურები
ხორხში გადასახლებულან, კისტნელები კი ამოწყვეტილან. გადარჩენილებმა ჭინჭარაულთა
გვარს შეაფარეს თავი, რომლებიც რ. ხარაძის მიხედვით, ჭინჭარაულთ ერთ-ერთ ძირს
წარმოადგენდნენ [21]. სამეცნიერო ლიტერატურაში მოტანილია იმის დამადასტურებელი
მასალა, რომ პაპკიაურები ოდესღაც ცალკე გვარი იყო: “ჭეჭყეთიდან ყოფილან. იმან ვერძ თუ
დახკარგ. იძოვად მაჴელ ველზე სადამ. წამაიყვან, მარცვალ ჩაუსრისად გაუკვირდ. _
პაპკიაურო, _ უთქომ ურთუთცივ ვისამ. დევ ვერძად მაშჩვენებივ. გადმამხტარ ეს პაპკიაური
(ჭეჭყეთიონის გვარი), ორჯერ დაუკრავ ხმალი. ორჯერ უნდა დახკრას, მესამედ უნდა უთხრას,
რომ სამებავ, დაგისამასავ, ის პაპკიაურ გამაქცეულ, მისულ სახლში, შაუსწრავ, კარ მაუკეტავ.
პაპკიაურ ყოფილ იმათ გვარი. ჭინჭარაულობით ეწერებიან (აქ და ზევითაც ხაზი ჩვენია _
რ.თ.). ისე კი პაპკიაურები ჭინჭარაულები” [14, გვ. 171]. კისტნელი პაპკიაურების ამოწყვეტის
მიზეზი სიმდიდრე და სიამაყე ყოფილა. “კისტანში იმ დროს ცხოვრობდა ოცდასამი კომლი
სხვა გვარისა და ორნი ძმანი პაპკიაურნი თორელი შვილნი. ჯერ მათი მამა თორელი ყოფილა
ძალიან ამაყი, რომ სოფელში არავის არაფრად აგდებდა. არც რაად ჯვარ-ჯვარისკარი გააჩნდა,
არც ხალხი. მიუხედავად იმისა, რომ ოცდასამ კომლში ის მარტო იყუო, სხვა მოგვარე არ
ჰყავდა, მაინც უმკლავდებოდა მთელ სოფელს. თორელი ისეთი მაგარი კაცი იყო, რომ
უკაცურობა სულ არ ეტყობოდა. ამას ჰყავდა ორი შვილი. ისინი მამაზე მეტად ამაყები იყვნენ.
სულ შიშის ზარს სცემდნენ კისტნელებს. ამ ორ ძმას ბევრი ჰქონდა ძალით დაჭერილ-
მითვისებული მამულები და ტყეები… სოფელი, რასაც პირს დააწყობდა, თუ ჭკუაში არ
მოუვიდოდათ, ჩაუშლიდნენ პირს, რაც უნდა პირი ყოფილიყო. _ თუნდა სასოფლო-სახალხო,
თუნდა საჯვარო” (ალ. ოჩ., III_33_35).
სოფ. როშკაში ჩურთაულებს უცხოვრიათ, რომელთა ნაწილი, ივ. წიკლაურის მასალით,
ამოწყვეტილა, ნაწილი კი აქედან გადასახლებულა. ასევე აყრილან ხევსურეთიდან
პავლეურები, ფილაურები, მოწმაოელი და გველეთელი გიგაურები, ორბელნი. გადმოცემით,
სანამ სოფ. ბარისახოს მაგანძურები დაიჭერდნენ, აქ პავლეურებს უცხოვრიათ. იგი
მრავალრიცხოვანი გვარი ყოფილა. პავლეურის გვარისა დღეს ხევსურეთში აღარავინაა. ისინი
მანამდინ აქ იყვნენ და აწუხებდნენ ხალხს. მოხნულ-დათესილ ყანებში უშვებდნენ პირუტყვს
და არავის ეპუებოდნენ. ამაზე გაწყრა გუდანის ჯვარი, რადგან უფრო ამის ყმებს აწუხებდნენ
და ჩაუგდო ისინი ხელში მტერს” (ალ. ოჩ., X_117). შესაძლოა, ხევსურმა პავლეურებმა
დააფუძნეს ჭართალსა და ანანურს შორის სოფელი პავლეური, სადაც 1774 წლის აღწერით, 13 კომლი პავლეური მოსახლეობდა. 1846 წლის აღწერით, აქ 16 კომლი პავლეურია აღრიცხული
(სცსსა, ფ. 254, ან. 1, საქ. №2126, გვ. 1-7). შემდეგდროინდელ აღწერებში პავლეურში
პავლეურთა გვარის აღარავინაა. თუმცა დღეს აქ მოსახლე სხვადასხვა გვარები ხევსურეთიდან
გადმოსახლებულად თვლიან თავს, რომელთაგან ერთნი ძირ-გვარად ჭინჭარაულს, მეორენი _
ლაშქარაულს ასახელებენ [4, გვ. 59].
ხევსურეთში ფილაურები ბისოსა და ხახმატს შორის მოსახლეობდნენ ხახმატის თემში.
“ფილაურნი ყოფილან ძალიან ძლიერი გვარი ხევსურეთში. მათზე ძლიერი არავინ იყო. ისინი
თავიანთი დავლათით ამაყობდნენ. ეს ხალხნიც კაცრიელობით თამამობდნენ და ხევსურეთში
არაად ვის აგდებდნენ. ხევსურებიდან რომ პირადად შებრძოლებას არავინ ბედავდა, ჩუმად არისხებდნენ და თავის სალოცავებს სთხოვდნენ: გვიშველეთ და მოგვაშორეთ ეს ხალხიო.. შემოსულა მტერი ღამით და ეს სოფელი მთლიანად ტყვედ დაუჭერია” (ალ. ოჩ., X_117). დღეს ფილაურები თიანეთში, გარე კახეთის სოფ. კაკაბეთსა და ახმეტაში მოსახლეობენ [4, გვ. 19].

“ხევსურეთიდან აყრილან გველეთელი და დათვისელი გიგაურები და ჭართალში
დაფუძნებულან. მათი ერთ-ერთი წინაპარი, ვინმე გიგა გიგაური ზურაბ არაგვის ერისთავს
ეხმარებოდა ხევსურეთის დამორჩილებაში. ზურაბის მარცხს მოჰყვა გაგა გიგაურისა და მისი
გვარის წარმომადგენელთა ჭართალში გადასახლება. მათ, რა თქმა უნდა, ხევსურეთში აღარ
დაედგომებოდათ. გიგაურები თავიანთი ნებით რომ არ აყრილიყვნენ და ხევსურეთიდან არ
გადასახლებულიყვნენ, მათ, ხევსურული ტრადიციის ძალით, დალევა და ამოწყვეტა
მოელოდათ, რადგან ისინი უპირისპირდებოდნენ თემს, მხარს უჭერდნენ და ეხმარებოდნენ
არაგვის ერისთავს ხევსურეთის დამორჩილებასა და საბოლოო ჯამში, მის სოციალურ
სტრუქტურაში დისონანსის შეტანაში. ზურაბ ერისთავს ფშავში ჰყოლია ასეთი “დამხმარეები”,
კერძოდ, ახადელი შავშალიკა შალიგაური, რომელმაც ფეოდალს ლაშარის ჯვრის მუხის
მოჭრის საშუალება ასწავლა [8, გვ. 192]. ამ შენაცოდვარზე (ე.ი. თემისადმი დაპირისპირებაზე)
შალიგაურები გათავებულან. საერთოდ, ცნობილია, რომ კლასობრიობამდელ
საზოგადოებებში ერთი კაცის დანაშაულზე ხშირად პასუხისმგებლობა ეკისრებოდა ამ
პიროვნების დიდ თუ მცირე ნათესაურ ჯგუფებს [25, გვ. 402-403]. ზემოთ მოტანილი
ეთნოგრაფიული მასალა ამ კატეგორიის საკანონმდებლო ნორმების ჩარჩოებში თავსდება.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, არხოტში ყოფილა სოფ. ორბეულთა. ალ. ოჩიაურის სიტყვით,
“ორბელნი იყვნენ ამაყი ხალხი, მეზობელ სოფლებს მათი შიში და რიდი ჰქონია. როგორც
ამბობენ, ესენი უფრო დამცემლობით ცხოვრობდნენ” (ალ. ოჩ., 1-5). გადმოცემით, ორბელნი
იმერეთში დასახლებულან, რის შესახებ ხალხური ლექსიც ამბობს:
“ადგეს, წავიდეს ორბელნი, იმერეთს წყალსა გახდესა,
ამას კი ვერავინ იტყვის, არ იყვნეს იმით წახდესა”.
ორბელთა ხევსურეთიდან აყრას ხალხი მათ სიამაყეს მიაწერდა. ს. მაკალათიას მიხედვით,
ორბელები “ბაგრატიონ მეფეს უნათლავს და ვისაც ქრისტიანობა არ მიუღია, აქედან აყრილან”
[11, გვ. 74].”(*)ეს ინფორმაცია შეიძლება იყოს მცდარი,არის დასაზუსტებელი.


ხევსურ წიკლაურებს თავდაპირველად ფშავში, შუაფხოს მახლობლად, მაშარაში
უცხოვრიათ. ერთი ოჯახიდან თერთმეტი მამაკაცი ამოწყვეტილა, იმის გამო, რომ
დაპირიპირებიან ფშაველთა ქისტაურთ თემის საერთო სალოცავს იახსარს. მეთორმეტე,
დანარჩენილს კი ხევსური (და შემდეგ გუდამაყრელი) წიკლაურებისათვის მიუცია დასაბამი
(ალ. ოჩ., IX_108, X_109_113). ხევსურეთის ამოწყვეტილი გვარების რიცხვში შეიძლება
დავასახელოთ კივკიზაურები და ბადრიაულები (ალ. ოჩ., II_22_3), თუმცა ეს გვარები
ანდრეზით არაქართულ ეთნიკურ წრეს უკავშირდებიან [19, გვ. 387-393].
ამრიგად, ზემოთ მოტანილი მასალები აშკარად მიუთითებენ ხევსურეთში პიროვნების
(ოჯახის, მამიშვილობის, გვარის) თემიდან გამოყოფის ტენდენციებზე. ამავე დროს, აშკარად
ჩანს, რომ თემიდან გამოყოფის ტრენდენციის მატარებელ სოციალურ ჯგუფებს _ ოჯახი, მამიშვილობა, გვარი _ ყოველთვის ჰყავდათ ლიდერები, ვისი მოთავეობითაც ეს ჯგუფები
მოქმედებდნენ და გამოცალკევებისა და მის მსგავს ტენდენიცებს ამჟღავნებდნენ. თემიდან
პიროვნებისა და სოციალური ჯგუფების გამოყოფის ტენდენიციები, თემისა და პიროვნების
დაპირისპირება კონკრეტულად შემდეგ შემთხვევებში გამოიყენებოდა:
1. საერთო-სათემო ადგილ-მამულის (სალოცავის მამულის _ სახნავის, სათიბის, ტყის)
მითვისება;
2. მეზობლების, თანამეთემეების ადგილ-მამულის მითვისება და სამან-სამძღვრის
გადაწევა;
3. სათემო სალოცავებისადმი დაპირისპირება და საკუთარი დავლათის ღვთისშვილთ
დავლათზე მაღლა დაყენება: ჯვრის მამულში სახლის აშენება, სათემო სალოცავისადმი
მოვალეობის შეუსრულებლობა;
4.ხალხური სამართლის (რჯულის) დარღვევა და საკუთარი შეხედულებისამებრ ამა თუ
იმ სამოსამართლეო საქმის გადაწყვეტა;
5. თანამეთემეებისაგან და თემის გარეთ საქონლის, ცხვრის მოპარვა-მითვისება;
6. თანამეთემეებსა და სხვებზე ფიზიკური ძალმომრეობა;
7. მეზობელ არაქართულ ეთნიკურ ერთეულთა წარმომადგენლების (ქისტების)
გადამეტებული ხოცვა;
8. მთისათვის დამახასიათებელი თემის ადათ-წესებისა და ტრადიციების (კონკრეტულ
შემთხვევაში: სტუმარმასპინძლობის წეს-ჩვეულებების) დარღვევა;
9. ადამიანისა და ბუნების ტრადიციულად არსებული ურთიერთობების (ეკოლოგიის)
დარღვევა (კონკრეტულ შემთხვევაში: ჯიხვების გადამეტებული ხოცვა);
10. შემოსული მტრისადმი (კონკრეტულ შემთვევაში: მთის სოციალურ სისტემაში
დისონანსის შემტანის ზურაბ არაგვის ერისთავისადმი) დახმარების გაწევა.
ზემოთ მიმოხილული მასალებიდან ისიც აშკარად ჩანს, რომ ხევსურეთის საზოგადოებრივ
ყოფაში პიროვნებისა და სოციალური ჯგუფების თემიდან გამოყოფას, თემისადმი
დაპირისპირებას მხოლოდ დროებითი ხასიათი ჰქონდა. ადგილობრივი ტერმინი რომ
ვიხმაროთ, პიროვნების, ოჯახის, პატრონიმიული ერთეულის, გვარის გაამაყების შემთხვევებს
თემი ბოლოს უღებდა; თემისა და ასეთ “აღზევებულთა” ბრძოლაში გამარჯვებული
ყოველთვის თემი გამოდიოდა; ძირშივე ეღებოდა ბოლო მთელ თემზე ამა თუ იმ პიროვნების
(თუ სოციალური ერთეულის) დაპირისპირებას. ამდენად, მოცემული მასალა იმ დასკვნის
საშუალებას იძლევა, რომ პიროვნების (ოჯახის, მამიშვილობის, გვარის) თემიდან გამოყოფის
და თემისადმი დაპირისპირების მხოლოდ ტენდენიციები გვქონდა. თემის სიძლიერის გამო
ასეთი ტენდენიცები განვითარებას არ განიცდიდნენ. გამათანაბრებელი ტენდენიციები
დაუძლეველი რჩებოდა.

მოტანილი ეთნოგრაფიული მასალები იმასაც აჩვენებს, რომ თემი მისდამი
დაპირისპირებული პიროვნებისა და მცირე სოციალური ერთეულის წინააღმდეგ მაშინვე
როდი მიმართავდა უკიდურეს ზომებს. მათ ჯერ აფრთხილებდნენ (როგორც ერთობლივი
თემის, ისე ღვთისშვილთა საშუალებით), შემდეგ, დაარისხებდნენ, მოიკვეთდნენ და ბოლოს
ამოწყვეტდნენ. თემისადმი დაპირისპირებული პირების (ან სოციალური ჯგუფების)
ამოწყვეტა ხდებოდა როგორც ერთობლივი თემის, ისე თემის ცალკეულ წარმომადგენელთა
მხრივ. ხშირად ასეთი შურისმაძიებლის როლში თემის ჯვარ-ხატი გვევლინება.
თავისთავად დაისმება საკითხი როდის, ისტორიის რომელ მონაკვეთში ხდებოდა
ხევსურეთის საზოგადოებრივ ყოფაში პიროვნების გაამაყების, თემისადმი დაპირიპირების,
თემიდან გამოყოფის ტენდენციები, თემისა და პიროვნების (ოჯახის, გვარის, მამიშვილობის)
ურთიერთბრძოლა? შესაძლებელია თუ არა ეთნოგრაფიული მასალებით აღნიშნულის
გარკვევა? თუ წარმოდგენილ მასალებს დავაკვირდებით, ვფიქრობთ, შესაძლებელია.
გადმოცემებში (ანდრეზებში) არაერთხელ გვხვდებიან საქართველოს ცნობილი ისტორიული
პიროვნებები (თამარ მეფე, ერეკლე მეფე, აგრეთვე ბაგრატიონ მეფე). ხაზგასმულია ასეთი შემთხვევების გვიანდელობაც (“ძველი რუსეთის მთავრობის დრო”). ამრიგად, ხევსურეთში
პიროვნებისა და სოციალური ჯგუფების თემიდან გამოყოფის, თემისადმი დაპირიპირების
ტენდენციები თავს იჩენდა ისტორიის გრძელ მანძილზე _ შუა ფეოდალური პერიოდიდან XIX
საუკუნის ჩათვლით. დასაშვებია აღნიშნული სოციალური მოვლენის დროდადრო
გაძლიერება და მინელება. ამასთანავე, ისიც დასაშვებია, რომ პიროვნების გაამაყების ბევრი
შემთხვევა (განსაკუთრებით ძალიან ძველი) დავიწყებას მიეცა (ანდრეზი აღარ შემორჩა) და
ბევრიც ეთნოგრაფიის კალამმა ვერ დააფიქსირა.
ყოველივე ზემოთ ნათქვამი აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ერთ კუთხეს,
ხევსურეთს შეეხება. მსგავსი სოციალური მოვლენა დასტურდება თუ არა ხევსურეთის
მეზობელ კუთხეებში? ამ კითხვას პოზიტიური პასუხი ეძლევა. მაგრამ სანამ მოვიტანდეთ
მასალას სხვა კუთხეების შესახებ, ისევ ხევსურეთის ყოფიდან უნდა გავიხსენოთ კიდევ ერთი
გადმოცემა თორღვას შესახებ. თქმულება თორღვაზე კარგადაა ცნობილი სამეცნიერო
ლიტერატურაში [14, გვ. 124-126], ამიტომ აქ მის სრულად მოტანისაგან თავს შევიკავებთ.
აღვნიშნავთ მხოლოდ, რომ ბაბუტა ზღვადაურისაგან ჩაწერილი მასალით, თორღვა მუცოელი
ბაგრატიონის ნაბიჭვარი ყოფილა. თ. ოჩიაური აღნიშნავს, რომ “თორღვა რეალურად
არსებული… პიროვნება ჩანს, მეორე მხრივ, ექსპლუატატორად და მჩაგვრელად გვევლინება”
[14, გვ. 125]. აგრეთვე, გადმოცემები მას “აღზევებულ, გაძლიერებულ პირად წარმოგვიდგენს;
იგი ბეგარას ადებს მოძმე მთიელებს, ჩაგრავს მეთემეებს” [14, გვ. 125]. მთხრობელის სიტყვით,
“რაც თორღვამ ჯაჭვის პერანგი დაკარგა, იმის შემდეგ აღარ იბრძოდა, თავის ხალხისაც
ეშინოდა, მოკლავდნენ” (ბ. ზვიადაური). თორღვას დროებითი სოციალური აღზევება კარგად
ჩანს ერთი ხალხური ლექსიდანაც:
” _ სადარა იყავ თორღაო,
სად არ აუშვი ალიო?
_ აქ სადამ ვიყავ მუცოში,
ბეგრად დავადევ ცხვარიო.
თითო ნაცრიან ტომარა,
თითო არწივის მხარიო.
_ სამჯერ გეხვეწე თორღაო,
სამჯერ დაგიკალ ცხვარია,
მეოთხე შახვეწნაზედა, _
თეთრი ქორაი ხარიო.
ვინც ხუთჯერ მოგცეს ბეგარი,
მამა წაუწყდეს მკვდარია.
შამაუბრუნა შოთამა
ისარი შხამიანია,
გადაიბრუნა თორღვამა
ბარკალი სისხლიანია.
ეგ გინდა მიცუს გაზრდილო,
ამ მაგხვდა სატკივარია”
(ბ. ზვიადაურისაგან ჩაწერილი).
თორღვას შესახებ გადმოცემებს ყურადღება მიაქცია ა. ქალდანმაც [17], რომელმაც
სამართლიანად დაინახა ამ პიროვნებაში სოციალური აღზევების ტენდენციები. ავტორი
გამოყოფს თორღვას სოციალური აღზევების საფეხურებს, რომელიც კარგი ყმობიდან
დაწყებულა: “როგორც ჩანს, თორღვას სასარგებლოდ გასაღები ჯერ კიდევ
დიფერენცირებულადაა წარმოდგენილი საკარყმოდ, სამეტოდ და ბეგთად, რაც ვფიქრობთ,
თორღვას აღზევების სხვადასხვა საფეხურზე მიგვანიშნებს _ ჯერ კარგი ყმაა და საკარგყმო სურს, მერე მემეტეა და სამეტოს ითხოვს, ბოლოს კი ბეგრავს მოსახლეობას, თუმცა უფრო
სწორი იქნებოდა თუ ვიტყოდით, რომ ამ ქმედების სურვილს უფრო იჩენს, რადგან საგმირო
პოეზიის რამდენიმე ნიმუშით მოსახლეობა ბეგარის მიცემაზე უარს ეუბნება” [17, გვ, 75]. ა.
ქალდანისავე სამართლიანი დასკვნით, “მოსახლეობა იბრძოდა პიროვნების განდიდების
წინააღმდეგ და თორღვა შეეწირა კიდეც მას” [17, გვ. 75]. როგორც ვხედავთ თორღვა
სოციალური აღზევების ტენდენიცებს ამჟღავნებს, მაგრამ ეს ტენდენციები ტენდენციებადვე
რჩება, რადგან თემი ასეთ ტენდენციებს ძირშივე აღკვეთდა. ზემოთ ჩვენს მიერ მოტანილი
მასალები კი სოციალური აღზევების ტენდენციების ჩარჩოებშიც ვერ თავსდება. ისინი
მხოლოდ ეკონომიკურ და ძალადობრივ გამოყოფაზე, თემისადმი დაპირისპირებაზე
მიუთითებენ, რომელთა განვითარებაც ასევე განწირული იყო.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, ერთგვარად შეუთავსებლად მიგვაჩნია ა. ქალდანის
დასკვნა, რომ “ხევსურული მასალით, მოსახლეობის სოციალური დიფერენციაცია მაინც და
მაინც ღრმად წასული არა ჩანს [17, გვ. 76]. ამ მოვლენის შესახებ მისაღებად მიგვაჩნია მ.
კანდელაკის სიტყვები: «Автор на обширном фольклорном материале наглядно
проиллюстрировал процесс приватизации отдельных личностей из горской среды. Однако
посредством тех же данных Калдани А.М. представил бесспорные доказательства обреченности
этих тенденций в горных условиях хевсурской действительности» (26, გვ. 119).
ამრიგად, თორღვას აღზევება და მეთემეებისადმი დაპირისპირებაც დროებითი აღმოჩნდა.
მას ბოლო სიკვდილმა (მკვლელობა) მოუღო. სხვათა შორის, თემისადმი დაპირისპირებულთა
აღსანიშნავად ხევსურეთში სპეციალური ტერმინიც კი შექმნილა _ დროსელი (დროსელები).
მთხრობელის საბედა შეთეკაურ-ზვიადაურის (სოფ. გამარჯვება) თქმით, “დროსელი ხალხია,
ე.ი. ისეთ დროს “მამაცობენ”, როცა გასაქანი აქვთ”. აღნიშნული ტერმინი ფშავშიც იყო
გავრცელებული. ა. შანიძის განმარტებით, “დროსეული” _ ავის საქნელად დროს მომლოდინე
კაცი” [18, გვ. 318].
ალ. ოჩიაურს ფშავში ამოწყვეტილ გვარებს შორის დასახელებული ჰყავს დადალაურები
(სოფ. ხოშარა) _ “ლაშარის ჯვრისა და თამარ მეფის თას-განძის მოპარვისათვის ისინიც
ამოწყვეტილან თავის ქალ-ქალიშვილიანად, რომ მათი აღარავინ დარჩენილა (ალ. ოჩ., V_53).
ფშავში ერთ-ერთი ასეთი გადმოცემა გოგიჭურთ თემის სულასა და კურდღელას შეეხება
(სოფ. ჩარგალი). აქ მოვიტანთ თ. ოჩიაურის მიერ ჩაწერილი გადმოცემის სინამდვილესთან
დაახლოებულ ვარიანტს: “სულასა და კურდღელას ჩარგალში უცხოვრებავ. იმათ მილები
ჰქონიათ დაწყობილი და ისე მოსდენიათ რძე. ხევსურებს შიშით ჯორებისათვის საპირულები
უკეთებავ, რო არ დაეყროყინა. ამ სულა-კურდღელათ ხალხი არ უშობავ არაგვის ჭალაზე, არც
ფშავლები, არც ხევსურები. მაშინ ხალხი მარტო აფხუშოში ყოფილა. სულასა და კურდღელას
დედა ლუხუმის და ყოფილა. ეგ ლუხუმი ყოფილა პაპაჩვენი. იმას ჰყოლია ორი ვაჟი და ერთი
ქალი. ქალი _ ანა, ვაჟები _ ივანე და ღაჭაური. იმ სულა კურდღელათ ისე შაუწუხებავ ხალხი,
სასოვეთ თავის მაღალზე საპარავის ყელისას ნაბდის ხლუჩიათ გადაულახავ ხალხი და
ღალატით დაუხოცვინებია ისეები. ხალხი ჩაუსაფრებავ, თავად მეკვლედ მოსულა. მიიღეს
როგორც დედიძმის შვილი. როცა დაითვრენა, ადგა და შაატყობინა იმ ხალხსა. დეეცა ეს ორი
სოფელი (აფხუშო და ცაბაურთა) იმ ორ კაცსა. სულაი ახუნის შასამართს მაუკლავ, კურდღელა
გამაქცევია და ჩარგლის კართ მაუკლავ” [14, გვ. 116].
ზემოთ მოტანილი გადმოცემით აშკარაა, თუ როგორ მძლავრობდა ფშავ-ხევსურეთის
მოსახლეობაზე ჩარგალში მცოხვრები ორი ძმა _ სულა და კურდღელა. მაგრამ, ისევე როგორც
მრავალ ხევსურულ გადმოცემაში, ასეთი “აღზევებული” და გაძლიერებული პიროვნებები
(დროსელები) მარცხდებიან, ისპობიან თემის ერთობლივი მოქმედებით. მათი აღზევება
მხოლოდ დროებითი მოვლენა ჩანს. ის სოციალურ კატეგორიად ვერ ყალიბდნება და
თაობიდან თაობაზე ვერ გადადის. უთანასწორობის მოვლენები, პიროვნების თემიდან
გამოყოფის და თემისადმი დაპირისპირების ჩანასახები ძირშივე აღიკვეთება ხალხის (თემის)
მიერ. გადმოცემიდან ისიც კარგად ჩანს, რომ პიროვნება, რომელმაც ამ ორი თემისადმი დაპირისპირებული ძმის (დროსელების) მოკვლა განიზრახა, სათემო სოფელ ცაბაურთაში
მიემგზავრება და იქიდან თემის წევრთა მონაწილეობით, აფხუშოელებთან ერთად (ეს
სოფელიც ცაბაურთ თემში შედიოდა), კლავს თემისადმი დაპირისპირებულ ძმებს.
ივრის ხეობის სოფ. არტანში მოსახლეობდა თაგვა თაღლაური. ეს სოფელი დაშორებული
იყო ბუდე ფშავს და დასახლებული იყო ჭიჩოელთ თემის ფშავლებით. გადმოცემის
მიხედვით, თაგვა თაღლაურს სამშობლოს მტრებთან ბრძოლაში უსახელებია თავი და კახეთის
მეფისაგან წყალობაც მიუღია. ის კი თავის უფლებების გავრცელებას ცდილობს ხალხზე: “ისე
გადიდებულა თაგვა, რომ მთების აქეთ თუ რაიმე გადმოვიდოდა _ ცხვარი, საქონელი და ა.შ. _
იმას იჭერდა თავისთვინა, თავისობდა თვითონ”. “თაგვა თაღლაური აქ არ ყოფილა, არაგვის
ფშაველები რო დასცემიან, ჩაბანოს ყოფილა წასული ძმობილთან” [14, გვ. 123]. თაღლაური
გამოჰკიდებია მათ, დასწევია და რამდენიმე დაუხოცია. “ოცამდე რო მოუკლავ, _
მოგვითხრობს დ. მინდოდაური. _ უთქომ: მოვკალ ოცი, აღარ ვხოცი, შამინდე ძალო
შაბათისაო, _ და დაბრუნებულა. ჭალაში რომ ჩამოსულა, ერთ კაც დამრჩალა ხალხის ამხანაგი
(იგულისხმება თავდამსხმელი ხალხი).
_ თავ უნდა მამეჭრა შენთვისაო, შენც იმათი ამხანაგი ხარო! _ უთქომ თაგვას.
_ მე ბეჩავი ვარო.
_ მაშ აქ რადა ხარო.
_ სოფლის პირი იყო, მაშ რას ვიქმოდიო.
დაუნებავ თაგვას თავი. იმ თაგვას ბექთარი სცმია, იმიტომ ვერავის მოუკლავ. მემრე
გაუხდავ ის ბექთარი, ხურჯინში ჩაუდავ. რო წასულა, იმ კოჭლს გამაუდებნებავ ისარი.
ბეჭებში უკრავ და მაუკლავ. მემრე გადმოსულა აქეთ ხალხი პირიქითიდანა” [14, გვ. 123].
გადმოცემიდან ჩანს, რომ სამშობლოს წინაშე მტრებთან ბრძოლაში დამსახურებისათვის მეფე
ფშაველ თაგვა თაღლაურს ივრის ხეობის ზემო წელში უბოძებს თავისუფალ, დასასახლებელ
ადგილს, რომელზედაც, როგორც ჩანს, ფშავის თემებს თავისი პრეტენზია ჰქონდათ. ამით
მეფე ხელს უწყობს ერთ დროს კარგ ყმას თაგვა თაღლაურს, რომ სოციალურად აღზევდეს.
თაგვა, მართლაც, მძლავრობს ირგვლივ მყოფ მოსახლეობაზე და მისი მძლავრობა ბუდე-
ფშავსაც კი სწვდება. საიდანაც იყო გადმოსახლებული. მაგრამ ფშაური თემი, რომელსაც
მჭიდრო კავშირი ჰქონდა გადმოსახლებულ მეთემეებთან, ასეთ მძლავრობა-აღზევების
განვითარების საშუალებას არ აძლევს და თაგვა თაღლაურის სოციალური აღზევების
ტენდენციას ძირშივე სპობს. აშკარაა, რომ თაგვა თაღლაურის მოსპობა თემმა გადაწყვიტა,
მკვლელი ხომ ეუბნება, რომ “სოფლის პირი იყო”-ო.
მსგავსი გადმოცემები დადასტურებულია მთიულეთსა და გუდამაყარშიც. მთიულეთში
ასეთ ამოწყვეტილთ შორის არის ცხრა წიფორელი ძმა, გუდამაყარში _ მირიანული [14, გვ. 127-
128, 195-196]. ხევში იგივე ბედი ეწია შიოლა ღუდუშაურს [17, გვ. 39].
ამრიგად, ზემოთ მოტანილი ეთნოგრაფიული მასალები იძლევიან იმ დასკვნის გამოტანის
საშუალებას, რომ აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის თავისუფალ თემებში თავს იჩენდა
პიროვნებისა და სოციალური ჯგუფების თემიდან გამოყოფის ტენდენციები. შეიმჩნეოდა
პიროვნების სოციალური აღზევებაც (თორღვა, თაგვა თაღლაური). მაგრამ ყოველივე ამისთანა
გამოვლინებას დროებითი ხასიათი ჰქონდა. თემი ერთობლივი მოქმედებით ყოველთვის
სჯაბნიდა დროისელებს, ამარცხებდა და ფიზიკურად ანადგურებდა. საბოლოო ჯამში კი,
შეიძლება დავასკვნათ, რომ აღმოსავლეთ საქართველოს მთაში (ჩვენს შემთხვევაში
ხევსურეთში) მხოლოდ პიროვნებისა და სოციალური ჯგუფის (ოჯახი, მამიშვილობა, გვარი)
თემისადმი დაპირისპირებისა და გამოყოფის ტენდენციებს ჰქონდა ადგილი (იგივე შეიძლება
ითქვას სოციალურ აღზევებაზე), რომელსაც ტერიტორიული თემის სიძლიერისა და
ბუნებრივ-გეოგრაფიული პირობების გამო შემდგომი დიალექტიკური განვითარება არ ეწერა.
ზემოთ მოტანილი და მიმოხილული მასალა, ვფიქრობთ, რამდენიმე მოსაზრების
გამოთქმის საშუალებას გვაძლევს:
თემიდან გამოყოფის ტენდენციის მატარებელ სოციალურ ჯგუფებს (ოჯახი, მამიშვილობა,
გვარი) ყოველთვის ჰყავდათ ლიდერები, ვისი მოთავეობითაც ეს ჯგუფები მოქმედებდნენ.
ამავე დროს, ერთი პიროვნების დანაშაულზე ხშირად პასუხისმგებლობა ეკისრებოდა ამ
პიროვნების დიდ თუ მცირე ნათესაურ ჯგუფებს. ასეთი საკანონმდებლო ქმედება კი, როგორც
ცნობილია, კლასობრიობამდელი საზოგადოების დამახასიათებელი მოვლენაა. ზემოთ
მოტანილი ეთნოგრაფიული მასალები ამ კატეგორიის საკანონმდებლო ნორმების (ხალხური
სამართლის) ჩარჩოებში თავსდება.
ხევსურული მასალებით ჩანს, რომ თემისადმი დაპირისპირებული პირები, სოციალური
ჯგუფები (ოჯახი, მამიშვილობა, გვარი) გარკვეულ ხანს ახერხებდნენ შეენარჩუნებინათ
“პრიორიტეტი”, რაც, ალბათ, უნდა აიხსნას ტერიტორიული თემის ხასიათით, რომ მას არ
დაეკარგა და არ გაეწირა თემის წევრები.
რატომ ამოწყვეტდნენ ერთი პიროვნებისა და ოჯახის თემიდან გამოყოფის ტენდენიციების
გამო მთელ მამიშვილობას ან გვარს? ვფიქრობთ, რომ თემის ასეთი მოქმედება
განპირობებული იყო მთიელთა საზოგადოების ხალხური ნორმატიული ქცევით. როგორი
დამნაშავეც არ გინდა ყოფილიყო პიროვნება, მისი მოკვლისათვის ნათესაური წრე
(მამიშვილობა, გვარი) ვალდებული იყო შური ეძია, ამ შემთხვევაში არა რომელიმე
ინდივიდზე, არამედ მთლიანად თემზე, რომელიც მას მოკლავდა. ამით უნდა აიხსნას ის
გარემოება, რომ თემიდან გამოყოფილთა და თემისადმი დაპირისპირებულთა მკვლელებად
გვევლინებიან არა პიროვნებები, არამედ ერთობლივი თემი.
ეთნოგრაფიული მასალებით აშკარად ჩანს, რომ თემისადმი დაპირისპირებული
ამოწყვეტილი გვარების გადარჩენილთა ნაწილი და მათი შთამომავალნი ფაქტიურად
კარგავენ გვარის სოციალურ სტატუსს და ისინი იქცევიან სხვა დიდი გვარების შემადგენელ
ნაწილებად, მამიშვილობებად (პატრონიმიულ ერთეულებად). მაგალითად, ველგუჯაურები _
არაბულთა გვარში, ჯალაბაურები _ ჭინჭარაულთ გვარში და სხვ. აღნიშნულმა კი
ტერიტორიული თემობრივი კავშირების გაზრდა, გაძლიერება გამოიწვია, თუმცა
გარეგნულად აქ თითქოს ერთი გვარის გაძლიერება ხდებოდა მეორის ხარჯზე. ერთი გვარის
მეორე გვარში შესვლა ტერიტორიული თემის განმტკიცებას იწვევდა, რომელიც გარეგნული
ფორმით გვაროვნულ თემს წააგავდა. ასეთი ძალის იყო მთის (ხევსურეთის) საზოგადოებრივი
ურთიერთობები, თუმცა ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობა მთის რეგიონის ბუნებრივ-
გეოგრაფიულ გარემოსაც ჰქონდა.


Тенденции выделения из общины личности и социальных групп в Хевсурети
В работе изучены тенденции выделения из общины личности и социальных групп в
Хевсурети. Установлено, что социальные группы (семья, фамилия) при выделении из общины
всегда имели лидеров, которые возглавляли эти группы, выражали и действовали за выделение
из общины и похожие тенденции. В общественном быту Хевсурети выделение личности и
социальных групп из общины носило лишь временный характер. Мощь территориальной
хевсурской общины не поддавалась влиянию таких тенденций. Уравнительные тенденции
оставались непреодолимыми.
დამოწმებული ლიტერატურა:
1. ზ. ანჩაბაძე., ალ. რობაქიძე. კავკასიური მთური ფეოდალიზმის ბუნების
საკითხისათვის. _ იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება. XVIII. თბ., 1975.
2. ვ. ბარდაველიძე. ხევსურული თემი (სტრუქტურა და ჯვარისყმობის ინსტიტუტი). _
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. ტ. XIII, ¹3, 1952.
3. ჟ. ერიაშვილი, უძველესი სოციალურ-რელიგიური ინსტიტუტები საქართველოს
მთიანეთში. თბ., 1982.
4. რ. თოფჩიშვილი, აღმოსავლეთ საქართველოს მთიელთა მიგრაცია XVII-XX სს. თბ.,
1984.
5. რ. თოფჩიშვილი. მთიულეთისა და გუდამაყრის მოსახლეობის ზოგიერთი ისტორიულ-
ეთნოგრაფიული საკითხი. _ მაცნე, ისტორიის… სერია, 1985, №2.
6. რ. თოფჩიშვილი, ხევსურული გვარები (ზოგიერთი ეთნოსისტორიული და
სოციალური საკითხი). _ ქართულ-კავკასიური ეთნოგრაფიული შტუდიები. თბ., 1989.
7. ვ. ითონიშვილი. ქართველ მთიელთა საოჯახო ურთიერთობის ისტორიიდან. თბ., 1960.
8. მ. კანდელაკი, ლაშარის ჯვარი ფშაველთა ყოფაში. _ მასალები საქართველოს
ეთნოგრაფიისათვის. თბ., 1987.
9. ს. მაკალათია. ფშავი, თბ., 1934.
10. ს. მაკალათია. მთიულეთი. თბ., 1930.
11. მაკალათია. ხევსურეთი. თბ., 1935.
12. გ. მელიქიშვილი. ქართველ მთიელთა სოციალურ-ეკონომიკური წყობილების
დახასიათებისათვის. _ მაცნე, ისტორიის… სერია, 1979, №1.
13. ალ. ოჩიაური. მოწყვეტილი გვარები ხევსურეთში. _ ივ. ჯავახისვილის სახ. ისტორიის,
არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ეთნოგრაფიის განყოფილების არქივი.
14. თ. ოჩიაური. მითოლოგიური გადმოცემები აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში.
თბ., 1967.
15. ალ. რობაქიძე. მთიულური კომობის ზოგიერთი მხარე. _ კავკასიის ეთნოგრაფიული
კრებული. ტ. III, თბ., 1975.
16. საქართველოს მთიანეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების თავისებურებანი
ფეოდალიზმის ხანაში. თბ., 1983.
17. ა. ქალდანი. პიროვნების სოციალურ აღზევებასთან დაკავშირებული ზოგიერთი
საკითხისათვის. _ მაცნე, ისტორიის… სერია №3, 1984.
18. ა. შანიძე, თხზულებანი. ტ. I, თბ., 1984.
19. გ. ჩიტაია. ეთნონიმიკური ხალხური გადმოცემები. _ ისტორიის ინსტიტუტის შრომები.
ტ. I. 1957.
20. რ. ხარაძე. ხევსურული ანდრეზი, როგორც ხალხური სამართლის წყარო _ ანალები _
ისტორიის ინსტიტუტის შრომები. თბ., 1947.
21. რ. ხარაძე. ხევსურული “ძირი” და “გვარი”. _ მიმომხილველი. I. თბ., 1948.
22. რ. ხარაძე, ალ. რობაქიძე. მთიულეთის სოფელი ძველად, თბ., 1965.
23. В.В. Бардавелидзе. Древнейшее религиозное верование и обрядовое графическое
искусство грузинских племен. Тбилиси., 1957.
24. Н.Г. Волкова. Этнические процессы на Кавказе. М., 1978.
25. А.Я. Гуревич. Индивид и общество в варварских государствах. – Проблемы истории
докапиталистических обществ, кн. 1. М., 1968.
26. М.Б. Канделаки. Из общественного быта горцев Грузии – институт аманатства. Тбилиси.,
1987.
27. М.Б. Канделаки. Индивид и община в языческо-христианской традиции горцев Грузии
(по этнографическим данным) (рукопись). 1988.
28. М. Ковалевский. Закон и обычай на Кавказе. I и II 1980.
29. История крестянства в Европе, т. I., 1985.
30. Г.А. Меликишвили. К характеристике социально-экономического строя раннеклассового
общества грузинских горцев, – ВДИ. 1984. №1.
31. Народы Кавказа, т. II. М., 1962.
32. А.П. Пронштеин, И.Н. Данилевский, Вопросы теории и методика исторического
исследования. М., 1986.
33. А.И. Робакидзе. Некоторые черты горского феодализма на Кавказе. – Советская
Этнография, 1979, №2.

52 thoughts on “პიროვნებისა და სოციალური ჯგუფების თემიდან გამოყოფის ტენდენციები ხევსურეთში

  • 14/02/2011 at 23:25
    Permalink

    ,,გიგაურ,სამხარაულნი და ორნი ძმანი ბურდულნი
    მუხრან ჩაუხტეს ბატონსა, დააწყებიეს ძუნძული”..

    ეს ხევსურული ხალხური ლექსი ასახავს აშოტან მუხრანბატონის დასჯის ამბავს, რომელიც გენიალური ქართული ხალხური ლექსის შინაარსშიც სჩანს(,,ჩაუხტეთ მუხრან ბატონსა”..).გველეთელი გიგაურების სამტრო ურთიერთობა ზურაბის ერისთავის მზაკვრულ პოლიტიკაში ჩაიკარგა.გველეთელი გიგაურები გვიანობამდე ამოდიოდნენ გველეთის მთავარანგელოზის სალოცავში და ადგილობრივებიც საკლავით ხვდებოდნენ. მათი ღალატის ამბავი გვიანდელი მონაგონია რადგან ვიღაცას არ აწყობდა ძლიერი გვარის (ფუძის) არსებობა. გიგა გიგაურის ჩაყრილი 6 სამნის ქვა დღესაც დგას სოფ:გველეთის მთავარანგელოზის სალოცავში და ეს ქვები ფხოვის უძველესი გვარების საძმოს აღსანიშნავადაა. სამწუხაროდ სოფლის მოსახლეობამ თავისი სოფლის ღირშესანიშნაობის ისტორიაც არ იცის. გ.გ.ბორჯღალიონი

    • 12/09/2011 at 22:27
      Permalink

      ადგილობრივების მიერ მთავარანგელოზის სალოცავში ამოსული გიგაურებისთვის ადგილის ბეგარის გადახდა იმას მოწმობს, რომ თემი ხევსურეთის ღალატისთვის არ აყრილა, ეს იყო ზურაბ არაგვისერისთავის მიერ განხორციელებული ძალადობრივი გაასახლება, მე ვეთანხმები ბორჯღალიონს, ღალატის ამბავი გვიანდელი მონაროშია, ადმინისტარტორმა კიდე დაუფიქრებლად და ფაქტების გადაუმოწმებლად ყველაფერი ამ საიტზე გადმოაკატავა

  • 17/02/2011 at 17:10
    Permalink

    საინტერესოა…
    მადლობა ბორჯღალიონს

  • 30/04/2011 at 16:38
    Permalink

    რამდენიმე ზარიძესგან გამიგონია რომ სოფელ ბლოდან იყვნენ …

  • 30/04/2011 at 22:23
    Permalink

    ვინმე რომ მეკითხები სადაური ხარ ვეუბნები ხევსური მარააა სოფელი არ ვიცი 🙂 მეც მაინტერესებს რომელი სოფლიდან მოდის კონკრეტულად ჩემი გვარი:)) თეოო დიდი მადლობააა პასუხისთვის:)

    • 03/05/2011 at 12:15
      Permalink

      რამოდენიმე ფაქტებს მოგიყვან და დასკივნა შენ გამოიტანე 🙂

      “XIX ს. ეთნოგრაფიული მონაცემებით ხევსურეთში სულ 28 გვარი მოსახლეობდა. ესენია:
      არაბული, ჭინჭარაული, გოგოჭური, წიკლაური, ბურდული, ზარიძე (იგივე ხორნაული)…”

      “ჯოყოლანი ზარიძეების გვარში ერთ-ერთი მამა იყო. ესენი ცხოვრობდნენ 131
      სხვა ხორნაულებთან შედარებით უფრო კარგად. გადადიოდნენ მიწათ ღმერთს.ხორნაულთაში მიწის ნაკლებობა იყო და ხალხი ძალიან ღარიბად ცხოვრობდა. როცა ვინმე
      მოკვდებოდა და ოჯახს ხარჯი დასჭირდებოდა გასაღებად და სახლში არაფერი ჰქონდა, მიმართავდნენ ჯოყოლათ, რადგან “მათ ყველაფერი ეშოვებოდა _ მკვდრის ხარჯისათვის
      საჭირო სატან-ერბო, საკლავი და დრამაში გასაღები უნჯი და ვერცხლი. ჯოყოლანი
      ასეთებისაგან მამულებს ყიდულობდნენ სულ იაფ ფასებში, რადგან ღარიბ კაცს მეტი გზა არ
      ჰქონდა, მიწა უნდა გაეყო და ისიც იაფ ფასად, თუკი ამ გაჭირვებულ მდგომარეობაში ვინმე
      დაეხმარებოდა. ამათ აგრეთვე ახასიათებდათ ჯვარ-ჯვარისკარის არაფრად ჩაგდება. თუ
      ეწადათ, გავიდოდნენ ჯვარის სახნავ-სამკალში, თუ არ ეწადათ, არც იმუშავებდნენ და არც
      დასტურად დადგებოდნენ… ყველა ამ შანაცოდვარზე ამოწყდნენ ქალქალი-შვილიანად. მათი
      ქონება ცამეტმა კომლმა გაიყო, რადგან მათი ახლობელი აღარავინ იყო” (ალ. ოჩ., VIII_89);”

      “1842 წლის აღწერით,
      ერთ-ერთ მოსახლიშვილს სახელად ერქვა “ხამხაძე”. ჯამაგიძეების ადრინდელი გვარი იყო
      ზარიძე (ერწოს სოფელ ხევსურთსოფელში). 1842 წელს ერთ-ერთ ჯამაგიძეს სახელად ერქვა
      “ზარიძე”. სხვათა შორის, მთიულ ზაქაიძეებს შორის გავრცელებული სახელი იყო “ზარიძე””

      “გავრცელებული სახელი იყო “ზარიძეც”. ასეთი სახელი დადასტურებული გვაქვს
      ბადაგაძეების, ზაქაიძეების, ასტამაძეების, კარელიძეების გვარებში. ვინმე ზარიძე კარელიძე
      ნახსენებია XVIII ს-ის მეორე ნახევრის ერთ-ერთ საბუთში (ქართული სამართლის ძეგლები, ტ.
      III, გვ. 1047).”

      “ზარიძე-ჯამაგიძე-კარელიძე-ჩაჩუნაშვილი-სისველაური-სისველაშვილი

      გვარიდან ზარიძე მომდინარეობს გვარი ჯამაგიძე. 1842 წელს, ერთ-ერთ ჯამაგიძეს სახელად ერქვა „ზარიძე”. სახელი „ზარიძე” დადასტურებულია ბადაგიძეების, ზაქაიძეების, ასტამაძეების, კარელიძეების გვარებში.

      მეთვრამეტე საუკუნის მეორე ნახევრის დავთრების მიხედვით, ერთ-ერთ კარელიძეს ზარიძე ერქვა. ეთნოგრაფიული მონაცემებით, ქსნის ხეობაში მოსახლე კარელიძეები ზარიძეებიდან წარმომავლობენ.

      სისველაური-სისველაშვილების გვარის ძირიც გვარი ზარიძეა. გადმოსახლებულები არიან ღუდიდან. გიორგი ზარიძე გვარით ჩაჩუნაშვილი იყო მემკვიდრედ თელათაგორს ნასახლები.

      „წირდალს მცხოვრებ ზარიძე გულბაათს ჰყავს განაყოფი შიორშა, რომელთან ერთადაც ალექსანდრე მეფემ ის შესწირა სვეტიცხოველს”(1570 წელი).

      საქართველოში 1 103 ზარიძე ცხოვრობს: თბილისში – 800, თიანეთში – 167, რუსთავში – 136. “

      • 03/05/2011 at 23:56
        Permalink

        დიიიდიი მადლობააა გაიხარეეე…. ჯანიაშვილები საიდან არიან ხომარ იცი?????

        • 05/05/2011 at 11:05
          Permalink

          ჯანიაშვილი არაა ხევსურული გვარი. როგორც მსმენია ებრაული გვარია 🙂
          კახეთშია გავრცელებული ძირითადად.

          “ჯანიაშვილი (საყაფლანიშვილო აზნაურნი, ანუ რომელსაცა ჰფლობენ ორბელიანნი)
          ჯანიაშვილი – [გვარი საზიაროა; იხ. ილია გაგულაშვილი, ებრაულ საკუთარ სახელთა მცირე ლექსიკონი, ქუთაისი 1998; ზურაბ ჭუმბურიძე, რა გქვია შენ? თბილისი 2003, გვ. 111-114]”

        • 13/05/2011 at 18:36
          Permalink

          ნათია მქვია მე ზარიძე ვარ მარა ადრე კანიაშვილები ვიყავით მგონი ისიც მგონი :)))) და ვეგარ გავიგე ვინ ვარ:(

  • 16/05/2011 at 13:32
    Permalink

    მაშინ წინაპრებს უნდა კითხო 🙂 რა გითხრა 🙂

  • 01/09/2011 at 21:45
    Permalink

    ქერაულები, ხადოდან არიან, რუკაზე არ არის ეს სოფელი. საიდან მოდის ეს გვარი? მითხარით რაც იცით ამ გვარზე და სოფელზე?

    • 03/09/2011 at 00:33
      Permalink

      ქერაული საქმიანობის მიხედვით ნაწარმოები გვარია.

      1873 წლის აღწერით, უკანხადუში ქერაულების 18 ოჯახი ცხოვრობდა. მათი წინაპრები ხევსურეთში ჩარგლიდან გადმოსახლებულან. მარტოხელა კაცი ასულა ხადუში, ქერი დაუთესია და დამხვდურებს ქერაული დაურქმევიათ. ეს მარცვლეული იქ იშვიათობა ყოფილა მაშინ. ჩარგლიდანვე გადმოტანილად ითვლება ქერაულთა სალოცავი „სანების ჯვარი“.

      საქართველოში 179 ქერაული ცხოვრობს: თბილისში – 52, თონეთში – 49, დუშეთში – 21. არიან სხვაგანაც.

      ქერაული – არხილოსკალო, ახმეტა, ბალებისხევი, გამარჯვება, გუდანელები, დედისფერული, თიანეთი, კვერნაულები, ნუკრიანი, უდაბნო, ქედი, ღულელები, წყაროთუბანი, ხადოელები

  • 06/11/2011 at 19:47
    Permalink

    გიგა გიგაურის და გიგაურების მიერ ზურაბ ერისთავის მხარდამხარ ბრძოლა ხევსურეთის დამორჩილებისთვის არის მსუბუქად რომ ვთქვათ არის ტყუილი.
    ძალიან საწყენია, რომ ისეთი საიტი, როგორიც ეს საიტია, ასეთ მასალას დებს.
    დადოს ამ სტატიის დამწერმა კონკრეტული, ოღონდ ავტორიტეტული მკვლევარის ცნობა ან ხალხური ლექსი, რომელიც მიანიშნებს, რომ გიგაურები შველოდნენ ზურაბის ლაშქარს ხევსურეთის დალაშქვრაში. თუ გიგაურების მიერ მუხრანის დალაშქვრის ამბავი დარჩა ლექსად, მათი ღალატის ამბავი რატომ არ დარჩა?!
    დათვის–გველეთში დასახლებული არაბულები დღესასწაულზე ასულ “მოღალატე” გიგაურებს “ხარკს” უხდინენ წელიწადში ერთხელ. საერთოდ ვინ აუშვებდათ გიგაურებს ხევსურეთში?! ამ “ხარკს” კი (“მიწის ბეგარას”) საკმაოდ დიდხანს იხდიდნენ არაბულები. ეს სიმბოლური “ხარკი” იყო, მაგრამ მაინც იხდიდნენ. თუ ჰყავს ამ საიტს ადმინისტრატორი ან ჩაასწორეთ ეს ცნობა ან საერთოდ მოხსენით ეს სტატია.

  • 09/11/2011 at 15:13
    Permalink

    მაინტერესებს კონკრეტულად სად ცხოვრობდნენ ხარხელაურები (ხელხელაური)?

    • 27/04/2012 at 17:30
      Permalink

      ნაზღაიძეს ისიც უწერია არაბულ გოგოჭურ ჭინჭარაულის წინაპარი კახეთის სოფელ მაღრანიდამ მოვიდაო, ნეტა საიდან გაიგო, სიამოვნებით დავახევდი იმ ფურცლებს თავზე სადაც ეგენი დაბეჭდა

  • 09/11/2011 at 23:15
    Permalink

    მე როგორც ვიცი,გიგაურები იმდენად დიდი თემი იყო, რომ საკუთარი ჯარის გამოყვანა შეეძლოთ, და პირიქით არაგვის ერისთავის წინააღმდეგ იბრძოდნენ. ეს ყველაფერი წაკითხული მაქვს ალექსანდრე ნაზღაიძის სტატიაში, რომელიც ეძღვნებოდა გიგაურების გვარის ისტორიას

  • 06/12/2011 at 18:09
    Permalink

    ზარიძეები ძირად ხორნაულები არიან.. სოფელ ხორნაულთიდათ.. სოფელი მდებარეობს ბლოს წყლის პირას.. სოფელ ბლომდე 4-5 კილომეტრში.. საიდანაც ჩქმოსახლებულან :კაწალხევში, ბოდავში და ერწო- თიანეთში.. მათი სალოცავია ჭიშეხი(ხორნაულთაში ბლოს წყლის გაღმა მდებარეობს) ჭიშეხის ნიში ჩამოუბრძანებიათ, კაწალხევში, ბოდავში და თიანეთის რ-ნის სოფ მაგრანეთში. როგორც გადმოცემიდან ჩანს ხორნაულებისა და ზარიძეების განაყრები არიან, ჯამაგიზეები, ცალიღელაშვილები..

  • 06/12/2011 at 18:13
    Permalink

    წიკლაურების გვარის კურთხევა შედგა წელს სამების ეკლესიაში. სადაც საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში მცხოვრები წიკლაური მონაწილეობდა ამ რიტუალში. როგორც მათი უხუცესები ამბობდნენ: გადმოცემის თანახმად მათი გვარი როშკიდან მოდის თურმე (როშკის გვერდზეა მათი ფუძე და ფაფარენა ქვია იმ ადგილს) შემდეგ წიკლაურთა წინაპრების შთამომავლები, ნაწილი პირიქითა ხევსურეთში არხოტში დასახლებულა,ნაწილი ხევში, ნაწილი როშკაში დარჩენილან ხოლო ნაწილი, ჯერ უკანა ახოში შემდეგ კი იქედან გუდამაყარში დასახლებულა. ასევე რადგანაც წიკლაურთა გვარი მრავალრიცხოვანი და მტერმოურეველი გვარი იყო, წიკლაურთა გვარს შეერთებიან, ანუ როგორც მთაში ამბობენ შეჰყრიან: თამნიაურები, ბუბუნაურები, ხარხელაურები,ჩობალაურები. მიგრაციის შედეგად ბარში ადრე ჩამოსახლებული ხარხელაურთა, ბუბუნეურთა, ჩობალაურთა და თამნიაურთაგან ზოგი ამავე გვარებზევე დაწერილან, ხოლო ვინც მთაში დარჩენილა ან გვიან ჩამოსახლებულა ისინი დაწერილან წიკლაურობაზე.. ახლაც ასე მოიხსენიებენ ერთმანეთს მაგ (თამნიაურთ წიკლაური, ჩობალაურთ წიკლაური, ბუბუნაურთ წიკლაური, ხარხელაურთ წიკლაური და სხვა) …ასევე ხარხელაურების განაყრები არიან ქსნის ხეობაში გადასახლებული და ამჟამად გორის რაიონში მცხოვრები ხარხელები. ბუბუნაურები ცხოვრობდნენ- სოფელ ბოსლევს, ჩობალაურები სოფ. ჩობალაურთას, თამნიაურები სოფ. ათნოხს (ასევე ათნოხში ცხოვრობდნენ აფციაურები) , ხოლო ხარხელაურები ცხოვრობდნენ სოფელ დუმაცხოს (ასევე სოფ. დუმაცხოში ცხოვრობდნენ აფციაურები)

  • 06/12/2011 at 18:32
    Permalink

    შატილიონელი ჯალაბაურების განაყრები არიან გუდამაყრელი აფციაურების განშტოვება, რომლებიც აფციაურების გვარზე იწერებიან მაგრამ დღესაც ასე მოიხსენიებენ (ჯალაბაურთ აფციაურები) ასევე ჯალაბაურთა შტო ნაყარი გვარია ფშავში- მისრიაშვილები და თიანეთში დავითაშვილები.

    • 26/12/2012 at 14:31
      Permalink

      როგორც ვიცი, ჯალაბაურისაგან ერთერთი წარმოშობილი გვარი, ჯალაბაძეა.

  • 06/12/2011 at 18:43
    Permalink

    გადმოცემის თანახმად ლიქოკელები, ძირად სისაურები არიან (ანატორში, არდოტისა და არღუნის შეერთების ადგილას მცხოვრები და შავ ჭირს გამორიდებული) ასევე ძირად სისაურები არიან ქართლში მცხოვრები ჭალისურები..

  • 07/12/2011 at 15:00
    Permalink

    უღრმესი მადლობა ა.ბექაურს პასუხისათვის

  • 22/12/2011 at 22:15
    Permalink

    ეთნოგრაფიულ აღწერებში (თოფჩიშვილი მიხ.) სამწუხაროდ არასწორი მსჯელობებია ზოგჯერ, მაგ: ურ-ზე დაბოლოებული გვარები ჩრდილოეთ ჩაჩნეთსიც არის და იგი ,,ქართულის გავლენით შექმნილნიაო”. ურ-ზე და ია-ზე დაბოლოებული გვარები შორეულ ბასკეთშიც შემორჩენილა და იქაც ქართულის გავლენით შექმნილი გვარებია?. ესენი იბერიული გვარებია და უძველეს ტრადიციით მოდიოდა მათი ძირები. ისეთი ეთნოგრაფიული დასკვნა არ უნდა გააკეთოს მკვლევარმა , რომელიც ცუდად და არასწორ წარმოდგენას შეუქმნის მეზობელ ხალხებს. ისტორია არ უნდა დავამახინჯოთ!. გ.გ.borjgalioni.com

    • 03/12/2012 at 12:03
      Permalink

      გიორგის – შენ გონებრივად დამბლადაცემული თუ ხარ ჯობია წადი იმკურნალე,რა გინდა თოფჩიშვილისგან ? მაგის ნათქვამი უფრო რეალურია რომ ქართულის გავლენით იყოს შექმნილი ჩეჩნეთში ,ვიდრე შენი ნათქვამი როდესაც იძახი რომ შორეულ ბასკეთშიც არისო ურ-ზე და ია-ზე დაბოლოვებული გვარებიო,ავად ხარ იმის დედა ვატირე გონებრივად,ისტორიული ფაქტები და გადმოცემები არის რომ ხევსურები ებრაული წარმოშობის ხალხია,რა ბასკები უბრალოდ მეცინება შენნაირ ჩლუნგებთან საუბარზე,გამინაწილე ერთი როგორ მოხდა “საერთო იბერიული” მოდგმის ხალხთა ასე განაწილება რომ ერთი ნაწილი პირენეიზე მოხვდა,მეორე კი ხევსურეთში,ცოტა იფიქრე და ისეთი რამ დაწერე რომ ხალხმა მასხარად და სასაცილოდ არ აგიგდოს,რას ბოდავ აზრზე თუ ხარ,ურიზე დაბოლოვებული გვარები შეიძლება ინდოეთშიც ,ჩინეთშიც და აფრიკაშიც კი იყოს ,მაგრამ როცა ხევსურეთშია ეს შემთხვევა გვარებში, თავად ხევსურეთის სახელწოდებასთან და რჯულსა და კანონების არსებობსათან ერთად,ეს უკვე ებრაელობას უკავშირდება ,ხევსურები ებრაული “J”გენეტიკის მატარებელები არიან და მთიულთა დიდ ნაწილშიც ასეა,გენეტიკურ დადასტურებებს უგულებელყოფთ და რაღაცა შენი აზრებით რაღაცას იგონებ,ამ შემთხვევაში ჩანს რა პასუხის ღირსიც ხარ,ხევსურთა რელიგიაზე შეგიძლია სასულიერო აკადემიას მიაკითხო,სადაც დაწვრილებით გეტყვიან ხევსურული და ძველ ებრაული რელიგიის კავშირს და გაგრძელებას,და იმას რომ იუდეაში რა მდგომარეობა იყო 2600 წლის წინ და იქიდან ხევსურთა გამოყოლილ რწმენაზე დაგაკვალიანებენ,ხევსურეთი იმიტომ ჰქვია რომ ხევებში ურიები ცხოვრობდნენ,და მემგონი იცი პირაქეთა ხევსურები ვინც არიან და რჯულიც და კანონიც ვისგან მომდინარეობს,შვიდ მილიარდიან მსოფლიოში ბასკეთში ყოფილა თურმე ურიზე დაბოლოვებული რაღაცა ორი,სამი გვარი და მორჩა უკვე ხევსურები მათი ნათესავები ყოფილან,ერთი ისიც გამიგე რჯული და კანონები მაგათთან როგორაა 🙂

      • 06/01/2016 at 14:58
        Permalink

        გრიგოლ, იქნებ გასაგებად ახსნა რითი ამტკიცებ ხევსურების ებრაელობას,რომელი კანონების და რჯულის მსგავსებაზეა საუბარი,რას ნიშნავს ხევსურთა რელიგია?ხევებში ურიები ცხოვრობდნენო ამბობ,სადმე წერია ეს თუ საიდან გაქვს ეს ინფორმაცია?რომელ გენეტიკურ დადასტურებებს გულისხმობ?..და ბოლოს,იქნებ დამისახელო რომელიმე ხევსური,ვისთანაც ამ თემაზე გისაუბრია

  • 26/03/2012 at 01:40
    Permalink

    უკაცრავად ძალიან მაინტერესებს ერთი რამ და თუ შეიძლება დამეხმარეთ როგორც ვიცი ჩემი წინაპრები წიკლაურები ყოფილან და გვარის გადაკეთება მოუწიათ ეხლა ვართ ოშაყმაშვილები და მართალია ეს თუ არა? ვინმემ თუ იცის ამის შესახებ

  • 17/06/2012 at 08:20
    Permalink

    გამარჯობა,გილაურის გვარზე სად შემიძლია ინფორმაცია მოვიძიო,იქნებ დამეხმაროთ?

  • 24/09/2012 at 11:00
    Permalink

    გამარკობათ წელაურთა გვარზე მეტი ინფოემაცია როგორ მოვაძიო,იქნებ დამეხმაროთ წინასწარ დიდი მადლობა

  • 29/11/2012 at 20:46
    Permalink

    მე ეგ მწყინს რომ აქ წერია,მარტო კივკოზაური და ბადრიაული არაქართულ ეთნიკურ წარმომავლობას უკავშირდებაო ანდერძით და ებრაულ წარმოშობას უკავშირდება თურმე ,და თუ ხევსურეთს ხევსურეთი ებრაელობით დასახლებული ადგილის გამო ეწოდა ეს ამ 2 გვარის იქ ცხოვრებამ განაპირობა მარტო?თუ მთელმა რიგმა გვარებმა,ჭინჭარაულებმა,არაბულებმა ,გიგაურებმა,გოგოჭურებმა,წიკლაურებმა ,ბურდულებმა ,ფიცხელაურებმა და სხვა ბევრმა ამოწყვეტილმა თუ ასიმილირებულმა გვარებმა და მათმა ერთობლიობამ?რა არის ეს?რატომ წერთ აბსურდს?ავტორო,საიტის კი არა ვინც ეგ ანდეძი მოისმინა ანუ,ეგ მაინტერესებს ანდერძი უფრო სანდოა თუ ახლახან ჩატარებული გენეტიკური კვლევები რომლებმა თითქმის 90%-ით დაადასტურა ხევსურთა და მთიულთა ებრაული გენეტიკა?”J”ჰაპლოჯგუფი აქვთ ხესვურებს ,ნუ ეხლა იმაზე საუბარი რომ რჯული და კანონები საიდანაა და გვარების დაბოლოვება ,ხევსურეთი რატომ ჰქვია თავად განსაზღვრეთ

  • 29/11/2012 at 21:01
    Permalink

    ხევსურებზე როცა ვლაპარაკობთ აქ უნდა ვიგულისხმოთ პირაქეთა ხევსურები,და არა პირიქითა ხევსურეთში მცხოვრები ჩაჩნები და ინგუშები,ზოგიერთი ამბობს როგრო შეძლეს ხევსურებმა ძმობა მუსლიმ ქისტებთანო,მერე რომელ შეძლებაზეა ლაპარაკი ერთმანეთს ადრე ვერასდროს ვერ იტანდნენ,და სულ ხოცვა ჟლეტა მიდიოა,ეხლა არ თქვათ არაო,ზოგმა თქვა რა ებრაული დაბოლოვებაო,ასეთი დაბოლოვებები ჩეჩნეთშიც არისო,მერე რომ არის ათიოდე გვარია ასე ისინიც მცირერიცხოვანი და ახალი გვარები რომელთა დაბოლოვებაც შესაძლოა ხევსურეთთან არსებულმა კავშირებმა განაპირობა,ან სულაც არ უკავშირდება ამას ,არცაა გამორიცხული,ხოლო ყველა ხევსურულ გვარებში ამის დაბოლოვება ებრაული წარმომავლობის ნიშანია რადგან ური ებრაელს ნიშნავს,რჯული და კანონებიც გვაქვს,გენეტიკაც ჩატარდა ხალხნოოოოოოოოოოო,გაიღვიძეთ ნუღა ჭამთ ერთმანეთს,პირაქეთა ხევსურები ებრაული წარმოშობისანი არიან,ვაჟას მამა კი რომელიც 2 საუკუნის წინ ცხოვრობდა კარგი იქნება იმას თუ დავუჯერებთ,მაგის ანდერძი უფრო სანდოა,ვაჟას მამა იყო ბოლოსდაბოლოს

  • 29/11/2012 at 21:04
    Permalink

    “J”ჰაპლოჯგუფი _ ებრაული გენეტიკა,ხევსურული რჯული და კანონები – ებრაული რჯული და კანონები,ხევს ური – ხევის ებრაელი!!!!

  • 29/11/2012 at 21:14
    Permalink

    ხევსურული გვარები და ამათი განაყრები(პირაქთა,ნამდვილი ხევსურები ვინც არიან არმოშობით) – ჭინჭარაული,არაბული,გიგაური,გოგოჭური,წიკლაური,ბურდული,ფიცხელაური,დაიაური,ზვიადაური,გილაური,წოწკოლაური,თეთრაული,ვეშაგური,ბიჩნიგაური,კარიაული,იარაჯული,ჭიჭიაშვილი,ოტიაშვილი,ბერიკაშვილი,ბერიკიშვილი,ხიბლაშვილი,ჩიტაშვილი,გამხიტაშვილი,ბალხამიშვილი,სუხიაშვილი,მამამთავრიშვილი,ბუჩაშვილი,აფციაური,იდუკაშვილი,ლუკაშვილი,ჯარიაშვილი,სინჯარაძე,თორელაშვილი,ხრიკული,გოგიშვილი,პაპიაშვილი,ბანცური,კარელიძე,ფარეშიშვილი,ვაჟიკაშვილი,დარძული,ხიტალიშვილი,ახალაშვილი,თოთიაური,ლაშქარაული,ყურაული,ჭოხური,ბენიანიძე,დარძულიძე,გათენაშვილი,ბასილაშვილი,თურმანაული,………….ძალიან ბევრია წარმოშობით ხევსურული გვარები რომლებსაც ებრაული წარმოშობა აქვთ,როგორც ეს გენეტიკურმა კვლევებმა აჩვენა

    • 21/05/2013 at 21:03
      Permalink

      ხომ არ იცი დავითაშვილი სადაური გვარია??

    • 27/07/2015 at 18:07
      Permalink

      ნამდვილი ხევსური გამარჯობა, კომენტარში აღნიშნული გაქვთ ხევსურულ გვარებთან ერთად ბერიკაშვილი, ჩემი გვარია და დიდი ხანია ვარკვევ და ვერ გავარკვიე ამ გვარის ნამდვილი წარმომავლობა, თავიდან ვიცოდი რომ კახელი ვიყავი, შემდეგ მითხრეს რომ სომხური გვარია (მთვრალმა მითხრა არ ითვლება), სადღაც მოვკარი ახლახანს თვალი რომ ებრაულიაო და აგერ თქვენ ამბობთ რომ ხევსურულია, თუ შეგიძიათ მეტი ინფორმაცია მომაწოდოთ ან დამაკვალიანოთ სად შეიძლება მოვიძიო მაქსმალურად ვრცელი და უტყუარი ინფორმაცია?
      წინასწარ მადლობა

  • 08/12/2012 at 16:46
    Permalink

    გრიგოლ, ჯ ჰაპლოფგუფი გაცილებით ძველი წარმოშობისა ვიდრე ებრაელი ხალხი გაჩნდებოდა და დილეტანტური მსჯელობა რა საჭიროა ?!. კაცს არ ხედავ და შეურაწყოფას აყენებ?. მეც შემიძლია აქ ცუდის თქმა და არც ვიკადრებ. შენ ქართველი თუ ხარ ( მეეჭვება) არდარეულად არ უნდა წერო, ამიტომ მეეჭვება საერთოდ, სხვა მიზნისთვის წერ!. ჯ ჰაპლოჯგუფი შენარჩუნდა კავკასიაში და ებრაელებში. ეს კი საინტერესოა ბიბლიური რწმენის თავდაპირველი ენის რაობაზე. კავკასიაში და საქართველოში გ და ჯ ჰაპლოჯგუფი 30% და 41% -ებია შერეული ერთმანეთში.ინგუშებში 80 $-ია, სვანებში 70 $-ია, ყაზბეგში 75 %-ია. ბ.

  • 08/12/2012 at 17:35
    Permalink

    გრიგოლ, რატომ ეწევი ინტერნეტით იდეოლოგიურ დივერსიას?. ზედაპირულად რატომ უდგები საქმეს. რაც არ იცი იმაზე რატომ საუბრობ?. თავისი რჯულის სახელ-სირცხვილს მიხედოს ყველამ. ეს ნახე, იმედია ინგლისური იცი www. eupedia.com\europe\origine.hapl…shtml#timeline.

    • 09/12/2012 at 09:51
      Permalink

      მერე და ვინ თქვა გენეტიკურად ქართველი ვარო ,ყოვლად გაუნათლებელო, “ქართველი” ასეთი კონკრეტული ერი თუ ხალხი არ არსებობს, ქართველი საქართველოს ტერიტორიაზე შემავალი ათეულობით ეთნოსის გაერთიანებას ჰქვია!შენს მიერ გამოგზავნილი ჰაპლოჯგუფების ცხრილი რომელიც ჰაპლოჯგუფების გაჩენას 40 000 წლით განსაზღვრავს სრული იდიოტიზმია და არარაობაა,აქედან გამომდინარე შენზე არ დავხარჯავ დროს,რადგან როგორც გითხარი ევოლუცია და ევოლუციონერები ჩემთვის მიუღებელი რამაა!მე კონკრეტულ გვარებსა და ხევსურების შიგნით არსებული გვარების წარმომავლობაზე ვლაპარაკობ და შენ რაღაცა ევოლუციის განვითარების ცხრილს მიგზავნი,იდიოტო ჩემი გვარი ებრაულია ეს ვიცით და რადგან წინა გვარი ხევსურულია ,შეუძლებელია რომ ხევსურებიც ებრაული წარმოშობისა არ იყვნენ,ამას ხევსურეთში არსებული რჯული და კანონები ადასტურებს,და გინდა სასულიერო აკადემიის სწავლულებთან ერთად ვიმსჯელოთ ამ თემაზე,შევხვდეთ სადმე და ვნახოთ ვის მეტი ფაქტი ექნება,ჩემი დედა ვატირე ჩემი გვარის ისტორიას მასწავლი?ან გაპატიებ შეურაცყოფას?გითხარით რომ კონკრეტულად პირაქეთა ხევსურების ,მაგანძურები ებრაული წარმოშობის ხალხია რომლებიც შერეულ რწმენას მისდევდნენ,შენ თუ ანტისემიტი ხარ ანუ ავადმყოფი,მაშინ გასაგებია ყველანაირად უგულებელყოფ ამ რეალობას,მე კი რომც მინდოდეს ანტისემიტიზმობს უარყოფა ამას არა კი არა ვერ გავაკეთებ რადგან ხევსურები სემიტები არიან ანუ ებრაელები!

  • 03/02/2013 at 02:12
    Permalink

    უამრავი ინფორმაცია მივიღე ამ საიტიდან. მე გვარად წიკლაური ვარ. გადავქექე ყველა ინფორმაცია და ერთი არ წერია არსად. რა გვარი იყო თავად როშკაში დასახლებული წიქვა რომელმაც შემდგომ წიკლაურებს დაუდო სათავე. და როდის მოხდა ეს? რა პერიოდში? რატომ არ აქცევს არავინ ამას ყურადღებას?

  • 11/03/2013 at 23:03
    Permalink

    ვაიმე ამიცჰრელდა თვალებბი.. დავიჯერო კარიაულები ასეთი ამოწყვეტილები ვართ რო ინფორმაცია ვერ ვიპოვე.. თუ რამე იცით მითხარით რაა.. რაც თავი მახსოვს სულ ამის ძიებაში ვარ

    • 12/03/2013 at 19:52
      Permalink

      კარიაულები დამოუკიდებელი გვარია,მისი წინა გვარი არ ჩანს,შეფიცულები იყვნენ არაბულთა გვარზე ,დამოუკიდებელი გვარია.შეგიძლია მოძებნო ინტერნეტში წერია დაწვრილებით თოფჩიშვილის მიხედვით.ლინკს დავდებდი
      მაგრამ მეზარება მოძებნა.

      ისე საკუთარი გვარის ისტორია და წარმოშობა თავად უნდა იცოდეთ,რომელი სოფლიდან არიან წარმოშობით და სხვა რამეებიც

  • 26/05/2013 at 21:35
    Permalink

    გამარჯობათ რა შეგიძლიათ გვიტზრათ ბალხამიშვილების გვარზე?

  • 28/05/2013 at 20:13
    Permalink

    გიგაურების სალოცავი მაინტერესებს და ბლოში გზა თუ მიდის ან რომელიმე მარშუტი

  • 30/05/2013 at 19:32
    Permalink

    თინიკაშვილები ხევსურები არიან თუ ფშაველები წარმოშობით/

  • 04/11/2013 at 15:00
    Permalink

    მურღუევევები ეხლა არდოტელები არიან ხო? შეგიძლიათ ინფორმაცია რომ დადოთ ამ გვარზე? წინასწარ მადლობა

  • 06/04/2014 at 20:25
    Permalink

    გამარჯობა,ძალიან მაინტერესებს ფარეშიშვილების გვარის ისტორია და გამიხარდება თუ ვინმე დამეხმარებით 🙂 ვიცი რომ ჭინჭარაულებიდან მოვდივართ,მაგრამ მსმენია რომ უშუალოდ ფარეშიშვილებზეც არის საინტერესო ისტორია და კიდევ ჩემი გვარის სალოცავად გუდანის ჯვარი ითვლება თუ არის კიდევ სხვა? დიდი მადლობა წინასწარ….

  • 13/04/2014 at 17:14
    Permalink

    გამყრელიძეებზე რა შეგიძლიათ თქვათ ?

  • 28/09/2014 at 09:33
    Permalink

    გამარჯობა, ხალხო!
    თუ შეგიძლიათ რაიმე მომიყევით შერმადინების გვარზე. ბებიაჩემი ამბობდა: – “ძაღლთოდენები ვართ შერმადინები”. ძირითადად ცხოვრობდნენ დუშეთში. გადმოცემით ბერძნული ფესვები უნდა ჰქონდეთ. ძირითადადი ნათესაური გვარები დღემდე: კაიშაურები, ქერაშვილები. შერმადინების ბერძნული წარმოშობის დასტურად მოიაზრება მათი ცხოვრების ადგილები: ფოთი, იმერეთი, მთიანეთი – ზღვიდან შემოსვლის კვალი. თვითონ შერმადინები თავს აიგივებენ ხევსურეთთან – მთიულებთან, ზოგადად (ბოდიში თუ უცოდინრობის გამო, რაიმეს სწორედ არ ვაყალიბებ). ერთი კი ვიცი ძალიან ამაყი ხალხია. და დღემდე თემიდან გაძევების ტენდენციებს ინარჩინებენ, რაც დღევანდელ ცხოვრებაში ალბათ ზოგიერთისათვის გაუგებარია (აქამდე ჩემთვისაც გაუგებარი იყო, მაგრამ ამ ბოლო ხანებში, ზოგიერთ რაღაცას ვხვდები, იმიტომ რომ თამარა შერმადინის შვილიშვილი ვარ და ის კი იმდენად ამაყი იყო, რომ ყველაფერი დატოვა და გაიმარჯვა).
    უმორჩილესად გთხოვთ, თუ ვინმემ რაიმე იცით ამ გვარის შესახებ გამომახმაურეთ, რაიმე მომიყევით. მე მინდა ჩემი შვილები ქართველები იყვნენ და შეინარჩუნონ ის თვითმყოფადობა რასაც საქართველო ჰქვია.

  • 11/03/2015 at 12:27
    Permalink

    არსებობს გადმოცემა,რომ სოფ.არგვიცში [ლიახვის ხეობა] მცხოვრები მინდოდაშვილები ერეკლეს მიერ ხევსურეთიდან ჩამოსახლებული მინდოდაურების შთამომავლები არიან.სოფ,როშკაში გვითხრეს,რომ მინდოდაურები ბლოში სახლობდნენ.გვაინტერესებს შეესაბამება თუ არა სინამდვილეს,მინდოდაურების გვარის შესახებ თუ გვეტყვით რამეს.წინასწარ დიდი მადლობა

  • 28/01/2016 at 12:47
    Permalink

    გამარჯობათ, როგორც ვიცი გადმოცემით შიუკაშვილები ხევსურები არიან, შეგიძლიათ უფრო დაწვრილებით მოგვცეთ ცნობები ამ გვარის შესახებ? მადლობა წინასწარ

Comments are closed.