"ჟამნი" ხევსურეთში | KHEVSURETI ხევსურეთი-khevsureti »Archive » “ჟამნი” ხევსურეთში khevsureti

“ჟამნი” ხევსურეთში

XIVსაუკუნის პირველ ნახევარში საქართველოში შავი ჭირი გაჩნდა, რომელიც ისტორიაში “დიდი სიკვდილიანობით” არის ცნობილი. იგი საქართველოში ოქროს ურდოდან შემოვიდა, საქართველოდან კი ეგვიპტე – ევროპამდე გააღწია. ეს პერიოდი ხევსურეთში “ჟამთა მოსვლის” (“ჟამიანობის”) სახელწოდებით მოიხსენიება. იგი რამდენიმე წელს მძვინვარებდა.
ანდრეზები “ჟამებს” გადმოგვცემენ, როგორც მოარულ რეალურ ხალხთა და ადგილობრივი მოსახლეობის მათთან კონტაქტს. “ჟამნი ზაფხულში მავიდიან, ზამთარში კი მაიკარგიან ”. (როგორ გავს მემატიანის სიტყვებს, მომთაბარე დამპყრობლებზე რომ წერს: “გაზაფხულზე მოვიდიან თურქნი და… ზამთარს წავიდიან.”
შავი ჭირის ეს ეპიდემია ევროპაში “შავი სიკვდილის” სახელწოდებით არის ცნობილი და ამ ავადმყოფობისგან დასაცავად ერთადერთ წამალს იყენებდნენ: cito, Longe, tarde (“რაც შეიძლება სწრაფი გაქცევა სახიფათო ადგილიდან, რაც შეიძლება შორს გადახვეწა, რაც შეიძლება გვიან დაბრუნება”). მკურნალობის ევროპული ფორმა ხევსურთათვის ცნობილი ყოფილა. ხევსურეთში ჟამნი რომ მოსულან, ვინმე ანთასა თუ ველთას ტანსაცმელი გაუხდია და შიშველი გაქცეულა. ჟამნი თურმე უყურებდნენ და იცინოდნენ.
ზოგიერთ თემში ჟამნი “ჯვარმა არ ჩაუშვა თავის ყმებთან” და დაავადებამ იოლ ფორმებში ჩაიარა. დაავადება სამი კატეგორიის ყოფილა, ანუ “სამი ფერის ისარს ესროდნენ ჟამნი: შავს, წითელს და თეთრს”. დაავადებულის მორჩენა ნასროლი ისრის ფერზე ყოფილა დამოკიდებული. (სამედიცინო კარაბადინიც ჟამიანობის დროს ავადმყოფის ტანზე გაჩენილი სამი ფერის მუწუკს აღნიშნავს. მონღოლ მეომრებს სამი სახის ისარი ჰქონიათ შეიარაღებაში).

გადმოცემით არხოტის თემში “სტვირნ რო აძრახდებოდეს”, მაშინ მოვიდოდნენ ჟამნი. ბოლოს არხოტივნებს სტვირი მიწაში ღრმად დაუმარხავთ და ჟამნიც აღარ მოსულან.
სამ წელს ყოფილან “ჟამნი” ხევსურეთში. მესამე წელს თოვლი რო გამშრალა და ურნატა მოფრენილა, “ჟამთავ ერცხვას უთხრესავ, ეხლავ ვადა გაგვივიდავ” და გადაკარგულან.

მომზადებულია შოთა არაბულის წიგნის ”ისტორიული თავგადასავალი ხევსურთა”-ს მიხედვით

Tags: , , , , , ,

Sunday, May 22nd, 2011 at 21:29 History, Home, Habits. RSS .

კომენტარი გათიშულია


Instagram



Fatal error: Exception thrown without a stack frame in Unknown on line 0