“ჟამნი” ხევსურეთში

XIVსაუკუნის პირველ ნახევარში საქართველოში შავი ჭირი გაჩნდა, რომელიც ისტორიაში “დიდი სიკვდილიანობით” არის ცნობილი. იგი საქართველოში ოქროს ურდოდან შემოვიდა, საქართველოდან კი ეგვიპტე – ევროპამდე გააღწია. ეს პერიოდი ხევსურეთში “ჟამთა მოსვლის” (“ჟამიანობის”) სახელწოდებით მოიხსენიება. იგი რამდენიმე წელს მძვინვარებდა.
ანდრეზები “ჟამებს” გადმოგვცემენ, როგორც მოარულ რეალურ ხალხთა და ადგილობრივი მოსახლეობის მათთან კონტაქტს. “ჟამნი ზაფხულში მავიდიან, ზამთარში კი მაიკარგიან ”. (როგორ გავს მემატიანის სიტყვებს, მომთაბარე დამპყრობლებზე რომ წერს: “გაზაფხულზე მოვიდიან თურქნი და… ზამთარს წავიდიან.”
შავი ჭირის ეს ეპიდემია ევროპაში “შავი სიკვდილის” სახელწოდებით არის ცნობილი და ამ ავადმყოფობისგან დასაცავად ერთადერთ წამალს იყენებდნენ: cito, Longe, tarde (“რაც შეიძლება სწრაფი გაქცევა სახიფათო ადგილიდან, რაც შეიძლება შორს გადახვეწა, რაც შეიძლება გვიან დაბრუნება”). მკურნალობის ევროპული ფორმა ხევსურთათვის ცნობილი ყოფილა. ხევსურეთში ჟამნი რომ მოსულან, ვინმე ანთასა თუ ველთას ტანსაცმელი გაუხდია და შიშველი გაქცეულა. ჟამნი თურმე უყურებდნენ და იცინოდნენ.
ზოგიერთ თემში ჟამნი “ჯვარმა არ ჩაუშვა თავის ყმებთან” და დაავადებამ იოლ ფორმებში ჩაიარა. დაავადება სამი კატეგორიის ყოფილა, ანუ “სამი ფერის ისარს ესროდნენ ჟამნი: შავს, წითელს და თეთრს”. დაავადებულის მორჩენა ნასროლი ისრის ფერზე ყოფილა დამოკიდებული. (სამედიცინო კარაბადინიც ჟამიანობის დროს ავადმყოფის ტანზე გაჩენილი სამი ფერის მუწუკს აღნიშნავს. მონღოლ მეომრებს სამი სახის ისარი ჰქონიათ შეიარაღებაში).

გადმოცემით არხოტის თემში “სტვირნ რო აძრახდებოდეს”, მაშინ მოვიდოდნენ ჟამნი. ბოლოს არხოტივნებს სტვირი მიწაში ღრმად დაუმარხავთ და ჟამნიც აღარ მოსულან.
სამ წელს ყოფილან “ჟამნი” ხევსურეთში. მესამე წელს თოვლი რო გამშრალა და ურნატა მოფრენილა, “ჟამთავ ერცხვას უთხრესავ, ეხლავ ვადა გაგვივიდავ” და გადაკარგულან.

მომზადებულია შოთა არაბულის წიგნის ”ისტორიული თავგადასავალი ხევსურთა”-ს მიხედვით

ეს საინტერესოა

  • სამგლოვიარო რიტუალი ხევსურეთი საქართველოს ის უნიკალური კუთხეა, სადაც დღემდე შემორჩა მიცვალებულის კულტის ამსახველი ძველთაძველი წეს-ჩვეულებები და მაღალმხატვრული სამგლოვიარო პოეზია, ე.წ. ხმით ნატირლები. გარესამყაროსგან თვეობით […]
  • უფრის თვალი ხევსურების წარმოდგენით ავთვალს შეუძლია ადამიანისა და საქონლის დაზარალება. ისინი დიდ ხუთშაბათს პურს არ ჭამდნენ. ქალები წყალს უმძრახად მოიტანდენ და ცეცხლის პირას დადგამდნენ. შემდეგ კერიიდან ნაკვერჩხალს […]
  • ლიქოკი ლიქოკის თემი ლიქოკის წყლის ხეობაში მდებარეობს, რომელიც ბარისახოსთან უერთდება არაგვს. ლიქოკის ხეობა იწყება შურისციხის ახალაღმოჩენილი ძველი სამაროვნითა და ლიქოკის ჭალით, რომელსაც ძველად ‘’სალაშქრო ჭალა’’ […]
  • მეურნეობა ხევსურეთში მიწათმოქმედება აშკარად ჩამორჩება მესაქონლეობას. მთის რელიეფი არ იძლევა წლის სამყოფი პურის მოყვანის საშუალებას. კლდოვან ადგილებში დათესილი ქერი და ჭვავი არაა საკმარისი იმისათვის, რათა მოსახლეობამ […]
  • ხევსურეთი აღმოსავლეთ კავკასიონზე, კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ და ჩრდილოეთ კალთებზე, ცხოვრობენ ხევსურები – თავისებური ბედისა და ხასიათის მქონე ხალხი, რომელთა დრამატული ყოფა, უცნაური, ყველასგან […]
  • ხალხური მედიცინა ხშირი შუღლი, ტყვიით თუ ცივი იარაღით დაჭრა და არცთუ იშვიათი ფიზიკური ტრავმა კარნახობდა ხევსურებს, დაუფლებოდნენ მკურნალობის ელემენტარულ მეთოდებს და მოერჩინათ ავადმყოფი. ადგილობრივი „აქიმნი“ ითვისებდნენ და […]
  • ხევსურების ისტორია ზურაბ არაგვის ერისთავზე წერს ბესიკ ხარანაული:  „ერთში კი ბედი აღმოგაჩნდა, როცა ისეთ ხალხს გადაეკიდე, რომლებსაც ხრიოკი მიწის და პოეზიის მეტი არაფერი ებადა, ამ ხალხმა დაგამარცხა, არ დაგითმო თავისი მიწის […]
  • ხევსური ეროვნული გმირები ხევსურულ ზეპირსიტყვიერებაში უმთავრესი ადგილი უკავია საგმირო-საისტორიო გადმოცემებს. კავკასიონის მთებში მცხოვრებ თავისუფლებისმოყვარე, მეომრული ბუნების მქონე ხევსურებს ერთდროულად უწევდა ჩრდილო-კავკასიური […]