ხევსურული ტანისამოსი

ხევსურული ტანისამოსი ჩვენში ცნობილია თავისი ორიგინალობით,მას ახასიათებს თავისებური გამოჭრილობა და მორთულობა.ამ მხრივ ხევსურები განსხვავდებიან სხვა მთიელებისგან,რომელთაც ძველებური ჩაცმა აღარ შერჩენიათ.

ხევსურულ ტანისამოსს  ტალავარი ეწოდება.ასეთი ტალავარი შინ მოქსოვილი ტოლისაგან (შალი) იკერება,რომელსაც ხევსური ქალები ამზადებენ.ტალავრის შეკერევა და მორთულობა აქ თითქმის ყველამ იცის,ამაში ქალებს პატარაობიდან ავარჯიშებენ.

ხევსურული ტალავრის შეკერევა მათთვის სიძნელეს არ წარმოადგენს,რადგანაც მისი გამოჭრილობა და ფორმა უცვლელია და დიდსა და პატარას ერთნაირი ტალავარი აცვია.ხევსურეთში საკერავი მანქანაც შესულია,მაგრამ ტალავარი მანქანით არ იკერება.სატალავარო ტოლი სქელია და მოუხეშავი და მას მანქანის ნემსი ძნელად შეკერავს.ამიტომ მანქანით იკერება ბამბის ქსოვილი,ტალავარს კი ხელით კერავენ.

მ ა მ ა კ ა ც ი ს  ტ ა ლ ა ვ ა რ ი.კაცები იცვამენ პერანგს რომელიც  შავი ტოლისგან იკერება.პერანგი იკვრის მარჯვნიდან და მისი საბეჭური ფერადი სახეებითაა მოქარგული. პერანგს წინ ყელი ამოღებული აქვს,კალათის გვერდები კი ჩაჭრილი. მას სამხედროს უწოდებენ.პერანგის კალათის და სამხედროს ნაპირს შემოვლებული აქვს დაკბილული ფერადი შალის არშია.პერანგის საბრჭური საგანგებოდ იკერება და მამაკაცის პერანგის მთელი შნო და სილამაზე ნაჭრელა-ს  მიხედვით ფასდება. ნაჭრელა ორნაირია აბრეშუნის ნაჭრელა და ნაჭრის ნაჭრელა. აბრეშუნის ნაჭრელი საბეჭური სახით და ფერით უფრო ლამაზია, მაგრამ ძნელი სამუშაოა და ძვირად ფასობს. აბრეშუნის საბეჭური ტილოზე იკერება. ამ მიზნით საბეჭურზე ტილოს დაადებენ და ზედ ნაჭრელის კონტურებს შემობლანდავენ. შემდეგ აიღებენ  წმინდა ნემსსა და აბრეშუნის ფერად ძაფს და შეუდგებიან მოქარგვას; გამოყავით გეომეტრიული სახეები და თავგრაგნილი ჯვრები. ბოლოს ამ საბეჭურის ნაქარგი და პერანგის სახელოს მაჯებს ამკობენ ფაიფურის თეთრი მძივებით და ღილებით. აბრეშუნის ნაჭრელიანი საბეჭური აქ დიდ მოწონებაშია და ძვირად ფასობს, რადგან ის მოთხოვს ქარგვაში გავარჯიშებულ ოსტატს, დიდ დროსა  და შრომას და ამასთანავე აბრეშუნის მასალას, რაც ხევსურეთში არ იშოვება. ამიტომ აბრეშუნის საბეჭური აქ დღეს იშვიათად იკერება და ვისაც აქვს უფრთხილდება და იშვიათად თუ ჩაიცვამს.

პერანგის ზურგი შემკულია დაკავკავებული სახეებით.თავგრაგნილით ჯვრებითა და მძივ-ღილებით.

ამ პერანგზე კაცები ჩოხასაც  იცვამენ. ჩოხა  ან შავი ან ლურჯი ტოლისგან იკერება.ჩოხა გული ამოღებულია,რომ პერანგის საბეჭური კარგად გამოჩნდეს.ის წელში გამოყვანილია და უკან ასხმული აქვს ნაკეცი ნაოჭი,რომელსაც ა ზ ღ ო ტ ს უწოდებენ.ჩოხის ზურგზე და ბეჭებზე სირმის გრეხილით შემკული ჯვრებია გამოყვანილი.

ქვეში იცვამენ ტოლის შარვალს.მოხუცებს აცვიათ ტოტგანიერი  შარვალი,რომელსაც ტოტებზე შემოკერებული აქვს მძივ-ღილებით შემკული ფერადი შალის ბრტყელი არშია.ახალგაზრდები გრძელ და ჩატანებულ  შარვლებზე პაჭიჭებს იკეთებენ. პაჭიჭები(ბაჭიჭი) ტოლისაგან იკერება,მისი ორივე მხარე დაჭრელებულია ფერადი სახეებით. პაჭიჭს წვივის თავზე საწვივეთი იკრავენ,რომელიც შემკულია მძივის ქუჩუმით და კვერანებით.ფეხზე აცვიათ  წინდა და  ყელიანი ქალამანი.

მამაკაცები თავზე იხურავენ თუშური ფორმის მრგვალ ნაბდის ქუდს.ხევსურულიქუდის საპირე და კუჭი მოქარგულია შავი გრეხილით(ნაჭრის შიბა) და თეთრი მძივებითაა შემკული.

ქ ა ლ ი ს  ტ ა ლ ა ვ ა რ შ ი მთავარის სადიაცო კაბა,რომელსაც ქალები პირდაპირ ტიტველ ტანზე იცვამენ.სადიაცო შავი ან ლურჯი ტოლისაგან იკერება.ის მთლიანია და მოკლე,სადიაცოს საყელო წინ ამოღებული აქვს,გულისპირი,ფარაგი კი ფერადი ძაფით არის მოქარგული და მძივ-ღილებით შემკული.ფარაგს აკერია ფერადი შალის ზიკებით და ჭრელანა ზოლებით მოქარგული  სამწვეტლო.სამწვეტლო და ზიკი ჯერ ცალ-ცალკე იკერება და იქარგება,შემდეგ მას ფარაგზე აკერებენ.

სადიაცოს ფარაგი გასათხოვარ ქალს მაგრად აქვს შეკრული,მისი გახსნა სირცხვილია და ეს უნამუსობაში ჩამოერთმევა.გათხოვებისა და შვილოსნობის შემდეგ ქალს შეუძლია გახსნილი ფარაგი ატაროს.სადიაცოს ქვეშ შემოკერებული აქვს  ფერადზოლიანი ქოქომო,რომელიც უკან ლამაზად არის ასხმულ-დაკეცილი და ეწოდება  ნაჩაფი. ეს ნაჩაფი მოძრაობის დროს იშლება.

სადიაცოს წელზე შალის სარტყელას შემოიკრავენ,ფარაგის უბეს გადმოსწევენ და ისე ატარებენ.

სადიაცოზე ქალებს აცვიათ ქოქოლო.თავისი გამოჭრილობით ქოქოლო ქატიბს წააგავს.ქოქოლო წელიანია და მოკლე.ის შავი ტოლისაგან იკერება და სახელო გაჭრილი აქვს.’ქოქოლოს საგულე და კალთის ნაპირი შემკულია დაკბილული ფერადი შალის კუჭუბებით,ზოგი მოქარგულია,ზურგი და ბეჭები  კი ხატებით(ჯვრებით)არის დაჭრელებული;წელზე ქოქოლოს აზღოტი აქვს ასხმული აზროტი ასხმულია მჭიდროდ და მოძრაობის დროს ლამაზად იშლება.

ზამთარში სადიაცოზე ტყავს იცვამენ.ეს ტყავის ქურჭი ცხვრის ბეწვჩაბრუნებული ტყავისაგან იკერება.ტყავი წელიანია და მოკლე.

ფეხებზე იცვამნე საქალამნე თათს და ნაჭრელ პაჭიჭებს,რომელსაც ბოლოზე შემოვლებული აქვს წვრილი გრეხილი შილიფა.წინდაზე ქალმნებს იცვამენ,სასტუმროდ კი ამოკერებულ თათს.ხევსურული ამოკერებული თათიმსხვილი ნაქსოვია და ფერადი სახეებით დაშიბული.ამოკერებული  თათი ჯერ წყალში ლბება, შემდეგ საფარზე გაჭიმავენ და ისე აშრობენ.თათს ძირში ტყავს გამოაკერებენ და წვერს მძივ-ღილებით შეუმკობენ.

მანდელი გრძელფესვიანია(ფოჩიანი) და ეს ფესვიანი მხარე ფერადი აბრეშუმის სახეებით არის მოქარგული.გაუთხოვარი ქალი მანდელს არ იხურავს და სათაურას უმანდელოდ ატარებს.გათხოვდება ტუ არა ქალი,მანდელს შემოიხვევს.

ახალ პატარძალს უმანდელოდ  სიარული მამის სახლში შეუძლია,ქმრისას კი სირცხვილია.ქალს უფროსთან  მანდელის მოხდა არ შეუძლია და არც ქმრის ნათესავებს მიეგებებეა უმანდელოდ,რაც მას უზრდელობაში და უპატივცემულობაში ეთვლება.

ამავე დროს ხევსურეთში მანდელი ერთგვარ პატივისა და მოწონებაშია.ჩხუბის დროს ქალები მეშუღლეებს თავიანთ მანდელით აშველებენ და მანდილის შელახვა აქ დიდი სირცხვილია.

წყარო  სერგი მაკალათი  “ხევსურეთი”


Fatal error: Exception thrown without a stack frame in Unknown on line 0