ხევსური ეროვნული გმირები

ხევსურულ ზეპირსიტყვიერებაში უმთავრესი ადგილი უკავია საგმირო-საისტორიო გადმოცემებს. კავკასიონის მთებში მცხოვრებ თავისუფლებისმოყვარე, მეომრული ბუნების მქონე ხევსურებს ერთდროულად უწევდა ჩრდილო-კავკასიური მოთარეშე ტომებისა და სამხრეთიდან ფეოდალური ძალმომრეობის წინააღმდეგ ბრძოლა. ხევსურეთის შუა საუკუნეების ეროვნული გმირებიდან გამოირჩევა თორღვა ძაგანი, რომელმაც აღკვეთა მეზობელი ტომების თარეში და ააშენა ციხე-სოფელი მუცო აუღებელი კოშკებით. თორღვა თავისი ძლიერებითა და საქმეებით იმდენად პოპულარული გახდა, რომ ხალხურმა მთქმელებმა ის მითოლოგიურ გმირად და ღვთაებად წარმოსახეს. გადმოცემით მას დაბადებიდან ბეჭებზე მზე, მთვარე და ჯვარი ჰქონდა გამოსახული, რაც ძლიერებისა და ღვთიურობის ნიშანი იყო. XVII ს-ის პირველ ნახევარში აღზევებულმა არაგვის ერისთავებმა მოინდომეს თავისუფალი ხევსურეთის დამორჩილება. სისხლიანი ბრძოლები, რომელიც ათ წელზე მეტი გრძელდებოდა, ხევსურთა გამარჯვებით დამთავრდა. ამ ბრძოლებში თავი ისახელეს ხირჩლა ბაბურაულმა (არაბული), მარტია მისურაულმა (გოგოჭური), ბერდია მამუკაურმა (გიგაური), მამუკა ქალუნდაურმა (გოგოჭური)… არაგვის ერისთავების წინააღმდეგ მებრძოლ მამუკა ქალუნდაურს გადმოცემით ღვთიური ნიშანი, სინათლის სხივი დაჰყვებოდა და სასწაულმოქმედი მახვილი ჰქონდა, რომელიც ქარქაშიდან თავისით ამოიწევდა და პატრონს ბრძოლის ნიშანს აძლევდა. ქალუნდაურმა დაამარცხა ერისთვი და ნიშნად სოფელ გუდანთან ახლოს, ბეგენგორზე ქვის ძეგლი-სიმბოლო ჩადგა, რომელიც დღემდე შემორჩა. მომხვდურების წინააღმდეგ ბრძოლებში მონაწილეობას იღებდნენ მანდილოსნებიც, რომელთაგან გამოირჩევიან ბუბა ბასილაური და თამარულ ჭინჭარაული. ხევსურეთის სოფლებს მოულოდნელად თავს დაესხა ლეკების მარბიელი ლაშქარი. მოსახლეობა ციხე-კოშკებში გამაგრდა, იქიდან უწევდა წინააღმდეგობას მტერს. თამარულმა კოშკში შესვლა ვერ მოასწრო და საცხოვრებელ სახლში გამაგრდა. უთანასწორო ბრძოლაში მან შუბით შვიდი მომხვდური მოკლა. ამ გმირობის აღსანიშნავად თამარულისადმი მიძღვნილი საგანგებო რიტუალი იმართებოდა გუდანის ჯვარში. ბუბა ბასილაურმა მამის ჯაჭვის პერანგი ჩაიცვა, იარაღი აისხა და ცხენზე ამხედრებული შეება მტერს. მტერმა მხოლოდ მაშინ შეიტყო, რომ ქალი ებრძოდა, როდესაც ცხენიდან ჩამოვარდნილ ბუბას მუზარადი თვიდან მოსძვრა და თმები ჩამოეშალა. ახვერდი მაჰმადის მრავალრცხოვანი ლაშქრის დამარცხების ნიშნად, შატილის ერთ-ერთ კოშკს ასეთი წარწერა ამშვენებს: „უმაღლესისა ბრძანებისაებრ ჯილდოს შატილელთად დამარცხებისათვის ახვერდი მაჰმედისა და მისთა შეყრილთა ჯართასა. 1843 წ.“ ამ ბრძოლის დროს მტრისგან ნასროლი ტყვია ციხის სარკმლის კედელმა აისხლიტა და აკვანში მწოლიარე ბავშვს მოხვდა. ბავშვის დედამ სისხლი შეამჩნია და აკვანს გადააფარა, თვითონ კი ქმრისთვის ტყვია-წამლის მიწოდება გააგრძელა. ბრძოლა დამთავრდა, ქმარმა იკითხა: რამდენ ხანს დაეძინა პატარას, რატომ არ იღვიძებსო და ცოლმა: ის ვერასოდეს ვეღარ გაიღვიძებსო… ცოლმა ქმარს შვილის სიკვდილი დაუმალა, რათა არ აღელვებულიყო და მტრისთვის ტყვია არ აეცდინა… ასეთი მომთმენი იყო ხევსურის ქალი.