ხევსური აქიმ-მკურნალნი

ხევსურთა წარმოდგენით ავადმყოფობას იწვევდნენ ღვთაებანი, დობილნი და ა.შ. და მკურნალობაც ძირითადად მაგიასთან და სარწმუნოებასთან იყო დაკავშირებული. მაგრამ ტრადიციული ჭრა-ჭრილობა და ფიზიკური ტრავმები ხევსურებს აიძულებდათ ჰყოლოდათ გამოცდილი აქიმ-მკურნალნი, რომელნიც ფლობდნენ მკურნალობის საიდუმლოებებსა და იყენებდნენ მცენარეებს, ქვებს, თაფლს, სანთელს, კარაქს, ცხოველთა და ფრინველთა ცალკეულ ორგანოებს, სისხლს, შარდს (“გარბოლის წყალს”)… ყოველ დასტაქარს ჰქონდა მკურნალობის საკუთარი, გასაიდუმლოებული მეთოდი და საშუალება. უმთავრესი სამკურნალო საშუალება, რაც ყველამ იცოდა, იყო მწარე არაყზე დაყენებული წამალი. ამას გარდა იცოდნენ სისხლის გამოშვებაც. თითქმის ყველა ხევსური ატარებდა ქამარზე დაკიდებულ სპეციალურ დანას – “ნესტარს”.
ხევსურ დასტაქრებს უმაღლეს დონეზე ჰქონდათ დაყენებული ჭრილობების მკურნალობა და თავის ქალას ტრეპანაცია, რომელსაც თვითნაკეთი პრიმიტიული იარაღებით აკეთებდნენ. თავის ქალას ტრეპანაცია, რომელიც ცნობილი იყო ჯერ კიდევ უძველეს დროს და იცნობდნენ აზიის, აფრიკის, სამხრეთ ამერიკის უძველესი ხალხები, ჩვეულებრივი მოვლენა იყო ხევსურ დასტაქართა პრაქტიკაში და გვიანობამდე მხოლოდ ხევსურთა ყოფამ შემოინახა. თუმცა მკურნალობის ეს ფორმა ღვთაებებზე იყო დამოკიდებული და თვით აქიმებსაც “ჯვარი პატრონობდა”. მკურნალობის დაწყების წინ და ბოლოს აქიმს საგანგებო რიტუალი უნდა შეესრულებინა, რამეთუ ავადმყოფთან შეხებისას თავად უწმინდურდებოდა და აუცილებლად უნდა განათლულ – განწმენდილიყო.
XIX-XX საუკუნეში ცხოვრობდნენ სახელიანი აქიმნი და მკურნალნი მგელიკა ლიქოკელი, ალეკა ოჩიაური, გუგუა ჭინჭარაული, მშაველათ გიგია, ლადო ძეძეურთელი, ვანო გველეთელი, მგელათ ბაბუა, ბეწინა არაბული, ბაძია შატილიონი… აქიმნი დადგენილი წესების მიხედვით იღებდნენ საფასურს. იყო შემთხვევებიც, როცა აქიმები განგებ აჭიანურებდნენ მკურნალობას, რათა მეტი ფასი აეღოთ.
აქიმთაგან განსაკუთრებით გაითქვა სახელი მგელიკა ლიქოკელმა (ბაძიურათ მგელიკამ). “იგი მუშაობდა, როგორც კარგად ნაწვრთნი ხელოსანი… მისთვის ნაცნობი იყო ყოველი ნაკეცი ტვინისა. საითგან? ქვეყნის მოწყვეტილ კუთხეში… იდგა ჩემს წინ ვითარ ლანდი პრეისტორიულ ხანიდან. მას ჰქონდა ცოდნა, რომელიც საუკუნეებს ვერ წაეშალა”. – წერს მასზე გრ. რობაქიძე.
ხოგაის მინდის ზღაპრული სახელიც, რომელსაც “ჟამიანობის” დროს უცხოვრია, გრძნეულ მედეას დარად, უთუოდ მკურნალის ცხოვრების რეალურ ფაქტებთან არის დაკავშირებული.

მომზადებულია შოთა არაბულის წიგნის ”ისტორიული თავგადასავალი ხევსურთა”-ს მიხედვით

One thought on “ხევსური აქიმ-მკურნალნი

  • 01/07/2011 at 18:01
    Permalink

    ჩემი გვარიდან იყო ცნობილი არხოტიონი მკურნალი – მაისტელ წიკლაური

Comments are closed.