ხევსურეთი

აღმოსავლეთ კავკასიონზე, კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ და ჩრდილოეთ კალთებზე, ცხოვრობენ ხევსურები – თავისებური ბედისა და ხასიათის მქონე ხალხი, რომელთა დრამატული ყოფა, უცნაური, ყველასგან განსხვავებული ტრადიციები მუდამ იყო მეცნიერთა კვლევის საგანი, მწერალთა და პოეტთა შთაგონების წყარო. სულ რაღაც სამოციოდე წლის წინ ხევსურეთში ჯერ კიდევ შეხვდებოდით შუა საუკუნეებიდან „გადმოსულ“ ანაქრონიზმს – ჯაჭვის პერანგში გამოწყობილ, ხმლით, ხანჯლითა და ფარით შეიარაღებულ მებრძოლებს. მართალია, ხევსურები ასე მხოლოდ საზეიმო შემთხვევებისთვის იცვამდნენ, მაგრამ შუა საუკუნეები აქ მართლაც დიდხანს გაგრძელდა. სულ ცოტა ხნის წინ, ერთი მოხუცი მიყვებოდა, 1901 წელს ორ ხევსურულ სოფელს, შატილსა და გუროს შორის მომხდარი ომის ამბავს. ათენგენობის დღესასწაულზე საძოვრის გამო ჩამოვარდნილი დავა ხელჩართულ შეტაკებაში გადაიზარდა, სადაც მრავალი დაიჭრა და შვიდი კაცი დაიღუპა. ამ ამბავს ათწლეულების მანძილზე გაგრძელებული შუღლი და სისხლის აღება მოჰყვა. იმ პირველ შეტაკებაში გუროელები უფრო დაზარალდნენო, – მითხრა მოხუცმა – შატილიონებს თოფებიც ჰქონდათ, გუროელებს კიდევ – მარტო ხმალ-ხანჯალიო. ხევსურეთი ძალიან თავისებური კუთხეა, მე მას კლდესა და კლდეს შორის გამომწყვდეულ პოეტების ქვეყანას ვუწოდებ. ხევსურებს უყვართ და კარგადაც გამოსდით ლექსის თხზვა. აქაური სიმღერა არ გამოირჩევა მუსიკალობით და არც სჭირდება, რადგან მასში მთვარი პოეზიაა. ხევსური ფანდურს ან ბალალაიკას აიღებს, მეტი დამაჯერებლობისთვის ხმას დაიბოხებს, სიმებს ჩამოკრავს და იმღერებს სახელოვანი ან უსახელო ხევსური პოეტის, ანდაც სულაც საკუთარ ლექსს, რომელიც შეიძლება შედევრიც აღმოჩნდეს. სწორედ საუკუნეების მანძილზე ხალხური ლექსები და თაობიდან თაობას გადაცემული ზეპირი ამბები არის, თითქმის, ერთადერთი წყარო აქაური ისტორიისა, რადგან ხევსურეთში მატიანე არ იწერებოდა. ასე, ზეპირად ჩვენამდე მოვიდა მრავალი ბრძოლაში გამოჩენილი გმირის ან იღბლიანი მონადირის სახელი, მათ თავს ან მთელ ხევსურეთს გადამხდარი უამრავი ამბავი, რომელთაც ზუსტი გეოგრაფია აქვთ, მაგრამ არ გააჩნიათ ქრონოლოგია. დიდი ხნის წინ – გეტყვის ხევსური, და ეს დიდი ხანი შეიძლება იყოს ერთი, ორი ან სამი საუკუნე. თარიღებს თითქოს დაკარგვია მნიშვნელობა და ეს თავისებური ხიბლია ამ უკვე მითად ქცეული ამბებისა. ხევსურები ზოგჯერ მაინც ხვდებოდნენ ნაწერ ისტორიაში და, როგორც წესი, ერთი და იმავე მიზეზით, როდესაც ძნელბედობის ჟამს საქართველოს ბარს ევლინებოდნენ მხსნელად. ასე მოხდა 1659 წელსაც, ხევსურების, თუშების და ფშავლების ლაშქარი მთიდან ჩამოშლილი ზვავივით დაატყდა თავს სპარსელებს და მათ მიერ ალაზნის ველზე ჩასახლებულ თურქმანებს. მათ ერთ დღე-ღამეში მთელი კახეთი გაწმინდეს დამპყრობლებისგან. ისინი მართლაც საუკეთესო მებრძოლები იყვნენ – ხმლისა და ფარის ხმარებაში ბადალი არ ჰყავდათ. ყველაზე მეტად ხევსურები თავისუფლებას აფასებდნენ, არასოდეს ჰყოლიათ ფეოდალი და ბატონს თავიანთ სალოცავებს, ჯვარ-ხატებს უწოდებდნენ. ხევსურეთის უმნიშვნელოვანესი სალოცავი გუდანის ჯვარია, ხოლო ხევსურთა უმეტესობა – გუდანის ყმა. აქაურ თქმულებებში შემორჩენილია მთაში ქართლ-კახეთის მეფის, ერეკლე მეორის სტუმრობების ამბები. მეთვრამეტე საუკუნის მეორე ნახევრის ამ მეომარ მეფეს ლაშქრობებში მუდამ თან ახლდნენ ხევსური მებრძოლები. მისდამი ხევსურთა მოწიწებას და სიყვარულს, მეფის პირადი სიმამაცისა და სიქველის გარდა, სხვა ახსნაც აქვს – ერეკლე მეფე გუდანის ჯვარის ძმობილი ყოფილა. ის თურმე მარტო შედიოდა ხატში (სადაც შესვლის უფლება მხოლოდ ხუცესებს – რელიგიური კულტის მსახურებს ჰქონდათ) და იქიდან გუდანის ჯვრის დანაბარები გამოჰქონდა. ეტყობა, მეფე კარგად სარგებლობდა ხევსურთა რწმენით და მთიელებს საკუთარ ნება-სურვილს ხატის სახე ხევსურეთში მითოსსაც ძალიან კონკრეტული გეოგრაფია აქვს. აქ და მეზობელ ფშავში მიგითითებენ ბოროტი არსებების – დევების და მათგან ადამიანთა გასათავისუფლებლად მიწაზე მოვლენილი ღვთაებების – ღვთისშვილების – ბრძოლის ველებს, მათ მიერ ბრძოლის დროს ნატყორცნ ლოდებს, მათი იარაღით ნაპობ კლდეებს. დედამიწაზე მძლეთამძლე მეომრების სახით მოვლენილი ღვთისშვილები ზეციური მნათობები, ვარსკვლავები არიან: იახსარი, კოპალა, პირქუში, ბერ-ბაადური, მათი უფროსი ძმა კვირია – ცისკრის ვარსკვლავი. მათი მიწიერი სამყოფელი ხევსურული და ფშაური ხატებია – მარტივი ფორმის სალოცავები, სადაც ყოველწლიურად იმართება სახალხო დღესასწაულები, სრულდება რიტუალები, რომლებიც წარმართობის და ქრისტიანობის უცნაურ სინთეზს წარმოადგენს. იხარშება ლუდი, რომელიც ხევსურეთში ღვთიურ სასმელად მიიჩნევა და ღვთაებათა სადიდებლად დუღს, იკვლება უამრავი ცხვარ-ძროხა. ხევსურები თავიანთ ხატებს წყალობას შესთხოვენ. ეს კუთხე მართლაც სამოთხეა ეთნოგრაფებისა თუ ანთროპოლოგებისთვის. დღეს შეიძლება სრულიად გაუცნობიერებლად სრულდებოდეს რიტუალები, რომლებიც არქაულია და სათავეს წინაქრისტიანულ სამყაროდან იღებს. გარდაცვლილი მამაკაცის პატივსაცემად ხევსურები ყოველთვის აწყობენ დოღს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გულისშემძვრელი სანახაობაა, რაც კი ოდესმე მინახავს. ქალების გოდება, ციცაბო გზებზე საგანგებოდ მოკაზმული უუნაგირო ცხენების ჭენება, ბევრი სასმელი, ლხინი და მიცვალებულისადმი მიძღვნილი ვაჟკაცური შეჯიბრი, რომლის მსგავსი პირველად „ილიადაში“ ჰომეროსს აქვს აღწერილი. გახსოვთ, პატროკლეს დასაფლავება, როდესაც აქილევსი დოღს მართავს და გამარჯვებულებს უხვად აჯილდოვებს. ხევსურულ დოღში გარდაცვლილის ცხენიც მონაწილეობს. მას სულის ცხენს უწოდებნ. მიცვალებულის სული სააქაოს სტოვებს, რომ უკეთეს სამყაროში გადაინაცვლოს. იქ მას პირველები ბიძები – დედის ძმები – ეგებებიან და გაშლილ სუფრასთან მასპინძლობენ. დღეს ხევსურეთი მოსახლეობისგან თითქმის დაცლილი კუთხეა. ეს ტრაგიკული და თითქოს შეუქცევადი პროცესია. მეოცე საუკუნის ორმოცდაათიან წლებში საბჭოთა მთავრობამ ხევსურები იძულებით გადმოასახლა ბარში. უფრო გვიან მათი ნაწილი სამშობლოში დაბრუნდა, მაგრამ მრავალი სოფელი უკვე მაშინ, სამუდამოდ იქცა ნასოფლარად. რაც მთავარია, ხევსურეთის სოფელი და იქაური მეურნეობა უკვე აღარ იყო თვითკმარი. აღარ დათესილა ხორბლეული – ხევსურთა დიდი ნაწილი სამუდამოდ დარჩა ბარში, ბევრმა კი სანახევროდ მომთაბარე ცხოვრების წესი აირჩია – საზაფხულოდ ოჯხებით და საქონლით მთაში ასვლა და საზამთროდ ბარში დაბრუნება. დღეს ხევსურეთში ხუთ-ექვსოჯახიანი დასახლება დიდ სოფლად ითვლება, ზოგიერთ სოფელში კი მხოლოდ თითო ოჯახი ან სულაც ერთი ჯიუტი ადამიანი ცხოვრობს, ათწლეულების მანძილზე რომ არ ტოვებს მამა-პაპისეულ ადგილს. ერთი ასეთი კაცი მიამბობდა: მთელი ზამთრის მანძილზე, საქონლის გარდა, ერთადერთ ცოცხალ არსებას მოვკარი თვალი – მელას, რომელმაც დაახლოებით ასიოდე ნაბიჯზე ჩემი სახლის თავზე გადაჭრა ფერდობი და იმის ნახვა ძალიან გამიხარდაო. ზამთარი ხევსურეთში ყველაზე დრამატული დროა – თეთრი მდუმარება, სიმარტოვე და გრძელი ღამეები გარე სამყაროდან მოწყვეტილ სოფლებში ან ნასოფლარებში. და თუკი ხდება რამე უბედურება, მშველელი არსაიდან ჩანს – ხევსურეთის უმეტეს ნაწილში მობილური ტელეფონიც კი არ იჭერს. ადრე გაზაფხულზე, სანამ მაღალი ბალახი ამოვა, კარგად მოჩანს ნასოფლარები, სახლების საძირკვლები. მაშინ ხვდები, რამხელა ყოფილა ის დასახლებები, სადაც ზამთარში მხოლოდ ერთი-ორი სახლიდან თუ გამოდის კვამლი. შემთხვევითი არ არის, რომ ხევსურები მკვიდრ მოსახლე ოჯახს კვალმს (სხვანაირად კომლს) უწოდებენ. ხევსურეთი ძალიან ლამაზია. ვიწრო, ციცაბო ხეობები, ალპური იალაღები, აქაურებისთვის ყველაზე სანატრელი ნანადირევის – ჯიხვის საბრძანებელი მიუვალი კლდეები და მწვერვალები, მუდამ ჩრდილოეთისკენ მომზირალი დეკით დაფარული ფერდობები და კავკასიონის უტყვი დარაჯებივით შემართული ხევსურული კოშკები და ციხე-სოფლები: კისტანი, ლებაისკარი, შატილი, მუცო… ამ მშრალი წყობით ნაშენ, ფიქლით გადახურულ ძეგლებს უნახავთ მრავალი ომი და უბედურება. ასეთივე კოშკები დგას უფრო ჩრდილოეთით – ხევსურთა ისტორიული მტრების, ჩეჩნების და ინგუშების მიწაზე. ამ ორ ხალხს ხევსურები კრებითი სახელით ქისტებად მოიხსენიებდნენ. ქისტების და ხევსურების ურთიერთობა დიდწილად სისხლით, ერთმანეთზე შურისძიებით და საქონლის დატაცებით იწერებოდა, მაგრამ ეს მთის მკაცრი კანონებით აღზრდილი, ერთნაირი ფასეულობათა სისტემის მქონე ორი ტომის ურთიერთობაცაა, რომელშიც ერთმანეთის პატივისცემასაც იმდენივე ადგილი ეკავა, რამდენიც მტრობასა და შუღლს. ხევსურეთის მთავარი სიმდიდრე მაინც აქაური ხალხია, სტუმართმოყვარე, ამაყი ადამიანები, შვილებს სულ მცირე ასაკიდან როგორც დიდებს ისე ეპყრობიან და ბარში ჩასახლებულებიც საკუთარი მთის კანონების ერთგულნი რჩებიან. ამ საინტერესო ხალხის ბარში გადასახლების პროცესი დღესაც გრძელდება და შეუქცევად ხასიათს იღებს. ეს ეროვნული ტრაგედიაა. ხევსურების გარეშე ხევსურეთისგან მხოლოდ ლამაზი ადგილი დარჩება – მართალია, ძალიან ლამაზი, მაგრამ ცარიელი და უშინაარსო.

ეს საინტერესოა

  • ციხე-კოშკები მუდამ მტრიანი („ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი“, ვაჟა) და ბრძოლის ველზე ნაწრთობი ხევსურები დიდი განსაცდელის ჟამს თავდაცვითი დანიშნულების სამხედრო თუ ლებაისკარი საცხოვრებელ ნაგებობებში პოულობდნენ […]
  • მითოლოგია ხევსურული ზეპირსიტყვიერების ძეგლებს შორის საპატიო ადგილი უჭირავს მითოლოგიურ ლექსებსა და გადმოცემებს, რომელთა გულისგულს ღვთის შვილთა ანუ ლოკალური ხასიათის დარგობრივ ღვთაებათა გაჩენისა და […]
  • საომარი აღჭურვილობა ხევსურების საბრძოლო არსენალი მათივე ტანისამოსის მსგავსად მრავალფეროვანი იყო. თითოეული ხევსური ცდილობდა შეეძინა საუკეთესო იარაღი, როგორც შემტევი-საბრძოლო, ასევე დამცავი საჭურველი. მათ შეიარაღებაში შედიოდა: […]
  • მთასიქითი მთასიქითის ხეობა საკმაოდ დიდია და დათვის ჯვრიდან ანატორამდე გრძელდება. მასში შედიან ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი სოფლები - კისტან-ლებაისკარი, გურო-გიორწმინდა და შატილ-ანატორი. ამ სოფლებში უმეტესად პირაქეთა […]
  • პოეზია ხევსურეთი ხალხური ლექსის სამშობლოა. ხევსურულ პოეზიაში ასახულია ადგილობრივთა ყოველდღიური ცხოვრების ნებისმიერი სფერო. უძველესი კუთხის ისტორიული წარსული მის ძირაქ, ძარღვიან ლექსებშია გადმოცემული. ესაა მართალი […]
  • ფხოველთა უმთავრესი სალოცავი ფხოველებს (საერთოდ კავკასიელ მთიელებს) ჰყავდათ საერთო ღვთაებანი – კოპალა, იახსარი, პირქუში, ხმალა, პირიმზე, თერგვაული, ბერი ბაადური – რომელნიც შემდგომ სათემო სალოცავებად იქცნენ და ხშირ შემთხვევაში წმინდა […]
  • ალპური ხალები (ალპური ხალიჩები) მცენარეულობის ეს ტიპი ძირითადად პირიქითი ხევსურეთში, მასიურ მაღალმთის ალპური და სუბნივალური სარტყლის მიჯნაზე ზღვის დონიდან 2900-3300მ სიმაღლეებზეა წარმოდგენილი. ალპური ხალებს ქმნიან დაბალი ტანის მცენარეები […]
  • სარწმუნოება ხევსურთა სარწმუნოებრივი სისტემა სიმბიოზია წარმართობისა და ქრისტიანობისა. ღვთაებათა სიმრავლე ანუ პოლითეიზმი დასტურია იმისა, რომ უხსოვარ დროში ხევსურები ქრისტიანობამდელი რწმენა-წარმოდგენებით სარგებლობდნენ. მათ […]