ხევსურეთი თორღვა ძაგანისძის დროს

XIII-XVI საუკუნეში ქართული კულტურის გავლენა ჯერ კიდევ ძლიერია ჩრდილოეთ კავკასიის მთიანეთში და ძურძუკეთში იგი ფხოვის გზით შედის. ამ ხანებში ხდება ზოგიერთი თავადის აღზევება, რომლებიც სამეფო ხელისუფლებასთან დაპირისპირებით ცალკეულ თემებს იმორჩილებენ, რაც მანამდე საქართველოში არ ყოფილა. ეს გამოწვეული იყო, ერთი მხრივ, მეფის ხელისუფლების დასუსტებით, მეორე მხრივ კი მონღოლთა პოლიტიკის გავლენით.
ამ პერიოდს ემთხვევა ჯერ კახეთ-პანკისის ერისთავის თორღუა პანკელის, შემდეგ მისი უკანონო მემკვიდრის, მუცოს დაბადებული თორღვა ძაგანისძის თუშ-ფშავ-ხევსურეთში აღზევება-გაბატონება. თორღვას გავლენა ვრცელდება არა მარტო ფხოვზე, არამედ ქისტებსა და დიდოელებზეც.
ხევსურნი, რომელნიც თავს მხოლოდ ჯვრისა და მეფის ყმად მიიჩნევენ, მაგრამ თვით მეფეთაც ხშირად არ ემორჩილებიან, სიამოვნებით იგონებენ თორღვა ძაგანისძესა და იმის დროს: “გამიგონიან ხევსურნი, თორღვას რო ჰყვანდეს ყმანია….” – ამაყად ამბობს ხევსური მელექსე. თორღვას დროს ხევსურეთი ძლიერია. მთიელთა დახმარებით თორღვა ცდილობს წინაპართა მემკვიდრეობის დაბრუნებას ქართლ-კახეთშიც. მაგრამ მეფე გიორგი V ბრწყინვალეს მიერ მთიანეთში გატარებული რეფორმებით საფუძველი შეიქმნა თორღვა ძაგანისძის დაცემისა. მეფემ აღზევებული და განდგომილი ერისთავები ”ჰერეთ-კახთა და სომხითის ერისთავნი… კახეთს ცივზედ მიიწვია და ამოსწყვიტა.”
თორღვა მეფესთან არ გამოცხადებულა, მიუხედავად მიწვევისა: თორღვავ გიბარებს ბატონი, კახეთს ჩამოდი ბარადა…” მაგრამ მას მოსყიდული ძმობილი, ფშაველი ჩოთა ღალატით კლავს.
გათავდა ერისთავ-ერისთავთა, ძაგანისძეთა გვარი და დასრულდა მათი ბატონობა, რომელნიც ხალხურმა მთქმელებმა ბაგრატიონთა გვარში გაურიეს და მოგვიანებით ზურაბ არაგვის ერისთავის პიროვნების წარმოსახვისას კვლავ გაიხსენეს.

მომზადებულია შოთა არაბულის წიგნის ”ისტორიული თავგადასავალი ხევსურთა”-ს მიხედვით