თემი

ხევსურეთი ხეობების, გვარებისა და სოფლების მიხედვით დაყოფილია თემებად. თითოეულ თემს, შემდეგ სოფელს და გვარს ჰყავს თავისი სათემო, სასოფლო და საგვარეულო ჯვრები. თითოეულ თემს, სოფელს, კომლს და საკუთრივ ჯვარს აქვს ოდითგანვე თავისი სამან – სამძღვრით დადგენილი მთა, ბარი, ტყე და წყალ – ჭალა.

khevsur


თემსა თუ სოფელს ერთპიროვნული მმართველი არასოდეს ჰყოლია. ურთიერთშორის ყველა სადავო საკითხი წყდებოდა კოლექტიური თავშეყრის დროს (უფრო ჯვარში) და გადამწყვეტი სიტყვა ეძლეოდა იმ დროისათვის თემში სხვებისაგან თავისი ცოდნითა და გამოცდილებით გამორჩეულ კაცებს, რომელთაც თავად მოდავე მხარეები ამოირჩევდნენ როგორც თავისი თემიდან, ასევე მოიწვევდნენ სხვა თემებიდანაც.
მხოლოდ გვარს, მამიშვილობას შინაური საქმეების მოსაგვარებლად, მრჩევლად და მტერ – მოყვარესთან ურთიერთობის დასარეგულირებლად ჰყავდა უფროსი. ძველ დროს ასეთ პიროვნებას ბავშვობიდანვე საგანგებოდ ამზადებდნენ და უფრთხილდებოდნენ.
ხევსურეთის ერთ – ერთი ყველაზე დიდი გვარი არაბული შიგნით კიდევ ოთხ დამოუკიდებელ თემად (ძირად) არის დაყოფილი, რაც სხვა გვარებში არ გვხვდება. ეს დაყოფა არის არა ტერიტორიული ნიშნით, არამედ ჯვარმსახურებისა და წარმომავლობის ნიშნით.
ერთპიროვნული მსახური ჰყავს მხოლოდ ჯვარს და ასეთი პიროვნება ერთდროულად შეიძლება რამდენიმე კაციც იყოს. ჯვრის სამსახურში ჩადგომა (ხევისბერ – დეკანოზობა, ქადაგობა) ჯვრის ნებით ხდება და არა არჩევით, ზოგჯერ შთამომავლობითაც გადადის.
ხევსურეთის თემები და მათი მკვიდრნი ერთმანეთისაგან რამდენადმე განსხვავდებიან ბუნებრივი პირობებით, შინაგანი ხასიათით, ჯვარ – ხთიშვილთა ბუნებით, სახუცო ტექსტებით, ჩვეულებებით, აღჭურვილობითა და ნაჭრელა – ორნამენტით.

მომზადებულია შოთა არაბულის წიგნის ”ისტორიული თავგადასავალი ხევსურთა”-ს მიხედვით