ციხე-კოშკები

მუდამ მტრიანი („ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი“, ვაჟა) და ბრძოლის ველზე ნაწრთობი ხევსურები დიდი განსაცდელის ჟამს თავდაცვითი დანიშნულების სამხედრო თუ ლებაისკარი საცხოვრებელ ნაგებობებში პოულობდნენ საიმედო თავშესაფარს, შედარებით სიმშვიდესა და ფიზიკური განადგურებისგან გადარჩენის რეალურ შესაძლებლობას. ხევსურეთის საუკუნოვანი ციხე-კოშკების ერთი წყება დღესაც მყარად, ამაყად დგას მრავლისმომსწრე მიწაზე და ზვიადი მზერით მიაცილებს მარადისობაში დღეებს, თვეებს, ასწლეულებს… ქვის სიმფონიის, თუ შეიძლება ასე ითქვას, უთვალსაჩინოესი ნიმუშია „შუღლწაუგები“ შატილი. მხარბეჭით ერთურთს მიყრდნობილი ქვითკირების ხილვა ღრმა, წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს ადამიანში. ანონიმი დამგეგმარებლების, ძველი ტერმინოლოგიით „ქვითხუროთა მოძღუართა“ მიერ ხორცშესხმულ ციხე-სოფლის ჟანგიან კედლებს ის შრეული ეპოქებიც ცხადად ახსოვთ, როცა თოფისა და ტყვია-წამლის ნაცვლად, ადგილზე ნაჭედი ხმალი და პრიმიტიული მშვილდ-ისარი თავმოყვარე მთიელების უმთავრესი საომარი იარაღი.
ძველო დრო მაშინ ყოფილა,
მშვილდნი რო სჭექდეს რქისანი,
ეყარა ციხის კარებში
ნალეწნი ფრანგულისანი…
ციხე-სიმაგრეების ასაშენებლად, სტრატეგიული თვალსაზრისით გამართლებულ, ვარგის, ხელსაყრელ ადგილებს არჩევდნენ. უბზარო, მტკიცე ბალავარი იყო გარანტი იმისა, რომ თავდაცვითი ფუნქციის მატარებელი ობიექტის ამტანობაზე, გამძლეობაზე, დიდ სამომავლო პერსპექტივასა და დღეგრძელობაზე ეფიქრათ. აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში ციხე-კოშკებს ადგილობრივ ოსტატებთან ერთად, ჩრდილოკავკასიელი ქვითხუროებიც აშენებდნენ. მათ ჯალამბარის გამოყენებით ქვების მაღლა აზიდვისა და ტანსწორი კედლების აგების დიდი გამოცდილება ჰქონდათ და თავიანთ პრაქტიკულ ცოდნას მეზობელი ტომების ტერიტორიებზეც იყენებდნენ. ქვითხუროთა ინდივიდუალობა, ხელწერა, შემოქმედებითი ნიჭი და თავისთავადობა დასრულებული ნაგებობის გარეგან სახეზე აღიბეჭდებოდა. „ისეთა ხელოსან აგებდა, რო ერთ დღესაც დილაღამიანად გასულივ შებინდებისას ჩამახდავ ციხეზეითავ, ფეხონს მიუახლოვდავ, მფარგვერდზე შამაწვავ და თქვაევ ამაქშენითავ: „უუჰავ, დღესავ ციხეივ სამ ქვეით მეტ იქნავ“… ე.ი. მთელი დღის განმავლობაში სამ ქვას დებდა თურმე… ხევსურეთში, ისევე როგორც საქართველოს სხვა მთიან კუთხეებში, ციხე-კოშკების რაოდენობა მათი პრაგმატული საჭიროებით განისაზღვრებოდა. ნაგებობის სტრატეგიული დატვირთვა სასაზღვრო ტერიტორიების დაცვასა და გამაგრებაშიც მდგომარეობდა. რაც უფრო ხშირი იყო მოლოდინი მტრის შემოსევისა, მით მეტი თავშესაფრის აგება უწევდა ამა თუ იმ ხეობას, თემს, სოფელს. ხევსურეთში ამ მხრივ აღსანიშნავია, „მიღმახევის“ სახელწოდებით ცნობილი ადგილი, სადაც რამდენიმე სოფელი (დღეს უკვე ნასოფლარები) ირიცხებოდა. მთის კლდოვან ფერდობებზე გაშენებული საცხოვრისები შორიდან ისე მოჩანდა, როგორც შუა საუკუნეთა კოშკების მკაცრი კომპლექსი. განსაკუთრებული არქიტეტურული წყობით, სამშენებლო ხელოვნებით და შეუვალობით გამოირჩევა მუცო. ეს გახლავთ საომარი კოშკების, საცხოვრებელი ქვითკირების, საკულტო ძეგლებისა და სამკვდრო აკლდამების განსაცვიფრებელი ერთიანობა, ჟამთა სიავეში გალავანმოშლილი ხელთუქმნელი ჰარმონია, რომლის სიდიადე მისი გაცნობის ყოველმა მსურველმა უშუალოდ უნდა ნახოს და განიცადოს (სიტყვა სუსტი და უძლურია ამ სწორუპოვარი ისტორიული ნამოსახლარის დასახასიათებლად!). შატილისკენ მიმავალი მგზავრის მზერას უსათუოდ დაამახსოვრდება ლებაისკარის, კისტანისა და ქაჩუს ციხე-სიმაგრეები. თითოეულ მათგანთან დაკავშირებულია ჰეროიკული სულისკვეთების ამბები, ხალხური ლექსები და ფანტასტიკური დეტალებით გამდიდრებული გადმოცემები…. ორიოდე ნიშანდობლივი ფრაგმენტი ხევსურული ხალხური პოეზიიდან:
ნისლ ძესა ლებაისკარსა სუ მუდამ აუყრელადა,
აბაშას ტანზე ჯაჭვ სცვავა სუ მუდამ წაუყრელადა.
კისტანს მოვიდა ლაშქარი ლეკისა ახვაისაო,
აბულეთაურთ ციხესა, კარი არ შახსნან ხისაო…
ციხე-სიმაგრე, სიმბოლური გააზრებით ცისა და მიწის დამაკავშირებელია. მითოსური გაგებით ის სამყაროს კოსმიური საყრდენია. ციხის შუამავლური მისიის მითოლოგიური კონცეფციის თვალსაჩინო გამოხატულებაა პოეტური თქმულების შესანიშნავი ნიმუში „შურის ციხე“. ლექსი ასე იწყება:
კვირაე დაღამებადა მთას გადავიდეს მზენია,
გაწირეს შურის ციხეი, საცა სიმაგრე ძველია,
ხმალას რო მდგარან ციხენი, ცას მიზდენია წვერია,
ციხე ყოფილა ცხრათვალი, დახედულ მშვენიერია…
ალვისხის წვერზე მიბმული ცხრაკეცი შიბით ხმალას ციხე ზეცასთან ამყარებდა უხილავ კავშირს. ამ შიბზე ანგელოზები სხდებოდნენ და წვრილ ხმაზე გალობდნენ. და როცა შინაურმა მოღალატემ შემოსეულ მტერს ციხის გვერდზე მდგარი მირონმდინარი ალვის ხის მოჭრის საიდუმლო გაანდო და მუხანათურმა ცდამ შედეგი გამოიღო: შუბ გაწყდა, ცისკე წავიდა, წიოდა, როგორც გველია… ლექსში, „შურის ციხე“ მთის თეოკრატიული მმართველობის თანდათანობის მოშლის აპოკალიფსური პროცესია აღბეჭდილი. საბრძოლო კოშკები – მთის მოსახლეობის ყოფითი სინამდვილის ორგანული ატრიბუტები – დროის დინების კვალდაკვალ კარგავდნენ თავიანთ რეალურ ფუნქციას და მნახველის მიერ რელიეფის არქიტექტურულ „სამკაულებად“, სამშენებლო ხელოვნების საკვირველ ნიმუშებად აღიქმებოდნენ. ხოლო იმ დროს, როცა მიუვალ კლდეებსა თუ მთა-გორებზე, სულწუხი ხეობების შესასვლელებსა თუ მზისგან დამწვარ ზეგნებზე სათვალთვალო კოშკები შენდებოდა, ხუროთმოძღვრების ამ ძვალმაგარ ძეგლებს სრულიად, ყოფითი, არაესთეტიკური, საჭიროებითი დანიშნულება ჰქონდათ… ხევსურეთის მიწა-წყალზე დღემდე მდგარ თუ გაბზარულ, ანდა უკვე ჩამოშლილ სიმაგრეებს შორის თავიანთი საკრალური ისტორიებით და უჩვეულო თავგადასავლებით იქცევენ ყურადღებას ფერაულთა ციხე ხახმატში, შუქიაურის ციხე ახიელაში („ახიელ თეთრსა ციხესა ჩარდახი ჩამასდისაო…“) და თინიბექაის ციხე ბაცალიგოში („თინიბექ, შენსა ციხესა მარჯვენა კუთხე ჰსქდებაო…“). საისტორიო თემატიკის ხევსურულ პოეზიასა თუ ეთნგრაფიულ წყაროებში ციხე-კოშკი სიუჟეტის ისეთივე სრულფასოვანი პერსონაჟია, როგორც კაი ყმა, მისი მცველი და პატრონი, ვინც იმისთვის გაუჩენია უფალს, რომ ხალხს ემსახუროს და მტერსაც წარბშეუხრელად შეაკვდეს, თუკი სამშობლომ დაისაჭიროვა.

ეს საინტერესოა

  • ხევსურეთი აღმოსავლეთ კავკასიონზე, კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ და ჩრდილოეთ კალთებზე, ცხოვრობენ ხევსურები – თავისებური ბედისა და ხასიათის მქონე ხალხი, რომელთა დრამატული ყოფა, უცნაური, ყველასგან […]
  • ფოტო კონკურსი ვისაც გიყვართ, გიმოგზაურიათ, ან ხართ ხევსური, გაქვთ გადაღებული საინტერესო ფოტოები, მაშინ გამოგვიგზავნეთ ჩვენს ფეისბუქის გვერდზე www.facebook.com/khevsureti.ge მესიჯებში. 3 სექტემბერს ღამის 00:00 საათზე […]
  • ტყის სარტყლის მცენარეულობა მდინარისპირული ტყეები ძირითადად წარმოდგენილია მურყნარებით (Alnus barbata, A. incana), რომელსაც ერევა ტირიფის სახეობები (Salix exelsa, S.alba). ცალკეულ ადგილებზე გვხვდება ასევე ოფი (Populus nigra) და ხვალო […]
  • გიორგი არაბული – ხევსური მე ერთი ქვა ვარ შატილის კოშკის, ლებაისკარის ქვითკირის ზღუდე, იახსრის კლდე ვარ, ლოდი ვარ როშკის, თორღვას ციხეში არწივის ბუდე. მე ხომ არაგვის ერთი წვეთი ვარ, უღელტეხილის გრილი ვარ წყარო, გუროს […]
  • მიღმახევი მიღმახევი მთასიქითის მეზობლად, მდინარე არღუნის (მიღმახევის წყლის) ხეობაში მდებარეობს. მიღმახევის სოფლებს არ ახასიათებს პირაქეთისთვის დამახასიათებელი ტერასულ-კალოიანი არქიტექტურა. ისინი უმეტესად […]
  • მთასიქითი მთასიქითის ხეობა საკმაოდ დიდია და დათვის ჯვრიდან ანატორამდე გრძელდება. მასში შედიან ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი სოფლები - კისტან-ლებაისკარი, გურო-გიორწმინდა და შატილ-ანატორი. ამ სოფლებში უმეტესად პირაქეთა […]
  • მითოლოგია ხევსურული ზეპირსიტყვიერების ძეგლებს შორის საპატიო ადგილი უჭირავს მითოლოგიურ ლექსებსა და გადმოცემებს, რომელთა გულისგულს ღვთის შვილთა ანუ ლოკალური ხასიათის დარგობრივ ღვთაებათა გაჩენისა და […]
  • სუბალპური მაღალბალახეულობა (Tall Herbaceus) მცენარეულობის ეს ტიპი ფართოდაა გავრცელებული ფშავსა და ხევსურეთში. მისი გავრცელების გარემო მოიცავს ზღვის დონიდან 1800-2200მ სიმაღლეებს. ყველაზე ფართოდ არის გავრცელებული სოსნოვსკის დიყი (Heracleum sosnowskyi). […]