ჩემი ხევსურეთი

ერთ ძველ და საინტერესო სტატიას წავაწყდი და მინდა თქვენც გაგიზიაროთ, არჩილ ქიქოძის სტატიაა ცხელ შოკოლადში გამოქვეყნებული.
ხიდოთანი
ხევსურეთში არის სოფლები, რომლებიც აღარასოდეს აღდგება. დათვისჯვრის უღელტეხილიდან შატილისკენ რომ დაეშვები, ერთ მოსახვევში გუროს ნასოფლარი მოჩანს. შორს ხეობაში ერთი წამით გამოჩნდება ციცაბოზე აშენებული გურო და ისევ მოეფარება თვალს. რამდენიმე წლის წინ კოშკიც მოჩანდა – მერე ჩამოინგრა. აღარ არსებობს. ასეთი ძალიან ბევრი ნასოფლარია ხევსურეთში. 2003 წელს ჩემ იქ ყოფნაში უკანასკნელი მაცხოვრებელი წამოვიდა სოფელ

არჭილოდან და ბარში გადასახლდა, იქ კი მანქანამ დაარტყა და სამუდამოდ ჩააგდო ლოგინში. კიდევ არის სოფლები, ერთი ოჯახი, ანდა სულაც ერთი ადამიანი რომ ასოფლებს. ერთ ასეთ სოფელში, რომელსაც ეხლა არ დავასახელებ, ცხოვრობს წყვილი, რომელიც უკვე ნელ-ნელა შედის ასაკში. მათი შვილები დაოჯახდნენ და იქაურობას მოსცილდნენ. ჰოდა, ერთხელაც იქ ყოფნისას ოჯახის დიასახლისი მიყვებოდა: მე და ჩემი ქმარი კლასელები ვიყავით ბარისახოს ინტერნატში, ერთმანეთი შეგვიყვარდა და ბანკეტის მერე გამოვიპარეთ; ოღონდ არ უთქვამს, ამ სოფელში მარტო თვითონ რომ ცხოვრობდაო, მატყუებდა: დიდი სოფელიაო. ამ ბილიკზე რომ ამოვდიოდით და სახლი რომ გამოჩნდა, მაკოცა და მე ვუთხარი: სირცხვილია, ხალხი გვიყურებსო! თურმე ხალხი კი არა, საფრთხობელები იყოო…

აი, ეგეთი ამბებითაა სავსე ხევსურეთის ცხოვრება, რაღაცნაირი მაგარი, სევდიანი და მნიშვნელოვანი ამბებით. როცა მეკითხებიან, რომელია საქართველოს ყველაზე ლამაზი კუთხე, სვანეთსა და თუშეთს ვასახელებ, მერე ხევსა და ჯავახეთს მოვაყოლებ ხოლმე და ყოველთვის დავამატებ, რომ სიყვარულით ყველაზე მეტად ხევსურეთი მიყვარს, დანარჩენების გვერდით კი იმიტომ არ ვასახელებ, რომ ეს ჩემთვის უბრალოდ ლამაზი კუთხე არაა. ხევსურეთს ყველაზე მეტი სიხარული უჩუქებია ჩემთვის და საპასუხოდ არაფერი მოუთხოვია. ხარ იქ და ხარ, არ ხარ და არაფერი შეიცვლება უშენოდ ხევსურეთის და ხევსურების – ამ თითო ოროლად დარჩენილი ამაყი და თავისებური ხალხის ყოფაში. ჩავსულვარ და არც გაკვირვებიათ ერთი ან ორი წლის მერე ჩემი გამოჩენა სოფლისკენ მიმავალ გზაზე, ისე მომსალმებიან თითქოს გუშინ დავშორებულიყავით ერთმანეთს. ჩემთან სახლში კიდევ – თბილისში, ყველაზე ძნელი შემოსატყუებლები არიან. ხევსურს არ უყვარს ქალაქი, მართლა არ უყვარს. ითრგუნება და იბუზება იქ. ხევსურეთისკენ კიდევ ბარიდან წამოსული ნელ-ნელა ლაღდება და ხანდახან გიჟმაჟდება კიდეც.
ერთი მეგობარი მიყვებოდა: მასპინძლის სულ პატარა შვილთან ერთად ავდიოდი რაღაც დიდ აღმართს, ძაან დავიღალე (მგონი, ნასვამიც იყო), გავჩერდი, ვეღარ მივდიოდი და ბავშვს ხევსურულად ვუთხარი: «შეძლება აღარ მაქვს, უთურგავო!» უთურგას კიდევ – შეძლების ღმერთი გულშიაო! – უპასუხია. აი, ეგეთები არიან, რა. მაგაზე მეტი რა უნდა დავწერო ეხლა მე ხევსურეთზე. ბავშვებს აქ ყოველთვის დიდებივით ექცეოდნენ, ლაღად ზრდიდნენ. აქაურობის ყოველი გოჯი კი მითოსითაა სავსე, თანაც არსად მითს ისეთი კონკრეტული გეოგრაფია არ აქვს, როგორც ხევსურეთში. კიდე ხევსურული დღეობები, მიცვალებულის დოღი… მე ბედნიერი ვარ რომ ეს ყველაფერი ჩემი თვალით მინახავს და რაღაც ძალიან ძველს და ფესვებისმიერს შევხებივარ თუნდაც ყოვლად გაუცნობიერებლად.
კიდევ იმით ვარ ბედნიერი, რომ ამ კუთხის რამდენიმე სოფელში და გვარში მიმესვლება. სადაც უნდა ვიყო, ჩემი გული ხევსურეთისკენ გაიწევს, ყველაზე მეტად კი მიღმახევისკენ – თითქმის მთლად დაცლილი თემისკენ საქართველოსა და ჩეჩნეთის საზღვარზე. მუცო ხომ გაგიგიათ – ამაყი და ამპარტავანი თორღვას კლდეზე ნაშენები მუცო. აი, მუცო მიღმახევშია. მის ციხე-კოშკებს რომ გასცდები, ორწყალთან არდოტისკენ თუ არ გადაუხვევ და პირდაპირ ივლი, მალე მიადგები ხონისჭალას, სადაც ცხოვრობენ შეთეკაურები, რომლებიც ძალიან მიყვარს (მაგრამ სახლში, თბილისში იმათაც ვერ ვიტყუებ). იქიდან ხუთ კილომეტრში შეთეკაურების საზამთრო სოფელი ხონეა – უკანასკნელი დასახლება, სასწაული ადგილი, პირდაპირ საჯიხვის ძირში. მთებზე რომ ჩამოთოვს ხოლმე, ჯიხვები სოფლიდანაც შეიძლება დაინახო. აქ დილით კაკბების კაკანი გაღვიძებს და ერთხელ თვეზე მეტი ვცხოვრობდი ხონეში და ყოველ ცისმარე დილას, გაღვიძებულს რომ მახსენდებოდა სადაც ვიყავი, გული სიხარულით მევსებოდა. მგონი, ეგეთი ბედნიერი იშვიათად თუ ვყოფილვარ. იმის მერე, აგერ უკვე მერამდენე წელი გადის და მაგდენი ხნით ვეღარ ავბარგდი ხევსურეთში და მარტო იმაში არ მგონია საქმე, რომ ჩემს თვალსა და ხელს შუა წამოზრდილ ოჯახს დიდი ხნით ვეღარ ვტოვებ, უბრალოდ მგონია, რომ ისე ლამაზად და კარგად აღარ იქნება ყველაფერი – უბრალოდ არ შეიძლება, რომ ერთი და იგივე ორჯერ განმეორდეს. იმდენი ხნით აღარ ჩავდივარ, თორემ ისე, მგონი, ვერც გავჩერდები წელიწადში ერთხელ მიღმახევი და ხონე – ხონისჭალა რომ არ მოვინახულო.
ყველაზე ლამაზია ხონე შემოდგომაზე, როცა ბალახი უკვე გათიბულია და სოფლის გარშემო უზარმაზარი ძაბრის მსგავსი არემარე უთვალავი პატარა თივის ბულულით არის დაფარული. მამაჩემს უყვარდა ამ თივის ბულულების გადაღება – უამრავი ფოტო აქვს მათთვის გადაღებული. ჯერ ბიძაჩემი ზურა იყო შეთეკაურების პირველი სტუმარი, მერე მამაჩემმა დაიწყო იქით სიარული და ბოლოს მეც. 2005 წლის ზაფხულში, როდესაც ზალიკო დაიღუპა, მიღმახევში, რომელსაც გარე სამყაროსთან არც მობილურით და არც სხვა რამ საშუალებით არა აქვს კავშირი, ეს ამბავი გვიან მივიდა. მაშინ შეთეკაურებმა და ზვიადაურებმა მამაჩემის სახელზე წყარო ააგეს ხონის წყლისა და ჰუროს წყლის შესართავში. მამაჩემისთვის უკეთეს ძეგლს ვერც ვერავინ ინატრებდა და ვერც ვერავინ მოიფიქრებდა.
ერთხელ ჩემი თვალით ვნახე, ორი ოჯახი სამუდამოდ როგორ სტოვებდა მიღმახევს და ბარში მიდიოდა საცხოვრებლად. ისინი დიდ სატვირთო მანქანაზე აბარგდნენ და წავიდნენ. მე ხონისჭალაში დავრჩი სპირტისგან ისეთი გაბრუებული, რომ ერთი დღე-ღამე მეძინა მერე, ლოგინიდანაც გადმოვვარდნილვარ და ბევრი სისულელეც მილაპარაკია, მაგრამ არაფერი მახსოვს. სამაგიეროდ ის წასვლა დამამახსოვრდა და თბილისში ჩამოსულმა დავწერე მოთხრობა, რომელიც, ცოდვა გამხელილი სჯობია და, დღემდე მომწონს – მიყვარს კიდეც. რამდენიმე მეგობარმა, რომელმაც ეს მოთხრობა წაიკითხა, მკითხა: ესენი გზაში იღუპებიანო?! მე არაფერი მსგავსი არ მქონდა ჩაფიქრებული, მაგრამ მათ ჩათვალეს, რომ დიდი სატვირთო მანქანა, რომლის წასვლითაც მოთხრობა მთავდებოდა, აუცილებლად უნდა დაღუპულიყო სადმე გზაში. გავიდა ორი წელი და იგივე მანქანა, იგივე მარტყოფელი მძღოლით, რომლის სახელიც არ ვიცი და რომელიც ჩემი მოთხრობის გმირი იყო, უღელტეხილზე გადაიჩეხა. მძღოლიც დაიღუპა და კიდევ ორი ადამიანი. აი, ეგეთი ამბავი იყო.

არ ვიცი, სხვა რა გითხრათ. მე მიყვარს ხევსურეთი – კლდესა და კლდეს შორის გამომწყვდეული პოეტების ქვეყანა.

.

არჩილ ქიქოძე – ჩემი ხევსურეთი  http://www.shokoladi.ge/node/56

ეს საინტერესოა

  • სახელწოდება „ხევსურეთი“ სახელწოდება „ხევსურეთი“ შერქმეული აქვს მხარის მთიანი, ხევებიანი ადგილმდებარეობის გამო. ამ სახელწოდებით წყაროებში XV საუკუნიდან იხსენიება. ხევსურეთის ადრინდელი სახელწოდებაა ფხოვი (ასე ეწოდებოდა მას ფშავთან […]
  • ხევსურული ლუდი ხევსურეთში გამეფებულია ლუდის კულტი. ლუდი აქ ღვთიური სასმელია და ღვთაებათა სადიდებლად დუღს. ხევსურთა თქმით, არაყი ‘’ეშმაკის ნაორთქლია’’ (გაფუებული პურის მარცვლის არაყს ევროპაშიც ‘’ეშმაკის არაყს’’ […]
  • ხევსურული “ქათიბები” ძველი ხევსურული ნაქარგი […]
  • გიგო გაბაშვილი – ხევსურული უდიდესი ქართველი მხატვარი – გიორგი (გიგო) გაბაშვილი ქართული რეალიზმის წარმომადგენელია და მას თავისი ადგილი უკავია ქართული ფერწერის განვითარების ისტორიაში. მის სახელს უკავშირდება დამთავრებული ჟანრული და […]
  • ხევსურული საღამო – “ჩემი ხევსურეთი” 9 დეკემბერს, ხევსურული საღამო გაიმართა შერატონ მეტეხი პალასში. მონაწილეობა მიიღეს,როგორც ბარისახოდან ჩამოსულმა ხევსურებმა ასევე,ადგილობრივებმა.მოეწყო გამოფენა,ბარისახოს სკოლა-პანსიონის მოსწავლეებმაც […]
  • მაისურები საიტის და ზოგადად ხევსურეთის პოლულარიზაციის მიზნით, გვინდა დავბეჭდოთ მაისურები.  ამისათვის კი გვჭირდება დაფინანსება. წინა მხარეს ლოგო, ხოლო ზურგზე ფარ- ხანჯალი და ეწერება ცნობილი,  გამორჩეული გამონათქვამი, […]
  • ხევსურული დღეობების კალენდარი სტილი დღეობები და უქმეები ძველი ახალი 25-XII 7-I ქრისტე 1-I 14-I წელწადნი 2-I 15-I კუმეტი 5-I 18-I წყალკურთხევა 6-I 19-I განცხადება აღება / ხორც. […]
  • თეონა ქუმსიაშვილის საღამო 27 იანვარს თეონა ქუმსიაშვილის საღამო გაიმართა, ქალაქ დუშეთის კულტურის სახლში. 2011 წლის 27 იანვარს ის 27 წლის უნდა გამხდარიყო, მაგრამ სამწუხაროდ ის დღეს ჩვენთან აღარ არის. ერთ მისდამი მიძღვნილ […]

8 thoughts on “ჩემი ხევსურეთი

  • 02/07/2011 at 15:08
    Permalink

    საინტერესო სტატიაა :))) ცოტაც შემაჟრიალა :))))

  • 13/07/2011 at 11:10
    Permalink

    ავტორი ვინაა ამ სტატიის? მე მგონი ეგ მოთხრობა მაქვს წაკითხული…

    • 15/07/2011 at 17:44
      Permalink

      “არჩილ ქიქოძის სტატიაა ცხელ შოკოლადში გამოქვეყნებული” სტატიის თავში და ბოლოში წერია წყარო

  • 10/08/2011 at 15:48
    Permalink

    Avtori Shem0gevlE Ese r0 GiyvARs Xevsuri xalxi Da XevsureTi : * … )))

  • 18/08/2011 at 14:07
    Permalink

    რას იტყვით ბიჩინაშვილებო და რომელ გვარსაც ქისტებად მოიხსენიებენ,მეთანხმებიიტტტ,მე არავის წინააგმდეგი არა ვაარ მარა ცოტა ცუდი ინფორმაციები დეევს ჩემი აზრით

  • 18/08/2011 at 14:09
    Permalink

    შემოვევლე ყველა გვარის ხალხს(ამჯამად მთის ხალხზე ვლაპარაკობ იმედია არავის ეწყინება იმიტო როთემაა მთის ხალხზეეე)))))

  • 11/08/2012 at 14:40
    Permalink

    ძაან მაგარი სტატიაა…მიყვარს ხევსურეთი მარა ჩემი თუშეთი ერთადერთია და მას ვერაფერი შემიცვლის..(Y)(Y):*:*:*

  • 09/04/2014 at 16:31
    Permalink

    საინტერსო სტატიაა მემგონი მოთხრობააა სადღაც წამიკითხია

Comments are closed.