ყოფითი კულტურა სწორფრობა

ხევსურეთის გაუკუღმართებულმა ყოფამ გასული საუკუნის შუახანებამდე შემოინახა ქალ-ვაჟის ურთიერთობის ის უჩვეულო ფორმა, რომელიც „სწორფრობის“ სახელწოდებითაა ცნობილი.„სწორფერი“ ნიშნავს გულსა და მსგავსს.დაუოჯახებელ ხევსურ ქალ-ვაჟს (სხვა კუთხის ვაჟთან ქალი არ დაწვებოდა) ჰქონდათ უფლება მთელი ღამის განმავლობაში ერთად წოლისა და ალერსისა. წელსზემოთ ეხებოდნენ ერთმანეთს, წელსქვემოთ – არა. მათ შუა იდო ალესილი მახვილი. ეს იყო სიმბოლური და, ამასთან, საბედისწერო ზღვარი, მკაცრად დაცული მიჯნა თუ საგანი, რომლის გადალახვა არ შეიძლებოდა.ვისაც ნებისყოფა ღალატობდა, თავგზა ეკარგებოდა და აკრძალული ხილის ხილვას მოისურვებდა, ხალხში სახელი უტყდებოდა და ცხოვრების დასასრულამდე სამარცხვინო დამღად გაჰყვებოდა თავისი უსაფერო საქციელი. სწორფრობის ჩაშლაც ჩვეულებრივი მოვლენა იყო ხევსურეთში. ეს ხდებოდა მაშინ, როცა ქალისა თუ ვაჟის ზნეობრივი სიწმინდე ეჭვქვეშ დადგებოდა. სწორფრობა საპირისპირო სქესის წარმომადგენელთა პიროვნული ღირსების, სინდის-ნამუსისა და ავტორიტეტის გამოცდის ძალზე საგულისხმო საშუალებას წარმოადგენდა. სწორფერთა ურთიერთობას აგვარებდა ელჩი ანუ შუამავალი, რომელიც უმეტესად ერთ-ერთი მასპინძელთაგანი იყო. იგი, თავისი გარჯის სანაცვლოდ, საიქიოში ცხონდებოდა. ასე სწამდათ და თავს არ ზოგავდნენ, რათა საფერი სწორფერნი ერთურთისთვის შეეხვედრებინათ. „დღიანი“ სწორფერნი ხალხის პატივისცემით სარგებლობდნენ. ახლობლებს ჰქონდათ მათი იმედი და ყველაფერში ენდობოდნენ. სწორფერებს (ნანდაურებს) არ ჰქონდათ შეუღლების, ოჯახის შექმნის, ერთურთისთვის ბედის დაკავშირების უფლება. საუკუნოვანი ადათის უგულვებელყოფის შემთხვევაში, თემი თუ სოფელი მათ შეაჩვენებდა, შერისხავდა და სიკვდილი თუ არა, მოკვეთით, სხვაგან გაძევებით და ამანათად ქცევით მაინც დასჯიდა. სწორფრობის („წოლა-დგომის“, „დობილ-ძმობილობის“) ინსტიტუტის წარმოშობის ისტორია დღემდე ბურუსითაა მოცული. ეს ჯერაც ამოუცნობი ფენომენია. არის საინტერესო მეცნიერული ცდები ამ ლოკალური მოვლენის არსში ჩაღრმავებისა და გარკვევისა. მის არსებით თავისებურებებს სწავლობენ ეთნოგრაფები, სოციოლოგები, ფსიქოლოგები, მედიცინის მუშაკები და მაინც ვერ ხერხდება სათანადოდ დასაბუთებული და დამაჯერებელი ცალსახა პასუხის გაცემა კითხვაზე: რა არის სწორფრობა? „არასრულად რეალიზებული სასიყვარულო ენერგიის სუბლიმაციის შედეგად“ (ლ. გაბური) ხევსურეთში იქმნებოდა სწორფრული პერიპეტიების ამსახველი უმშვენიერესი სატრფიალო პოეზია. სწორფერთან თავის გამოჩენის ფარული წადილი ვაჟებს საგმირო საქმეების ჩადენისკენ მოუწოდებდა, რაც, თავის მხრივ, შესაფერისად აირეკლებოდა მაღალმხატვრულ ხალხურ ლექსებში. საყურადღებოა თვალსაზრისი, რომლის თანახმად, „ხევსუ-რებმა სწორფრობა შემოიღეს უიმედოდ შეყვარებულ წყვილთა (რომელთაც ჯვრისწერის უფლებას რჯული არ აძლევდა) ტანჯვის შესამსუბუქებლად და არა მათი ნებისყოფის აღსაზრდელად“ (ლ. გაბური). ლაკონიური ფორმულის სახით ჩამოქნილი ხალხური შეხედულება – „სწორფრობა ხთის გაჩენილ ას“ – ნათლად მიანიშნებს, რომ საქმე საღვთო, ამაღლებულ, სპეტაკ ზნეობრივ იმპერატივებზე დაფუძნებულ საზეო სიყვარულთან გვაქვს.სწორფრობის საფუძველზე აიხსნება ხევსურული სამოსის („ტალავერის“) უნიკალურობა, უმთავრესი ფაქტორი, რამაც ხევსურ ქალთა ხელსაქმის (ქსოვა, ქარგვა) ხელოვნების რანგში აყვანა განაპირობა, სწორფერი ვაჟებისთვის თავის მოწონების მიზნით. ხორციელ ჟინზე ამაღლება, ვნებების დაოკება, მოთმინება და თავშეკავება ხელთუქმნელი სამკაულებივით შვენოდა როგორც ქალს, ისე მის სწორფერ ვაჟს. სწორფრობა ხევსურეთში ხალხის სულიერი წრთობის, კეთილშობილებისა და შემოქმედებითი შთაგონების უშრეტ წყაროს წარმოადგენდა. ტრადიციული საზოგადოების ზნეობრივი სიჯანსაღე დიდად იყო დამოკიდებული მისი ცალკეული წევრების ღირსეულ საქციელზე.

ეს საინტერესოა

  • სწორფრობა ხევსურეთში სწორფრობა ხევსურეთში გავრცელებული წესია, რომელსაც ძმობილობასაც უწოდებენ. როდესაც ქალ-ვაჟნი ასაკში ჩადგებიან, ირჩევენ თავიანთ სწორფერს. არჩევანი პირად მოწონებაზე და სიყვარულზეა დამოკიდებული. თუ ქალ-ვაჟს […]
  • რა არის სწორფრობა?! – ლელა გაბური თუ, რა არის სწორფრობა ეს  წინა სტატიაშიც განვიხილეთ, ამჯერად გაგაცნობთ ლელა  გაბურის  წიგნს - "რა არის სწორფრობა?!" ვფიქრობ  არასწორი იქნებოდა დამეწერა, ამ წიგნის მოკლე შინაარსი, ამიტომ გირჩევთ მთლიანი […]
  • ქორწილი ხევსურეთში არსებობდა აკვანში დანიშვნის (დაწინდვის) ტრადიცია. ეს ხდებოდა ცალკეული პიროვნებებისა თუ გვარების ურთიერთდაახლოების სურვილით. მსგავსი წესი, ასევე, დადასტურებულია მთელ კავკასიაში და საქართველოს […]
  • ხევსურეთი აღმოსავლეთ კავკასიონზე, კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ და ჩრდილოეთ კალთებზე, ცხოვრობენ ხევსურები – თავისებური ბედისა და ხასიათის მქონე ხალხი, რომელთა დრამატული ყოფა, უცნაური, ყველასგან […]
  • ტალავარი (ტანსაცმელი) ტანსაცმელს ხევსურები „ტალავარს“ უწოდებენ. ტალავარი შინნაქსოვი შალისგან („ტოლისგან“) იკერება. „ტოლს“ ამზადებენ ქალები. სატალავრე ქსოვილი სქელი, მძიმე და მოუხეშავია. სამაგიეროდ, გამძლეა და დიდხანს […]
  • ციხე-კოშკები მუდამ მტრიანი („ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი“, ვაჟა) და ბრძოლის ველზე ნაწრთობი ხევსურები დიდი განსაცდელის ჟამს თავდაცვითი დანიშნულების სამხედრო თუ ლებაისკარი საცხოვრებელ ნაგებობებში პოულობდნენ […]
  • სარწმუნოება ხევსურთა სარწმუნოებრივი სისტემა სიმბიოზია წარმართობისა და ქრისტიანობისა. ღვთაებათა სიმრავლე ანუ პოლითეიზმი დასტურია იმისა, რომ უხსოვარ დროში ხევსურები ქრისტიანობამდელი რწმენა-წარმოდგენებით სარგებლობდნენ. მათ […]
  • ხევსურების ისტორია ზურაბ არაგვის ერისთავზე წერს ბესიკ ხარანაული:  „ერთში კი ბედი აღმოგაჩნდა, როცა ისეთ ხალხს გადაეკიდე, რომლებსაც ხრიოკი მიწის და პოეზიის მეტი არაფერი ებადა, ამ ხალხმა დაგამარცხა, არ დაგითმო თავისი მიწის […]