ქორწილი

ხევსურეთში არსებობდა აკვანში დანიშვნის (დაწინდვის) ტრადიცია. ეს ხდებოდა ცალკეული პიროვნებებისა თუ გვარების ურთიერთდაახლოების სურვილით. მსგავსი წესი, ასევე, დადასტურებულია მთელ კავკასიაში და საქართველოს კუთხეებში: ხევში, რაჭაში, აჭარაში, სვანეთში, მესხეთ-ჯავახეთში. ჯიშიანი, ავტორიტეტული ოჯახი სამოყვროდ და სამოკეთეოდ თავისნაირ ოჯახს ეძებდა. და როცა არჩევანს კონკრეტულ ოჯახზე შეაჩერებდა, იწყებდა მასთან ნათესაური კავშირის დამყარებას: აკვანში მწოლიარე ვაჟის ბიძა „ნიშანს“ – სიმბოლურ საჩუქარს (ვერცხლის ფული, ძეწკვი…) წაიღებდა, მივიდოდა სარძლოს მშობლებთან და „ძვირფასეულობას“ აკვანზე დაკიდებდა. გარდა ამისა, მიიტანდა არაყს, პურს, მიიყვანდა საკლავს და უფროსები ახალდანიშნულთა ბედობაზე დაილოცებოდნენ.

ვაჟის მხარე ვალდებული იყო ყოველ ახალ წელს (ხევს „წელწადი“) ბედისკვერით (რიტუალური ქადა-პურით) მოეკითხა სარძლო და როცა აკვანში ერთურთზე დანიშნული ქალ-ვაჟი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მოიწიფებოდა, იწყებოდა მათი ქორწილის სამზადისი: ვაჟის მამა „ენაპირიან“ (მცოდნე, გამოცდილ, კარგად მოუბარ) კაცებს გააგზავნიდა მომავალ მძახლებთან და „ხელმხარის სანათლავ“ საკლავს გაატანდა…

დათქვამდნენ ქორწილის დღეს.

სარძლო თვითონ „აწევდა“ (დაპატიჟებდა) თავის მაყრევს (ხევს – „მყოლნი“).
ნეფის ოჯახში კარებთან პატარძალს იღბლიანი ქალები დახვდებოდნენ და, როცა სტუმარ-მასპინძელი ტაბლებთან დასხდებოდა, კალათში უწლოვან ვაჟს ჩაუგორებდნენ. აღსანიშნავია ერთი რამ: ძველ ხევსურეთში ნეფე და პატარძალი, მთელი ქორწილის განმავლობაში, ცალ-ცალკე უნდა ყოფილიყვნენ. მათ ერთმანეთისთვის შეხედვისა და გასაუბრების უფლება არ ეძლეოდათ… ქორწილი სამ დღეს გრძელდებოდა. „ახალუხალი“ (სოფლის ახალგაზრდობა) პატარაძალს ართობდა და ამხიარულებდა. იმართებოდა ლხინი, სიმღერა, ლექსობა და ცეკვა-თამაში. კვირის თავზე პატარძალი ისევ მამისახლში ბრუნდებოდა და ერთ წელიწადს იქ რჩებოდა. ესეც ურთიერთგაცნობისა თუ გამოცდის თავისებური საშუალება იყო: დარწმუნდებოდნენ ერთურთის პატიოსნებაში, წესიერებაში, ერთგულებაში და მხოლოდღა ამის მერე ებმებოდნენ დამოუკიდებელი ცხოვრების მძიმე უღელში.

„ხევსური თავის შვილს სიყრმიდანვე სითამამეს, სიამაყეს აჩვევს. მამა თავის დღეში პატარა შვილს ხელს არ დააკარებს, არ სცემს; გაუბამს საუბარს, როგორც დიდ კაცს, მოისმენს მისგან პასუხს და მსჯელობას, როგორც დარბაისელი გამოცდილი კაცისგან. როდესაც ბალღი სახლში შადის, იქ თუნდ ორმოცი დროული მოხუცებული კაციც იყოს, ყველანი მაშინვე ფეხზე აუდგებიან და მიესალმებიან – მოხვედ მშვიდობითო! – დასხედით, დასხედით, თქვენც დამხვდით მშვიდობითაო! – (პასუხობს ბალღი)“
ვაჟა-ფშაველა 

ქისტებმა ქვრივ ქალთან დაახლოება შეატყვეს თანასოფლელს. ასეთი რამ მათ სოფელში ჯერ არავის ჩაედინა. ქისტები ჭკუის საკითხავად შატილში წასულან. შატილში მხოლოდ პატარა ბავშვები დახვედრიან, უფროსები სათიბ-სამკალებში ყოფილან მაღალ მთებში. ქისტებმა უკან გაბრუნება გადაწყვიტეს, ბავშვენი გადაუდგნენ. რამ შეგაწუხათ, იქნებ ჩვენ დაგეხმაროთო. ქისტებს გასცინებიათ, თან კმაყოფილები დარჩენილან, შველა რომ შესთავაზეს ყმაწვილებმა.
– ჩვენს თანასოფლელს ღმერთი გაუწყრა და ჩვენივე სოფლელ ქვრივ ქალთან დაიჭირა საქმე, არ ვიცით, როგორ მოვიქცეთო…
– მაგას რა ცოდნა უნდა, შუადღისას „ღმერთგამწყრალი“ თანასოფლელის ჩრდილს თოფი დაჰკარით და ჭკუაზე მოვაო; სწორ გზაზე თუ არ დადგება, მაშინ თოფი ჩრდილის პატრონს მოხვდებაო. პატარა შატილიონებისთვის მადლობა გადაუხდიათ ქისტებს და სოფელი დაუტოვებიათ მათი სიბრძნით გაოგნებულებს.