“ფხოვის” ფშავად და ხევსურეთად გაყოფა

ცნობილია, რომ ადრეულ და განვითარებულ შუა საუკუნეების ხანებში დღევანდელი ფშავისა და ხევსურეთის ადგილას ფხოვის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარე არსებობდა. როგორც ფშავი, ისე ხევსურეთი, წყაროებში XV საუკუნიდან გვხვდება. ფშავი და ხევსურეთი თავდაპირველი ერთი მხარის _ ფხოვის გაყოფის შედეგად რომაა მიღებული, ამის მიმანიშნებელია მათი ხშირად ერთად მოხსენიება (ფშავ-ხევსურეთი).
XV საუკუნეში ფშავისა და ხევსურეთის, როგორც ცალ-ცალკე ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეების, პირველად მოხსენიება ნიშნავს თუ არა იმას, რომ ეს მოვლენა სწორედ აღნიშნულ საუკუნეში მოხდა? ამ კითხვაზე ჩვენი პასუხი უარყოფითია.
თამარ მეფის ეპოქაში, XIII საუკუნის ათიან წლებში ფხოველები ცენტრალურ ხელისუფლებას აუჯანყდნენ (მთა დროდადრო სამეფო ხელისუფლებას ეურჩებოდა.
მთიელებს უჭირდათ ბარის სოციალურ-რელიგიურ ინსტიტუტებთან შეგუება). მთაში წესრიგის დასამყარებლად სამეფო ხელისუფლებას სამი თვე დასჭირდა. ივანე მხარგრძელმა (ამირსპასალარ-ათაბაგმა) აჯანყება სასტიკად ჩაახშო.
ჩვენი თვალსაზრისით სწორედ აღნიშნული დროიდან _ XIII ს-დან უნდა მომხდარიყო ფხოვის, ფშავისა და ხევსურეთის რეგიონებად განცალკევება. ვფიქრობთ, სამეფო ხელისუფლებამ ბართან უფრო ახლოს მდებარე ფშავის ნაწილი დაიმორჩილა, ხევსურეთისა კი ვერა. ამის დამადასტურებელი უნდა იყოს ფშავში ცენტრალური ფშაური სალოცავების “ლაშარის ჯვრისა” და “თამარის ხატების” გამართვა (გაჩენა). ხევსურეთში მსგავსი სახელწოდების სალოცავები არ არის. ამავე დროს, ერთიანი ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარის ორ ნაწილად გათიშვაში დიდ როლი ითამაშა სოციალური განვითარების სხვადასხვაობამ. ბართან სიახლოვის გამო ფშავში სოციალური და რელიგიური თვალსაზრისით ნოვაციები ინერგებოდა. ხევსურეთი კი ამ მხრივ უფრო კონსერვატიული იყო. მნიშვნელოვანი როლი უნდა ეთამაშა ერთი ისტორიულ-ეთნოგრაფიული რეგიონის (ფხოვის) ორ სხვადასხვა ნაწილში, ადამიანთა ურთიერთობის ტრადიციულ სისტემაში განსხვავებულობის გაჩენას, მენტალიტეტის სხვადასხვაობას.
ხევსურეთისაგან განსხვავებით, ფშავში ტრადიციულ საზოგადოებაში რღვევის ნიშნები ჩნდებოდა (ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია თავის დროზე ერთი მოვლენის ორ სხვადასხვა მოვლენად გარდაქმნა, უფრო სწორად _ ხევსურული სწორფრობა ტრადიციული სახით შემორჩა, ფშაური წაწლობა კი ტრანსფორმირებულ სახეს წარმოადგენდა).
-

ფეოდალური ურთიერთობის წინააღმდეგ ბრძოლის მაგალითია დიდოეთისა და ფხოეთის აჯანყება თამარის მეფობის ბოლო წლებში.
ფეოდალურ ბარს თავისი გავლენა შეჰქონდა მთიან საქართველოსა და კავკასიის მთიანეთშიც. საქართველოს მთისათვის ფეოდალური ურთიერთობა ბუნებრივი განვითარების შედეგი კი არ იყო, არამედ ბარისაგან ძალით დანერგილი მეფისაგან მთის მოსახლეობის ბარელ აზნაურთათვის ბოძება და ამ უკანასკნელთაგან მთიელთა ფეოდალური ექსპლოატაცია – მოსახლეობაზე ფეოდალური გადასახადების დადება – ძნელად შესაგუებელი იყო მთის მოსახლეობისათვის.
მთის იმ ნაწილს, რომლის მეურნეობა ბარის მეურნეობას უახლოვდებოდა, ფეოდალური ურთიერთობა დიდი ხნის ნაზიარები ჰქონდა. მემატიანის (”ისტორიანი და აზმანის” ავტორის) თქმით, თამარი მეფობის
ბოლო ხანებში ”იწყეს მთეულთა განდგომად, კაცთა ფხოველთა და დიდოთა” მემატიანე ახასიათებს ამ ორი განდგომილი ტომის – დიდოელების და ფხოველების რელიგიურ შეხედულებებს. დიდონნი ”რომელნიმე უჩინარსა რასამე თაყუანისცემენ და ზოგნი უნიშნოსა შავსა ძაღლსა” დიდოელებზე მაღლა დგანან ფხოველები: მხოლო ფხოველნი ჯუარის ”სახურნი არიან და ქრისტიანობას იჩემებენ” ე. ი. ისინი მხოლოდ იჩემებენ ქრისტიანობას გარეგნულად აქვთ შეთვისებული ეს რელიგია, სინამდვილეში კი ქრისტიანები არ არიან. განდგომილმა მთიელებმა – დიდოელებმა და ფხოველებმა – ”იწყეს რბევა და ხოცად და ტყუეობად ცხადად და ღამით” ვინ უნდა დაერბიათ, დაეხოცათ და .დაეტყვევებინათ მთიელებს? ცხადია ის, ვინც მათი ცხოვრებისათვის უცხო იყო და ვინც მათში ფეოდალური ურთიერთობის შემომტანი იქნებოდა. ასეთი კი იყო მეფის მოხელე აზნაურები. მთიელთა განდგომამ საშიში და ფართო ხასიათი მიიღო.
მთიელთა დამორჩილება ძალის გამოყენების გარეშე შეუძლებელი გახდა. თამარ მეფემ მთიელთა წინააღმდეგ ლაშქრობა ივანე ათაბაგს მიანდო და საგანგებო ჯარიც შეჰყარა: ”მოუწოდა მეფემან ათაბაგსა და ყოველთა მთიელთა: დვალთა, ცხრაზმელთა, მოჴევეთა, ჴადელთა, ცხავატელთა, ჭართალთა, ერწოთიანელთა, მისცა ივანე ათაბაგსა და წარავლინა მათ ზედა” განდგომილთა დასამორჩილებლად მისულ მთიელთა ჯარს გვერდში ამოუდგა საქართველოს სახელმწიფოს ჩრდილოელი ყმადნაფიცი ქვეყნის – დურძუკეთის ლაშქარი. ეს გაერთიანებული ლაშქარი სამი თვე მოუნდა დიდოელთა და ფხოველთა
დამორჩილებას. ბრძოლის მსვლელობაში ათაბაგის მოლაშქრეებმა ”იწყეს ბრძოლად, და რბევად, და კვლად, და ტყუეობად და დაწუათ” საომარი მოქმედების შედეგად ”მოსწყვიდეს ურიცხვი კაცი დიდოი და ფხოვი” განდგომილი მხარე იძულებული იყო დამორჩილებოდა.
დამორჩილებულმა დიდოელებმა და ფხოველებმა ათაბაგს მორჩილების ნიშნად მძევლები მისცეს და ”აღუთქვეს მსახურებად ხარაჯა”.   ხარაჯა სახელმწიფო გადასახადი – იყო სწორედ ის, რის წანააღმდეგაც იბრძოდნენ
მთიელები. საქართველოს სახელმწიფომ აღადგინა არსებული ვითარება დიდოელებმა და ფხოველებმა იკისრეს ”ხარაჯით მსახურება”, ე. ი. კვლავ ჩადგნენ ფეოდალური ქვეყნის სამსახურში

წყარო: როლანდ თოფჩიშვილი, ეთნოისტორიული ეტიუდები
ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია

ეს საინტერესოა

  • ფხოვის საზღვრები ძველი ფხოვი, სავარაუდოა, რომ დღევანდელთან (ფშავ-ხევსურეთი) შედარებით უფრო ვრცელ ტერიტორიებს მოიცავდა. მის შემადგენლობაში უნდა ყოფილიყო მოსაზღვრე ცალკეული თემებიც. ისტორიკოსთა ცნობით, გუდამაყრის ხეობის […]
  • ხევსურების ისტორია ზურაბ არაგვის ერისთავზე წერს ბესიკ ხარანაული:  „ერთში კი ბედი აღმოგაჩნდა, როცა ისეთ ხალხს გადაეკიდე, რომლებსაც ხრიოკი მიწის და პოეზიის მეტი არაფერი ებადა, ამ ხალხმა დაგამარცხა, არ დაგითმო თავისი მიწის […]
  • ხევსურეთის მდებარეობა ხევსურეთი აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კუთხეა თავისი გეოგრაფიული მდებარეობით, ბუნებით წარსულით, მატერიალური და სულიერი კულტურით, მეურნეობის ფორმებით, ყოფის ტრადიციული […]
  • ფხოველთა უმთავრესი სალოცავი ფხოველებს (საერთოდ კავკასიელ მთიელებს) ჰყავდათ საერთო ღვთაებანი – კოპალა, იახსარი, პირქუში, ხმალა, პირიმზე, თერგვაული, ბერი ბაადური – რომელნიც შემდგომ სათემო სალოცავებად იქცნენ და ხშირ შემთხვევაში წმინდა […]
  • ღულელნი სოფელი ღული ხევსურეთის ცენტრსა და გზასაყარს წარმოადგენს. იგი საცხოვრებლად ყველაზე ხელსაყრელი ადგილია მთელ ხევსურეთში და საკმაოდ ვრცელი ტერიტორიაც უკავია; ღულის მთა, არაგვის ხეობა და ოხერხევის ნაწილი. […]
  • სოფელთა განსახლების ძირითადი ფაქტორები და სოციალური სტუქტურა ხევსურეთი აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კუთხეა თავისი გეოგრაფიული მდებარეობით, ბუნებით წარსულით, მატერიალური და სულიერი კულტურით, მეურნეობის ფორმებით, ყოფის ტრადიციული […]
  • კლიმატი ფშავ-ხევსურეთის კლიმატი მის სხვადასხვა ნაწილში განსხვავებულია. მდინარე ასას და არღუნის (ჩრდილო ანუ პირიქითი ხევსურეთი) ხეობების კლიმატი უფრო მკაცრია ვიდრე ფშავისა და პირაქეთი ხევსურეთის (არაგვის ხეობა). […]
  • ქეთელაურები ჩვენი წინაპარი თიანეთიდან მოსულა, ცხრაკარანიდან. თიანეთს ყიზილბაში რო მოსულა და ქვეყანა აუოხრებია, მაშინ ორი ძმა ყოფილა, ერთი კოჭლი და მეორე ფეხიანი. კოჭლი იქ დამრ- ჩალა, ფეხიანი კი მთაში გაქცეულა. […]

6 thoughts on ““ფხოვის” ფშავად და ხევსურეთად გაყოფა

  • 26/02/2011 at 12:29
    Permalink

    მე არ წამიკითხავს როლანდ თოფჩიშვილის ეთნოისტორიული ეტიუდები, თუმცა ვაჟა-ფშაველა ვფიქრობ, კარგად ვიკითხე. დიდხანს. სულ ვკითხულობ.
    და საბედნიეროდ 14 წლამდე შემომრჩა ჩემი ნინო ბებო, ყველაზე დიდი და საინტერესო წიგნი ჩემი ბავშვობისა, დაბრძნილი, არისტოკრატისოდენა ფშავლის ქალი – მისრიათ მოდგმის და ბევრი ვიკითხე ისიც…
    ქიშპობად არ ჩამითვალოთ, (სულ ქიშპობა ხო არ შეიძლება:)) მაგრამ მაკალათია (აცხონოს უფალმა)გასაგებია, რას და როგორ წერდა წაწლობასა და სწორფრობაზე, ბევრი რამე სხვაც გასაგებია.. მაგრამ ფხოვის დაყოფის ამბავი (დიახაც ისტორიული) ფშავ-ხევსურეთად და მერე ეს ციტატა:

    “ხევსურეთისაგან განსხვავებით, ფშავში ტრადიციულ საზოგადოებაში რღვევის ნიშნები ჩნდებოდა (ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია თავის დროზე ერთი მოვლენის ორ სხვადასხვა მოვლენად გარდაქმნა, უფრო სწორად _ ხევსურული სწორფრობა ტრადიციული სახით შემორჩა, ფშაური წაწლობა კი ტრანსფორმირებულ სახეს წარმოადგენდა)” …

    რა ვიცი, მე კი მიხარია თქვენი ყოფნა და საქმე, რასაც აკეთებთ. სულ მეშინოდა ბოლო დროს, ამას აღავინ გააკეთებსთქო…
    გამრავლოთ გმერთმა კარგი საქმის საკეთებლად.

  • 28/02/2011 at 14:14
    Permalink

    სიმართლე გითხრათ მაგ წინადადებამ მეც დამაფიქრა,ამოღებაც კი ვიფიქრე.
    არ ვიცი რატომ უწერია თოფჩიშვილს.
    ფშავურ წაწლობასა და ხევსურულ სწორფორბას შორის მსგავსებაც იყო და განსხვავებაც. ფშავში წაწლები ერთმანეთს ნაძმობ ნადობს უწოდებდნენ, ხევსურეთში კი მხოლოდ ძმობილს, წოლის წესები თითქმის ერთნაირი ჰქონდათ, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ხევსურეთში ქალი მიდიოდა ვაჟთან.
    წაწლობა ფშავში ყველგან და ყოველთვის შეიძლებოდა, ხატობაშიც ნებადართული იყო და წოლა მამლის ყივილამდე გრძელდებოდა. ხევსურეთში კი სწორფერთა წოლა ხატობაში სასტიკად იყო აკრძალული. ამ წესებიდან გამომდინარე ეთნოგრაფები ტრადიციების ნათესაობას არკვევენ, თუმცა ძნელი სათქმელია, რომელი წარმოიშვა უფრო ადრე.

  • 26/08/2011 at 19:48
    Permalink

    ეთნოგრაფიულ აღწერებში სამწუხაროდ ზოგი ისეთი აზრია გამოთქმული, რომელიც ზერელედ დაკვირვებიდან მოდის. მაგ: ,,ურზე დაბოლოებული გვარები რომელიც ჩაჩენ-ინგუშეთის მთიანეთში შემომრჩალა, ისტორიული საქართველოს გავლენით მომხდარა”-ო.(თოფჩიშვილის მიხედ). ურზე და იაზე დაბოლოებული გვარები შორეულ ბასკეთშიც შემომრჩალა და რა ვიფიქროთ საქართველოს გავლენითაა?. ბასკური გვარებია:ინაური, გაბური, ბაშაური, ბიდაური,აჩუთელია,ალანია, არანდია, ბარია, ბედია,ბერუა, ბოკერია,ეჩიაური, კორშია, დორია, ლაბაური, ლორია, მედონია, ურიტია,ურია, ონანდია, გორგილია და სხვა. ეს გვარები იბერიული გვარებია ასეთია თანამედროვე მკვლევარების აზრი, მათ შორის ღირსეული პიროვნების და ენათმეცნიერ მ.ქურდიანის აზრითაც. ვაინახურ მთიანეთშიც არის ასეთ დაბოლოებიანი გვარები მაგ: სიგაური, ფერზაული, ხაიაური, სასვიკაური და სხვა. ე.წ. ,,მელხი”-სტების გვარები უძველესია ჩაჩნეთში და ადგილობრივია. ღოდობერიული დიალექტიც ვაინახებშია შემორჩენილი. იბერიული გვარები და დასახელებები გვხვდება კავკასიის ჩრდილოეთ ქედის გაყოლებაზე. იხ.ზ.რატიანი ,,პირიქითა საქართველო”. ჩვენს ისტორიას ნუ დავამოკლებთ ჩვენი თხოვნაა!. ,,ალბათ ქართველებზე ცუდად არავინ იცის საკუთარი ქვეყნის ისტორია” პ.ინგოროყვა

  • 16/02/2013 at 15:00
    Permalink

    მელხისტები იგივე მითხოს საზოგადოება ჩაჩნეთში ,როდესაც ეს მხარე და მისი ათიოდე სოფელი საქართველოს მიუერთეს ამ დროს მოხდა ამ გვარების ური-თ დაბოლოვება,როდესაც მითხოელების სოფლები კვლავ ჩაჩნეთის შემადგებლობაში შევიდა ის გვარები კვლავე ჩაჩნური სუფიქსებით დაეწერნენ.

    “ვაინახურ მთიანეთშიც არის ასეთ დაბოლოებიანი გვარები მაგ: სიგაური, ფერზაული, ხაიაური, სასვიკაური და სხვა. ე.წ. ,,მელხი”-სტების გვარები უძველესია ჩაჩნეთში და ადგილობრივია. ღოდობერიული დიალექტიც ვაინახებშია შემორჩენილი. იბერიული გვარები და დასახელებები გვხვდება კავკასიის ჩრდილოეთ ქედის გაყოლებაზე. იხ.ზ.რატიანი ,,პირიქითა საქართველო”. ჩვენს ისტორიას ნუ დავამოკლებთ ჩვენი თხოვნაა!. ,,ალბათ ქართველებზე ცუდად არავინ იცის საკუთარი ქვეყნის ისტორია” პ.ინგოროყვა”

    უძველესიაო რომ ამბობ დაუსაბუთებლად და მართლა ზერელედ დაამტკიცე როგორაა უძველესი,აქ ნუ წერ აფერისტულ დოგმატებს,გადახედე არქივს ეგ გვარები მხოლოდ მაშინ ეწერებოდნენ აღმ.საქართველოს მთიანეთისთვის დამახასიათებელი ური სუფიქსით როდესაც საქართველოს ტერიტორიას შემოუერთდა მითხოს იგივე მელხისტების საზოგადოება.

    და თოფჩიშვილმა მართალი არ თქვა?! ამას დამტკიცება სჭირდება და მტკიცებულებები კი რომ მელხისტების გვარებში დაბოლოვება ური სუფისით მოხდა ხევსურულის გავლენით აქეთ აგაფარებ მაგ თავხედ თავზე.

    ერთი,ორი საუკუნის წინ ყველამ იცოდა რომ ურიებს რომ ეძახდნენ ამიტომ ეწოდათ ხევსურები და თანამედროვე მკვლევარებში რას გულისხმობ?კვლევები წარიმართება სწორად იმ შემთხვევაში თუ “თანამედროვე”მკვლევარები ხალხთა ცნობიერებას გაიზიარებენ და სწორ მიმართულებას მისცემენ ხევსურების ისტორიას,ნებისმერი 95%ფაქტებისა ებრაულთან ამჟღავნებს მსგავსებას და ეს შემთხვევითი არაა.

    როდის აქეთ დაიწყო ხევსურთა ბასკურობაზე მსჯელობა, ძველი რაც მოდგამთ ხევსურებს ისაა რეალობა,ის რომ ურიები იყვნენ და ხევსურები რომ ამიტომ დაერქვათ.ახალი აღმოჩენებს მართლა შენ და შენნაირი ფარსები აკეთებენ და ავცელებენ საზოგადოებაში.

    იმაზე მოგიწევს პასუხის გაცემა ის ებრაელები სად წავიდნენ რომლებიც მთიანეთისკენ განსახლდნენ.

    ვაჟას მამა ეთნოგრაფი არ იყოო რომ ამბობ,შენ თუ ხარ ვინ ხარ ან რას წარმოადგენ ,შენი “კვლევები”(?) სრულ სიფარსეზეა დამყარებული ერთადერთზე კრიპტოგრამებზე რომლებსაც მე გიდასტურებ რომ ეკუთვნით ვაინახებს(ჩაჩნებსა და ქისტებს) საცოდავი ხალხი ხართ მართლა რა.ახლა 50 წლის მერე გამოვა კიდევ სხვა შენნაირი მასხარა და იტყვის ამერიკელები არიან ხევსურებიო

    არავითარი ახალი აზრი არაა ის რომ ხევსურები ებრაელები არიან.როდის აქეთაა ახალ როდესაც 2 საუკუნის წინათ მრავალი გადმოცემა გვაქვს ხევსურთა ურიობაზე?თუ დაგიმტკიცონ ცხვირპირის მტვრევით და ფაქტების მოყვანით რომ ხევსურებს უამრავი აქვთ ებრაული?!

    ახალ აზრებს და იდიოტობებს,ზღაპრებს და ისტორიაში რაც არაა დაფიქსირებული იმას თქვენ იგონებთ ავრცელებთ,წადი განიბანე მოგეშვება ეგ “სიბინძურე”

  • 16/02/2013 at 15:13
    Permalink

    ბოლო ხანებში ”იწყეს მთეულთა განდგომად, კაცთა ფხოველთა და დიდოთა” მემატიანე ახასიათებს ამ ორი განდგომილი ტომის – დიდოელების და ფხოველების რელიგიურ შეხედულებებს. დიდონნი ”რომელნიმე უჩინარსა რასამე თაყუანისცემენ და ზოგნი უნიშნოსა შავსა ძაღლსა” დიდოელებზე მაღლა დგანან ფხოველები: მხოლო ფხოველნი ჯუარის ”სახურნი არიან და ქრისტიანობას იჩემებენო”
    ფარული ნიშნები სიეთივე გაუგებარია როგორი გაუგებარიც დიდოელთა და თუნდაც ფხოელთა რელიგია და წარმოდგენები იყო.
    ხევსურების აჯანყება სამეფო ხელისუფლების წინააღმდეგ არასდროს არმომხდარა და არც ხარაჯა დაუწესებიათ ხევსურებისთვის მეფის კარს,ფხოელები და დიდოელები კი ერთი ხალხი და ერთიანი სივრცე იყო.აღსანიშნავია რომ ამ ფხოელებისა და დიდოელების ვთქვათ სიამაყე ყოვეგვარ ლოგიკასაა მოკლებული.ხევსურთა ანუ ებრაელთა სიამაყე კი საფუძვლიანია.
    აღსანიშნავია თან რომ ხევსურები ამ დროს იჩითებიან მანდ

  • 17/02/2013 at 10:46
    Permalink

    გიორგის

    “ვიწრო გაგებით ხევსურეთი არის მხოლოდ ის სოფლები და მიწა-წყალი, რომელიც მდებარეობს კავკასიონის მთავარი ქედის გადმოღმა ხევსურეთის არაგვის აუზში, რომელიც ერთვის არაგვს ორწყალში.” (აკ. შანიძე)
    “ხევსურები მხოლოდ პირაქეთ ნაწილს, არაგვის ხეობაში მოქცეულ მთებს (ბაცალიგო, ბარისახო) უწოდებენ ხევსურეთს.” (ს. მაკალათია)
    “პირაქეთელი ხევსურები თავიანთ თავს თვლიან ნამდვილ ხევსურებად და მიწა-წყალსაც ბუდე ხევსურეთს უწოდებენ.” (ბ. ჯორბენაძე)

    დღესაც ასეა,ხევსურები არიან პირაქეთა ხევსურები ნებისმიერს შეეკითხეთ ხევსურეთში და გეტყვიან რომელია ხევსური და რომელი ჩაჩანი,ქისტი

    გარდა ამისა ოჩიაური რას ამბობს…

    “როდესაც არხოტში და ზოგადად პირიქითა ხევსურეთში რომელიმე მხარე არ დასჯერდებოდა ნარჯულავსო,იტყოდნენ წავიდეთ ხევსურები მოვიყვანოთ(ხევსურებში იგულისხმებიან პირაქეთა ხევსურეთის მკვიდრნი)მათ ხომ კარგად იციან რჯულიო>

    კითხვას თავს ნუ არიდებ და პასუხი გამეცი და გაეცი საზოგადოებას …

    რატომ იცოდნენ ხევსურებმა რჯული კარგად?
    და რატომ ითვლებიან ხევსურებად პირაქეთლები?
    ეს ხომ ჩემი მოგონილი არაა ამას ამბობდა და ამბობს ნებისმიერი სერიოზული მეცნიერი.

    მაგალითისთვის: ჭინჭარაულები როდესაც შატილში ავიდნენ ანუ პირიქითა ხევსურეთში იქ სისაურები ცხოვრობდნენ და სხვა ჩაჩნური გვარები.შესაბამისად მათი კუთვნილებაა რეალურად(იყო) შატილი,ასეა მუცოც, ანატორიც და მთელი პირიქითა ხევსურეთი.

    აკლდამები დაფიქსირებულია არამარტო ანატორში,არამედ მუცოსა და შატილშიც ანუ ძირძველ ჩაჩნებით დასახლებულ მიწებზე ისევე როგორც ვაინახურ თუშეთში,ჩაჩნეთში,ინგუშეთში,დაღესტანსა და ოსეთში.შესაბამისად ეგ კრიპტები და ფარული ნიშნები მათია.

    ფხოველთა და დიდოელთა აჯანყების დროს ისინი მემატიანეს დახასიათებული ჰყავს როგორც ყოვლისა კერპებისა თაყვანისმცემლები და ზოგი ძაღლსა და ზოგი კატას ხდიდა ღმერთადო.ამიტომ გაურკვეველია კონკრეტულად რას ნიშნავს ფარული ნიშნები მაგრამ ფაქტია რომ ისინი ვაინახების შექმნილია და მათი საკულტო-სარიტუალო დატვირთვის მატარებელი სიმბოლოებია“

    რაც შეეხება ხევსურთა რელიგიას იგი ებრაულია 95%-ით

Comments are closed.