ფხოვის საზღვრები

ძველი ფხოვი, სავარაუდოა, რომ დღევანდელთან (ფშავ-ხევსურეთი) შედარებით უფრო ვრცელ ტერიტორიებს მოიცავდა. მის შემადგენლობაში უნდა ყოფილიყო მოსაზღვრე ცალკეული თემებიც. ისტორიკოსთა ცნობით, გუდამაყრის ხეობის აღმოსავლეთით, ფხოველთა მთებზე იყო ფხოეთი, რომელსაც აღმოსავლეთით დიდოეთი, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთით თოშეთი საზღვრავდა. დღეს დიდოეთი ხევსურეთს უკვე აღარ ესაზღვრება.
“მოქცევაი ქართლისაი” გვამცნობს, რომ ალექსანდრე მაკედონელმა დასვა მცხეთის მეფედ არიან-ქართლის შვილი აზო და დაუდო საზღვრებად “ჰერეთი, ეგრისწყალი, სომხითი და ცროლის მთა.” ცროლის მთა ფხოვს შუაზე ჰყოფს. ცროლის მთის იქითა ფხოველნი ფარნავაზს უნდა მოეყვანა მორჩილებაში.
ივ. ჯავახიშვილის მიხედვით, საქართველოს ჩრდილოეთი საზღვარი “…ჯარიახის ხეობამდე, ცოტა უფრო სამხრეთით ვრცელდებოდა… თუმცა ეს საზღვარი XI-XII ს-ში, საქართველოს ძლიერების ხანაში, ტომობრივი მოსახლეობის საზღვრებს არა ერთხელ გასცილებია.”

მომზადებულია შოთა არაბულის წიგნის ”ისტორიული თავგადასავალი ხევსურთა”-ს მიხედვით