ფშავ-ხევსურეთი

ფშავ-ხევსურეთი მდებარეობს საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთით. კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ და ჩრდილოეთ კალთებზე. აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან ფშავ-ხევსურეთი მკაფიოდ არის შემოსაზღვრული მაღალმთიანი ქედებით. დასავლეთის საზღვარი შემდეგია (ჩრდილოეთიდან სამხრეთით): კიდეგანას ქედი, ჭაუხების მასივი და მდინარეების ქსანის და არაგვის შორის გუდამაყრის და ალევის ქედები. აღმოსავლეთით: მუცოს ქედი, აწუნთის ქედი, ბორბალოს მთა და კახეთის ქედი. დიდი კავკასიონის იმ ნაწილს, რომელიც ჭაუხების მასივის და ბორბალოს მთის შორისაა მოქცეული ხევსურეთის ქედი ეწოდება. იგი ხევსურეთს ორ ნაწილად ყოფს: პირაქეთ ანუ სამხრეთ ხევსურთად და პირიქითად ნუ ჩრდილო ხევსურეთად. პირაქეთი ხევსურეთი მოქცეულია ე.წ. ხევსურეთის არაგვის სათავის სხვადასხვა შენაკადთა ხეობებში. პირიქითი ხევსურეთი თავის მხრივ ერთმანეთისგან დაშორებული რამდენიმე ხეობისგან შედგება: მდინარე ასას – არხოტის ხეობა და მდინარე არღუნის – გურო-შატილისა და არდოტის ხეობები. ფშავი ხევსურეთის სამხრეთით მდინარე ფშავის არაგვის აუზს წაროადგენს. ხევსურეთის ქედისთვის დამახასიათებელია ციცაბო კალთებისა და შედარებით მოსწორებული თხემის განვითარება. აქაური მთებიდან ყველაზე მაღალია თებულოს მთა (4493 მ). ზღვის დონიდან 4000 მ-ს აღწევს აგრეთვე მთა კიდეგანა. ამ მონაკვეთზე მნიშვნელოვანია ასევე ტსნიეს მთა (3499მ), ამღისმაღალი (3741მ), მახისმაღალი (3991მ), მაისტისმთა (4081მ), კიდეგანას მთა (4275მ) მთა ჭაუხი (3842მ), მთა როშკისხორხი (3572მ), საძელისღელე (3085მ), მთა არხოტისთავი (3246მ), მთა ცროლი (3600მ), მთა ბოროლა (2954მ), დიდი და პატარა ბორბალო (3295მ და 3134მ). მნიშვნელოვანი უღელტეხილებია: არხოტის ღელე (2932მ) და დათვისჯვარი (2663მ), ანდაქი (2887), არხოტისთავის ღელე (3235მ) და აწუნთა (3431). რეგიონი ხასიათდება საშუალო და მაღალმთიანი მრავალსართულიანი ლანდშაფტით და მოიცავს მთა-ტყის, სუბალპურ, ალპურ, სუბნივალურ და ნივალურ ზონებს. სუბნივალური ლანდშაპტი უშუალოდ ესაზღვრება მარადიულ თოვლებს, ხოლო თავად მარადიულ თოვლებს და ყინულებს ნივალურ ლანდშაპტს უწოდებენ. ფშავის და პირაქეთი ხევსურეთის ტერიტორიაზე თანამედროვე მყინვარები თითქმის არ შემორჩა. თანამედროვე მყინვარების ერთადერთი წარმომადგენელი ჭაუხის მასივის კალთაზე, მდინარე აბუდელაურის სათავეში მდებარეობს. მთავარ ქედზე და ბორბალოს მთის მიმდებარე ტერიოტორიაზე შეიმჩნევა ძველი მყინვარების კვალი. არღუნ-არდოტის ხეობაში კარგადაა განვითარებული მყინვარებიანი ქედები, როგორიცაა თებულოს მთა, ამუგო, პირჩიტა, მახის მაღალი და სხვა. კიდეგანისქედის აღმოსავლეთით, ასას ხეობაში არსებობს ცირკული და ჩამოკიდებული მყინვარები, რომელნიც ასაზრდოებენ ასას მარცხენა შენაკადებს – ჭიმღის წყალს, ახიელის წყალს, ჩხათანას. მყინვარული წარმოშობის მოვლენება შორის აღსანიშნავია ე.წ. მოხეტიალე ლოდების არსებობა როშკის ხორხში. იგი მიეკუთვნება პლეისტოცენური გამყინვარების პერიოდის ძეგლს და ჩამოტანილია მყინვარების მიერ ჭაუხის მასივიდან, დაახლოებით 3700-3800მ სიმაღლიდან.Eეს უნიკალური ლოდნარი, ამჟამად თავმოყრილია სუბალპურ სარტყელში (ზ.დ.1950-2000მ-ზე).