ფშავ-ხევსურეთის ფაუნა

არის ერთი ფრინველი, რომლის ხმა მუდმივად ისმის ფშავის და ხევსურეთის, ისევე, როგორც მთელი კავკასიონის ყველაზე მაღალ უღელტეხილებზე და მწვერვალებზეც კი. ეს კავკასიური შურთხია (Caucasian Snowcock) – საკმაოდ დიდი (შინაური ქათმის ზომის) და თითქმის უხილავი ფრინველი, რომლის სტვენა ერთ-ერთი ყველაზე ჩვეული ხმა არის კავკასიონისა, მაგრამ ამ ფრთხილ არსებას ცოტა მოგზაური თუ ხედავს. შურთხი ძალიან მაღლა ცხოვრობს, ზამთარსაც კი სამი ათასი მეტრის სიმაღლეზე ატარებს და მხოლოდ გაზაფხულობით, აპრილ-მაისში, ეშვება შედარებით დაბლა. ხევსურები ამბობენ: შურთხის მომკვლელი შუნსაც (დედალჯიხვს) მოკლავსო. მართლაც, შურთხი და აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვი (East Caucasian Tur) – კავკასიელი მთიელების ყველაზე სასურველი ნადავლი, ერთ სიმაღლეზე ცხოვრობენ. მათ თანაცხოვრებაზე მთებში მრავალ ლეგენდას და მოარულ ამბავს გაიოგონებთ – თითქოს შურთხები ჯიხვების ჯოგებს დარაჯობას უწევენ და მოახლოებულ საფრთხეზე აფრთხილებენ, სამაგიეროდ ზამთარში მათ მიერ გადაქექილ თოვლში პოულობენ საზრდოს… ჯიხვი არის კავკასიონის მთების ნამდვილი მშვენება, განსაკუთრებით მამალი დიდრქიანი ხარ-ჯიხვები, რომლებიც მთელი წლის მანძილზე ცალკე ჯოგებად ბალახობენ მიუვალი მწვერვალების ძირში და მხოლოდ ნოემბრის თვეში – ბოტობის ჟამს – შეეყრებიან მათზე გაცილებით დაბლა მობინდრე დედლებს. გასაოცარია ამ ცხოველის გამძლეობა და გარემო პირობებთან შეგუება. დამფრთხალი ჯიხვების ჯოგს სრულიად ვერტიკალური კლდეების დაძლევა შეუძლია. და რადგან მისი თავშესაფარი მიუვალი კლდის სიმაგრეებია, ჯიხვი კავკასიონის უფრო ციცაბო ჩრდილოეთ ფერდობებზე ცხოვრობს. მას ძირითადად პირიქით ხევსურეთში შეხვდებით, ხოლო პირაქეთში მისი გამოჩენა დიდი იშვიათობაა. ჯიხვზე უფრო დაბლა სუბალპურ და ალპურ მდელოებზე ბინადრობს კიდევ ერთი ჩლიქოსანი – არჩვი (Chamois). ეს უფრო მომცრო ტანის ლამაზი ცხოველია, რომელიც პატარა ჯოგებად ცხოვრობს. თუკი სადმე ეულ არჩვს მოჰკარით თვალი, ეს აუცილებლად ასაკოვანი განდგომილი მამრია – მარტოფსიტი, როგორც მას ხევსურები უწოდებენ. არჩვს შეხვდებით როგორც ხევსურეთში, ისე ფშავის მთებში. განსაკუთრებით დიდია მისი პოპულაცია ბორბალოს მთის მიდამოებში. სუბალპურ ტყეებსა და დეკიან ფერდობებზე ბინადრობს კავკასიური როჭო (Caucasian grouse). საინტერესო ფრინველი, რომელიც კარგა ხანს ჩვეულებრივ როჭოდ (Black Grouse) მიაჩნდათ. მისი, როგორც ცალკე საეობის, აღმოჩენის ისტორია პოლონელი ნატურალისტის მლოკოსევიჩის სახელს უკავშირდება. ეს საინტერესო კაცი მეცხრამეტე და მეოცე საუკუნეების მიჯნაზე იმჟამად რუსი თავადი დემიდოვის კუთვნილებაში მყოფ ლაგოდეხის სანადირო ნაკრძალში მუშაობდა მეტყევედ. სწორედ მან მიაქცია ყურადღება იმას, რომ კავკასიონის მთების ბინადარი როჭო მისი ევროპელი თანამოძმისაგან განსხვავდებოდა, მოიპოვა რამდენიმე ფრინველი და მათი ფიტულები ვარშავის უნივერსტეტში გააგზავნა. იქაურმა ავტორიტეტებმა კავკასიური როჭო დამოუკიდებელ სახეობად აღიარეს და მას ლათინური სახელი მლოკოსევიჩის როჭო (Lyrurus mlokosiewiczi) დაერქვა. შურთხის მსგავსად, როჭოც კავკასიონის მთების მკვიდრი მობინადრეა. ზამთარს ის მთების ჩრდილოეთ კალთებზე, მარადმწვანე დეკის ბუჩქნარებში ატარებს, სადაც თოვლში გვირაბები აქვს გაყვანილი და სარჩოსაც პოულობს, ხოლო გაზაფხულისკენ, როდესაც თოვლი მძიმე და სველი ხდება, მზისგულ სამხრეთ ფერდობებზე ინაცვლებს. სწორედ ამ დროს ყველაზე ადვილია როჭოს ხილვა, განსაკუთრებით – მამლის, რომელიც თოვლზე ან წინა წლის გარუხებულ ბალახზე კარგად ხილულ შავ ლაქად მოსჩანს. ხევსურეთისა და ჩეჩნეთის საზღვარზე, ანატორის მახლობელ კლდეებზე, დღემდე შესაძლებელია ნიამორის (Bezoar Ibex) ნახვა. ამ ადგილის გარდა, საქართველოში ნიამორი მხოლოდ თუშეთში ბინადრობს. ამ გარეული თხის ჰაბიტატი ხეობების ციცაბო, ხანდახან სრულიად ვერტიკალური, ტყით დაფარული ფერდობებია. სამწუხაროდ, საქართველოში სულ რამდენიმე ათეული ნიამორი დარჩა და მათ პოპულაციას განსაკუთრებული გაფრთხილება სჭირდება. ფშავ-ხევსურეთში უკვე ვეღარსად ნახავთ ირემს (Red Deer). ან არადა, ფშავის სალოცავებს დღემდე ამშვენებს, ვინ იცის რამდენი წლის წინ მოკლული, ირმების რქები. მთიელები საუკეთესო ნადავლს თავიანთ ღვთაებებს წირავდნენ, რომ მომავალშიც ნადირობაში ხელი მომართვოდათ. ხევსურეთის ხატებს ჯიხვების რქები ამშვენებს, ფშავისას – ირმების. არავის შეუძლია სალოცავისთვის შენაწირისთვის ხელის ხლება და ადგილიდან დაძვრა. ირმის რქები დღემდე აწყვია ქვის მარტივი კონსტრუქციის ხატებზე, თავად ამ კეთილშობილ ცხოველს კი ფშავში ვეღარსად შეხვდებით. ირმის პატარა თანამოძმე – შველი (Roe Deer) კი ფშავ-ხევსურეთში დღემდე ბევრია. მისი სამოსახლო აქაური ფოთლოვანი ტყეებია. თუკი ძალიან არ შეაწუხე, ამ პატარა ცხოველს ადამიანის უშუალო სიახლოვეს შეუძლია ცხოვრება და მისი პოპულაციაც სწრაფად იზრდება. ამ მთიან კუთხეებში დათვის (Brown Bear) ნაკვალევს შეიძლება ძალიან დიდ სიმაღლეებზეც წააწყდეთ. კავკასიონის ბინადარი მურა დათვი სრულიად არააგრესიული და ფრთხილი ცხოველია, მისი ხილვა ძალიან ძნელია. ფშავ-ხევსურეთსა და მთლიანად საქართველოში მისი პოპულაცია საკმაოდ სტაბილურია, მაგრამ დათვიც ისევე, როგორც აქაური ფაუნის სხვა წარმომადგენელი ხშირად ხდება ბრაკონიერების სამიზნე. სხვა მტაცებელთაგან ფშავ-ხევსურეთში გავრცელებულია: მგელი, ფოცხვერი (რომელსაც ხევსურები კინდოლს ეძახიან), მელა, კლდის კვერნა და პატარა, მაგრამ ძალიან წარმატებული, მტაცებელი სინდიოფალა (ხევსურულად ქურცინა), რომელიც ადამიანის უშუალო სიახლოვეს, პირდაპირ სოფლებთან ცხოვრობს. შორეულ წარსულში ხევსურეთში ბინადრობდა ჯიქიც (ლეოპარდი), რომლებსაც მთიელები ვეფხს უწოდებდნენ. მეცნიერები არ კარგავენ იმედს, რომ სადმე პირიქითა ხევსურეთში ან თუშეთში ჯიქი შეიძლება ისევ ბინადრობდეს და მის აღმოსაჩენად ექსპედიციებსაც აწყობენ – ჯერჯერობით უშედეგოდ. უკანასკნელი ლეოპარდი საქართველოს ყველაზე სამხრეთ- აღმოსავლეთ კუთხეში – ვაშლოვანის ნაკრძალში – 2003 წელს გამოჩნდა და 2009 წელს გაქრა. ხევსურეთში მისი ბინადრობის შესახებ ცნობები კი ძალიან ძველია. სამაგიეროდ, ამ ცხოველის მთაში არსებობამ შვა ხევსურული ხალხური პოეზიის შედევრი – პოემა „ვეფხი და მოყმე“, რომელიც ორი ერთმანეთის ღირსი მოწინააღმდეგის – ახალგაზრდა მონადირის და ჯიქის შეხვედრას და მათ ორთაბრძოლას აღწერს. ეს არის ვაჟკაცობის, სიმამაცის და, რაც მთავარია, ჰუმანურობის ჰიმნი. ორთაბრძოლაში ორივე იღუპება. ლექსი დაღუპული მონადირის დედის ტირილით მთავრდება. მგლოვიარე დედა გადაწყვეტილებას იღებს – წავიდეს ვეფხის დედა იპოვოს, რათა ორივემ ერთად იგლოვოს დაღუპული შვილები… ფშავ-ხევსურთა მსოფლმხედველობა ბუნების უშუალო სიახლოვეს ყალიბდებოდა. მათ რწმენებში და ადათებში მათ გარშემო მობინადრე ნადირ-ფრინველს დიდი ადგილი ეკავა. ასე, ხევსურებს სჯეროდათ, რომ არსებობდნენ „მძლევარი“ ფრინველები – წერო (Crane), ბოლოქანქარა (Wagtail), გუგული (Cuckoo), რომლებშიც გარდაცვლილთა სულები სახლობდნენ. მძლევარის მოკვლა ყოვლად დაუშვებელი, უბედურების მომტანი რამ იყო. საიქიოს ხევსურები სულაც „გუგულების ქვეყანას“ ეძახდნენ… აღმოსავლეთკავკასიონის მთებში მრავალი საინტერესო ფრინველი ცხოვრობს. ეს განსაკუთრებული ადგილია ეკოტურიზმის იმ მიმართულებისთვის, რომელსაც „ბერდვოჩინგი“ ეწოდება. უკვე ნახსენები შურთხის და როჭოს გარდა, ბერდვოჩერების სანატრელი სამიზნეებია, ასევე, მაღალი მთების მობინადრე დიდი კოჭობა (Great Rosefinch) და დიდი ბოლოცეცხლა (Guldenstadts Redstart). ასევე ულამაზესი პატარა ჩიტი – წითელფრთიანი კლდეცოცა (Wallcreaper), რომლის ხევსურული სახელი, კლდისცეცხლა, სწორედ ზედგამოჭრილია ამ ფრინველისთვის, რომელიც სალ კლდეებზე დახტის და თავისი წითელი ფრთების მოქნევით, თითქოს მართლა ცეცხლის ალივით ედება არემარეს… ფშავ-ხევსურეთის სოფლებში დილა ჩვეულებრივი კოჭობების (Common Rosefinch), ჩიტბატონების (Goldfinch), მეღორღიების (Wheatear) გალობით იწყება. გუგულების საქორწილო გადაძახილი აქაური გაზაფხულის მთავარი ხმაა. და რა თქმა უნდა, მთა წარმოუდგენელია დიდი ფრთოსანი მტაცებლების გარეშე. აქაურობის უპირობო მბრძანებელი მთის არწივია (Golden Eagle). ვისაც ეს მძლავრი ფრინველი მსხვერპლზე პიკირებისას უნახავს, აღიარებს, რომ ეს დაუვიწყარი სანახაობაა. მასიური ფრინველი ფრთებდაკეცილი, შხუილით მიქრის დაბლა. მას ფრთხილი და მიუვალ კლდეებში მობინადრე შურთხიც კი ვერ გაურბის… სხვა მტაცებლებიდან ფშავ-ხევსურეთში კირკიტას (Kestrel), შევარდენს (Peregrine Falcon), კაკაჩას (Common Buzzard), მიმინოს (Sparrowhawk) შეხვდებით. ლეშისმჭამელებიდან აქ ორბი (Griffon Vulture) და ბატკანძერია (Lammergeier) გავრცელებული. ეს უკანასკნელი კავკასიონზე გავრცელებული ერთ-ერთი ულამაზესი ფრინველია. არავინ იცის, რატომ იღებს ბატკანძერი მჟავე მინერალური წყლის აბაზანებს, მაგრამ ფაქტია, რომ მის ბუმბულზე დალექილი მინერალები უზარმაზარ (გაშლილი ფრთების სიგრძე ორი მეტრი) ფრინველს საოცარ ოქროსფერ შეფერილობას აძლევს. ბატკანძერი და ორბი ლეშისმჭამელთა ელიტას ეკუთვნიან. საოცარი მხედველობის პატრონები, ისინი თითქოს არსაიდან ჩნდებიან, როცა მთაში ლეში ჩნდება. ოღონდ შეიძლება დიდხანს, ძალიან დიდხანს არ დაფრინდნენ დაღუპული ნადირის ან შინაური ცხოველის სიახლოვეს, სანამ ლეშთან ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინტელექტის პატრონი ფრინველი – ყორანი (Raven) არ მიფრინდება. თუკი ყორანმა ჭამა დაიწყო, ესე იგი, საფრთხე არსაიდანაა მოსალოდნელი და მაშინ ორბის და ბატკანძერის ჯერი დგება… როდესაც ფშავ-ხევსურული საზაფხულო დღეობები ჩაივლის, სალოცავების სიახლოვეს მრავალი ცხვარ-ძროხის ტყავი, შიგნეული და თავი რჩება, ადამიანების შემდეგ ფრინველები იწყებენ ღრეობას. ესეც ბუნებრივი ნაწილია ამ უნიკალური ხეების ყოველწლიური სასიცოცხლო ციკლისა.

ეს საინტერესოა

  • ფშავ-ხევსურეთის სამკურნალო და სამეურნო მცენარეები ფშავ-ხევსურეთში ხალხურ მედიცინის განვითარებას ხანგრძლივი ისტორია აქვს. იმის გამო, რომ ეს რეგიონი მოწყვეტილი იყო ბარისაგან, შეუძლებელი იყო აქ სხვადასხვა დანიშნულების წამლების შეტანა. ამის გამო, ადგილობრივი […]
  • რელიქტური და ენდემური სახეობები ფშავ-ხევსურეთის ფლორაში მნიშვნელოვნად არის ცარმოდგენილი უძველესი, ადგილობრივი და უნიკალური მცენარეთა ჯიშები. ასე მაგალიტად გვხდება უთხოვრის უნიკალური კორომი, კავკასიური დეკა (Rhododendron caucasicum), […]
  • სარწმუნოება ხევსურთა სარწმუნოებრივი სისტემა სიმბიოზია წარმართობისა და ქრისტიანობისა. ღვთაებათა სიმრავლე ანუ პოლითეიზმი დასტურია იმისა, რომ უხსოვარ დროში ხევსურები ქრისტიანობამდელი რწმენა-წარმოდგენებით სარგებლობდნენ. მათ […]
  • ტყის სარტყლის მცენარეულობა მდინარისპირული ტყეები ძირითადად წარმოდგენილია მურყნარებით (Alnus barbata, A. incana), რომელსაც ერევა ტირიფის სახეობები (Salix exelsa, S.alba). ცალკეულ ადგილებზე გვხვდება ასევე ოფი (Populus nigra) და ხვალო […]
  • ურთიერთდამოკიდებულება ხევსურეთის თემებს შორის ხევსურეთის პირაქეთისა და პირიქითის თემთა მკვიდრნი ცხოვრების წესით და ხასიათით რამდენადმე განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან, რასაც საქართველოს ბართან და ჩრდილოეთის ტომებთან მათი მეზობლობა და ურთიერთობა […]
  • ხევსურული ნანა დაიძინე, ქალავ, თორო შავი ღამე ფშვინავს, დაიძინე დედის თოლო, დაიძინე, შვილავ!.. ახლა გარეთ ოჩოპინტრე დადის, ნისლის ქუდი პატარა რქებს მალავს, მძივს აგისხამ, სამძჲმარას დარდო, დაიძინე, […]
  • ფლორა და მცენარეულობა ფშავ-ხევსურეთის ფლორის და მცენარეული საფარის მრავალფეროვნებას განაპირობებს ის, რომ ეს ისტორიულ-გეოგრაფიული რაიონი მდებარეობს ცენტრალური დააღმოსავლეთი კავკასიონის მიჯნაზე. მისი ფლორისტული სიმდიდრე აერთიანებს […]
  • ფშავი და პირაქეთი ხევსურეთი ფშავის არაგვი სათავეს მთა ბორბალოდან ღებულობს. პირაქეთ ხევსურეთს მდინარე ხევსურეთის არაგვის მთელი აუზი უჭირავს. ხევსურეთის არაგვი შედგენილია სამი მდინარით, რომლებიც სოფელ ღულის მიდამოებში, ზღვის დონიდან […]