ფშავ-ხევსურეთის სამკურნალო და სამეურნო მცენარეები

ფშავ-ხევსურეთში ხალხურ მედიცინის განვითარებას ხანგრძლივი ისტორია აქვს. იმის გამო, რომ ეს რეგიონი მოწყვეტილი იყო ბარისაგან, შეუძლებელი იყო აქ სხვადასხვა დანიშნულების წამლების შეტანა. ამის გამო, ადგილობრივი მოსახლეობა იძულებული იყო ადგილზე გამოენახა სამკურნალწამლო საშუალებები. ამ მიზნით ფართოდ გამოიყენებოდა ადგილობრივი ფიტოგენოფონდი. საქვეყნოდ ცნობილია ხევსური და ფშაველი ექიმბაშები. მათ მიერ ადგილზე ხდებოდა ისეთი რთული ოპერაციები, როგორიცაა თავის ტრეპანაცია და სხვა. რაც შეეხება სამკურნალო თვისებების მქონე მცენარეებს, პირიქით ხევსურეთში, მდინარე ანდაქის წყლის ხეობაში ფართოდაა გავრცელებული სხვადასხვა ვიტამინებით მდიდარი სვია (Humulus lupulus) და ქაცვი (Hippophae rhamnoides). სუბალპურ და ალპურ სარტყელში ფართოდაა გავრცელებული კავკასიური დეკა, ასკილი, ჟოლო, კეწერა და მოცვი. როშკის კლდეებლზე იზრდება აგრეთვე ხარიშუბლა (Senecio platypyllus), რომლისგან ამზადებენ საგულე საშუალებას – პლატიფილინს. პირიქით ხევსურეთში, გურო-გიორწმინდის და არჭილო-ხახაბოს მიდამოებში გვხვდება დუცი (Angelica tatianae), რომელიც გამოიყენება კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს.