ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო

1. ეს კანონი არეგულირებს ძირითად სამართლებრივ ურთიერთობებს ფშავ-ხევსურეთის დაცული
ტერიტორიების შექმნისა და მართვის სფეროში.
2. ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიებისთვის მიკუთვნებული ტერიტორიისა და სხვა ბუნებრივი
რესურსების, აგრეთვე ისტორიული ძეგლების განკარგვასთან, დაცვასა და გამოყენებასთან
დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო
და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

მუხლი 2. კანონის ძირითადი მიზნები და ამოცანები

1. კანონის ძირითადი მიზნებია:
ა) უზრუნველყოს ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნა;
ბ) მოაწესრიგოს ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების მართვის მექანიზმები.
2. კანონის ძირითადი ამოცანებია:
ა) ბუნებრივი პროცესების უწყვეტი განვითარების უზრუნველსაყოფად ხელი შეუწყოს ფშავ-
ხევსურეთის დაცული ტერიტორიების ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვას, აღდგენასა და
გონივრულ გამოყენებას;
ბ) უზრუნველყოს ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების ბუნებრივი ეკოსისტემების, ცხოველთა
და მცენარეთა სამყაროს დაცვა, აღდგენა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება;
გ) ხელი შეუწყოს ფშავ-ხევსურეთის დაცულ ტერიტორიებზე ბუნებრივ და ისტორიულ-კულტურულ
გარემოში რეკრეაციისა და ეკოტურიზმის მდგრადი განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების
შექმნის სამართლებრივი მექანიზმების ჩამოყალიბებას;
დ) უზრუნველყოს ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიებისათვის მიკუთვნებული მიწის, წყლის,
ცხოველთა სამყაროსა და სხვა ბუნებრივი რესურსების დაცვა, აღდგენა და გონივრული გამოყენება;
ე) უზრუნველყოს ფშავ-ხევსურეთის დაცულ ტერიტორიებზე განათლებისა და მეცნიერული კვლევა-
ძიებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, ბუნებრივი ბიოეკოლოგიური რეჟიმის დაცვა, აღდგენა
და მონიტორინგის განხორციელება;
ვ) უზრუნველყოს ფშავ-ხევსურეთის დაცულ ტერიტორიებზე ისტორიულ-კულტურული ძეგლების
დაცვა და აღდგენა;
ზ) უზრუნველყოს უნიკალური ეკოსისტემებისა და ცალკეული ბუნებრივი კომპონენტების
ანთროპოგენიზაციის შედეგად გადაგვარებისა და დაღუპვისაგან დაცვა;
თ) უზრუნველყოს უმდიდრესი ეროვნული მემკვიდრეობის – ხალხური ხუროთმოძღვრების
ძეგლებისა და ისტორიულ-კულტურული ღირებულებების – შენარჩუნება;
ი) უზრუნველყოს ფშავ-ხევსურეთის დაცულ ტერიტორიებზე ტურიზმის, სოფლის მეურნეობის,
სატყეო მეურნეობისა და მეურნეობის სხვა დარგების მდგრადი განვითარება;
კ) უზრუნველყოს ბუნებრივი და ისტორიულ-კულტურული ძეგლების ფსიქოლოგიურ-ესთეტიკურ რესურსებზე მზარდი რეკრეაციული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად საჭირო
ინფრასტრუქტურის შექმნა;
ლ) ხელი შეუწყოს ხალხური შემოქმედების ტრადიციათა შენარჩუნებასა და განვითარებას.

მუხლი 3. ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების კატეგორიები

1. ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების ტერიტორიულ-ფუნქციური ორგანიზება ემყარება
„დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ საფუძვლებს.
2. ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიები იქმნება ეროვნული მნიშვნელობისა და დიდი
გარემოსდაცვითი და ესთეტიკური ღირებულების მქონე ბუნებრივი ტერიტორიების, აგრეთვე
ადამიანისა და ბუნებრივი გარემოს ჰარმონიული ურთიერთობის შედეგად ჩამოყალიბებული
ბუნებრივ-კულტურული ძეგლების დაცვისა და სასიცოცხლო გარემოს შენარჩუნებისათვის,
რეკრეაციულ-ტურისტული საქმიანობისა და ტრადიციული სამეურნეო საქმიანობისათვის.
3. ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიები საქართველოს დაცული ტერიტორიების ნაწილია და
მოიცავს დაცული ტერიტორიების შემდეგ კატეგორიებს:
ა) ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკი;
ბ) როშკის ბუნების ძეგლი;
გ) ასის აღკვეთილი;
დ) ფშავ-ხევსურეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია (დამხმარე ზონა).
4. ამ კანონით განსაზღვრული დაცული ტერიტორიების კატეგორიების ზონირება და ზონებში
დაშვებული საქმიანობა, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის
თანახმად, დგინდება შესაბამისი დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმით.

მუხლი 4. ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების მდებარეობა და ფართობი

1. ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიები მდებარეობს დუშეთის მუნიციპალიტეტის
ტერიტორიაზე, აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, კავკასიონის მთავარი ქედის ჩრდილოეთ და
სამხრეთ კალთებზე და მოიცავს მდინარეების – ასის, არღუნის, ანდაქისწყლის, ხევსურეთის არაგვისა
და ფშავის არაგვის – ხეობებს. ფშავ-ხევსურეთის დაცულ ტერიტორიებს ჩრდილოეთით ესაზღვრება
რუსეთის ფედერაცია, აღმოსავლეთით – ახმეტის მუნიციპალიტეტი, დასავლეთით – ყაზბეგის
მუნიციპალიტეტი, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთით – თიანეთის მუნიციპალიტეტი.
2. ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის საერთო ფართობია 75843 ჰექტარი და მოიცავს შემდეგ
გეოგრაფიულ კოორდინატებს:
3. ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ჩრდილოეთი საზღვარი წერტილიდან (გეოგრაფიული
კოორდინატები: X485980, Y4718388) წერტილამდე (გეოგრაფიული კოორდინატები: X525386, Y4713047)
მიუყვება რუსეთის ფედერაციასთან საქართველოს სახელმწიფო საზღვარს.
4. როშკის ბუნების ძეგლის საერთო ფართობია 118,4 ჰექტარი და მოიცავს შემდეგ გეოგრაფიულ
კოორდინატებს:
5. ასის აღკვეთილის საერთო ფართობია 3943 ჰექტარი და მოიცავს შემდეგ გეოგრაფიულ
კოორდინატებს:
6. ფშავ-ხევსურეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია (დამხმარე ზონა) მოიცავს შემდეგ
სოფლებსა და სხვა დასახლებულ პუნქტებს:
ა) ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის პერიმეტრის შიგნით არსებულ დასახლებულ პუნქტებს:
ანატორი, მუცო, კისტანი, ლებაისკარი, კალოთანა, ამღა, ჭიმღა, ანდაქი, ქინო, ბინდაურთა, არჭილო,
ჩეჩქეთი, შატილი, არდოტი, ღორღუ, კვირიაწმინდა, გურო (საერთო ფართობია 251 ჰექტარი);
ბ) ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის პერიმეტრის გარეთ არსებულ სოფლებს: უკანაფშავი
(ჭალახევი), უკანაფშავი (ვაკის სოფელი), ორბეულთა, ხორიელი, ხოშარა, აყნელი, მისახი, ხიტალე,
ბაცალიგო, ჩხუბა, უკანაფშავი (ელიაგზა), უკანხადუ, კარწაულთა, აჭე, ხახმატი, ბისო, ატაბე, წინხადუ
(ზეისტეჩო), წინხადუ, უსტამალე, კეო, ბარისახო, ბოქჩვილო, ჭალისოფელი, ბლო (საერთო ფართობია
30050 ჰექტარი).
7. ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკი არ მოიცავს შემდეგი საავტომობილო გზებისა და მათი
განსხვისების ზოლების ტერიტორიისთვის მიკუთვნებულ ფართობებს, რომელთა გეოგრაფიული
კოორდინატები მდებარეობს შემდეგ წერტილებში:
ა) ბარისახოსა და შატილის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მონაკვეთი და მისი განსხვისების
ზოლი, რომლის საერთო ფართობია 36,6 ჰექტარი:
ბ) შატილისა და არდოტის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა და მისი განსხვისების ზოლი,
რომლის საერთო ფართობია 13,4 ჰექტარი:
გ) როშკისა და არხოტის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა და მისი განსხვისების ზოლი, რომლის
საერთო ფართობია 92 ჰექტარი:

მუხლი 5. ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების სახელმწიფო მართვა

ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების სახელმწიფო მართვა ხორციელდება „დაცული
ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 6. ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნასთან დაკავშირებული
მიწათსარგებლობის, სასარგებლო წიაღისეულითა და ნავთობისა და გაზის რესურსებით
სარგებლობასთან დაკავშირებული საკითხები
ეს კანონი არ ვრცელდება ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების ამ კანონით დადგენილი
საზღვრების ფარგლებში ამ კანონის ამოქმედებამდე არსებულ:
ა) ქონებრივ ურთიერთობებზე (მიწის ნაკვეთების ყიდვა-გაყიდვის, უზუფრუქტის, აღნაგობის,
ქირავნობის, გაცვლის, გაჩუქების, მემკვიდრეობით გადაცემის, იპოთეკისა და იჯარით გაცემის
შემთხვევებში არსებულ ურთიერთობათა ჩათვლით);
ბ) სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე;
გ) „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დადებული ხელშეკრულებებით
ან/და გაცემული ლიცენზიებით განსაზღვრულ ურთიერთობებზე.

მუხლი 7. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
ქუთაისი,
16 აპრილი 2014 წ.

khevsureti.ge

2 thoughts on “ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

  • 14/06/2014 at 19:35
    Permalink

    ხევსურებო და ფშავლებო,ღმერთმა მშვიდობით მოგახმაროთ ფშავ–ხევსურეთის ეროვნული პარკი,ეს არის დიდი ეროვნული საქმე ,რომელსაც მოვლა– პატრონობა სჭირდება.იქნებ გვეღირსოს ფშავ– ხევსურეთის აღორძინება!

  • 16/06/2014 at 20:25
    Permalink

    ძალიან საჭირო კანონპროექტია.როგორ შეიძლება გაწევრიანება ამ კანონპროექტში?

Comments are closed.