ურთიერთდამოკიდებულება ხევსურეთის თემებს შორის

ხევსურეთის პირაქეთისა და პირიქითის თემთა მკვიდრნი ცხოვრების წესით და ხასიათით რამდენადმე განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან, რასაც საქართველოს ბართან და ჩრდილოეთის ტომებთან მათი მეზობლობა და ურთიერთობა განაპირობებდა. პირიქითის ხევსურებს, როგორც საზღვრის უშუალო მცველებსა და შედარებით პირქუში ბუნების შვილებს, უფრო თავისუფლად და ამაყად მოჰქონდათ თავი.
ზამთრის პერიოდში, რომელიც თითქმის ხუთი-ექვსი თვე გრძელდება, არხოტი, მთასიქითი და მიღმახევი მთლიანად მოწყვეტილია პირაქეთსა და საქართველოს. ამა თუ იმ თემში რაიმე უბედურება რომ მოხდეს, მხოლოდ გაზაფხულზე, მთები რომ გაიხსნება, მაშინ შეიტყობენ ხევსურნი. ”არხვატს ხარის რქაში სძინავს, კარზე არაფერი მოგვადგება, არც სახელმწიფოს ბეგარა, არც თავად-აზნაური, არც ჭირიო,” – იცოდნენ თურმე არხოტივნებმა თქმა. (ნ. ბალიაური)
“ბუდე ხევსურეთში” გადმოსული პირიქითელნი მასპინძლებს ქისტებთან ბრძოლა-ურთიერთობებსა და ჯიხვებზე ნადირობის ამბებს უყვებოდნენ. პირაქეთა ხევსურები კი უამბობდნენ ქალაქის, მეფეების, ომების ამბებს. პირიქითელებს აინტერესებდათ აგრეთვე, თუ “ვინ როგორ იშუღლა და ჭრა ერთიმეორე, ან როგორ შერიგდნენ. ქადაგი თუ დასვეს რომელიმე ჯვარში და რა ბრძანება გამოვიდა ხთიშვილისაგან.” ერთმანეთს უამბობდნენ აგრეთვე ცხენ-მხედრის, ქალის მოტაცება-გარიგების, ლექსობის ამბებს. (ალ. ოჩიაური)
ამ ხევსურთაგან ყველაზე უფრო განსხვავებული ყოფა ჰქონდათ მიღმახეველებს და მათი რჯულ-ტრადიციებიც თავისებური იყო, რის გამოც “….სამძახი არ აქვთ. ე.ი ქალს ვერ თხოულობენ სხვა ხევსურებისაგან, თუ თავისავე ხეობიდან არ შეირთეს. ვინიცობაა მიღმახეველებმა ქალი ითხოვეს სხვა მხარის, მაშინ ხარი უნდა დაუკლან ქალის პატრონს – “საგვარმეტო”. (ნ. ბალიაური)

ეს განსხვავებანი დღეისთვის უკვე წაშლილია.

მომზადებულია შოთა არაბულის წიგნის ”ისტორიული თავგადასავალი ხევსურთა”-ს მიხედვით

One thought on “ურთიერთდამოკიდებულება ხევსურეთის თემებს შორის

  • 21/12/2011 at 22:07
    Permalink

    ხევსურებს ბევრი რამ აქვთ საერთო ვაინახებთან-როგორც კულტურულად, ასევე გენეტიკურად. ძალიან მაინტერესებს რამდენი იყვნენ ხევსურები ერეკლეს დროს და თუ არსებობს რამე ჩანაწერი-საბუთი ამის შესახებ?

Comments are closed.