ტალავარი (ტანსაცმელი)

ტანსაცმელს ხევსურები „ტალავარს“ უწოდებენ. ტალავარი შინნაქსოვი შალისგან („ტოლისგან“) იკერება. „ტოლს“ ამზადებენ ქალები. სატალავრე ქსოვილი სქელი, მძიმე და მოუხეშავია. სამაგიეროდ, გამძლეა და დიდხანს ინახება. ქალის სამოსიდან მთავარია „სადიაცო“, ანუ კაბა, რომელიც ლურჯი ან შავი შალისგან მზადდება. კაბის გულისპირი, იგივე „ფარაგი“, ნაირფერი ძაფებითაა ნაქარგი და დამშვენებულია მძივებითა და ღილებით. „სადიაცოსთან“ ერთად, ქალები ატარებენ „ქოქომოს“ და „ქოქოლოს“. ეს უკანასკნელი მსგავსია ქათიბისა, ოღონდ უფრო მოკლეა და წელში გამოყვანილი. ქალის სამოსში შედის ასევე ზამთარში ჩასაცმელი „ტყავი“ (ჯუბა), წინდა, პაჭიჭი, ქალამანი, ე.წ. „ამოკერებული თათი“, მანდილი და „სათურა“. ამათგან დიდ პატივშია მანდილი. მოშუღართა შორის ქალ-დედროვნის მიერ მანდილის ჩაგდება ეფექტური წინაპირობაა იმისათვის, რომ მამაკაცებმა ერთურთის დაჭრა და სისხლისღვრა შეწყვიტონ. რაც შეეხება მამაკაცს, მისი სამოსია მძივებითა და მრავალგვარი ორნამენტებით, ე.წ. „ნაჭრელათი“ მოქარგული პერანგი. მამაკაცის პერანგს ყელი ამოღებული აქვს, კალთის გვერდები ჩაღილული. ლამაზია სიმეტრიული დეტალებით ხელმარჯვედ მოქარგული პერანგის „საბეჭური“. პერანგის უმთავრესი ღირსებაა მისი, ასე ვთქვათ, მხატვრული გაფორმება. უაღრესად შრომატევადი ნახელსაქმარის მთელი შნო და მშვენება მისი „ნაჭრელას“ დახვეწილობასა და მრავალფეროვნებაშია. მამაკაცები პერანგზე შავი ან ლურჯი „ტოლისგან“ შეკერილ ჩოხას იცვამენ. ჩოხა წელში გამოყვანილია და ბეჭებზე ჯვარსახოვანი დეტალებია გამოყვანილი.  ფეხსამოსში შედის წინდა, პაჭიჭი და ხარის ტყავის ხელიანი ქალამანი. თავზე იხურავენ ნაბდის ქუდს, მსგავსს თუშური ქუდისა, რომელსაც გარშემო შავი გრეხილი და თეთრი მძივების მწკრივი მიუყვება. ხელსაქმით გამორჩეული ხევსური ქალი, სწორუპოვარი ფანტაზიისა და ფერთა შეხამებაში, შეუდარებელი სამოსის შემქმნელი და ამაში ღრმად დარწმუნებული ნიშნისმოგებით ამაყად ამბობს:
დაკვეხნებაზე ნუ იყვას:
ლამფა არ მინდა ქალსაო,
თოლ-პირის სინათეზედა
დავხკერავ ნაჭრელასაო…
დღემდე განცვიფრებაში მოჰყავს ხევსური ქალის მნახველი. ტრადიცია, საბედნიეროდ, გრძელდება.