სწორფრობა ხევსურეთში

სწორფრობა ხევსურეთში გავრცელებული წესია, რომელსაც ძმობილობასაც უწოდებენ. როდესაც ქალ-ვაჟნი ასაკში ჩადგებიან, ირჩევენ თავიანთ სწორფერს. არჩევანი პირად მოწონებაზე და სიყვარულზეა დამოკიდებული. თუ ქალ-ვაჟს ერთმანეთი მოეწონათ, ვაჟი ქალს ძმობას ეტყვის და ამის შემდეგ მათ შორის დაიწყება სწორფრობის რომანტიკა. სწორფერობენ ერთი თემისა და გვარის ქალ-ვაჟნი,  ნათესავთა შორის სწორფრობა იშვიათია. სწორფერ ვაჟს უნდა ახასიათებდეს რაინდობა და ნაძმობი ქალისადმი თავდადება და ერთგულება.

ძმობილობა ტრფიალი პირველ ხანებში გამოიხატება მოკითხვა-საჩუქრებში. სწორფერი ქალები თავის ძმობილს უქსოვს და უქარგავს საბეჭურს, საწვივეს, სათამბაქოეს და სხვა. ვაჟი კი თავის ძმობილ ქალს უძღვნის მძივებს, ღილ-ქინძისთავებს, ვერცხლის სამკაულს და სხვა.

ამას ჩქარა მოჰყვება გამიჯნურებულ სწორფერთა წოლა. წვებიან ჭერხოში და ვაჟთან ქალი მიდის, რომელსაც ძმობილთან ერთი „მინა“ (ბოთლი) არაყიც უბით მიაქვს. ვაჟი თავს მოიმძინარებს, ქალი გამოაღვიძებს მას და არაყს შეასმევს.

ახლად შეყრილი სწორფერნი ერთმანეთს ძლიერ მორიდებით ეალერსებიან. შეიძლება კოცნა, ხვევნა-ალერსი და ძმობილის მკლავზე წოლა. გულმკერდი სწორფერებს ერთმანეთზე აქვთ მიკრული, ფეხები და მუცელი კი მოშორებით უნდა დაიჭირონ. ქალის ფარაგისა და საყელოს ღილის შეხსნა არ შეიძლება, რაც ვაჟკაცს უნამუსობაში ჩეთვლება; ასეთ სწორფერს დანდობილი ქალი მოიძულებს და სათემოდ შეარცხვენს.

როცა ალერსით დატკბებიან, ერთმანეთს ზურგს შეაქცევენ და დაიძინებენ; ან ვაჟი გულაღმა დაწვება, ქალი მის გულმკერდზე თავს დასდებს და ისე მიიძინებს; მაგრამ ქალს არ უნდა გაუთენდეს—სირცხვილია. სწორფერთა წოლა ხევსურეთში შეიძლება მკაში, მუშაში, ქორწილში და „ახალუხალში“ (ლხინში), სადაც წოლა გათენებამდე გრძელდება, მაგრამ წოლა ისე უნდა მოაწყონ, რომ მოხუცებმა არ დაინახონ, თორემ უზრდელობაში ჩაეთვლებათ.

სწორფერთა წოლა ხატში აკრძალულია. მებოსლე სწორფერთანაც წვებიან, მაგრამ სამრევლოდან მოშორებით, სადმე მინდორზე წვებიან. სწორფერთან სქესობრივი კავშირის დაჭერა ხევსურულ ადათით აკრძალულია და ამ მხრივ ნაძმობმა ქალზე არავითარი ძალადობა არ უნდა იხმაროს. სწორფრობა, რასაკვირველია, ცთუნებისაგან დაზღვეული არ არის და შესაძლებელია სქესობრივ აქსაც ჰქონდეს ადგილი, მაგრამ ამას სჩადიან სიფრთხილით, უთესლოდ (Coitus interruptus) და დიდის საიდუმლოებით ინახავენ. ძმობილი ქალი თუ დაორსულდა, რაც აქ იშვიათი შემთხვევაა, სწორფერი ყოველგვარ ზომებს მიმართავს,  რომ მას მუცელი მოუშალოს და თემის რისხვ ამით აიცდინოს. ერთი გვარისა და სოფლის ძმობილის შერთვა სასირცხვოდ ითვლება და ხევსურული ადათით აკრძალულია. დამნაშავეს თემი მოიკვეთს და განდევნის.

ზოგჯერ სწორფრებს ცილაობაც კი მოსდით, მაგრამ მათ შორის ჩხუბი და მტრობა იშვიათია და საქმეც დათმობით თავდება.

-

ხევსურეთში საპატიო სტუმარსაც უწვენენ სწორფერს, რომლის მოსაყვანად ელჩს გზავნიან. ხშირად ელჩობას ძმობილიც კისრულობს და სტუმართან აწვენს თავის ძმობილ ქალს, რომლის ნამუსიანობაში და ერთგულებაში ის დარწმუნებულია და რათა ამაში სხვებიც დაარწმუნოს, თავის ძმობილ ქალს გამოსაცდელად უცხოსთან აწვენს.

ვაჟსაც არ შეუძლია თავის ძმობილს სტუმართან წოლა დაუშალოს, მაშინ იტყვიან, სწორფერს არ იმეტებსო, ეშინია და არავის უთმობსო. სწორფერის ასეთი შეყვარება სირცხვილია და ეს ვაჟკაცს უნამუსობაში ჩამოერთმევა;

ელჩობით მიწვეული ძმობილი ქალი სახლიდან ზოგჯერ ერთ ბოთლ არაყს წაიღებს და მწოლარე სტუმარს ჩაუწვება. ვაჟი თავს იმძინარებს, ქალი მას გამოაღვიძებს და არაყს შეასმევს. შემდეგ ქალი სტუმარს გაართობს ტკბილი საუბრით და კოცნა-ალერსით. სწორფერი ქალი თავშეკავებული უნდა იყოს, უნამუსობა არ ჩაიდინოს და ამით სწორფერი არ შეარცხვინოს.

წინათ სწორფერს სტუმარს რომ დაუწვენდნენ, შუაში ხმალს ჩაუდებნენ: სტუმარს არ შეეძლო ამის შემდეგ რაიმე უნამუსობა ჩაედინა და ამ ადათის დამრღვევ სტუმარს სიკვდილი მოელოდა. თუ სტუმარს მასთან ნაწოლი სწორფერი მოეწონებოდა, მისი შერთვა შეეძლო.

ხევსურეთში ქალს ერთი სწორფერი ჰყავს, ვაჟკაცს შეიძლება ორიც ჰყავდეს. რამდენიმე სწორფერის ყოლა აქ სირცხვილია და, თუ ქალი სწორფერს ხშირად იცვლის, ასეც ქალს მწოლელ-მდგომელს უწოდებენ. ამგვარ ქალს აქ აძაგებენ და მშობებიც ეჩხუბებიან. რადგან ქალს თემში სახელი უტყდება და ოჯახისთვის ეს დიდი სირცხვილია. მაგრამ თუ ახალგაზრდა არ სწორფრობს, მასაც სძრახავენ, იტყვიან: უდღეჴმო ანუ მწერელტყვე არისო.

4 thoughts on “სწორფრობა ხევსურეთში

  • 14/01/2011 at 16:07
    Permalink

    გრ. რობაქიძე სწორფერს განმარტავს, როგორც “სიყვარულში სადარ–მხვედრს”, რაც ყველა თვალსაზრისით შესაფერის წყვილს გულისხმობდა – ასაკით, ინტელექტით, ჯიშ–ჯილაგით და ა. შ. ეს რაც შეეხება ნამდვილ სწორფრობას, მაგრამ, როგორც ცნობილია, ხევსურეთში არსებობდა სხვა სახის ანუ “უბრალო წოლა–დგომაც”. ამ შემთხვევაში ასაკს არავითარი მნიშვნელობა ჰქონდა. სტუმართან ქალის დაწვენა მხოლოდ და მხოლოდ მისდამი პატივისცემის გამოხატულება იყო და ამ დროს კაცი შეიძლება ასაკოვანიც ყოფილიყო. შეიძლება ნათესავი ქალ–ვაჟიც დაწოლილიყვნენ, როგორც და–ძმა, და ისინი სხვადასხვა თემაზე საუბრით ათენებდნენ ღამეს. სწორფრობის ეს ფორმა კომუნიკაციის საუკეთესო საშუალება იყო.
    გრიგოლ რობაქიძის მთავარი გმირი სწორფრობის თემისადმი მიძღვნილ ნოველაში “ენგადი”ამბობს: “ერთია, ცოლი გყავდეს და სხვაა, სწორფერი გყავდეს”. ასეთი გაორება ხევსურთა ულმობელი ბედისწერა იყო.

    დღეს ხევსურები ასეთი მკაცრი კანონებით აღარ ცხოვრობენ. მათი არჩევანი თავისუფალია.

  • 14/02/2012 at 12:29
    Permalink

    ,,ღვთიურ არს სიყვარულ, შეეხები და მოჰკლავ მას” –ძველი ხევსურის ნათქვამი. (სწორფრობაში სექსი არ იგულისხმებოდა)

Comments are closed.


Fatal error: Exception thrown without a stack frame in Unknown on line 0