სახლ-კარი ხევსურისა

ხევსურთა საცხოვრებლები, სახნავ-სათესი სავარგულების უკმარისობის გამო, ძნელად მისადგომ, კლდოვან ადგილებში აშენებული კოშკურ-ქვითკირებული იყო, რასაც თავდაცვითი მნიშვნელობაც ჰქონდა.
ხევსურის მიერ საცხოვრებელად ადგილის შერჩევას განსაზღვრავდა ჯვარი და ქადაგ-მკითხავი. ცალკეულ საბრძოლო კოშკებსა და ქავ-ციხეებს (გალავნიან კოშკებს) უფრო ძლიერი გვარები აშენებდნენ. ხშირად კოშკების ქვეშ “დარანიც” იყო დატანებული, რომელიც წყაროს უკავშირდებოდა და სამალავსაც წამოადგენდა. კოშკები ძირითადად სიპერდიანი (პირამიდულსახურავიანი) იყო. კოშკის საძირკველში სიმტკიცის ნიშნად იცოდნენ მუხის კუნძის ან რკინის ნაჭრის ჩატანება. ცოდნიათ ხელოვნური დამცავზღუდიანი (ფლისკინა, ანუ ბირქი) თხრილიანი კოშკების მშენებლობაც (სამხარაულების კოშკები ქუდნისლაზე).
XVII-დან, ფშავ-ხევსურეთში არაგვის ერისთავთა ლაშქრობის შემდეგ, კოშკური კულტურა დაქვეითებას განიცდის და იცვლება ქვითკირული და ტერასულ-კალოიანი სახლებით.
ქვის მშრალი წყობით შენდებოდა ხევსურული სახლი, რომელიშიც შიგა ტიხრები გამოწნული და თიხით შელესილი იყო. შიგნიდან ქვის კედლებსაც თიხაში აზელილი ჩალითა და თხის ბალნით ლესავდნენ.
პირველი სართულის შესასვლელი წარმოადგენდა “ქარიპანის”, სადაც ზაფხულობით საქონელს აბამდნენ. აქვე ალაგებდნენ ქურთს. ქარიპანიდან ჯერ საძროხეში (სახოზდაგე; სახვასტაგე) იყო შესასვლელი, შემდეგ “ნაწვლის კარით” ოჯახის ძირითად სამყოფო ოთახში იყო გასასვლელი. მაგრამ ამ შესასვლელ-გასასვლელით მხოლოდ ქალები სარგებლობდნენ. მამაკაცები მეორე სართულიდან, ჭერხოდან ჩადგმული კიბით ჩადიოდნენ სამყოფში. (40-იანი წლებიდან სამყოფში პირველი სართულიდან შესასვლელი ცალკე კარები გამოიღეს)
სახლის პირველი სართული, სამყოფი და საძროხე, ერთმანეთისგან ტიხრით იყოფოდა. თავდაპირველად ტიხარი ნახევრამდე იყო ამოყვანილი. მოგვიანებით იგი ჭერამდე ასწიეს და ზოგმა ქვის კედელი ამოაშენა წნელის ტიხრის ნაცვლად. იმდენად შეგუებულები იყვნენ ხევსურები საქონლის გვერდით ყოფნას, რომ ამბობდნენ: “საქონის ცოხნის ხმა თუ არ მესმის, ვერ ვიძინებ“-ო. საძროხე დაზღვავებული იყო ქვის ბრტყელი სიპებითა და მუხის პლახით, ხოლო სამყოფოში დატკეპნილი მიწის “ქაზდარი” იყო.
“სამყოფოს” შუაგულს წამოადგენდა კერა (ყვერფ-კერა), რომელის თავზე, ჭერში, დატოვებული იყო ღიობი კვამლის გასასვლელად, საიდანაც სინათლეც შემოდიოდა. იქვე, ასაყარზე გადებულ ხეზე, ჩამოკიდებული იყო საკიდელი. ასაყარზე გაკეთებულ კავებზე ეკიდა შებოლილი ცხოველის ძვლები და მრგვალად გამოკრული ქონ-დუმა.
ოთახის დასავლეთ მხარეს, კედლის გასწვრივ იდგა გრძელი, ორნამენტირებული სამამაცო სკამი და ოთახის ნაწილსაც “სამამაცო” ერქვა. სამამაცო სკამზე მხოლოდ მამაკაცები სხდებოდნენ დამსახურებისა და ასაკის მიხედვით. დიასახლისი მათ გრძელ, ასევე ორნამენტირებულ ტაბლას გადმოუდგამდა. ტაბლის მეორე მხარეს არ სხებოდნენ. სამამაცო სკამის ასწვრივ, ჭერში გადებულ ფიცარზე და ქირჭოებზე (საკიდებზე), განლაგებული იყო მამაკაცის საომარი, სახელოსნო იარაღები და ნივთები.
სამამაცოს მოპირდაპირე კედელთან იყო “სადიაცო” მხარე, სადაც იდგა სადიაცო სკამი, კარადა ან გოდორი ჯამ-ჭურჭლისთვის, ტაბლა, ვარცლი, ტაგრუცი და ა.შ.
კერიდან ყველა მხარეს არადაბაგზე-კედლის გაყოლებაზე გადებული იყო ქანდარა, რომელზედაც ეკიდა ტალავარი ფლას-ფარდაგი, საგებ-სახურავი. კერიდან წინა მხარეს, ყურეში, დგამდნენ სანთებს, ჩირაღს და სხვადასხვა ნივთებსა და ჭურჭელს. სამყოფოსგან გადაკედლილი იყო აგრეთვე რძისა და რძის ნაწარმის შესანახი ადგილი, რომელსაც “სენე” ერქვა.
სამყოფო მეორე სართულს – ჭერხოს კიბით უკავშირდებოდა, რომელიც გამოიყენებოდა აგრეთვე საქონლისათვის საკვების ჩასაყრელად.
სამყოფო ოთახს სინათლის შესასვლელად კედლებში დატანებული ჰქონდა ვიწრო შუკუმები. ისინი ისე იყო დატანებული კედლებში, რომ მზის საკულტო ერთგვარ ობსერვატორიას წარმოადგენდა. შუკუმიდან შემოსული მზის სხივით ადგენდნენ დღე-ღამის კლება-მატებას. 30-იანი წლებიდან ხევსურული სახლის ფასადზე ვიწრო შუკუმის ნაცვლად ჩნდება შედარებით დიდი ფანჯარა, რომელშიც გისოსებად ქართული თოფის ლულებს სვამდნენ. “როდესაც სოფელ ახიელაში თათია ბალიაურს თავისი ქვითკირისთვის ვიწრო შუკუმების ნაცვლად ფართო ფანჯრები გამოუჭრია, სტუმრად მყოფ მეგობარ ქისტს უთქვამს: ეგ ვერ ჰქენი თათიავ კარგად, საიდანაც გინდა, იქიდან დაგკრავს თოფს მტერიო.” (თ.ოჩიაური)
მამაკაცები ჭერხოში იძინებდნენ ჩალაგებულ ტახტებსა და ლაჭნებში. ზედ გუდანურებს იფარებდნენ.
ჭერხოში იყო აგრეთვე საოჯახო ინვენტარის და მარცვლეულის შესანახი გოდრები, კიდობნები, ტაგრუცები, ხოკრები, თიკრუნები და სხვა სახის ნივთები. ცალ მხარეს საქონლის საკვებ თივა-ჩალას აწყობდნენ.
ჭერხო და ყოველი ღია ტერასა გადახურული იყო ბანით. ძირითადად ბანზე, სადაც პურს აკალოვებდნენ, დაშენებული იყო მაღალბანიანი კალო, სადაც ძნას ლეწავდნენ.
ბანი ძნელად მოსავლელი იყო. იგი წამოადგენდა ხის კოჭებზე განლაგებულ ჩალისა და ხის წვრილ ტოტებზე დატკეპნილ თიხა-მიწას, რომელსაც ირგვლივ ბრტყელი ქვის სანაპიროები ჰქონდა შემოწყობილი. ბანს რეგულარული ტკეპნა სჭირდებოდა. ამიტომ უთქვამთ ხევსურებზე: ეგენი ის ხალხია, მზეში შინ რო შედიან და წვიმაში გარეთ გამოდიანო. ე.ი წვიმის დროს ბანებს ტკეპნიანო.
ხევსურულ სახლს კიდევ ჰქონდა ტერასულად მიშენებული მცირე ზომის სათავსები წინგარდა და გვერდითა. სახლის ირგვლივ განლაგებული იყო საჩადლი, სანეხვე და სამრელო.

მომზადებულია შოთა არაბულის წიგნის ”ისტორიული თავგადასავალი ხევსურთა”-ს მიხედვით

4 thoughts on “სახლ-კარი ხევსურისა

  • 20/12/2011 at 15:12
    Permalink

    ფაფა

  • 03/01/2012 at 11:45
    Permalink

    მომწონს

  • 24/03/2012 at 21:49
    Permalink

    ძალაინ საინტერესო ინფორმაციებიაა.მომეწონა

  • 06/12/2013 at 17:06
    Permalink

    ძალია მაგრები არია ხევსურელები კარგი ტრადიციები აქვთ მოკლეთ I LOVE XEVSURETI

Comments are closed.