საომარი აღჭურვილობა

ხევსურის საომარი აღჭურვილობა, მისივე ტალავრის მსგავსად, მრავალფეროვანი და ლამაზი იყო.
შინაური და გარეშე მტრისგან მუდმივი საფრთხე, თავმომწონეობა, საზღვრის სიახლოვე, ჩრდილოელ მეზობლებთან ურთიერთობა “ხევსურებს აიძულებდა უფრო ბეჯითად ეზრუნათ საბრძოლო მზადყოფნაზე, ვიდრე საქონლის მომრავლებაზე.”(ალ. ყაზბეგი). მამაკაცს ტახტის თავთან ეკიდა ფარ-ხმალი, ჯაჭვი და თოფი, საგანგებოდ გამზადებული საგზალი და ახლად გაბანდული ჯღან-ქალამანი. იგი ნებისმიერ სიტუაციაში მზად იყო სალაშქროდ.
“ხევსურს… გვერდზე ჩამოკიდებული ფარ-ხმალი ადვილად საცნობს ხდიდა; სადაც უნდა იყოს ხევსური… იმას თან განუყრელად აქვს იარაღი. იმას, რომ ხევსური მშვიდობიანობის დროსაც კი არ იშორებს ტანიდან იარაღს, არის არა გარეშე მტერი, არამედ ისევ ხევსური.”(ვაჟა-ფშაველა).
“უცებ მეხუთე თუ მეათე საუკუნეში გადავსახლდი… დროშისა და დეკანოზის წინ – ოციოდ ლანდი ჟამთა წარსულთა, შეჭედილი ჩაფხუტებით, პერანგებით, სამკლავეებით, მრგვალი ფარებით, ადლზე უგრძესი დაშნებით, ადლიანი სატევრებით, ბუნგრძელი შუბებით, დალურსმული კომბლებით და ბუნმოკლე სათხედებით. ირგვლივ ჭაბუკები და ყრმები ეხვივნენ, ისინიც ხანჯლებით, მშვილდისრებით, კარპაჭებით, ხის მუზარადებით, კაჟიანი თოფებით და გრძელი ხმლებით ასხმულნი, რომელნიც ტანმორჩილ ბალღებს მიწაზე დასთრევენ…”(მ. ჯავახიშვილი)
“ტანზე ჯავშანი ეცვათ, მკლავებზე სამკლაური, მხარზე ფარი და წელზე ხანჯალი: თავზე ჩაფხუტი ეხურათ, რომლის ქვეჩამოშვებული რკინის წვრილი ძეწკვები მხრებამდე სწვდებათ. ფარები აქა-იქ ნაჭდევნი და ჯავშანნი საკმაოდ შეცვეთილნი მოწმობდნენ, რომ მორკინალთ არა ერთი მკაცრი შებრძოლება ხვდენოდათ, ბევრ მათგანს ჭრილობის კვალი შერჩენოდა სახეზე: ეს ალბათ “საცერული მოხვედროდათ. მეომარნი ფარიკაობდნენ, როგორც ვიკინგები…” (გრ. რობაქიძე).

მომზადებულია შოთა არაბულის წიგნის ”ისტორიული თავგადასავალი ხევსურთა”-ს მიხედვით