საომარი აღჭურვილობა

ხევსურების საბრძოლო არსენალი მათივე ტანისამოსის მსგავსად მრავალფეროვანი იყო. თითოეული ხევსური ცდილობდა შეეძინა საუკეთესო იარაღი, როგორც შემტევი-საბრძოლო, ასევე დამცავი საჭურველი. მათ შეიარაღებაში შედიოდა: თოფი, დამბაჩა,  ხმალი, ხმალ-დაშნა, ხმალ-ჯოხა, ხანჯალი, შუბი, მათრახი, საბრძოლო სათითეები, ფარი, უბისფარი, ჯაჭვის პერანგი, ჩაჩქანი, სამკლავეები, საბარკულები, ჯაჭვის ხელთათმანები, სამუხლეები. მრგვალ ხევსურულ ქუდში შიგნიდან ჩაკერებული ჰქონდათ ფოლადის რგოლი. ხევსურეთში მჭედლობა ტრადიციული და განვითარებული დარგი იყო. იჭედებოდა როგორც მახვილები, ასევე თოფის ლულები, ასურული ტიპის ჯაჭვის პერანგები, ხეთური მცირე ზომის მრგვალი ხევსურული ფარები, რომელთაც შავად ღებავდნენ, რათა მთვარის შუქზე უხილავი ყოფილიყო. XII ს-ში ხევსურეთში მოღვაწეობდა თოფებისა და ხმლების ცნობილი მჭედელი სამნა ბურდული, რომელსაც არაგვის ფეოდალებმა თავი მოჰკვეთეს. პოპულარული იყო XIV-XVII სს. იტალიელი ოსტატების ანდრეა და პიერ ფერარების გაჭედილი ხმლის პირები. ხევსურები თავიანთ იარაღს ლამაზად ამკობდნენ ვერცხლისა და თითბერის ფირფიტებით, არქმევდნენ სახელებს, თხზავდნენ მასზე ლეგენდებს და მემკვიდრეობით გადასცემდნენ შთამომავლობას. თოფების სახეობა: ისტამული (თურქული), ხირიმი (ყირიმული), მაჟარი (უნგრული), სიათა (ფრანგული)… ტყვიასა და თოფის წამალს ხევსურეთში ამზადებდნენ. ხმლების სახეობა: (პოპულარული იყო ვადაჯვრიანი, სწორპირიანი ხმლები) ხევსურული „ფრანგულა“, დავით–ფერული, დედალ-ფრანგული, (გერმანული და ავსტრიული), მამალ-ფრანგული (იტალიური), დედალ-მისრული (დამასკო-ხანჯლების სახეობა: შამხალი, თარღო, ლეკური, ქისტური… საბრძოლო სათითეები: (ცერა თითზე სატარებელი დასაჩხვლეტი და დასაჭრელი საცერული.) ღაჯია, ლესულა, ხვეული. ხევსური ადამიანი გამორჩეულად პატივისცემით ეპყრობოდა ტყვეს: მაგას ტყვეობაც ეყოფა შეურაცხყოფადო… ერთ-ერთ ტყვედაყვანილ ქისტს, რომელსაც ფეხშიშველს მოუწევს დატყვევება, ახალგაზრდა ხევსური ლეკო თავის ბანდულებს სთავაზობს: „ჩაიცვიო!“ ჰასანი შორს დაიჭერს, როგორც დამიჭირეთ, ისე წამიყვანეთო, – შენ ამ გზას არ იცნობ, ფეხშიშველს ძალიან გაგიჭირდებაო… შენ არ გაგიჭირდებაო? – მე ობლობით გაზრდილი ვარ, ნახევარზე ფეხსაცმელი არც კი მცმია, ნუ გეშინია, მე არ გამიჭირდებაო… ჰასანი იცმევს ბანდულებს… ლეკო მთელი კვირა გარეთ არ გამოსულა სახლიდან. მას ცხელი დუმით უპოხავდნენ დაჭრილ-დაშაშრულ ფეხისგულებს…

ეს საინტერესოა

  • საომარი აღჭურვილობა ხევსურების საბრძოლო არსენალი მათივე ტანისამოსის მსგავსად მრავალფეროვანი იყო. თითოეული ხევსური ცდილობდა შეეძინა საუკეთესო იარაღი, როგორც შემტევი-საბრძოლო, ასევე დამცავი საჭურველი. მათ შეიარაღებაში შედიოდა: […]
  • ხევსურეთი აღმოსავლეთ კავკასიონზე, კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ და ჩრდილოეთ კალთებზე, ცხოვრობენ ხევსურები – თავისებური ბედისა და ხასიათის მქონე ხალხი, რომელთა დრამატული ყოფა, უცნაური, ყველასგან […]
  • მშობიარობა ხევსურული ადათით მშობიარე ქალს შვილის გაჩენა შეუძლია სოფლის გარეთ აშენებულ ფარღალალა ქოხში – რომელსაც საჩეხს ეძახიან. ამისათვის მშობიარე წინასწარ შეიტანს ქოხში საჭირო ჭურჭელს, ტანსაცმელს, საჭმელს. როცა მუცელი […]
  • პოეზია ხევსურეთი ხალხური ლექსის სამშობლოა. ხევსურულ პოეზიაში ასახულია ადგილობრივთა ყოველდღიური ცხოვრების ნებისმიერი სფერო. უძველესი კუთხის ისტორიული წარსული მის ძირაქ, ძარღვიან ლექსებშია გადმოცემული. ესაა მართალი […]
  • საომარი აღჭურვილობა ხევსურის საომარი აღჭურვილობა, მისივე ტალავრის მსგავსად, მრავალფეროვანი და ლამაზი იყო. შინაური და გარეშე მტრისგან მუდმივი საფრთხე, თავმომწონეობა, საზღვრის სიახლოვე, ჩრდილოელ მეზობლებთან ურთიერთობა “ხევსურებს […]
  • ხევსურული ნანა დაიძინე, ქალავ, თორო შავი ღამე ფშვინავს, დაიძინე დედის თოლო, დაიძინე, შვილავ!.. ახლა გარეთ ოჩოპინტრე დადის, ნისლის ქუდი პატარა რქებს მალავს, მძივს აგისხამ, სამძჲმარას დარდო, დაიძინე, […]
  • ფშავი და პირაქეთი ხევსურეთი ფშავის არაგვი სათავეს მთა ბორბალოდან ღებულობს. პირაქეთ ხევსურეთს მდინარე ხევსურეთის არაგვის მთელი აუზი უჭირავს. ხევსურეთის არაგვი შედგენილია სამი მდინარით, რომლებიც სოფელ ღულის მიდამოებში, ზღვის დონიდან […]
  • კლედ-ნაშალების (პეტროფილური) ფლორა განსაკუთრებით საინტერესოა ფშავ-ხევსურეთის სუბნივალური სარტყელის ფლორა. ზღვის დონიდან 2900-4000 მ სიმაღლეებზე ბინადრობს რამდენიმე იშვიათი ადგილობრივი მცენარეების სახეობა. აქ კლდეებში, ლოდებში და ღორღში […]