საომარი აღჭურვილობა

ხევსურების საბრძოლო არსენალი მათივე ტანისამოსის მსგავსად მრავალფეროვანი იყო.
თითოეული ხევსური ცდილობდა შეეძინა საუკეთესო იარაღი, როგორც შემტევი-საბრძოლო, ასევე დამცავი საჭურველი. მათ შეიარაღებაში შედიოდა: თოფი, დამბაჩა, ხმალი, ხმალ-დაშნა, ხმალ-ჯოხა, ხანჯალი, შუბი, მათრახი, საბრძოლო სათითეები, ფარი, უბისფარი, ჯაჭვის პერანგი, ჩაჩქანი, სამკლავეები, საბარკულები, ჯაჭვის ხელთათმანები, სამუხლეები. მრგვალ ხევსურულ ქუდში შიგნიდან ჩაკერებული ჰქონდათ ფოლადის რგოლი.
ხევსურეთში მჭედლობა ტრადიციული და განვითარებული დარგი იყო. იჭედებოდა როგორც მახვილები, ასევე თოფის ლულები, ასურული ტიპის ჯაჭვის პერანგები, ხეთური მცირე ზომის მრგვალი ხევსურული ფარები, რომელთაც შავად ღებავდნენ, რათა მთვარის შუქზე უხილავი ყოფილიყო. XII ს-ში ხევსურეთში მოღვაწეობდა თოფებისა და ხმლების ცნობილი მჭედელი სამნა ბურდული, რომელსაც არაგვის ფეოდალებმა თავი მოჰკვეთეს.

პოპულარული იყო XIV-XVII სს. იტალიელი ოსტატების ანდრეა და პიერ ფერარების გაჭედილი ხმლის პირები.
ხევსურები თავიანთ იარაღს ლამაზად ამკობდნენ ვერცხლისა და თითბერის ფირფიტებით, არქმევდნენ სახელებს, თხზავდნენ მასზე ლეგენდებს და მემკვიდრეობით გადასცემდნენ შთამომავლობას.
თოფების სახეობა: ისტამული (თურქული), ხირიმი (ყირიმული), მაჟარი (უნგრული), სიათა (ფრანგული)… ტყვიასა და თოფის წამალს ხევსურეთში ამზადებდნენ.
ხმლების სახეობა: (პოპულარული იყო ვადაჯვრიანი, სწორპირიანი ხმლები) ხევსურული „ფრანგულა“, დავით- ფერული, დედალ-ფრანგული, (გერმანული და ავსტრიული), მამალ-ფრანგული (იტალიური), დედალ-მისრული (დამასკოური), ხოროსნული…
ხანჯლების სახეობა: შამხალი, თარღო, ლეკური, ქისტური… საბრძოლო სათითეები: (ცერა თითზე სატარებელი დასაჩხვლეტი და დასაჭრელი საცერული.) ღაჯია, ლესულა, ხვეული. ხევსური ადამიანი გამორჩეულად პატივისცემით ეპყრობოდა ტყვეს: მაგას ტყვეობაც ეყოფა შეურაცხყოფადო…
ერთ-ერთ ტყვედაყვანილ ქისტს, რომელსაც ფეხშიშველს მოუწევს დატყვევება, ახალგაზრდა ხევსური ლეკო თავის ბანდულებს სთავაზობს: „ჩაიცვიო!“ ჰასანი შორს დაიჭერს, როგორც დამიჭირეთ, ისე წამიყვანეთო, – შენ ამ გზას არ იცნობ, ფეხშიშველს ძალიან გაგიჭირდებაო… შენ არ გაგიჭირდებაო? – მე ობლობით გაზრდილი ვარ, ნახევარზე ფეხსაცმელი არც კი მცმია, ნუ გეშინია, მე არ გამიჭირდებაო… ჰასანი იცმევს ბანდულებს… ლეკო მთელი კვირა გარეთ არ გამოსულა სახლიდან. მას ცხელი დუმით უპოხავდნენ დაჭრილ-დაშაშრულ ფეხისგულებს…

shatili