სამგლოვიარო რიტუალი

ხევსურეთი საქართველოს ის უნიკალური კუთხეა, სადაც დღემდე შემორჩა მიცვალებულის კულტის ამსახველი ძველთაძველი წეს-ჩვეულებები და მაღალმხატვრული სამგლოვიარო პოეზია, ე.წ. ხმით ნატირლები. გარესამყაროსგან თვეობით მოწყვეტილ და დიდწილას იზოლირებულ ხევსურეთში სავალდებულო ზნეობრივი და მორალურ-ეთიკური ნორმების ჩარჩოებში იყო მოქცეული ღირსეული წინაპრების ხსოვნისა და სახელის ხაზგასმული პატივისცემა. ადამიანი აღსასრულის შემდგომ იმ ღვაწლით და ამაგით ფასდებოდა, რაც მას მშობლიური კუთხის, ანდა მთლიანად ქვეყნის მიმართ მიუძღოდა; საამაყო გმირებისა თუ მშვიდობიან თანამემამულეთა დამსახურების ხშირი ხსენება მოზარდთა არსებაში იმ სათუთ სიმებს ათრთოლებდა, რომლებიც უშუალოდ იყვნენ გადანასკვულნი პატრიოტულ აღმაფრენასთან, სამშობლოს წინაშე პიროვნული მოვალეობის პირნათლად შესრულების შეგნებასთან, მისი დაცვისა და კეთილდღეობისთვის ბრძოლასთან. ხევსურეთში, ისევე როგორც მის მეზობელ კუთხეებში, სამგლოვიარო რიტუალის მსვლელობას თან ახლდა ერთგვარი შემოქმედებითი პროცესი: ზეპირად იქმნებოდა მწუხარე ლექსები, რომელთა ავტორები, ხშირ შემთხვევაში, უძირო და უსწავლელი გლოვის მგოსნები იყვნენ.

„წამი უმწვერვალესი მწუხარებისა, წამი საუკუნოდ გაყრისა“ (ნ. დადიანი) გამოცდილ, პროფესიონალ მოტირლებში საგრძნობელ სულიერ გრადაციებს იწვევდა. და იბადებოდა უაღრესად სადა, წრფელი, უმწვავესი ადამიანური დარდით და ტკივილით გაჯერებული არაჩვეულებრივი პოეზია.

შენ გინდან შენვერნ მტირალნიო,
შენის კაცობის დამფასავნიო,
წვიმათოდენნი გინდან ცრემლნიო,
მასკვლავთოდენნი სათვალავნიო…

მიცვალებულის გაპატიოსნება და სულეთში ღირსეული გაცილება, მისთვის აზათის დადევნება და საკუთვნოს მიგება წარმოადგენდა ჭირისუფალთა უმთავრეს საფიქრალს, საწუხარს, საზრუნავს.

მთაში, ზოგადად, მიცვალებულის დაფასების ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო გამოხატულება მისი მხურვალე დატირება იყო; დატირება, რომელიც სიტყვიერად გამოითქმოდა, ურითმო ლექსად ფორმირდებოდა და მგლოვიარე ხალხის გულს მალამოდ ედებოდა, ეფინებოდა.

ვიქტორ ნოზაძის ნათქვამი რომ გავიხსენოთ, „მოთქმა არის არა უბრალოდ ტირილი და ხმა მაღლად გამოთქმა თავისი მწუხარებისა, არამედ მკვდრის თუ დაკარგულის შექება, ლამაზად მოხსენებაა და მისი მჭევრმეტყველურად დახასიათება, – ეს არის გლოვის პოეზია“. ხმით დატირება – იმპროვიზაციის სპეციფიკური აქტი – თავისთავად გულისხმობს შთაგონების მომენტს. ჭეშმარიტი პოეზიის უშრეტი სათავე ხომ, უმეტესწილად, ღრმაადამიანური დარდი და ტკივილია. სულისშემძვრელი სევდაა ის საფანელი, რომელზეც ფხიანი ფრანგულივით მჭრელი პოეტური სტრიქონები იჭედება… და ყოველი სახელოვანი კაცისა თუ ქალის სიკვდილი ტრადიციაზე დამყარებული ახალი ნატირლის შექმნის იმპულსად, სათავედ და მიზეზად იქცეოდა ხოლმე ხევსურეთში.

ვეფხვო, დახყარე იარაღიო,
არწივო, დაიჭუჭხენ მხარნიო,
ჯიხვო, საწოლთით გადმაღვარდიო,
ირემო, დაინაყენ რქანიო…

ხევსურეთში აუგად, სამარცხვინო საქციელად მიიჩნეოდა ცოლის მიერ ქმრის დატირება. ჭირისუფალს თავშეკავება, ცრემლის მალვა, „ჭირსა შიგან გამაგრება“ მართებდა. ამას ყველა როდი ახერხებდა. იშვიათად, მაგრამ მაინც ხდებოდა დაუწერელი წეს-ჩვეულებითი ნორმების დარღვევა. მოტირალი ხვდებოდა თავისი ქმედების უხერხულობისა და „თვითდაზღვევის“ მიზნით თავადვე აღნიშნავდა, რა შეიძლება მოჰყოლოდა მის ნებით თუ უნებლიე გადაცდომას ადათების საუკუნოვანი გზიდან:

გამიცინებენ ლაღნი კაცნი,
ყმაწვილ-ყმოწვილნი უმეცარნი,
ქმარს ტირის ტოლათ შუქიაი,
შვედის კვირაის ახალძალი…

ქართველი (და არა მხოლოდ ქართველი!) ხალხის მკვიდრი რწმენა-წარმოდგენით, მიცვალებული მზით, მზის ჩასვლამდე უნდა მიებაროს მიწას. მზეთუკან მკვდრის დაკრძალვა, გარდა გამოუვალი სიტუაციებისა, არ შეიძლება, არ ვარგა, ვინაიდან „ხთისად უკლოობის, უბედურების თხოვნაა“.

სწორედ ამგვარი ხალხური წარმოდგენის წიაღში უდგას ძირი ხევსური ქალის ნატირალს შვილზე, რომელმაც სამუდამოდ უნდა დატოვოს სამზეო, ახლობლები, ტოლ-სწორები და უსიხარულო სულეთში გადასახლდეს.

მზეო, დადევ და დაგვიანდიო,
მზე სდგეხარ უკენობისაო,
გამშვიდობებენ ბერდიასაო,
ვიყრებით დედაშვილობითაო…

ხევსურეთში წლისთავამდე გრძელდებოდა გარდაცვლილის „ტალავართ გაშლა“ და გულითადი გლოვა. წლისთავზე „ჭირი გატყდებოდა“, „ჭერი აიხდებოდა“ და თემი თუ სოფელი, მორიგ უბედურებამდე, ცხოვრების ჩვეულ, სადაგ რიტმს დაუბრუნდებოდა.

გამომდინარე იმ რწმენა-წარმოდგენებიდან, რომ იმქვეყნადაც ისეთივე ცხოვრებისეული მოთხოვნილებები არსებობს, როგორიც სააქაოს, განსვენებულს თან ატანდნენ საბრძოლო იარაღს, წინდა-ხელთათმანს, პურ-წყალს და თამბაქოს. ასევე, სოფლის შორიახლოს მის სახელზე მოეწყობოდა და დაილოცებოდა წყარო, იკურთხებოდა ძუა-ფაფარ დაწნული და ლამაზად შეკაზმული სულის ცხენი და დაკრძალვის დღესვე ანდა წლისთავზე გაიმართებოდა დოღი. Gგარდა ამისა, დგამდნენ „ლაბახს“ – თოფს ისროდნენ მიზანში და ეს შეჯიბრი გრძელდებოდა მანამ, სანამ ვინმე „სამიზნეს“ არ „მოხსნიდა“.

ხევსურეთის ნებისმიერი ხეობის მგზავრი უეჭველად გადააწყდებოდა ე.წ. „სულის წყაროებს“, კონკრეტულ მიცვალებულთა სახელობით ბინულებს, აავსებს სასმისს, გულს გაიგრილებს, წყურვილს მოიკლავს და შენდობას შეუთვლის უცნობ ადამიანს, ვინც გულსაკლავად ადრე დატოვა აქაურობა და მარადისობას შეუერთდა.

ხევსური ქალი უებრო ხმით მოტირალია. მის ნატირლებში ცხადად ჩანს სიკვდილ-სიცოცხლის ფილოსოფიური ხედვა:

სიკვდილო, თვალითამც აგაჩინაო,
კლდეში ჯიხვადამც შაგაყენაო,
მემრ მენადირენ შაგიყარნაო,
შენ თავიმც ანადირებივაო.

სოფელ ანატორში შავი ჭირი გაჩენილა. ჭირმორეული ავადმყოფები თავისი ფეხით შედიოდნენ აკლდამებში და სასიკვდილო სარეცლებზე წვებოდნენ. სოფელმა გადაწყვეტილება მიიღო: შავი ჭირი ანატორიდან არცერთ სხვა სოფელში არ უნდა გავრცელებულიყო. სამ მეთოფეს დაავალეს სოფლის სამივე გასასვლელის კონტროლი, რომ არავინ გაპარულიყო. თუ მაინც ეცდებოდნენ, მეთოფეებს სროლის უფლება ჰქონდათ.

ერთ დღეს ოცამდე ახალგაზრდა გამოსულა სოფელ ანატორიდან აკლდამებისკენ. ფანდურით ხელში სიმღერით მიმავალ ახალგაზრდას უკან მიყვებოდნენ ჟიპიტაურითა და ყანწით თავიანთი შესანდობრების მთქმელი ვაჟკაცები.

ეს საინტერესოა

  • ფშავი და პირაქეთი ხევსურეთი ფშავის არაგვი სათავეს მთა ბორბალოდან ღებულობს. პირაქეთ ხევსურეთს მდინარე ხევსურეთის არაგვის მთელი აუზი უჭირავს. ხევსურეთის არაგვი შედგენილია სამი მდინარით, რომლებიც სოფელ ღულის მიდამოებში, ზღვის დონიდან […]
  • მთასიქითი მთასიქითის ხეობა საკმაოდ დიდია და დათვის ჯვრიდან ანატორამდე გრძელდება. მასში შედიან ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი სოფლები - კისტან-ლებაისკარი, გურო-გიორწმინდა და შატილ-ანატორი. ამ სოფლებში უმეტესად პირაქეთა […]
  • მკვდრის კულტი ხევსურეთში დიდი ტრაგედია იყო ხევსურთათვის ნებისმიერი პიროვნების გარდაცვალება, რადგან სოფლისთვის თითოეული ხევსურის სიკვდილი მეომრის სიკვდილი იყო. რაც გინდა ბეჩავი ყოფილიყო იგი, სახელიანი ვაჟკაცის დარად, უებრო გმირის […]
  • ხევსურეთი აღმოსავლეთ კავკასიონზე, კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ და ჩრდილოეთ კალთებზე, ცხოვრობენ ხევსურები – თავისებური ბედისა და ხასიათის მქონე ხალხი, რომელთა დრამატული ყოფა, უცნაური, ყველასგან […]
  • “ჟამნი” ხევსურეთში XIVსაუკუნის პირველ ნახევარში საქართველოში შავი ჭირი გაჩნდა, რომელიც ისტორიაში “დიდი სიკვდილიანობით” არის ცნობილი. იგი საქართველოში ოქროს ურდოდან შემოვიდა, საქართველოდან კი ეგვიპტე – ევროპამდე გააღწია. ეს […]
  • ტალავარი (ტანსაცმელი) ტანსაცმელს ხევსურები „ტალავარს“ უწოდებენ. ტალავარი შინნაქსოვი შალისგან („ტოლისგან“) იკერება. „ტოლს“ ამზადებენ ქალები. სატალავრე ქსოვილი სქელი, მძიმე და მოუხეშავია. სამაგიეროდ, გამძლეა და დიდხანს […]
  • ძველი ცნობები იბერიის მთიელების შესახებ ბერძნულ წყაროებში გვხვდება ცნობები აღმოსავლეთ საქართველოს მთიელთა შესახებ. მათში ფხოველნიც უნდა ვიგულისხმოთ. სტრაბონის მიხედვით, იბერიის მთიანეთი ხალხმრავალი და მჭიდროდ დასახლებული ყოფილა: “დაბლობზე […]
  • ტალავარი ხევსურის “ახირებული ჩაცმა-დახურვა... განსაცვიფრებელია და საინტერესოა თვით უცხო კაცთათვისაც და მეტადრე ჩვენ ქართველებისათვის. (ალ. ყაზბეგი) რომელ ხალხებსა და ცივილიზაციებს არ დაუკავშირეს მკვლევარებმა ხევსურის […]