რითი იკვებებოდნენ ხევსურეთში

ხევსურები დღეში სამჯერ ჭამენ: დილას (სადილი), შუადღისას (სამხარი) და საღამოს (ვახშამი). პურს ჭამენ ტაბლაზე, რომელიც ხის დაბალი და მოკლე სუფრაა და ამ ტაბლაზე დიასახლისი ყველას თავის კერძს ჩამოურიგებს. პურის ჭამის დროს ქალები და კაცები ცალკე სხდებიან და თავიანთი ცალკე სუფრა უდგათ.
პურს აცხობენ და ჭამენ ქერისას, ქერ-სვილისას და იშვიათად იფქლისას. იფქლს ქერ-სვილაში გაურევენ და ისე აცხობენ ხატობასა ქორწილში. პურს აცხობენ ნაფუარსა (ხაშიანს) და უფუარს (უხაშოს). საშინაო პურს არც კი ცრიან. პური აქ ცხვება მრგვალი ფორმისა და ლავაში. მაგრამ ბედნიერ დღეებში (ქორწილი, სტუმრობა და სხვა) აცხობენ აგრეთვე მრგვალ ხმიადებს, რომლებსაც საჭვრეთათ აჭრელებენ, ხოლო მის ნაპირებს ხელით მოჭრეხენ. საჭვრეთა ხისაა, მასზე სხვადასხვა ნიშნებია ამოჭრილი და ყველა ოჯახს თავიანთი ნიშნიანი საჭვრეთა აქვს.
აცხობენ აგრეთვე ჭიჭიტას, რომელიც მრგვალია (ბუბლიკი) და ნაპირი დაჭრელებული აქვს. მოგრძო ფორმის ლავაშებსაც ხშირად აჭრელებენ. ქადა ცხვება ყველიანი და ხავიწიანი (გულიანი), აცხობენ მრგვალ და თხელ პურს, კეცეულს, რომლის გული ყველითაა და მწვანილით არის შეზავებული. კეცეულს ერბოში აწობენ და ისე ჭამენ. ხინკალი იციან ხორცისა. ჭამენ მოხარშული სიმინდის კვერს ღურღუჭელს. მაჭკატს აკეთებენ წმინდა ფქვილისას, რომელსაც რძეში გახსნიან, თხლად ერბოში მოსწვავენ და ერბოთივე ჭამენ.
პურს ხევსურეთში ქვის ღუმელში აცხობენ. ღუმელი მიშენებულია სახლის სარკმელთან. ის სიპი ქვისაგან არის ნაგები და შუაში დატანებული აქვს ბრტყელი და თხელი სიპი ქვა. ღუმელს ქვეშ ცეცხლს უნთებენ, სიპი ხურდება და მასზე პურის ცომს აწყობენ.
რძის ნაწარმებიდან ჭამენ ერბოსა და ნაღებმოხდილ ყველს, აგრეთვე კალტს, კარაქს და ნაღებს არ ჭამენ. რძესაც ზოგი არ სვამს.
ჭამენ კარაქის-ძირს, რომელსაც სიმინდის ფქვილს მოაყრიან და კოვზით ჭამენ.
ხორცეულიდან ჭამენ ხარისა, ძროხისა და ცხვრის ხორცს. ხორცს უფრო მოხარშულსა და მშრალს ჭამენ, წვნიანებიდან ყაურმას აკეთებენ. ნანადირევიდან ჭამენ უფრო ჯიხვის ხორცს. ჯიხვი ხევსურეთში ბევრია, განსაკუთრებით არხოტსა და შატილის მთებში. ჯიხვზე ნადირობაში ხევსურები დახელოვნებული არიან და ბლომადაც ხოცავენ. ჯიხვის ტყავს ქურქად იყენებენ და ყიდიან. ჯიხვის ტყავი აქ ერთ ლიტრა ერბოდ იყიდება. ღორსა და კურდღელს ხევსური არ ჭამს, ხატი გვიკრძალავსო, ზოგან ქათამსა და კვერცხსაც არ ჭამენ, – ხატის გვეშინიაო. თევზს კი ჭამენ. ხორცს ხევსურები ახმობენ და ისე ინახავენ.
ბოსტნეული და ხილი აქ არ გვარობს და ხევსურები ტყისა და მინდვრის ხილით იკვებებიან. მხოლოდ ბარისახოს თემში გვხვდება ზოგი ბოსტნეული და ხილი. ამ ბოლო ხანებში აქ კარტოფილიც ითესება და ხევსურები კარტოხას ჭამენ.
მხალს ხევსურეთში ძლიერ ეტანებიან. მხალი მარილწყალში იხარშება. შემდეგ მას ერბოში მოშუშავენ და ისე ჭამენ. ფხალად იხარშება: თითმავალა, ნაცარქათამა, ჩადა, ჭინჭარი, გუგლუმა და წიწმატი.
უმად ჭამენ: ჭიმას, ცვერცის-წვერას, დიყს, ლაგს, წერთხალას კენკეშას და შუპყას. შიბუს ამჟავებენ და ისე ჭამენ.
ტყის ხილში ჭამენ: მსხალს, ვაშლს, მარწყვს ჟოლოს, ხუნწს, ორყუნწას, შალშავს (მოცვი), თაგვისტომას, მწყურიელას და წითელ ხილს.

მომზადებულია სერგი მაკალათიას წიგნის ”ხევსურეთი”-ს მიხედვით

4 thoughts on “რითი იკვებებოდნენ ხევსურეთში

  • 13/12/2012 at 21:46
    Permalink

    უცნაურია,”ღორსა და კურდღელს ხევსური არ ჭამს, ხატი გვიკრძალავსო, ზოგან ქათამსა და კვერცხსაც არ ჭამენ, – ხატის გვეშინიაო” __რატომ უკრძალავს ხატი?

    • 14/12/2012 at 10:10
      Permalink

      ძველს ისრაელში მოსეს რჯულისა და კანონების მიხედვით ებრაელებს ეკრძალებოდათ ყოველგვარი ცხოველის ჭამა რომელიც არ იყო ჩლიქოსანი და მისი ჩლიქები არ იყო ორად გაყოფილი,რადგან რჯულში ეწერა რომ ვინც შეჭამდა უწმიდურს გაუწმიდურდებოდა,ასე რომ ბევრი ფაქტია ამისი,მაგრამ როგროც ვამბობ ზოგიერთი რამ ქრისტიანობის გავლენის შედეგია,ჯვარ ხატები შემდგომაა შეღწეული ხევსურეთში გვიანდელია ანუ და შიშშს რაც შეეხება გასაკვირი არაა რადგან წარათული და სატანური ყოვეგვარი შიშის საფუძველია,ხატი არაფერსაც არ უკრძალავს ხატი ღმერთის მიერ დადგენილი რამ არაა რომ მას რაიმე ძალა ჰქონდე ,აქ სატანა მოქმედებს,ხოლო რაც შეეხება რჯულსა და კანონებს ეს ღვთის ძალითაა დაწერილი და მას ჰქონდა ნამდვილად ძალა.

    • 14/12/2012 at 10:14
      Permalink

      რაც შეეხება კვერცხის ჭამას ებრაელები კვერცხს არ ჭამდნენ ნამდვილად, რადგან იგი ჯერ არ დაბადებული სიცოცხელა და დაუშვებელი იყო მისი ჭამა ისიც უწმიდურად ითვლებოდა როგორც საჭმელად გამოსაყენებელი!

  • 25/07/2013 at 16:37
    Permalink

    ძალიან საინტერესოა.გმადლობთ ამ ინფორმაციისთვის.ძალიან მიყვარს ხევსურეთი და მომწონს ყველაფერი რასაც ამ მხარეზე ვკითხულობ.

Comments are closed.