პოეზია

ხევსურეთი ხალხური ლექსის სამშობლოა. ხევსურულ პოეზიაში ასახულია ადგილობრივთა ყოველდღიური ცხოვრების ნებისმიერი სფერო.
უძველესი კუთხის ისტორიული წარსული მის ძირაქ, ძარღვიან ლექსებშია გადმოცემული.
ესაა მართალი მხატვრული მატიანე, რომლის შემეცნებით-ესთეტიკურ ღირებულებას მის შემქმნელთა ბუნებითი, თანდაყოლილი ნიჭიერება განაპირობებს.
ლექსით აღინიშნება ხევსურის დაბადება და ლექსითვე მიაცილებენ მას საუკუნო განსასვენებელში.
ულექსოდ ხევსური კაცის ცხოვრება წარმოუდგენელია.
შინ თუ გარეთ, გზაში, სამკალ-სათიბში, სახნავსა თუ სანადიროში თანმდევი უკვდავი სულივით დაჰყვებოდა ხევსურს პოეტური სიტყვა, პოეტური პწკარი და ცხოვრების სიმძიმეს უმსუბუქებდა, კაეშანს უქარვებდა, დაჭრილ გულს უმთელებდა. ნიშანდობლივია, ერთი ხნიერი ხევსური დიაცის ნათქვამი: „ვითაი ნათქმებ! როსაც მიოლ-მაოლ, სრუ ლექსნ მეხვევიან. იმეებს რა მაიგონებს, იმეებს რა მასთვლის!“
„სიმღერე“, „ლექსი“ და „შაირი“.
პირობითად, ამ სამი სახელწოდების ქვეშ ჯგუფდება უძირო ხევსურული პოეზია, რომელსაც „მათქვამი“, „მელექსე“ და „მეშაირე“ ქმნიან.
ლექსს არა მხოლოდ სინამდვილის დახატვისა და მსმენელთა თუ მკითხველთა იდეური აღზრდის ფუნქცია ჰქონდა მინიჭებული, მას სიმართლის კოდექსის დანიშნულებაც გააჩნდა.

მართლის თქმის პრინციპის ერთგული მელექსეები მოსაწონს აქებდნენ, ადიდებდნენ, ხოლო საგმობსა და სამარცხვინოს სენავდნენ და ამათრახებდნენ. სწორედ ამაზე მიუთითებს ხევსურ მელექსეთა ქმედების აღმნიშვნელი ორი ტერმინი: „ქება“ და „სენვა“. ხევსურული პოეზიის დედაძარღვსა თუ „პრიორიტეტულ“ მიმართულებას საგმირო თემატიკის ათეულობით ბრწყინვალე ლექსი შეადგენს. ხევსურ მელექსეთა რეპერტუარში გაერთიანებულია ზურაბ არაგვის ერისთავის ციკლი და ბახტრიონის საბრძოლო ეპოპეისადმი მიძღვნილი ნაწარმოებები, გორსა თუ აწყურში ხევსურთა გმირობის ამბები და ჩრდილოკავკასიელ ტომებთან პერმანენტული ბრძოლები, თორღვა ძაგანის, მამუკა ქალუნდაურის, ზეზვა გაფრინდაულის, ხირჩლა ბაბურაულის, მთრეხელისა და შიოლა ღუდუშაურის, გაგა ბერდიშვილისა და სხვათა საომარი თავგადასავლები. საერთოდ, კაი ყმის ხალხური იდეალის მხატვრული ხორცშესხმის უამრავი შესანიშნავი ნიმუში.
ხევსურეთში ადამიანური ღირსების საზომად ოდითგან ითვლებოდა სტუმარ-მასპინძლობა. სტუმრისთვის დახვედრა, რიგიანი გამასპინძლება და პატივით გასტუმრება დამხვდურის დიდბუნებოვნებას მოწმობდა. საპატიო სტუმარს მასპინძელიც შესაფერისი ჰყავდა. მათ შორის გაბმული ნათესაური სიახლოვის ჯაჭვი თაობებს გადაეცემოდა. პურად კაცს, ღირებულებათა იერარქიაში, გულადზე მაღლა აყენებდნენ. ამის უტყუარი დასტურია თუნდაც ეს პოეტური სენტენცია:

არშის თავს ვეფხვი დავკოდე,
სამჯერ საომრად მეტია,
პურადი კაცი მამაცზე,
სამის გაფრენით მეტია…

პოლითემატური ხევსურული პოეზია ადამიანურ განცდათა გადმოცემის დიდოსტატური ხერხებით ხასიათდება. ეს, უწინარეს ყოვლისა, სატრფიალო ლექსებზე ითქმის. „სიყვარულის“ შესატყვისი დიალექტური ტერმინები „ნდობა“ და „სურვილი“ ნათლად მიუთითებენ იმ გრძნობის სიმძაფრეზე, რომელიც კაცობრიობის გაჩენის დღიდან არსებობს. ხევსურები სატრფიალო პოეზიის ნიმუშებს „საქალვაჟო“ და „ახლუბლურ“ ლექსებადაც მოიხსენიებენ. მათში, იშვიათი გამონაკლისების გარდა, აქცენტი დასმულია ქალ-ვაჟის სუფთა, ამაღლებულ ურთიერთობაზე. უღირსად ითვლება ვაჟი, ვისაც თვალი ფარაგის ღილზე უჭირავს და სავაჟკაცო ქმედების ნაცვლად, არშიყობისკენ მიუწევს გული. კიდევ ერთი „ავტონომიური“ სფერო, ხევსურული პოეზიის ნაკადში რომ იკვეთება, გახლავთ ნადირობა. სამონადირეო ჟანრის ლექსებში იმ მკაცრ, უდაბურ, უკაცრიელ გარემოს ვეცნობით, სადაც უმთავრესად ჯიხვები ბინადრობენ და მრავლდებიან. ხოლო ამ რკალის პოეტური ფოლკლორის დიდ ქვეყანაში ძვირფას თვალივით ბრწყინავს ბალადა „ვეფხვი და მოყმე“, რომლის მეორე, შედარებით ახალი ნაწილის ავტორია არხოტიონი ხევსური გიორგა ჯაბუშანური.

ხევსურულ პოეზიაში სინამდვილის მკვეთრ კონტურებს ბუნებრივად ერწყმის წარმოსახვისმიერი რეალობა. ლექსითი თქმულებების სიუჟეტურ ქარგაში ჩაწნულია ეს არქაული რწმენა-წარმოდგენები, ქართველ ხალხს რომ შეუმუშავებია. „ციხის ნაშალი“, „იახსარი“, „კოპალა“, „გაბურთ ეშმა“ თუ „დევების ქორწილი“ ზეპირსიტყვიერების ის უმნიშვნელოვანესი ძეგლებია, ადამიანის ფანტაზიის უნაპირობას რომ მოწმობენ. თავის დროზე აკაკი შანიძემ მიაქცია ყურადღება ხევსურეთში „მთიბლურებად“ სახელდებულ პოეტურ ტექსტებს, რომლებსაც მთიბლები შრომის პროცესში, თიბვისას ასრულებდნენ. მთიბლურები, ხმით ნატირლებთან, ნაქადაგრებთან, ფერხულებთან და ჯვარ-ხატთა სადიდებლებთან ერთად ქართული პოეზიის ძირხატს, მის უძველეს სახეობებს წარმოადგენენ. მათი რიტმი და მუსიკალური ხმოვანება იმ ეპოქისაკენ მიმართავენ ჩვენს მზერას, როცა ფიზიკური ძალისხმევა განუყოფლად იყო დაკავშირებული შემოქმედებით შთაგონებასთან, მხატვრული ქმნილებების ზეპირ, იმპრივიზირებულ თხზვასთან.
აი, მთიბლურის ტიპური ნიმუში:

ცელ-ცუდაო და ცოლ-ცუდაო,
მთიბელო ვეღარაისაო.
ცელ-ლამაზო და ცოლ-ლამაზო,
მთიბელჩი ნამხრევმშვენიერო…

ზოგიერთი მთიბლური სამგლოვიარო მოტივზეა „მორგებული“ და, შეიძლება ითქვას, უფრო მეტ მსგავსებას ხმით ნატირლებთან ამჟღავნებს, ვიდრე შრომის პოეზიის ნიმუშებთან. ასეთ მთიბლურებს „გვრინიც“ ეწოდება. მთიბლები მათ „გვრინავენ“, ე. ი. წამღერებით ასრულებენ გლოვის ხმოვანების შემცველ ურითმო ლექსებს სიკვდილი, საერთოდ, ხევსურული პოეზიის მარად ძველი და მარად ახალი თემაა. სიკვდილის ცელით „ჩათიბული“ ახალგაზრდობის ხსოვნის უკვდავყოფა მელექსეების საპატიო ვალია. „მოსაგონარში“, ანუ სხვაგავარად „მკვდრის ანდერძში“ პიროვნების დამთრგუნველ უიმედობას თავისებური პათეტიკა სჭარბობს, პათეტიკა, რაც, თავის მხრივ, ტრაგიკული ტონალობითაა გამსჭვალული.

ციხე სტირს შუქიაურთა, უხმობს ქვითკირის ფარია,
სიკვდილსა მარტიაისას იწყენს წყალშუის ჯვარია:
ორივ დამეცა ბედელი, დროშას შამიწყდა ზარია,
პატრონ მარტია მამიკვდა, მტერმ შამამართვა თვალია…

მიუხედავად იმისა, რომ შეუზღუდავია ხალხური ლექსის „ამოთქმის“ დრო და ადგილი, მელექსე შემოქმედებითი „წვისთვის“ არ ეძებს შესაფერის პირობებს, სიმარტოვეს და საგანგებო სიმყუდროვეს, მაინც სახელდება ხოლმე დრო, როცა ყველაზე ხვავრიელი პოეტური „მოსავლის“ მოწევაა შესაძლებელი:

დაბლა დაყინა ქვიშანი, მაღლა დატოვნა მთანია,
დაგვიდგა გიორგობისთვე, ლექსის საუბრის ხანია…

ზოგიერთი „მათქვამი“ ლექსის ბოლოს საკუთარ ვინაობასაც გვიმხელს (მოკრძალებული სურვილი თავისი ნაამგარის არდავიწყებისა:

ლექსო, არ დაიკარგები, ნათქვამო ომაისაო.

ხშირია მიმართვა მუსიკალური საკრავისადმი. ეს, როგორც წესი, ლექსის დასაწყისში ხდება ხოლმე. უძველესი ტრადიციის კვალი და ნახმევი (პრელუდიის ადრესატად, ღვთაებათა დასახელება ძველ საბერძნეთში) ხევსურულმა პოეზია ფანდურისა თუ გარმონის ქებაში გამოხატა:

დაუკარ, ჩემო ფანდურო, ანგელოზივით ხმიანო…

ასეთ ნიმუშებში ინსტრუმენტი შემოქმედებითი აღგზნების წყაროდ გვევლინება.
ხევსური მელექსეები, კაი ყმათა ხოტბისა თუ მოსაგონართა ავტორები, თავიანთი გარჯის საზღაურად, სიმბოლურ საჩუქარსაც ითხოვენ ხოლმე, მეტწილად, ჭურჭელს ანდა სასმისს. და ამას აკეთებენ არა მატერიალური ფასეულობის შეძენის სურვილით, არამედ იმისთვის, რომ ლექსის ადრესატისთვის შენდობის შეთვლის შესაძლებლობა მიეცეთ:

სალექსო გამამიგზავნე, ჭრელი ჭურჭელი ქვისაო,
გამომიყოლე ჭიქაი, სასმელი არაყისაო…

ხევსურეთში დღესაც ცოცხლობს მელექსების ძირძველი ტრადიცია, ცხოვრებისეული გამოცდილების მხატვრულ სიტყვად გარდასახვის ოდინდელი ხელოვნება. და ეს მყარი წინაპირობაა საიმისოდ, რომ მთებში გამოკეგტილი ეს კუთხე კვლავაც რჩება მკვლევართA თუ მოგზაურთა მზარდი ინტერესის უნიკალურ ობიექტად.
ცნობილ ხალხურ მელექსესა და ზეპირსიტყვიერების შემკრებზე ბესარიონ გაბურზე მისი ქალიშვილი ამბობს: „თავისად ლექსების საუბარ იცოდის საქმის კეთებაში. რო გულ გეძლივ, სრუ ლექსთ ჩიფჩიფებდის… ფვნაში, ფარნ რო დავასვენნიდთა თივა მიუყარიდით… ჩადგის გუთნის კვალში, ქვან აიღნისად მჯიღზე იკაწრნის ლექსნ. მტყელ მჯიღ ხქონდის, მაფსონს… მემრშინ მისულმ ქაღალდზე გადასწერის.
ზამთრის, ქაღალდ რო გაუთავდის, კედლებზე სწერდის ლექსებს, ცალია ალაგს ვერ ღნახევდ ჩვენ დედა-ბოძზე, სრუ ლექსებით იყვის გავსილ…“

ლექსი ვეფხვისა და მოყმისა

მოყმემ თქვა, პირშიშველამა,
შიბნ გავიარე კლდისანი,
მოვინადირენ, დავლახენ,
ბილიკნი ჭიუხისანი.
შამამხვდეს კლდისა თავზედა
ხორონი ჯიხვებისანი,
ჯიხვსა თოფ დავკარ ბერხენსა,
ჭალას ჯახნ იქნენ რქისანი.
შავვარდი ვეფხვსა ნაწოლსა,
დრონ იყვნეს შუაღამისანი,
ვეფხვი რომ წამამიფრინდა,
თვლანი მარისხნა ხთისანი.
შაიბნეს ვეფხვი, მოყმეი,
მაშინ დაიძრნეს მიწანი,

კლდეები ჩამაინგრივნეს,
შტონ დაილეწნეს ტყისანი,
დრო არარ დარჩა მოყმესა,
ხანი რო ჰქონდეს ცდისანი.
ფარსა უფარებს, ვერ ჰფარავს,
ვეფხვი ჩქარია კლდისანი,
გაზით გაართვნა კალთანი,
ჯაჭვისა ჯავშანისანი.
მოყმემაც ხელში იყარნა
ვადანი თავის ხმლისანი.
მაშინ გაუჭრა ფრანგულმა,
დრონ იყვნეს წაქცევისანი.
ვეფხვი კლდით გადმაეკიდა,
ჩამააწითნა ქვიშანი.
თაოდ კლდის თავზე შამაწვა
მოყმე სულამამდინარი,
ქვიშას მაჰღებავს წითლადა,
სისხლი ზედ ჩამამდინარი.
ვინ ეტყვის მაგის დედასა,
კარს უსხედს ქადაგ-მკითხავნი.
უერთოდ კი არ იხარჯნეს
ჩვენ მონადირის ისარნი.
იარებოდა დედაი
ტირილით თვალცრემლიანი,
ჩემს შვილს გზად ვეფხვი შაჰყრია
გაჯავრეული, ტიალი,
ჩემს შვილს – ხმლით, იმას – ტოტითა
დღე დაუღამდათ მზიანი.
არც ვეფხვი იყო ჯაბანი,
არც ჩემ შვილ შახვდა ჭკვიანი,
მათ დაუხოცავ ერთურთი,
არ დარჩენ სირცხვილიანნი.
ტირლით წყლულებს უხვევდა
ვეფხვის კლანჭებით დაჭრილსა,
შვილო, არ მახკვდი, შენ გძინავ,
დაქანცული ხარ ჯაფითა,
ეგ შენი კაბის კალთები
ტიალმა როგორ დაფლითა?
შენც იმის საფერ ჰყოფილხარ,
ხმალი ქნვაში გაგიცვდა.
არც იმან მოგცა მეტი დრო,
აღარც შენ დააცალია,

ვეღარც შენ დაიფარიე
შენ ხელთ ნაჭერი ფარია,
ვეღარცა ვეფხვმა ტოტები,
ხმალმა დაკუწა ძვალია.
მაგის მეტს აღარ გიტირებ,
შენ არ ხარ სატირალია.
ლაშქარში, მეგობარშია
არ იყავ საწუნარია.
მშვიდობით, ჯვარი გეწეროს,
ეგეც სამარის კარია,
ერთ შვილ ხო მაინც გაგზარდე,
ვეფხვებთან მეომარია.
ხან ვეფხვი, ხან თავის შვილი
ელანდებოდა მძინარსა,
ხან ვეფხვი ვითომ იმის შვილს
ტანზეით აყრის რკინასა,
ხან კიდენ იმისი შვილი
ვეფხვს გადაავლევს ყირასა.
აი, ამ სიზმრებს ხედავდის,
გამაეღვიძის მტირალსა.
ხან იფიქრებდა, უდედოდ
გაზრდა ვინა თქვა შვილისა,
იქნება ვეფხვის დედაი
ჩემზე მწარედა სტირისა.
წავიდე, მეც იქ მივიდე,
სამძიმარ უთხრა ჭირისა,
ისიც მიამბობს ამბავსა,
მეც უთხრა ჩემი შვილისა,
იმასაც ბრალი ექნების
უწყალოდ ხმლით დაჭრილისა!

***

„მგლოვიარე დედა შვილის მზნევლის (ამ შემთხვევაში, ვეფხვის) დედასთან მიდიოდეს, მიიჩქაროდეს და მზად იყოს მისი მწუხარების გასაზიარებლად. ასეთი რამ მსოფლიოს ხალხთა სიტყვიერებაში არ მოიძებნება. შვილის მკვლელის მშობლებთან თანაგრძნობის გამძლე ძაფის გაბმის ცდა და სურვილი ჩვენი ფოლკლორული შემოქმედების კუთვნილებაა! აი, ხევსური მელექსის მხატვრული აზროვნების თვალსაჩინო მაგალითი“.
ამირან არაბული

ეს საინტერესოა

  • ხევსური ეროვნული გმირები ხევსურულ ზეპირსიტყვიერებაში უმთავრესი ადგილი უკავია საგმირო-საისტორიო გადმოცემებს. კავკასიონის მთებში მცხოვრებ თავისუფლებისმოყვარე, მეომრული ბუნების მქონე ხევსურებს ერთდროულად უწევდა ჩრდილო-კავკასიური […]
  • მითოლოგია ხევსურული ზეპირსიტყვიერების ძეგლებს შორის საპატიო ადგილი უჭირავს მითოლოგიურ ლექსებსა და გადმოცემებს, რომელთა გულისგულს ღვთის შვილთა ანუ ლოკალური ხასიათის დარგობრივ ღვთაებათა გაჩენისა და […]
  • ხევსური ეროვნული გმირები ხევსურულ ზეპირსიტყვიერებაში უმთავრესი ადგილი უკავია საგმირო-საისტორიო გადმოცემებს. კავკასიონის მთებში მცხოვრებ თავისუფლებისმოყვარე, მეომრული ბუნების მქონე ხევსურებს ერთდროულად უწევდა ჩრდილო-კავკასიური […]
  • ხევსურეთი აღმოსავლეთ კავკასიონზე, კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ და ჩრდილოეთ კალთებზე, ცხოვრობენ ხევსურები – თავისებური ბედისა და ხასიათის მქონე ხალხი, რომელთა დრამატული ყოფა, უცნაური, ყველასგან […]
  • ფხოველთა უმთავრესი სალოცავი ფხოველებს (საერთოდ კავკასიელ მთიელებს) ჰყავდათ საერთო ღვთაებანი – კოპალა, იახსარი, პირქუში, ხმალა, პირიმზე, თერგვაული, ბერი ბაადური – რომელნიც შემდგომ სათემო სალოცავებად იქცნენ და ხშირ შემთხვევაში წმინდა […]
  • მეურნეობა ხევსურეთში მიწათმოქმედება აშკარად ჩამორჩება მესაქონლეობას. მთის რელიეფი არ იძლევა წლის სამყოფი პურის მოყვანის საშუალებას. კლდოვან ადგილებში დათესილი ქერი და ჭვავი არაა საკმარისი იმისათვის, რათა მოსახლეობამ […]
  • საომარი აღჭურვილობა ხევსურების საბრძოლო არსენალი მათივე ტანისამოსის მსგავსად მრავალფეროვანი იყო. თითოეული ხევსური ცდილობდა შეეძინა საუკეთესო იარაღი, როგორც შემტევი-საბრძოლო, ასევე დამცავი საჭურველი. მათ შეიარაღებაში შედიოდა: […]
  • სარწმუნოება ხევსურთა სარწმუნოებრივი სისტემა სიმბიოზია წარმართობისა და ქრისტიანობისა. ღვთაებათა სიმრავლე ანუ პოლითეიზმი დასტურია იმისა, რომ უხსოვარ დროში ხევსურები ქრისტიანობამდელი რწმენა-წარმოდგენებით სარგებლობდნენ. მათ […]