პირუტყვის გამოკვება ზამთარში

ხევსურეთში და საერთოდ, საქართველოსა და ჩრდილო კავკასიის მთიანეთში , თიბვის სეზონი იყო ყველაზე დაძაბული სამუშაო პერიოდი. ოჯახს უნდა მოესწრო რაც შეიძლება მეტი საკვების მომარაგება და მეორეც, თივის დროულად აღება და ბაზებზე გადაზიდვა დიდად მოქმედებდა მის ხარისხზე. სპეციალურ ლიტერატურაში მითითებულია, რომ თივის დროულად გათიბვა და გადაზიდვა 25-40%-ით ზრდის ცილების რაოდენობას, რაც მისთვის ყველაზე ძვირფასია. ხევსურული ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით, თუ ბალახი სექტემბერში გაუთიბავი შემორჩა, ბერდება და ხარისხს კარგავს, ამასთან, შემოდგომის წვიმა და სუსხიც აფუჭებს. ასეთი ბალახი ნოყიერებასაც კარგავს და ცელიც ცუდად ჭრის. ადრე გათიბულმა ბალახმა თუ კარგ ამინდებში მოასწრო გახმობა, კარგი ხარისხის საკვები დგება, ხოლო თუ წვიმამ მოუსწრო-აფუჭებს. წვიმისაგან გარეცხილ თივას ქვემოდან სველი ნიადაგი ალპობს, ხოლო ზემოდან მზე “აჯოყრებს”, მაგრამ თავისი ხარისხით ის მაინც უკეთესია გვიან გათიბულ თივაზე.
ხევსურეთში კარგი ხარისხის თივას ცალკე ინახავდნენ ჭერხოში, დანარჩენს სახლის გვერდით დგამდნენ ძირებად და ღელის პირზე აწყობდნენ ტვირთებად (ტვირთი –ერთი შეკვრა. რასაც კაცი ზურგით გადაიტანდა). ზამთარში ტვირთები თოვლით იფარებოდა და უხდებოდათ მათი თოვლის ზედაპირზე ამოზიდვა. სცოდნიათ თივის პატარა ძირებად სათიბებშივე დატოვებაც. ამ ძირებს – თავკუჭულას ქვეშ ხის კავებს უწოდებდნენ, რომ თოვლზე ადვილად დაეცურებიათ. მთაში შუაღამისას მიდიოდნენ, რომ იქ დილამდე მოესწროთ ასვლა, მცირე დასვენების შემდეგ კავებს მოზიდავდნენ და ზვინი მოძრაობაში მოჰყავდათ. თივის ძირი ნელა იწყებდა მოძრაობას და ბოლოს ისეთ სიჩქარეს ანვითარებდა, რომ მზიდავი ძლივს ასწრებდა სირბილს, რომ თივის ძირს კლდეზე არ გადაეჩეხა.
ყველა ოჯახმა იცოდა მისი საკვების მარაგი რამდენ სულ საქონელს გამოაზამთრებდა. ამიტომ რისი გამოკვებაც არ შეეძლოთ, შემოდგომაზე ყიდდნენ, ზოგს სხვას აძლევდნენ გამოსაზამთრებლად, რაც სახარჯოდ უნდოდათ, კლავდნენ და ზამთრისთვის ხმელ ხორცს ინახავდნენ. ხევსურეთში ცხენსა და ხარზე გათვალისწინებული იყო 30-30 ტვირთი თივა. ძროხასა და სამი წლის ბუღაზე 20-20 , სამ ბოჩოლაზე 20, ცხვარზე 10 ტვირთი თივა. ცხენი რომ კარგად გამოეკვებათ, 40 ტვირთი თივა იყო საჭირო, მაგრამ 30-ს კმარობდნენ და მის წილს ხარებს უმატებდნენ, რადგან ხარი “სამეკუმუროს უფროსად” ითვლებოდა, ხარის გარეშე ოჯახს არსებობა არ შეეძლო. ამასთან, ხარს, ცხენს, სუსტ და ნელად მჭამელ საქონელს კარგი ხარისხის თივას ურჩევდნენ. ასევე სჭირდებოდათ შერჩევა ხბოებსაც, რომ არ დაჩაგრულიყვნენ და ზრდა არ შეენელებიათ.
მოტანილი მასალის საფუძველზე შეიძლება აღინიშნოს, რომ მუშა პირუტყვი განსაკუთრებული მზრუნველობის ქვეშ იმყოფებოდა, მისთვის გამოყოფილი იყო ყველაზე მეტი ნორმა საუკეთესო ხარისხის საკვები. ერთი უღელი ხარი, რაც ოჯახს შეიძლება ჰყოლოდა, ან უმნიშვნელოდ მეტი, სულ მუდამ უღელში იყო გაბმული და ის სათანადო ყურადღებას საჭიროებდა. მარტო ის გარემოება, რომ ხევსურეთში ხარი “სამეკომუროს უფროსად” ითვლებოდა, ბევრს მეტყველებს სახალხო მეურნეობაში მის მნიშვნელობაზე.