მკვდრის კულტი ხევსურეთში

დიდი ტრაგედია იყო ხევსურთათვის ნებისმიერი პიროვნების გარდაცვალება, რადგან სოფლისთვის თითოეული ხევსურის სიკვდილი მეომრის სიკვდილი იყო. რაც გინდა ბეჩავი ყოფილიყო იგი, სახელიანი ვაჟკაცის დარად, უებრო გმირის სახელით დაიტირებდნენ, ცხენ-იარაღს, სასმელ-საგზალს, ტალავარს, წყალს, ცეცხლს დაულოცავდნენ საიქიოსთვის, რადგან ხევსურთა წარმოდგენით მიცვალებული სულეთშიც განაგრძობდა ცხოვრებას.
როგორც ცოცხლებს ჰქონდათ სააქაოს მტკიცედ ჩამოყალიბებული ინსტიტუტები ღვთისმსახურებისა, სტუმარ-მასპინძლობისა, მლოცავ-მკითხავთა და ა.შ. ასევე მიცვალებულთათვისაც არსებობდა ცალკე ინსტიტუტე სულის ხუცესის, მესულთანისა და ხმით მატირალის. არსებობდა სულის მოსახსენიებელი განსაკუთრებული დღეები – ‘’სულამაის დღე’’, ‘’წყალკურთხევა’’, ‘’ხალარჯვება’’, ‘’თიბის შამშაბათი’’, ‘’სულთაკრეფა’’, ‘’სანთელნი’’, შაბათის რიგი’’.
ჭირ-ლხინისა და ჯვარში დღეობების დროს საგანგებოდ იცოდნენ ძველი და ახალი მიცვალებულებისთვის სასმელის დალოცვა. გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებლად საგანგებოდ ადუღებდნენ ლუდს, აკეთებდნენ სახელსადებებს, არ ივიწყებდნენ არავის. ცალკე კოდსა და ტაბლას უდგამდნენ იმ პიროვნებებს, რომელთაც მომგონი (შთამომავალი) არ დარჩათ.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მიცვალებულისთვის საგანგებოდ მორთული სასმისის (ყანწი, ჭურჭელი), წყაროს და ცხენის დალოცვა, რომლებიც სამუდამოდ რჩებოდა გარდაცვლილის მოსაგონებლად.
ამას გარდა, ‘’სმულოვის’’ (ქეიფის) დროს ხევსურები უფრო მეტ შესანდობრებს სვამდნენ, ვიდრე სადღეგრძელოებს და ყოველი ოჯახი პურობას მიცვალებულისთვის ‘’შანდობის თქმით’’ იწყებდა.
‘’სულის ცხენი’’. სულის ცხენის კულტი იმ დროიდან მოდის, როდესაც მხედართან ერთად ცხენსაც მარხავდნენ, რათა მას საიქიოშიც ჰყოლოდა საფერხე. დღეს ხდება მიცვალებულისთვის ცხენის სიმბოლური შეწირვა და იმართება ‘’დოღვი’’ (დოღი). მხედრები ჯილდოვდებიან.
‘’სულის წყალნი’’. მიცვალებულისთვის იციან წყაროს აშენება და დალოცვა, რათა იგი არ იყოს მწყურვალი. ყოველ წყაროს ჰქვია ამა თუ იმ პიროვნების სახელი, რომელიც მიცვალებულის სამუდამო ხსოვნის სიმბოლოა.
‘’ღაბახი’’. ჯილდოდ გამოიტანენ მიცვალებულის რაიმე ნივთს და იმართება შეჯიბრი მიზანში სროლაში. გამარჯვებულს ეძლევა ჯილდო.
‘’სულის სახელი’’. ხევსურს ესპანელივით რამდენიმე სახელი ჰქვია, რომელთაგან ერთ-ერთი არის ‘’სულის სახელი’’ – გარდაცვლილი წინაპრის ან სხვა რომელიმე ხევსურისა. ‘’სულის სახელის’’ დარქმევა მესულთნის საშუალებით ხდებოდა.

მომზადებულია შოთა არაბულის წიგნის ”ისტორიული თავგადასავალი ხევსურთა”-ს მიხედვით

2 thoughts on “მკვდრის კულტი ხევსურეთში

  • 16/02/2013 at 14:16
    Permalink

    მკვდრის კულტი ხევსურეთში – შაბათის რიგი
    ძველ ისრაელში მკვდრისთვის პატივის მიგება,დამარხვა,და მიცვალებულისათვის ნებისმიერი საქმიანობა იკრძალებოდა შაბათობით არათუ ნებისმიერი საქმიანობა
    მოდი ეხლა და კავშირში არ იყოს ხევსურთა ბევრი წესჩვეულება ებრაულთან

  • 18/11/2014 at 17:26
    Permalink

    დალიან კარგი ინფორმაცია

Comments are closed.