მითოლოგია

ხევსურული ზეპირსიტყვიერების ძეგლებს შორის საპატიო ადგილი უჭირავს მითოლოგიურ ლექსებსა და გადმოცემებს, რომელთა გულისგულს ღვთის შვილთა ანუ ლოკალური ხასიათის დარგობრივ ღვთაებათა გაჩენისა და თავგადასავლების მხატვრული თხრობა შეადგენს.
უძველესი სიუჟეტის თანახმად, ციურ ძალთა პანთეონში უზენაესი ღვთაებაა მორიგე (“მორიგე ღმერთი“), რომელიც ქვეყნის მართვაში უშუალოდ არ მონაწილეობს (მას საამისოდ სათანადო უფლება-მოვალეობებით აღჭურვილი ხელქვეითები ჰყავს) და, როგორც მისი სახელწოდებიდან ჩანს, მხოლოდ და მხოლოდ ამქვეყნიური წესრიგის გამგრიგეა.
„ფშაველები და ხევსურები, – წერს ივ. ჯავახიშვილი, – უზენაეს ღვთაებას „მორიგეს“ უწოდებენ“…
უხსოვარ დროში ფშავ-ხევსურეთის ტერიტორიის დიდი ნაწილი ავსულებს, ბოროტ ძალებს, ე.წ. დევ-კერპებს სჭერიათ. მათ ადგილობრივი მოსახლეობა უვიწროებიათ და უჟლეტიათ. აზეზეურებელი ავსულების მომრევი არავინ ყოფილა. საამქვეყნო წეს-წყობას მოშლის საფრთხე დამუქრებია. სწორედ ამ დროს, სხვა ღვთაებებთან ერთად, „დასახა“ მორიგე ღმერთმა იახსარი და კოპალა და მათ დევ-კერპებისგან ადამიანთა სამკვიდრო ადგილების გაწმენდა და გათავისუფლება დაავალა. „ნახორცივლარმა“ (ე.ი. თავდაპირველად, ადამიანის სახით არსებულმა) ღვთისშვილებმა მუსრი გაავლეს ხალხის მტანჯველ უკეთურ ძალებს და დასაბამი მისცეს საამსოფლო სიმშვიდესა და სილამაზეს.

შემზარავი გარეგნობის დევებთან ერთად, კაცთა მოდგმის დაუძინებელ მტრებად მიიჩნეოდნენ მჭედლობის საიდუმლოს მფლობელი ქაჯები. მათ სამყოფელს „ქაჯეთი“ ერქვა. გიორგი ნაღვარმშვენიერის სახელით ცნობილმა ხახმატის ხატმა ქაჯთა ქვეყანაში გალაშქრება განიზრახა. თან იახლა ხევსურეთის სხვა ღვთისშვილები და გუდანის ჯვრის მკადრე (მსახური) გახუა მეგრელაური.
ზეციურმა მოლაშქრეებმა ქაჯავეთური სამჭედლო დაარბიეს, დახოცეს ქაჯები, მოაცამტვერეს მათი საბუდარი და დიდძალი განძით დაბრუნდნენ სამზეოზე. თან წამოიღეს: თასი, ოქროს ფანდური, ფურის რქა, საკიდელი, ცხრაენიანი ზარი, საცერი და ქურთემული ანუ გრდემლი.
ეს იყო სოციუმის არსებობისა და ნორმალური ფუნქციონირებისთვის საჭირო საგნობრივი ატრიბუტები. გარდა ამისა, ქაჯავეთიდან წამოიყვანეს ქაჯის ქალები: სამძიმარი, მზექალი, აშექალი და სიმენქალი.
ამათგან გამორჩეულია სამძიმარი, ერთადერთი პოპულარული მდედრი ღვთაება ხევსურეთში, ვისთვისაც უცხო არაა სასიყვარულო ურთიერთობანი მოკვდავ აბულეთაურთ ხოლიგასთან და მაქციობის – სხვა სახედ გარდაქმნის, მეტამორფოზის – ზებუნებრივი უნარი. მისი ეპითეტებია „ხელი“ და „ყელღელიანი“, რაც ამ არსების სითამამეზე, სიკოხტავესა და მხიარულ ხასიათზე მიანიშნებს.
ხევსურული პანთეონის თვალსაჩინო წევრებია: მოლაშქრე გუდანის ჯვარი („ბერი ბუქნაი ბაადური“), „თეთრი მთის ქორი თერგვაული“ და მჭედელი პირქუში („ცეცხლის ალიანი“, „გვეთეი ყაწიმისა“). უდიდესია თითოეული მათგანის ღვაწლი და დამსახურება, მადლი და სიკეთე ხევსურეთის საკრალურ ისტორიაში. რომ არა სხვადასხვა მისიით დედამიწაზე მოვლენილი დარგობრივი ღვთაებების თანადგომა, მფარველობა და წინამძღოლობა, შესაძლოა, ხევსურეთის მიწა-წყალზე დღესაც ისეთივე ქაოსი და შიშიანობა ყოფილიყო, როგორიც უხსოვარ, პრესიტორიულ, დევ-კერპების ბატონობის ხანაში სუფევდა.

ხევსურებს სწამდათ ადგილის დედის – კონკრეტული გეოგრაფიული გარემოს მეთვალყურე ანგელოზისა და – ოჩოპინტეს – ნადირთმფარველი ღვთაების არსებობა. ადგილის დედას ქალად წარმოსახავდნენ, ხოლო ოჩოპინტეს – მამრად, რომელიც ერთგულად პატრონობდა თავის სამწყსოს და უმკაცრესად სჯიდა დადგენილი წესების დამრღვევ ურჩ მონადირეებს.
ადამიანის დაბადებას, ხევსურთა რწმენით, თან სდევდა ცაზე მისი ბედის ვარსკვლავის გაჩენა. კვდებოდა ადამიანი და ციდან მისი კუთვნილი ვარსკვლავიც წყდებოდა. ბედის ვარსკვლავის რეალურობაში დაუეჭვებლობა ჩანს ხევსურული ლექსის შემდეგ ფრაგმენტში:
ა, ის მასკვლავა ჩემია,
მარტო რო დაკა ცაზედა…
ასტრალური სიმბოლიკა, საერთოდ, ინტენსიურად ფიგურირებს ხალხურ აზროვნებაში. საინტერესოა, ხევსურების წარმოდგენა სამი მზის შესახებ. ხალხური მელექსე მიჰნატრის ქურაზიშვილების ძლიერ გვარს, რომელთათვისაც, განსხვავებით სხვა გვარებისაგან, სამი – პურადობის, მამაცობისა და თოფოსნობის – მზე ამოდის ცაზე.
„მინდი რო დაბადებულ, ცაზე სამ მზე მდგარ“ – ასე გამოხატავს განღმრთობის გზაზე შემდგარი მითოსური გმირის დაბადების უჩვეულობას ხალხური ამბის ხევსური მთხრობელი. ხოგაის მინდი ქართული მითოლოგიის ის ღირსშესანიშნავი პერსონაა, ვინც ვაჟა-ფშაველას პოემა „გველისმჭამელის“ მთავარი გმირის პროტოტიპად იქცა. ამავე პერსონის არაორდინალური ცხოვრების მხატვრული გააზრების საინტერესო ნიმუშია კონსტანტინე გამსახურდიას ნაწარმოები „ხოგაის მინდია.“ ხევსურული წარმომავლობის მითოსური გმირებია თორღვა ძაგანი, ალექსანდრე ბატონიშვილის უკანონო შვილი და მამუკა ქალენდაური. რიგითი სახელხმიანი გმირებისაგან მათ „ნაწილიანობა“ გამოარჩევთ. „ნაწილიანობა“ (ღვთისნასახაობა) უიშვიათესი მოვლენაა და განიმარტება, როგორც ღვთის წილის ფლობა, ღვთიურ საწყისთან წილდებულობა, მოკვდავის არსებაში ზებუნებრივი სუბტანციის არსებობა. ხალხური პოეზია ორივე მათგანის განსაკუთრებულობას ასტრალური ნიშნების სიჭარბეში ხედავს:

დიდებულობა დაუთქვეს, ბეჭებს უნახეს ჯვარიო,
მარჯვნივ მზე წერებულიყვა, მარცხნისკე – მთვარის ნალიო.
ალერდის წყალში გავარდა, ირემმ გაიღნა რქანია,
შამაუბრუნდა, ფარავდა პირზე მზე, ბეჭებს – ფარია.

ხევსურულ მითოსში სრულქმნილია საიქიოს უაღრესად შთამბეჭდავი ხატი: გაღმა სოფლის შესასვლელში ასაკოვანი ბიჭები დგანან და ყოველი ახალსულის მომავალ ბედს (სამოთხეში მოხვდება Yთუ ჯოჯოხეთში) მისი ამქვეყნიური საქმიანობის მიხედვით წყვეტენ. საიქიოში (სულეთი, შავეთთი) არის მდუღარე კუპრის ტბა. ზედ გადადებულია ბეწვის ხიდი. Uცოდვილები უვნებლად გადადიან ხიდზე, ხოლო ცოდვიანები ტბაში ვარდებიან და უკვალოდ იკარგებიან.
საიქიოს შუაგულში ცხრათვალა ციხე დგას და ახალგარდაცვლილებს იღებს. უბრალონი და უდანაშაულონი ზედა სართულებზე თავსებიან. სიცოცხლეში სიავის ჩამდენთათვის ციხის ქვედა სართულებია განკუთვნილი.

ეს საინტერესოა

  • ხევსურეთი აღმოსავლეთ კავკასიონზე, კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ და ჩრდილოეთ კალთებზე, ცხოვრობენ ხევსურები – თავისებური ბედისა და ხასიათის მქონე ხალხი, რომელთა დრამატული ყოფა, უცნაური, ყველასგან […]
  • პოეზია ხევსურეთი ხალხური ლექსის სამშობლოა. ხევსურულ პოეზიაში ასახულია ადგილობრივთა ყოველდღიური ცხოვრების ნებისმიერი სფერო. უძველესი კუთხის ისტორიული წარსული მის ძირაქ, ძარღვიან ლექსებშია გადმოცემული. ესაა მართალი […]
  • ფხოველთა უმთავრესი სალოცავი ფხოველებს (საერთოდ კავკასიელ მთიელებს) ჰყავდათ საერთო ღვთაებანი – კოპალა, იახსარი, პირქუში, ხმალა, პირიმზე, თერგვაული, ბერი ბაადური – რომელნიც შემდგომ სათემო სალოცავებად იქცნენ და ხშირ შემთხვევაში წმინდა […]
  • დიპლომატია ხევსურეთში სამართლებრივ საკითხებს ადგილობრივი რჯულ-სამართალი წყვეტდა და აგვარებდა. კუთხის „მაცოდარი“ რჩეული მამაკაცების საბჭო განიხილავდა სადავო, „საარდარაო“ საქმეებს და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში […]
  • ციხე-კოშკები მუდამ მტრიანი („ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი“, ვაჟა) და ბრძოლის ველზე ნაწრთობი ხევსურები დიდი განსაცდელის ჟამს თავდაცვითი დანიშნულების სამხედრო თუ ლებაისკარი საცხოვრებელ ნაგებობებში პოულობდნენ […]
  • ხევსური ეროვნული გმირები ხევსურულ ზეპირსიტყვიერებაში უმთავრესი ადგილი უკავია საგმირო-საისტორიო გადმოცემებს. კავკასიონის მთებში მცხოვრებ თავისუფლებისმოყვარე, მეომრული ბუნების მქონე ხევსურებს ერთდროულად უწევდა ჩრდილო-კავკასიური […]
  • ხევსური ეროვნული გმირები ხევსურულ ზეპირსიტყვიერებაში უმთავრესი ადგილი უკავია საგმირო-საისტორიო გადმოცემებს. კავკასიონის მთებში მცხოვრებ თავისუფლებისმოყვარე, მეომრული ბუნების მქონე ხევსურებს ერთდროულად უწევდა ჩრდილო-კავკასიური […]
  • ხალხური მედიცინა ხშირი შუღლი, ტყვიით თუ ცივი იარაღით დაჭრა და არცთუ იშვიათი ფიზიკური ტრავმა კარნახობდა ხევსურებს, დაუფლებოდნენ მკურნალობის ელემენტარულ მეთოდებს და მოერჩინათ ავადმყოფი. ადგილობრივი „აქიმნი“ ითვისებდნენ და […]