მეურნეობა

ხევსურეთში მიწათმოქმედება აშკარად ჩამორჩება მესაქონლეობას. მთის რელიეფი არ იძლევა წლის სამყოფი პურის მოყვანის საშუალებას. კლდოვან ადგილებში დათესილი ქერი და ჭვავი არაა საკმარისი იმისათვის, რათა მოსახლეობამ ადგილობრივი მეურნეობით ირჩინოს თავი. ამიტომაც ხევსურეთის სოფლებში მუდამ მწვავედ იდგა ბართან ეკონომიკური კავშირის აუცილებლობის საკითხი. პურის მომარაგების პრობლემის გადაწყვეტა დედაქალაქისა თუ ბარის რაიონების გარეშე შეუძლებელი იყო. ხევსურული ოჯახის დოვლათის ძირითად წყაროს მესაქონლეობა წარმოადგენდა. რძის პროდუქტების რეალიზაციის გზით იძენდნენ მარცვლეულს, მარილს, ღვინოს, ჭურჭელს, სამუშაო იარაღებს. და ამ მხრივ სრულიად განსაკუთრებულია ხევსურული ძროხის ადგილი და მნიშვნელობა ისტორიული ფხოვის ყოფა-ცხოვრებაში. ხევსურული ძროხა ტანად პატარაა, ამტანია და ზამთარში ადვილად გამოსაკვები. არის კარგი მეწველი. ხასიათდება რძის მაღალცხიმიანობით. იოლად ეგუება მთის ურთულეს რელიეფსა და მკაცრ კლიმატურ პირობებს. მსხვილფეხა პირუტყვთან შედარებით, ხევსურეთში ყოველთვის ნაკლები იყო ცხვრის რაოდენობა. ეს აიხსნება იმ მიზეზით, რომ სიშორისა და სახიფათო გზების გამო ვერ ხერხდებოდა საზამთრო საძოვრებზე თეთრი „ქარავნების“ გადარეკვა. ჰყავდათ იმდენი სული ცხვარი, რამდენის შენახვა და გამოკვებაც ბაგაზე ცხვრის სადგომი, ანუ ფარეხი მსხვილფეხა საქონლის გომურის გამმიჯნავად იყო მოწყობილი. საერთოდ, ტიპიური ხევსურული სახლის არიქტექტურა ისე იყო გადაწყვეტილი, რომ ადამიანსაც მყუდროდ ეგრძნო თავი და პირუტყვსაც. მიწური, ბანიანი სახლის პირველ „თვალში“ , ანუ სართულზე ყვერფ-კერა, ჯალაბი და საქონელი იყო განთავსებული მეორე თვალი ე.წ. „ჭერხო“ მამაკაცების საცხოვრისად იყო განკუთვნილი, ხოლო მესამე სართული ეთმობოდა კალოს, სადაც მარცვლეული ილეწებოდა და ინახებოდა. გაზაფხულზე, ყანები რომ მოიხვნებოდა და დაითესებოდა, პირუტყვი მთაში, საზაფხულო იალაღებზე მიუდიოდათ, სადაც ბოსლები ჰქონდათ აშენებული. მეწველს შედარებით დაბლობ ადგილებში არეკავდნენ, ხოლო მშრალსა და ბერწ საქონელს – მაღლა, მთათა კუდებში. დამთავრდებოდა სთვლის სამუშაოები, ალაგდებოდა ყანები, სათიბები, დაბინავდებოდა ჭირნახული და მაღლობებიდან კვლავ სოფლებს მიაშურებდნენ „მემთე“, მომთაბარე ოჯახები.