ლიქოკი

ლიქოკის თემი ლიქოკის წყლის ხეობაში მდებარეობს, რომელიც ბარისახოსთან უერთდება არაგვს. ლიქოკის ხეობა იწყება შურისციხის ახალაღმოჩენილი ძველი სამაროვნითა და ლიქოკის ჭალით, რომელსაც ძველად ‘’სალაშქრო ჭალა’’ რქმევია.
ლიქოკის ხეობაში ძველ დროს ‘’მაგანძურთა მოძმე’’, გვარები, ‘’თათარი’’ ბასხაჯაურები და ბაცბური გვარები მდგარან, რომელთა დიდი ნაწილი ქრისტიანობის გავრცელების ხანებში თუშეთს გადასულან, ნაწილი კი ადგილიდან აყრილა ან მეზობლებს ამოუხოცავთ (‘’ჯვარს გაუთავებიან’’). დღევანდელი ლიქოკის მკვიდრი ‘’ქისტაური წარმოშობის’’ სისვაურები (სისაურები) ერთხანს ბარისახოში მდგარან და ხმალას ჯვარს ეყმობოდნენ. ბარისახოში მაგანძურთაგან შევიწროვებული სისვაურების ერთი შტო ძმობილ ბასხაჯაურთან გადადის ლიქოკში და კარატის ჯვრის ყმა ხდება. სისვაურებმა და ბასხაჯაურებმა თავის მხრივ ლიქოკიდან აჰყარეს მაგანძურები და სხვა გვარები, მათი ადგილები კი თავად დაიკავეს.
ლიქოკის თემში მდებარეობს ფხოველთა ერთ – ერთი უმთავრესი სალოცავი, დევ – კერპთა მმუსვრელი, კოპალა – კარატის ჯვარი, სადაც აკუშელნი და უძილაურთელი ფშავლები ერთობლივ დღეობას – ‘’ციხეგორობას’’ მართავენ.
ლიქოკშივე მდებარეობს წყალ – ჭალის ყარაული შუბნურის ჯვარი, რომელიც გველეშაპის სახით გვევლინება. იგი იმ დროიდან უნდა მოდიოდეს, როდესაც გველეშაპი წყლის ღვთაება იყო. მოგვიანებით იგი დევმა შეცვალა, ბოლოს კი ორივენი ბოროტ ძალებად იქცნენ.
ლიქოკის თემში შედის მეზობელ ხეობაში მდებარე სოფელი აკუშო, სადაც ადრე სამხარაულები და სერაულები მდგარან. უფრო ძველად კი აკუშოს ‘’ციხეგორი’’ დევ – კერპთა საბრძანებელი ყოფილა. აკუშოს მთაზე, ქუდნისლაზე, შემორჩენილია თხრილიანი საგუშაგო კოშკები, რომლებიც სამხარაულებს ეკუთვნოდა. ქუდნისლადან მოჩანს პირაქეთ ხევსურეთის სტრატეგიული დანიშნულების ყველა გორი და ციხე.
ლიქოკის თემის მკვიდრი, სხვადასხვა წარმოშობის გვარები დღეს ერთ გვარს ‘’ლიქოკელს’’ ატარებს.
ლიქოკის სოფელ აჭედან არის გადასასვლელი სოფელ ხახმატში.

მომზადებულია შოთა არაბულის წიგნის ”ისტორიული თავგადასავალი ხევსურთა”-ს მიხედვით

One thought on “ლიქოკი

Comments are closed.