“ლექსო ნუ დამიბერდები…”

“მკითხველო, თუ იცი სულიერი სიწმინდისა და სილამაზის ყადრი, ხშირად ჩაიხედე ამ წიგნში”. /შოთა ნიშნიანიძე/ “გიორგის მაგარი ხელები აქვს, ამ ხელებმა ბოლოსდაბოლოს, თავისი საიდუმლო თქვეს” /რევაზ ინანიშვილი/ “შენ ისეთი ბუნების კაცი ხარ, ან წერას სულ დაანებებ თავს, ან დიდი პოეტი გახდები“ _ ასე შეაფასა 1961 წელს ჭაბუკი პოეტი გიორგი ლეონიძემ. დღეს 80 წლის პოეტი თვლის, რომ უფროს მეგობარს ვერცერთი შეფასება ვერ შეუსრულა, თუმცა დასკვნის გამოტანა მკითხველს მივანდოთ. გიორგი გიგაურის შემოქმედება 30-მდე კრებულს ითვლის. მისი ლექსები, პოემები, ბალადები გაჯერებულია ვაჟკაცური სულისკვეთებითა და მშობლიური მიწის სიყვარულით. შინაარსობრივად ისეთი მრავალფეროვანია, რომ შთაბეჭდილება გრჩება, რომ პოეტი თავისი ცხოვრების მანძილზე ყველაფერს შეეხო, რაც უყვარდა, აწუხებდა და “კელაპტარივით ანთებულ სტრიქონებად” გადმოგვიშალა. ია-ვარდით მოფენილ გზაზე ნამდვილი პოეტი ვერ იქნებიო, ნათქვამია და არც გიორგი გიგაურს უვლია მარტივი გზებით. მისი ცხოვრება ვიწრო გზაწვრილი იყო, რომელიც ღირსეულად დალახა და თქვა: “და თუნდაც მოხდეს რამ სასწაული, დაიწყოს ჩემი წლები თავიდან, ცხოვრებას ისევ იმ გზით ჩავუვლი და ტვირთსაც ისევ იმ გზით გავიტან.” თავისთავზე ლაპარაკი მაინცდამაინც არ უყვარს, თუმცა ახალგაზრდა თაობის ინტერესი და სიყვარული მისი პოეზიისადმი ძალიან ახარებს და გულახდილად გვესაუბრება თავის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე: ბატონო გიორგი, გვიამბეთ თქვენი ბავშვობის შესახებ. _ დავიბადე ხევსურეთში, სოფელ ბლოში, პირაქეთა ხევსურეთის ბოლო სოფელში. ამის შემდეგ არხოტის გადასასვლელი იწყება იქვე კი ინგუშეთის საზღვარია. ვიზრდებოდი ჩვეულებრივ, ხევსურული ადათ-წესების მიხედვით. მამაჩემი ხევსურეთში ცნობილი პიროვნება იყო, სჯულის კაცი _ ხვთისო გიგაური. მის სიტყვას დიდი ფასი ჰქონდა. მთაში მტრები ისე არ შერიგდებოდნენ, მამაჩემი რომ არ ჩარეულიყო. როდესაც იქ ჩასვლა მიხდება, მოხუცი ხალხი მასზე ხშირად მელაპარაკება. _ რას გაიხსენებთ თქვენს მოსწავლეობასა და სტუდენტობაზე? _ კარგა ხანს სოფელში ვიყავი, 8 წლამდე. იქიდან მამაჩემი გადმოსახლდა თიანეთის რაიონში, სოფელ წიკვლიაანთკარში. ამ სოფელში იყო 4-წლიანი სასწავლებელი. ვინაიდან 1 კლასის ასაკს გადაცილებული ვიყავი, პირდაპირ მე-3 კლასში მიმიღეს. წერა-კითხვა მამაჩემისგან მქონდა ნასწავლი. თავიდან, 1 მეოთხედი, ცოტა გამიჭირდა, მაგრამ მალევე ავუღე ალღო და ხუთოსანი გავხდი. მე-5 კლასში თიანეთიდან ბარისახოს სკოლა-ინტერნატში გადავედი. მაშინ ეს სკოლა ახალი გახსნილი იყო. ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ კონტიგენტი არ ყოფნიდა, ამიტომ უფროსი ასაკის ბავშვებსაც ღებულობდნენ. უფროს კლასებში 17-18 წლისანიც სწავლობდნენ. ხევსურეთში რომ ეს სასწავლებელი არ გახსნილიყო, ის თაობა უსწავლელი დარჩებოდა, მათ შორის მეც. 1945 წელს დავამთავრე სკოლა და იმავე წელს ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. სხვადასხვა მიზეზების (მათ შორის ოჯახური მდგომარეობის) გამო, სასწავლებელი 1953 წელს დავამთავრე. მაშინ რექტორი იყო ნიკო კეცხოველი და მთიელებს დიდ პატივს გვცემდა. ცდილობდა როგორმე მიგვეღო განათლება. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მე და ჩემს მეუღლეს (სტუდენტობისას შევუღლდით) უკვე ერთი წლის ბიჭი გვყავდა და თიანეთში წავედით, იქ ადგილობრივი გაზეთის რედაქტორის მოადგილედ დავიწყე მუშაობა, შემდეგ კი საქართველოს რადიო-ტელევიზიის სახელმწიფო კომიტეტის თავჯდომარემ, ანტონ კელენჯელიძემ შექმნა პერსონალური კორესპოდენტები და მე დავინიშნე მთის ზონაში. ყაზბეგი, დუშეთი, თიანეთი და ახმეტა შედიოდა ჩემთან. შემდეგ კი, როდესაც გიორგი ლეონიძე გახდა თავჯდომარე, მისი შუამდგომლობით გადმომიყვანეს თბილისში. ეს ბინაც რადიო-ტელევიზიის საშუალებით მივიღე. Mმყავს ერთი შვილი, ორი შვილიშვილი და შვილთაშვილები. ასე წარიმართა ჩემი ცხოვრება. _ გვიამბეთ თქვენს ახალგაზრდობაზე, როდის დაიწყეთ შემოქმედებითი მოღვაწეობა? _ მწერალთა კავშირში 1950 წლიდან ვარ. მაშინ გიორგი ლეონიძე იყო მწერალთა კავშირის თავჯდომარე, რომელიც სულ ხელს მიწყობდა. ის ჩემზე დიდ იმედებს ამყარებდა, ძალიან ვუყვარდი და პირველად მან დამლოცა. გიორგი ლეონიძე რომ არ ყოფილიყო, მინდა ამას ხაზი გავუსვა _ მე შეიძლება წერისთვის თავი დამენებებინა. უცნაური ახალგაზრდობა მქონდა. მაინცდამაინც არ ვემორჩილებოდი კანონებს. Gგიორგი ლეონიძემ დიდი სიყვარული გამოამჟღავნა ჩემს მიმართ, მამაშვილური დამოკიდებულება გვქონდა. მან დამასახლა თბილისში, მიმიღო მწერალთა კავშირში. დღეისთვის ლექსების ოცდაათი კრებული მაქვს გამოცემული. მიღებული მაქვს ვაჟას, გიორგი ლეონიძის და შალვა დადიანის პრემიები. ბოლოს, ოთხმოცი წლისთავზე გადმომცეს გალაქტიონის პრემია. ყოველთვის ვმუშაობდი ჟურნალისტად. ჯერ ჩვიდმეტი წელი რადიო-ტელევიზიაში ვიმუშავე, შემდეგ კი, ოცი წელი _ ჟურნალ “პოლიტიკაში”. _ თქვენი აზრით, საზოგადოების მიერ რამდენად დაფასებულია დღეს მწერლობა? _ კომუნისტები წავიდნენ და ვითომ “დამოუკიდებლობა” დამყარდა. “ვითომ” _ იმიტომ ვამბობ, რომ ჯერ არ ვთვლი დამოუკიდებლად ჩემს ქვეყანას. ღმერთმა ქნას, რომ არავინ ერეოდეს ჩვენს საქმეებში. დღეს მწერალთა კავშირს სასახლე წაგვართვეს და დავრჩით ასე მიუსაფარები. მაგრამ მოვა დრო, როცა მწერალი დაფასდება. მწერალი ყოველთვის იყო ის პიროვნება, ვის გარშემოც იკრიბებოდა ერი და პირველი სიტყვაც მას ეკუთვნოდა. _ რა როლს თამაშობს მთის ტრადიციები თქვენს ცხოვრებაში? _ ხევსური ახალგაზრდები ვიზრდებობით მთის ტრადიციებით. ჯერ კიდევ სკოლა-ინტერნატში სწავლისას, ბალიშის ქვეშ ყოველთვის გვედო ხანჯალი, მტერი შეგხვდებოდა, თუ მოყვარე-ხანჯლით უნდა გევლო იმდროინდელ ხევსურეთში. დღეს მთაში, სამწუხაროდ, ის ტრადიციები აღარ შემორჩა, რაც ადრე იყო. ამასთან ერთად, სამწუხაროდ, სოფლებში მაცხოვრებელთა რაოდენობა მკვეთრად შემცირდა. მაგალითად, ჩემს სოფელში ოცდათორმეტი კომლი ცხოვრობდა, დღეს კი ერთი კომლიღა შემორჩა – ჩაჩაურ გიგაური. _ რა საქმიანობას ეწევით ამჟამად? _ წერა არ შემიწყვეტია, მუშაობით კი ვეღარ მუშაობ. პენსიაზე გასვლის შემდეგ რამდენიმე წიგნი გამოვეცი. არ ძალმიძს წერის გარეშე ცხოვრება, ნამდვილ მწერალს მხოლოდ სიკვდილმა უნდა წაართვას კალამი. საერთოდ რა აწერინებს პოეტს?- ჩემი აზრით ტკივილი და სიხარული. ტკივილი ბევრი გვაქვს დღეს და სიხარულიც არ გვაკლია _ თქვენი აზრით, როგორია დღევანდელი ახალგაზრდობა? _ ახალგაზრდობის იმედი არ დამიკარგავს და იმედის თვალით ვუყურებ მათ. თუ რომელიმე ჯგუფმა გადაუხვია ქართულ ტრადიციებს და ცუდ გზას დაადგა, ეს ალბათ პირველ რიგში საერთო მდგომარეობის ბრალია, მათ შორის, თითოეული ჩვენთაგანის. ვნახოთ, მომავალი წინ არის, ყველამ გამოსავალი ერთად უნდა ვეძიოთ. _ როგორ წარმოგიდგენიათ მომავალში საქართველო? _ საქართველო თითქმის არასდროს ყოფილა დალხინებული, მაგრამ თავისი ხელოვნებით, ტრადიციებით, გმირული სულით და მამაცობით ქართველი ხალხი ყოველთვის გამოირჩეოდა მთელ მსოფლიოში. იმედია, ღვთის შეწევნით მომავალშიც არ დავკარგავთ ჩვენს ენას, მამულსა და სარწმუნოებას. პ.ს. გიორგი გიგაურმა ბოლო კრებული 2008 წელს, სამების ახალგაზრდულ ცენტრში, მისივე 80 წლის იუბილეზე წარმოადგინა. `ჩემი ზამთარი~ გულწრფელად გამოხატავს, როგორ განიცდის პოეტი სიბერეს, მაგრამ არ ეპუება და ნამდვილი მთიელის მხნეობით აგრძელებს ცხოვრებას. ღმერთმ გადღეგრძელათ და წყალობა მაგცასთ ბატონო გიორგი ! შენიშვნა(ავტ):-სტატია ცოტა ძველია,გ.გიგაურმა ამის შემდეგ კიდევ ერთი კრებული- “ბოლო აღმართი” გამოსცა,უკანასკნელი კი, რამდენიმე თვის წინ  მეგობრებმა გამოუცეს. ნინო ჭინჭარაული

ეს საინტერესოა

  • რა არის სწორფრობა?! – ლელა გაბური თუ, რა არის სწორფრობა ეს  წინა სტატიაშიც განვიხილეთ, ამჯერად გაგაცნობთ ლელა  გაბურის  წიგნს - "რა არის სწორფრობა?!" ვფიქრობ  არასწორი იქნებოდა დამეწერა, ამ წიგნის მოკლე შინაარსი, ამიტომ გირჩევთ მთლიანი […]
  • სახელწოდება „ხევსურეთი“ სახელწოდება „ხევსურეთი“ შერქმეული აქვს მხარის მთიანი, ხევებიანი ადგილმდებარეობის გამო. ამ სახელწოდებით წყაროებში XV საუკუნიდან იხსენიება. ხევსურეთის ადრინდელი სახელწოდებაა ფხოვი (ასე ეწოდებოდა მას ფშავთან […]
  • ხევსურების თხოვნა ამერიკის მთავრობას ჩვენი ხევსურეთის ხალხი შეწუხებულ არს ბოლშევიკებით. გვიკრძალავენ რჯულს. უნდათ კოლხოზების გაკეთება და ბევრის ნალოგების გამორთმევა და მოდიან და ხშირად გვეუბნებიან მაგრამ ჩვენ თანახმა არ ვართ სანამ სრუა […]
  • გიგო გაბაშვილი – ხევსურული უდიდესი ქართველი მხატვარი – გიორგი (გიგო) გაბაშვილი ქართული რეალიზმის წარმომადგენელია და მას თავისი ადგილი უკავია ქართული ფერწერის განვითარების ისტორიაში. მის სახელს უკავშირდება დამთავრებული ჟანრული და […]
  • მაისური მაისურები  მზადაა,ვაშა! ეს არის ნიმუში,თეთრი მაისური,მუქი  წითელი ხატულით. ზურგზე ტექსტი:"კიდევაც ვნახავ ხევსურეთს...", ავტორი:ლადო ჭინჭარაული სამწუხაროდ ამ ეტაპზე, დამზადდა 50 მაისური,ამიტომ შეიძლება […]
  • ათი მოსახლის იმედად დარჩენილი შატილი ციხე-ქალაქი შატილი X-XI საუკუნეებში აუშენებიათ არღუნის მარცხენა ნაპირზე. ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ჩეჩნეთი ესაზღვრება. კოშკები და კალოიანი სახლები­ ერთდროულად პირუტყვის სადგომიც ყოფილა, საცხოვრებელიც და […]
  • 30%-იანი ფასდაკლების ვაუჩერი საოჯახო სასტუმრო “კორშა”-ში გთავაზობთ 3 ლარად, 30%-იან ფასდაკლების ვაუჩერს, 1 ღამე 1 პერსონაზე კვებით ან კვების გარეშე ხევსურეთში. ვაუჩერის წარდგენის შემდეგ ადგილზე მოქმედებს შემდეგი ფასები:   1 ღამე 1 პერსონაზე ორჯერადი კვებით 50 […]
  • კლედ-ნაშალების (პეტროფილური) ფლორა განსაკუთრებით საინტერესოა ფშავ-ხევსურეთის სუბნივალური სარტყელის ფლორა. ზღვის დონიდან 2900-4000 მ სიმაღლეებზე ბინადრობს რამდენიმე იშვიათი ადგილობრივი მცენარეების სახეობა. აქ კლდეებში, ლოდებში და ღორღში […]

fandurat qali

ukenaxoeli var.dgesdgeobit chemi sofelia tianeti.vcxovrob tbilisshi.vmushaob jurnal"axalgazrdobashi"