ლადო ჭინჭარაული – “კიდევაც ვნახავ ხევსურეთს”

გრძნობები
ვცდილობ, დავცალო გრძნობები,
როგორც სასმელი რქაშია.
რაცა ვცლი, უფზრო ივსება,
ვერ ვხვდები, საქმე რაშია.
ბარში ვერ ვნახე პასუხი,
იქნებ ვიპოვო მთაშია.
ლოთობა ვერას მიშველის,
არცა რა ყრია სმაშია.
სულით გულს მინდა ვუშველო,
ღრენა დამჩემდა ხმაშია.
მჭირდება ერთი გორდაი,
ერთიც ლურჯაი რაშია.
ჩავიცვამ ჯვრიან პერანგსა,
გავჩნდები მეცხრე ცაშია.

უკენახოელი

უკენახოელი,
პაპა წინაპარი.
ბარში დაბადება,
ბედად წილნაყარი.
გაზრდა სხვათა შორის,
ვიტყვი სხვათაშორის:
სადღაც სიუცხოვეს,
გვარით მიუცხოვეს.
ტვირთი ჩემი ვზიდე,
მაინც გავიტანე,
რაც არ მერგებოდა,
ის არ ავიტანე.
მთების სიყვარული,
ლექსად აგორება,
იყო წარსული და
კლდიდან დაგორება.
ცხოვრებასაც ვრითმავ,
ჯერ ხომ კიდევ არი?!
პოეზიის ეშხით
ვაჟას მიმდევარი.
მხიბლავს გაზაფხული,
თავის იებითა.
მიყვარს `კარაბინა~,
თავის ტყვიებითა.
როგორ მენატრება
ცხენი და ჯირითი.
ჩემ თავს ვერ ვაფერე,
რაც დავალ იმითი.
ალბათ, უცნაური
თავი თვითონ მიკვირს?!
ცუდი არ მითესავს,
მაგრამ მაინც ვიმკი.
დიდი მეგობრობა
ბევრი გამოვცადე.
იყვნენ ჩაჭრილებიც,
თუმცა გამოვცვალე.
ცხოვრებას არ გავტყდი,
ბალადას ვუმღერი.
ქალას სიყვარული,
ოჯახი, უღელი.
ლაღი მონატრება,
გაჭრილი ნადირი,
ჭიუხი, საჯიხვე,
კლდეები ნატირი.
ქეიფი, ღრეობა
აზარტში შესული.
მაინც არ ვბეჩაობ
ბარელი ხევსური.

ნეტავ გენახას

ნეტავ, გინახის მთათ შაყრა,
დაჯარვა ლეგა ნისლების?
დათოვა კალთა-კიდეთა,
გადაფერება ცირცლების?
მაღლით გახედვა სამყაროს,
განწყობილებაც იცვლების.
ფეხქვეშ დაცემა ღრუბელთა,
სულიც სიმაღლით იცნების.
არცრაის გეტყვი ახალსა,
არცრაი ძველი იქნების.
ეს არის ჩემი ცხოვრება,
ეს არის ნატვრა ფიქრების.
უკვე ვაუბნეთ აზრები,
მიხარის, მთაი გირჩევნის.
ზნე რომ იყოფის გვარებად,
ადამიანიც ირჩევის.
ვგონებ, მიხვდები გულისთქმას,
ხევსური რაზეც ირევის.
მთას გავუყენე ტრფიალი,
ბარში თოვლივით ილევის. . .
ნეტავ, გენახას მთათ შაყრა,
დაჯარვა ლეგა ნისლების.
დათოვა კალთა-კიდეთა,
გადაფერება ცირცლების.

არაგვს

მთას მიადგება ნისლები,
მეხი იჭექებს ცაზედა.
გაიჟღენთება მიდამო,
ჟუჟუნა წვიმის ნამზედა.
ღელე დაბადავს ნაკადულს,
წყარონი შაერთდებიან.
დაუყვებიან თავდაღმა,
მდინარედ გაერთდებიან.
მთამ გამოგშობა არაგვო,
როგორც კაც დედამშობელმა,
ჯიშის ცოცხალო არაკო,
ბუნებამ შეგქმნა რომელმა?!
ხეობას ახალგაზრდა ხარ,
ურჩი, ველური, მშფოთვარე.
უამრავ ჟამთა მნახველი
ჰქუჰხარ წარსულის მთხრობარე.
ბარს დაუყვები, დუნდები
ჟინით ნახეთქი ქვებზედა.
შენ გადიდებენ წყარონი,
გიმღერენ თავის ხმებზედა.
ბარი გაბერებს, არაგვო,
სულეთის ღმერთი მოგელის.
შენც გიწერია სიკვდილი,
კანონზომაა ყოველის.
მცხეთას ჩამოხვალ მთავრდება,
მთათა ხევების ამბავი.
ჯვრის მონასტერი მღვდლადა გყავს
შენი დაღუპვის მნახავი.
დაგაზიარებს, გაკურთხებს
მტკვარს მიგაბარებს მუდამა.
ვეღარ გიშველის, ბედშავო,
შენი შხუილა მუდარა.
ზღვის მდორედ გაიწირები,
გიმოციქულებს მტკვარია.
სევდის ნისლებად ქცეული
ზეცას ეწვევი მკვდარია . . .
მთას მიადგება ნისლები,
მეხი იჭექებს ცაზედა,
გაიჟღენთება მიდამო,
ჟუჟუნა წვიმის ნამზედა . . .

ორწყალი

ფშავის არაგვი, რომ უერთდება ხევსურეთისას,
იქ დამწყდა გული.
მივალ ბარისკენ თან მაკავებს,
სევდა დაკრული.
მალვით გავცქერი, იხურება
მთათა კარიბჭე.
აქ რა მაკავებს? იქ რა მინდა?
ბევრი რამ ვიბჭე.
კიდევ ამოვალ ათენგენას,
ალბათ ხატობას?!
კიდევ ვეცდები თქვენს შესუნთქვას,
თქვენით დათრობას.
მივალ, თან მბოჭავს ურჩი ძალა,
ჰაი, დედასა!
მივალ, მივალ და ვეღარ ვმალავ,
გულში სევდასა.
ორი არაგვის შესაყართან,
დამრჩა გონება.
ჰე, ხევსურეთო,
ჩემი თავიც დაგემონება!

ხევსურეთს!!!

კიდევაც ვნახავ ხევსურეთს,
კიდეც ვილოცებ გუდანს.
მთაში დარჩენილ ხევსურებს
არდავიწყება უნდა!
ასა, არღუნი, ანდაქი,
პირიქითაი ხევები,
უნდა მივხედოთ, ანდა კი
მას წაგვართმევენ დევები.
ღმერთო, მაჰხედე ხევსურეთს,
საკლავებ იკლას ხატობას;
არ მახკლდებოდეთ ხევსურებს
ჯიხვის რქა, ლუდი, დათრობა;
სანეს იღრეონ ვაჟებმა,
ათენგენას სცენ თაყვანი;
ხმალ ატრიალოს მაჯებმა,
მტერს არ ვეგონოთ ჯაბანნი;
ქალებს ექსოვოთ ფარდაგი,
ჭრელა-ჭრულაი ნოხები;
სალოცავს ხყავდეს ქადაგი,
საძოვარს ცხვარი ძროხები;
ცხოვრება მიჰქრის ტიალი,
გაჭენებული ცხენივით;
ადათთა ორომტრიალი
წარსულს ეცემა ბერივით; M
კიდევაც ვნახავ ხევსურეთს,
კიდეც ვილოცებ გუდანს;
მთაში დარჩენილ ხევსურებს
არდავიწყება უნდა!!!

ჰე, საქართველო!

_ ჰე, საქართველო!
წამოვდგები შენს სადარაჯოდ,
მე ხევსური ვარ, პატრიოტი,
ვამაყობ ჯიშით;
ჰე, საქართველო!
ლექსებს ვიტყვი
შენს საარაკოდ,
ძლიერ მიყვარხარ,
შენს მტრებს კიდევ
ვაცხოვრებ შიშით!
ჰე, საქართველო!
მომიხმარე,
იქნებ ვივარგო?!.
შენი მსახური, ყმა
და მონა ერთად ვიქნები!
ჰე, საქართველო!
ერთსა ვნატრობ:
შენ არ იდარდო!
მჯერა, დავითის
საქართველო კიდევ იქნები!!!

სადღეგრძელო

აღმოსავლეთით ცისკარი რომ
ხვდება ალიონს,
დაასხით ღვინო!
საქართველოს სადღეგრძელო
უნდა დავლიო!
ჩემი კახეთი;
ჩემი შილდა;
ჩემი ხუბერა.
ყმაწვილკაცობის,
იორღობის,
წლებმა უბერა.
ძველი შუამთა,
ალავერდი,
ჩემი თელავი.
წითელი კაბით ერთი გოგო,
გრძნობის მთელავი.
თვალებს ამშვიდებს,
გულს აჩქროლებს,
ალაზნის ველი.
მარტის გაზაფხულს
ნადიკვრიდან
მე ისევ ველი.
მოიტათ ჭიქა,
რომ კახეთის სადღეგრძელო
შევსვა,
დავლიო,
წუთისოფელი სიყვარულით
მთვრალმა გავლიო.
აღმოსავლეთით ცისკარი რომ
ხვდება ალიონს,
მომეცით ყანწი,
ამ ცხოვრების სადღეგრძელო
მინდა დავლიო!

ფეხებზე მკიდია

ფეხებზე მკიდია ცივილიზაცია,
ევროპელობისკენ მოდიფიკაცია.
მე მიყვარს თბილისი იმ ყარაჩოღელივით,
არღანით მეტეხს რომ ჩაუვლის ტივით.
მე მიყვარს მთა, ხევსურთა თარეში,
ხატობას თენება, ღრეობა ღამეში.
მე მიყვარს კახეთი! ბავშვობა შურდული,
ალავერდს თენება, მთვარე და ურმული.
მე მიყვარს მშვიდი ტბა გედებით, იხვებით,
ტყეში მურა დათვი, ჭიუხი ჯიხვებით.
მე მიყვარს საქართველო! დავითის, თამარის.
განა ქართველისთვის მთავარი რა არის?
ფეხებზე მკიდია ევროპაც, აზიაც,
ამერიკაცა და ცივილიზაციაც!

გაზაფხული რომ დადგება…

გაზაფხული რომ დადგება,
ია ამოვა მთაში.
თეთრი თოვლი რომ დადნება,
ენძელაც მოვა მაშინ.
აყვავდებიან ყვავილნი,
თეთრ თოვლს რომ მაიცილებენ,
ერთმანეთისთვის შაყრილნი,
სიყვარულს დაიცილებენ.
ია მიჯნურობს ენძელას,
ენძელაც თვითონ იასა.
ერთ გოჯ მიწაზე ორივე,
მოუნდებიან ტრფიალსა…
ცალ-ცალკე მდგარი ყვავილნი
ერთ საწადელსა ნატრობდნენ:
ერთად რგულიყო ორივე,
ალბათ, ხომ გაიხარებდნენ?!
მიდის დრო… არა ჩერდება…
დღეს ღამე მოსდევს მალვითა.
მზე ცაზე ვეღარ ჩერდება,
მას მთვარე მოსდევს კრძალვითა.
ცისკარი მოახლოვდება,
სხივებს მოაფრქვევს მზე.
გაეღვიძება ენძელას,
შეევედრება მზეს.
მზეო, ყვავილთა გამჩენო!
ნატვრა აგვისრულე დღეს,
სითბოს და სხივის გამცემო,
ერთად გვამყოფე ჩვენ.
და გაეღვიძა იასაც,
მზის შუქის ნახვა ეძნელა.
წუხელ სიზმარში ვითომ და
მასთან რგულიყო ენძელა.
ფესვ-ფესვი გადაეხლართათ,
მზის სითბო მთასაც ესვენა…
გაზაფხული რომ მთავრდება,
ზაფხული მოვა მაშინ.
სიცხე რომ დაისადგურებს,
იაც მოკვდება მთაში…
ბუნების ძალავ, მაღალო,
რატომ დაჩაგრე იანი?
მწარეა მათი ცხოვრება,
არ გასაჩენი ტიალი.
თუ გააჩინე, მაშინღა
რად არ აცალე ტრფიალი?

ბედნიერი ხარ, ვიღაც რომ გიყვარს

ბედნიერი ხარ, ვიღაც რომ გიყვარს,
გამოურითმავ ლექსის სტრიქონებს.
დაგაპყრობინებს უშბას და მყინვარს,
სული ხალისობს, ზღაპრებს იგონებს.
ბედნიერი ხარ, ვიღაც რომ გიყვარს,
უცნაურ გრძნობებს რომ აღმოაჩენ,
რომ გამოარჩევ და ამოარჩევ.
ბედნიერი ხარ, ვიღაც რომ გიყვარს,
ურჩი გონება კვლავ გაილექსებს,
სხვა არაფერი გაინტერესებს.
მთავარია, რომ ვიღაც კვლავ გიყვარს.
ბედნიერი ხარ, ვიღაც რომ გიყვარს!
გინდა რომ დათვრე, ღრუბლებში აძვრე,
თუნდაც არასდროს მოხვიდე აზრზე.
ბედნიერი ხარ, ვიღაც რომ გიყვარს!
არა გაქვს სმენა, არა გაქვს თმენა.
მხოლოდ გულისთქმა ურცხვად გაჭენებს.
ერთ დროს აჩერებს, ბევრს არ გაჩვენებს,
ლაღი ანცობა რამდენს აჭენებს?!
ბედნიერი ხარ, ვიღაც რომ გიყვარს!
მხოლოდ ერთს ლამობ და მრავალს ამბობ. . .
ყინულებს ადნობ და ჩუმად დარდობ:
დარდი ხვედრია, გრძნობა მკვეთრია,
თანაც ერთია, როგორც ღმერთია.
ბედნიერი ხარ, ვიღაც რომ გიყვარს!
აღმართს აივლი. შემდეგ ჩაივლი,
ამ ცხოვრებაში რას არ გაივლი?!
ბედნიერი ხარ, ვიღაც რომ გიყვარს!
არსებობაში მოაწყობ თარეშს,
გამოიყენებ ცეცხლსა და ფარეშს.
აენთები და ვეღარ ჩაქრები,
თუმდაც წვიმაში შეუშვერ თავს თქეშს.
ბედნიერი ხარ, ვიღაც რომ გიყვარს!
მოაწყობ ჯირითს, ტრფიალის ჟინით
და მერე იმით, ღრიალით ყვირით:
ბედნიერი ხარ, ვიღაც რომ გიყვარს!
სიყვარულია უსასრულობა, არა აქვს ბოლო.
უსასრულობას არ დაიკარგო, გონს მოდი გონო!
და მაინც იტყვი:
ბედნიერი ხარ, ვიღაც რომ გიყვარს!

***********************************

არ მინდა გითხრა მიყვარხარ,
რადგან იქნება ტყუილი.
ველურ გრძნობებს კი აღმიძრავს,
გულის მგელივით ყმუილი.
არც მინდა გითხრა მაკლიხარ,
არ მენატრები ქალშავავ.
წამო, დრო საით გარბიხარ,
ან შენ, ცხოვრებავ, თავშავავ.
ვდარდობ, წარსულზე, აწმყოზე,
მომავალ მაინც იქნება!
გრძნობავ, სულ ნატვრის სასწორზე,
გადაღლა იცის ფიქრებმა.
არ დამიშვია ცხვირ-პირი,
არ დავმსგავსივარ ბეჩავ ხარს.
ბედ-წერავ, კვლავ გექიშპები,
დაგკეჭნავ, შენთვის ვლესავ ხმალს.
ა ე ს ე თ ი ვარ, ქალაო,
ერთი ხევსური ტიალი.
დარდო, ლექსებში გმალაო,
რადგან მაშინებს ტრფიალი.
არ მინდა ჩემზე ფიქრობდე,
ჩემთვის გიძგერდეს გულია.
პატარა ქალავ, გჯეროდეს,
კარგზე მეტი მაქვს წუნია.
მაშინებს შენთან შეხვედრა,
თუმცა ვდიდგულობ შორიდან.
მშიშარაცა ვარ დიდგულაც
და ორივე ვარ ორიდან.
არ მინდა გითხრა, მიყვარხარ,
რადგან იქნება ტყუილი.
ველურ გრძნობებს კი აღმიძრავს,
გულის მგელივით ყმუილი. . .

************************************

ქარში ფარფატებს პეპელა –
არსება ნაზობს, ლამაზობს.
ვუცქერ და ვხვდები, ნელ-ნელა
რომ მოფერებას მთავაზობს.
მინდა, ხელის გულს დავისვა,
დავკოცნო ხვთის სილამაზე.
ვერ ვბედავ სულში ჩავისვა,
თავთან ვკამათობს ამაზე.
ერთ ქალს მაგონებს პეპელა
ეჭვიანს, სათუთ სინაზეს.
ვუმზერ და ვხვდები ნელ-ნელა,
გული სხვას ლამობს ჯინაზე.
ვერა, ვერ დამძლევს გრძნობები.
ტრფობის წევა და ჭაპანი.
სიყვარულს გავეთხოვები,
აღარ ვარ მისგან ჯაბანი.
ვერა, ვერ დამძლევს სისუსტე.
პეპელამ რა დააშავა?
ეხ, ამ ცხოვრების სიმუხთლემ
რაღა ჩემს გადააშავა?!
ქარში ფარფატებს პეპელა,
არსება ნაზობს, ლამაზობს.
ვუცქერ და ვხვდები, ნელ-ნელა
რომ მოფერებას მთავაზობს. . .

საგზლად

საგზლად სიყვარული გამატანე,
აიმ მთვარის თავს გაფიცებ.
საგზლად მონატრება გამატანე,
აიმ შენ ვარსკვლავს გაფიცებ.
ჭირია, ქალავ, სიყვარული
და ეს ჭირი ჩემთვის გაიმეტე.
დარდია, ქალავ, მონატრება
და მიდი, დარდისთვისაც გამიმეტე.
გულო ოხერო, გულო ტიალო,
ნეტავი რამდენს გავუძლებთ ეგება?
ცხოვრებავ, კლდესავით ფრიალოვ.
ეს სული, ეხ ხორცი, ფეხებქვეშ გეგება.
მაგრამ გეგება კი? ეგაც საკითხია,
საგზლად სიჯიუტე თანამდევს.
მე ხომ მეძახიან წარმართ ფხიას,
მაგრამ სიყვარულიც თან დამდევს.
არა მჭირდება ქაჩალი გრძნობები,
რაღაც რომანტიზმს რომ ეძახიან.
გონებას მაწვება აწ ურჩი ცნობები,
ქალშავავ, მთები გვეძახიან!
საგზლადაც შენ თავს წავიყოლებ!
სულაც არ მჭირდება სხვა რაღაც ჭირია.
შენც მთების სიყვარულში აგიყოლებ.
ეს თუ კი ჭირია, სხვა არც რა მჭირია!

********************************

იცი რა მხიბლავს შენში?
ეჭვის გაკრთომა თვალში.
მაგ სილამაზის ეშხში,
გახვევა ცეცხლის ალში.
კიდევ რა მიყვარს შენში?
პატარა ხარ და ქალობ.
კიდევ ცუდ ფიქრებს ეშვი;
უაზროდ რადა წვალობ?
ცხოვრებას ფერხულს ავუბამ,
თუმცა ხანდახან ვემდურე.
იმ სიყვარულზე გაუბნავ,
კლდეს რომ ცოდვები შევუნდე.
სიტყვებს ავაწყობ ლექსებად,
და შიგ ნადარდალს ავურევ.
ღრიალს ამოვთქვავ ბგერებად,
და სიმღერაში გავურევ.
მართლაც მაგიჟებს შენში
ეჭვის გაკრთომა თვალში,
მაგ სილამაზით შემშლი,
არც მე დაგრჩები ვალში.

***********************

ერთხელ გამანდე ნატვრა,
`ხის ფოთლად ყოფნა მინდა~
თან გეტყობოდა დაღლა,
ბავშვურ თვალებში წვიმდა.
მე შენ გადარებ გაზაფხულს, _
მთაში მოვარდნილ ჩანჩქერს.
მე შენ გეძახი სიცოცხლეს,
გულიც ხალისით შაშჩქერს.
მაღლით აგცქერი დაბლიდან,
ატმის რტოს აფეთქებულს.
მაგონებ მფრთხალს და გაქცეულს,
ვით ნადირს დაფეთებულს.
წმინდა თოვლი ხარ მოსული.
სილამაზით კი ია.
ხმელ ფოთლად ყოფნას რად ლამობ?
ეს ვეღარ გამიგია.
გაგაღიმებენ დარდები,
ახლა რასაცა მალავ.
გაიზრდები და მიხვდები,
ჩემო პატარა ქალავ.
ერთხელ გამანდე ნატვრა,
`ხის ფოთლად ყოფნა მინდა~
თან გეტყობოდა დაღლა,
ბავშვურ თვალებში წვიმდა.

უფლება არ მაქვს

უფლება არ მაქვს, მე შენ მიყვარდე, ქალავ.
უფლება არ მაქვს, კიდევ რომ დამწყდეს გული.
თუმც ღმერთმა იცის, ჩემს თავთან რასაც ვმალავ,
ამ ტიალ გრძნობებს, ვფიქრობ, ვთოკავ და ვუვლი.
უფლება არ მაქვს, რომ შეგხვდებოდე სადმე,
ფეხით ვიდოდე შენს სიახლოვეს ვაჟი.
უფლება არ მაქვს, თუმც ვიტირებდე აგრე,
გაზაფხულზე რომ ტირის გასხლული ვაზი.
ვინძლო, მიხვდები მთას რად მიმიწევს გული.
მე იქ მივხვდები, როცა შევბღავლებ ქარაფს.
ეხ, ეს ცხოვრება აწ ერთხელ დაკარგული,
რომ ამიგებდეს კვლავ სიყვარულის კარავს?
და რას ვიზამდი? გადავაქცევდი კოშკად,
ვერ შეარყევდა, ვერ დაანგრევდა ქარი.
ეს არსებობაც მოეწყობოდა კოხტად.
მეყოლებოდა გვერდით ნანატრი ქალი…
და მაინც ვიტყვი: უფლება არ მაქვს, თუმცა
და მაინც ვიტყვი: გულდასაწყვეტი კია.
პატარა ქალავ, არ გამიბრაზდე ნურცრა.
შენ რომ გიყურებ, მთის მახსენდება ია.

მაგივრად

ცეცხლის მაგივრად,
როგორც გაყინულს ლექსით გაგათბობ!
შეშის მაგივრად
რითმას დავწვავ, მწუხარს გაგართობ!
ხორცის მაგივრად
სულს აღვაგზნებ, ჩემთვის ვკამათობ!
ცის მზის მაგივრად
შენ გიგულებ, მე რას გაგათბობ?!
შენ ხარ მზის შუქი
ჩემს წყვდიადში გამოჩენილი;
ნათელი სხივი,
სილამაზე აღმოჩენილი;
ეხ, ეს ცხოვრება . . .
ის დღეები გამორჩენილი . . .
შენ გაგიცანი,
აღარ არის ჩამორჩენილი!

ძმობილს

შენი შემშურდა, მთიელო, რადგან
მთის არწივივით გადუფრენ თეთრ მთებს.
პოეტო, მუზას სად ნახავ სხვაგან?!
მე კი ოთახში ვიჯდები მთელ თვეს.
დაველოდები მზიან გაზაფხულს
მთისNნოსტალგიით გულში დაჭრილი.
ლექსად წარმოვსთქვავ სულში რაცა მსურს,
ლექსით ვმკურნალობ, `ლექსით აცრილი~.
მოვა ზაფხულიც. ამოგივალ. ძმობილო, გეტყვი:
მოველ!Mმშვიდობით ხომ დამიხვდი მუცოში, გელა?
მე ნაქალაქარს, მთის ანდრეზებს ლექსებად მეტყვი.
ფოლადის სამ სიმს ავაჟღერებთ, დავთვრებით ყველა. . .

გაგრძელება…
ეძღვნება იჩქერიაში ჩემ ძმა იბრაგიმს

ზამთარი იდგა მთაში და
ხევებში ქარი ღმუოდა,
დაობლებული მგლის ლეკვი
ბრაზმორეული ყმუოდა . . .
მამიკლეს მშობელ ტივლებმა,
კაცმა და მისმა მურიამ;
გამჩენის სისხლს არ შავარჩენ,
შურისძიება მწყურია!!!
მეც იმის კვალზე გავყვები,
არც მე მოვიბავ საბელსა,
კაცს ფეხქვეშ არ გავეგები,
არ ვიზავ არა საქნელსა.
არ გავუხარებ საქონელს,
ცხვრებსაც დავაჭრი ყელებსა,
ჭედილებს გამოვუფატრავ,
ბატკნებს ვუტირებ დედებსა!
. . .
მიმოდიოდნენ ღრუბელნი,
მთვარე ხანდახან ჩნდებოდა.
დაობლებული მგლის ლეკვი
ყმუილით იქადნებოდა :
ძაღლად არასდროს ვიქცევი,
კაცის დარაჯი, მცველია.
არ შევჭამ სხვისა ნარჩენებს,
თუნდ ტყვია მამხვდეს ცხელია.
არასდროს არ გავიწვრთვნები,
არ გავიზრდები ჯაბანი.
მგლების კანონებს გავყვები,
იამაყებენ პაპანი.
თავს არვის არ მოვუდრეკავ,
რადგან ცხოვრება მგლურია!
და თუ ამ წესებს გადავალ,
მაშინ გავხდები მურია.
ზამთარი იდგა მთაში და
ხევებში ქარი ღმუოდა,
დაობლებული მგლის ლეკვი
სიბრაზისაგან ყმუოდა . . .

ხატი სახატე
(ვუძღვნი მიხეილ ძელო ჭინჭარაულის ხსოვნას)

ნახავ, გიხარის, შეჰხარებ,
ხევსურეთს ხატად ნახატსა.
ხატში ხემხვივან იხარებს,
ხალხი იცხოვრებს ხახმატსა.
ხანი ვერ დახრავს სახსოვარს
ხირჩლას ნახმარი ხანჯალით.
ფეხით დაფარცხავ ცხოვრებას
ნაბახუსევზე ხანხალით.
ახალუხს მხარზე ხირიმი,
ხევში ჯიხვების ხარხოცი.
ჭერხოში ლხინი, ხარხარი.
ხატობას ცხვრები ნახოცი.
ხუცესი, ცხოველის სისხლი.
ხელადა ვერცხლიანები.
მხეცური ხტუნვით მოგხიბლავს
კალმახი ხალიანები.
ოთხით ნახვითქი ცხენები,
მხედარს ფარ-ხმალი ხელზედა.
ხავიწი, ხმელი ხმიადი.
ხორცის შიშხინი ცეცხლზედა.
ხონჩას ცხელ-ცხელი ხინკალი.
ხვთისო, ჩალხა და ჯურხაო
მაიხსენებენ ძელიმხანს.
აფხაზეთს გახმა მუხაო.
ცხოვრება ოხრავს, ოხერი
ხევსურეთს გადანახიდი.
ხელით ნახევი სიცოცხლე
ხან-პატარა და ხან-დიდი.
ნახავ, გიხარის. შეჰხარებ
ხევსურეთს ხატად ნახატსა!
ნახავ, გიხარის. შესძახებ
ხევსურეთს ხვთისა ნახატსა!

(კობა ჭინჭარაულის ხსოვნას)

რატომ დამთავრდა სიცოცხლე,
ფერი დააკლდათ მთებს.
ლექსებით ვინ შეატოკებს
მურათ ბაჭყურას ძვლებს.
ვინ უმღერს ჯუთელ ქალასა,
ნისლს ვინ შეისვავს მხრებს.
. . .
ტირიან სანეს ნისლები,
წვიმათა ჰღვრიან ცრემლს.
ძმობილს ბოლომდე გგლოვობენ,
არ გივიწყებენ წრფელს.
ქარებით ღმუის ფხიტური,
გიხმობს სწორსა და ფერს . . .

ლევან არდოტელს

ჩამავჯე ლექსის საწერად
სიტყვებ გიჯარავს ჩემზედა.
ქებისთვის პასუხს გიბრუნებ,
მეც თავ მაბია მხრებზედა.
მაფიქრებს შენი ნათქვამი,
ჩემთან ძმობა რომ გწადისა.
ძმობა მარტო თქმა არ არის,
ტვირთიც ბლომად ას ცხადისა.
ძველ ნათქომ ანდრეზებიდან
პაპისა მახსენდებისა:
~კაც მინამ არ გაიცნობის,
ფუთ მარილ შაიჭმებისა~.
ბევრი მეგონა ვაჟკაცი,
საქმეში გამომდგომელი.
ბევრი გამოდგა კაცუნა,
მაჩვის სოროში მძრომელი.
ზოგი მეგონა მარჯვენა,
თუმცა აღმოჩნდა ცაცია.
ცხოვრებამ თვითონ დაგვცადოს,
საქმეში ვინ რა კაცია.
კარგია ხევსურეთისთვის
სურვილ_გაწევა ჭაპანის.
მეაც მთათ გვერდით მიგულვე,
დედაც ვატირე ჯაბანის.
რაც შეეხება ჩვენ ძმობას,
ძმობა იყვას და მინდობა.
ერთურთსა არდოტ შავხვდებით,
თუ კი უფალმა ინდომა.
ჯვარს მივალთ, ლუდსაც მავხარშავთ,
რახელ წესი და რიგია.
ხევსური ყმათა ღირსება
ხატ-სალოცავთა რიდია.
წყალობა მაგვცას უფალმა,
შუბლს ჯვრად დაგვსახას მირონი,
ერთად შევევლოთ სამშობლოს,
დავხკოცნოთ სანადირონი.
გულშიც ჩავიკრავ დეკიანს,
მენატვრის ნადირთ ჯოგები.
მადლობას ვეტყვი უფალსა,
დათვიჯვარს დავიჩოქები.

ძმა ქისტებს

მაისტს გადასცხო მაღლით მზემ, ნისლა ჩოხაში ხვიაო,
მთას მხრიდან მოხსნა სიმძიმე, ზვავად შემოახიაო.
ძველნი ყინულნი დნებიან, ჩანჩქერმა კლდესა ხიაო.
სადღაც გადაღმა შაყრილან, ქისტის შვილი და ფხიაო.
ფხია დალოცავს ქისტის შვილს, გვწყალობს გუდანის
ჯვარიო.
ჯიგიტი ალახს ადიდებს, მუხლისჩოქებზე მჯდარიო.
არწივნო, გვერდით გვიგულვეთ, ქისტურა მგლების
ჯარიო.
ერთად ვებრძოლოთ ყვავ-ყვარანთ, ერთად ვიყაროთ
ჯავრიო.
სინდაურავ და პეროზავ, თქვენი ძმობილი ვიქნები.
დაქუეხს კუშტად შამდგარსა, ასჭრია ღრუბლი ფიქრებით.
ველური გული ვულკანი, გრძნობით ზანზარებს
ფიქლები.
მამა ხარ კავკასიაო, ჩვენ კი შვილები ვიქნებით.

იბრაგიმსა და სულთანას

ვერავინ ვერ დამაძალებს,
მე, თუ არ მამეხოშოსა.
არავის საქმე არ არის,
ვის დავუძახებ `ვოშოსა~.
დიდება გუდანის ჯვარსა!
წყალობა გვქონდეს სულ თანა.
მუსლიმი ძმებიც მიყვარან,
იბრაგიმი და სულთანა.
კაცობას რჯული არ უნდა,
რწმენა რას ერჩის ძმობასა?!
მგელი მგელს ასდევს, ვეფხვი ვეფხვს,
ვაჟკაცი გულის ხმობასა.

წერილი ხუცესს

წინაპართ წარსულის ქექვამ,
გონ ამირია, ხუცესო.
ბარიდან ერთ ლექსს გაკადრებ,
არც მინდ გეგონო უწესო.
ხატს დამიბარე ამაველ,
თუ არა მეჯდა წერაო.
ყოველი შენი ნათქვამი
ხირჩლათ-ლადოსა სჯერაო!
კვლავაც ამოვალ, შეგვხვდები,
გავხსნათ წარსულის აბგაო.
პირიმზე ფუძის სავლელად,
დიდხანს გეცოცხლოს, გაგაო.
შენ არ გეგონოს მარტო ხარ,
თავს დაგტრიალებს ყორანი,
უმალ დავდგებით შენ გვერდზე
ბარიდან დიასპორანი.
უფალმა მაგსცეს წყალობა,
მთათ დარჩენილო ხევსურო.
ჩვენ ბევრი არცრაი გვეთქმის,
რომელნიც ბარში ვხევსურობთ.
აზრთა ჭიდილით დაღლილმა,
გადავალექსე წერილი,
მაშ რაც ხმამაღლა ვერ გითხარ,
აქ არის ჩამოწერილი.

P.S.
მთა ელოდება გაზაფხულს,
ტანზე მოისხას ყვავილი.
ფეხზე ავდგები ხევსურეთს,
სულ ტრფიალ-ტრფიალ დავივლი.
მთა ელოდება მზის სითბოს,
რომ გააღვიძოს იანი,
პირიმზე, ქუჩი, ენძელა,
დიყი ამოვა ცვრიანი.
წყალობით გამაივსება
ურჩი არაგვი ხმიანი.
კვლავაც დადგება ხატისკარს
ოცდათექვსმეტი ხმლიანი!

უბატონო ხევსურნი

უბატონოი ხევსურნი,
მხოლოდ ჯვარ-ხატთა ყმებია.
სამშობლოსათვის ერთგულნი,
უქარქაშოი ხმლებია.
საფლავშიც დაუდეგარნი,
მუდამ მაგათი ძვლებია.
საიქიოდან ძახილი,
არაგვით მოდის ხმებია.
. . .
ხევსურები ვართ არწივნი,
გვიყვარს ირაოდ ტრიალი,
სიკვდილთან შეფიცულები,
მუდამ სამასი ტიალი.
სამასი ხმალი გორდაი,
სამასი ფარი ჯვრიანი,
სამასი მართვე არწივთა,
კვლავ გაიზრდება მტრიანი.
. . .
`ცუდას რად უნდა მტერობა,
კარგია მუდამ მტრიანი~.
ვაჟა

**************************

ისევ კვლავ მთებზე ფიქრები,

ზენას შექმნილი ბუნება.
გულს მაწევს ლოდი ფიქლები,
არა მაქვს ახსნის უფლება.
თქვენი ტრფიალი ვიქნები,
სილაღეს ნატრობს გუნება.
ლოცვად მოსული იები
მთას სანთლებივით უხდება.
კაცთა შევქმენით ხატები,
ხატებს დავუნთეთ სანთელი.
ხატად უფალმა მთა შექმნა
და ზედ დაადგა ნათელი.
ხატს სალოცავად შაჰფერავს
ჩაქნილი თაფლის სანთელი.
ღმერთის მთად ლოცვას დაჰფერავს
სათნო იათა ნათელი.
სასწაულნი ხართ, ყოილნო,
განსაკუთრებით მთებისა.
ყველა ცეცხლის ნათლს აჯობებთ,
რაც კი სად დაენთებისა.
თქვენი შემყურე ეს გულიც
უმალვე აენთებისა.
აეს მადლია ის მადლი,
ღვთიური ძალა მთებისა.

*********************************

ხევსურეთს ვიყავ, ფიქრნი მდევდნენ ლეგა წარსულზე.
კოშკებში ლანდად შემეყარნენ ჯურხა, ბეწინა.
ჩამოვსხედით და შანდობა ვთქვით ყველა წასულზე.
ღმერთი ვახსენეთ, სამის გარდა ყველას ეძინა.
მხოლოდ ჩვენ სამი, ხირჩლათ-ლადო, ჯურხა, ბეწინა.
ღამეს ვტეხავდით ანდრეზებზე დინჯად უბარში.
ჩემ მონაყოლი, ამ აწმყოზე ჯურხას ეწყინა,
სინანულით თქო: `რაის ვეფხვებ ღზრდიან ბუნაგში?!~
სამნი ვისხედით, ჩვენ წინ იდგა სამფეხა ტაბლა,
მეკითხებოდნენ: `კიდევ მახყევ, ბალღო რაიცი.~
სირცხვილით თავი სად წამეღო, დავხარე დაბლა,
მკრთალ სანთლის შუქზე ლივლივებდა თასით ხავიწი.
სამი სანთელი, სამი ყანწი და სამი ქადა,
ღამის წყვდიადი, სამი ლანდი, ჩქამი არღუნის.
მძიმედ შეირხა, ჩაიბერტყა ბეწინამ კალთა,
გაჰხედა ჯურხას, დასდებოდა ფერი ალმურის.
`ეს რაებ მესმის? სირცხვილი ას ხევსურთა სახელ,
ვაჟები მხოლოდ დიაცებზე ილექსებიან.
ფუ, ამ ცხოვრებას მივაფურთხებ მკვდრეთიდან
ცხრახელ,
საიქიოში ჩვენ ფერ ყმანი ილესებიან~.
რიდთავდახრილი ყურს ვუგდებდი ამ ორ გოლიათს,
ვეღარ გამეგო რაღა ლეგა იყვა წარსული?!
ხევსურებს ბევრი უსახელო გმირიც ხყოლიათ,
ლეგა აწმყოა, არ ყოფილა ლეგა წარსული.

შაშხანა

მუხლებზე მიდევს შაშხანა,
გული იწროა წუხილით.
ავახმე ტიალ ცხოვრებას,
მთებსაც შევძრავდი ქუხილით.
ჩემ წინ ას, ოთხი კედელი,
სივრცე მზერისგან დაღლილი,
ფიქრები, ლაღი ფიქრები;
სხეული, ძალა დაცლილი.
ხელში თამაშობს შაშხანა,
თან მეზიდება `ზატორი~.
იმედი, ჯიქი იმედი;
თუმცღა წარსული ნატორი.
რაად ჰყვარობო იარაღს?
წყრომით იძახის მშობელი.
მე ჩემს მივხედავ იარას,
არც დიაცს ესმის ყოველი.
ჩახმახის ჩქამი, შაშხანა.
იმედის ფიქრი _ არწივი.
სილაღევ, თავისუფლებავ,
მეაც თქვენს ნატვრით გავწივი.
ავახმე. ჰაი, დედასა!
სხეულში ვბორგავ ტიალი.
მთისა, თოფის და ხანჯლისა,
დავბადებულვარ ტრფიალი.

********************************

_ მე ჩახმახი ვარ
დასასხლეტად შეყენებული.
_ მე შაშხანა ვარ
მტრის შუბლისჯვარს დამიზნებული.
_ მე ის ტყვია ვარ
გასაფრენად გამზადებული,
ჩემს მტერს არ ვურჩევ
დენთი ნახოს აფეთქებული!

ბიეზამ

ცას დაჯარულან ვარსკვლავნი,
ცერად იღიმის მთვარეო,
დედამიწაზე ტრფიალით,
ღმერთო, შენ გაიხარეო.
ღამეა ითუმყალაზე,
ჩუმად ბობოქრობს არღუნი.
ტანდაჭორფლილსა კალმახსა
ჟინი შაჰყრია მამრული.
თენებას უცდის წყლის მხეცი,
აღმა გაექცა დედალი.
მდინარის ტალღებს ახტება,
როგორც ლურჯა ცხენს მხედარი.
ცას მოეწია აისი,
თანდათან ცოტა გათენდა.
წარსულში დარჩნენ ღამენი,
მისი ტრფობით რომ ათენდა.
რბოლა იწყება ახალი,
არღუნის ტალღებს ხტუნვაო.
არც ისე იოლი არის
ზევით მთებისკენ ცურვაო.
სიღრმიდან ხტება ჰაერში,
ხევებში უნდა ღრიალი,
ამოსთქვას გულის ნადები
ენა არა აქვს ტიალი.
არა ჩერდება ტანხალა,
ჟინი აწვება ფარფლსაო.
ეთამაშება ჩანჩქერებს,
როგორც იორღა ყალყსაო.
კვალში ჩაუდგა გაქცეულს,
აღმით შატილზე გასდია.
ბოლოს მოხელთა დედალი,
გრძნობები ვეღარ დასტია . . .
დაჯარდებიან ვარსკვლავნი;
გაიღიმება მთვარეო.
ამ ქვეყანაზე ტრფიალით
ღმერთო, შენ გაიხარეო.

ქალაქელ ქალას
(ნინო მურვანიძეს იდუკასგან)

ქალავ, ვახ, როგორ გიხდება
გაჭენებული მერანი.
ქარით ჩაშლილი დალალით
ქალაქს სად გნახავ, მე რავი?
ლამაზო, არც მინდ გეგონო,
ბერხენი ჯიხვი, რქიანი.
ვერ მამდის, ვერ გამიგავის
გამოსავალი გზიანი.
როგორ მაგძებნო, ქალშავავ,
ბევრი არ ვიცი თბილისზე.
ერთი ხევსური ბიჭი ვარ,
ნუ გამიწყრება დილის მზე!
ქალაქში როგორ გიპოვო,
კვლავ იარები ცხენითა?
კვლავ გცვავის ხევსურულაი
ნაჭრელა, ნაქარგ ხელითა?
ვახ, როგორ გშვენის ქალშავავ,
ეგ ხევსურული საყელო.
სწორფერო, იქავ არ შამხვდე,
არ მინდა გიჟმა მაგხელო!
გადაგატარებ მწვანე მთებს,
ჯიხვებს ხომ ჰშვენის ნეტარი?
ვეღარ გიშველის ნინიავ
ეგ ქალაქელი მხედარი!
ბრალი ხარ, ბრალი ქალაქში!
სევდით აწუხებს მთებს ქარი,
ჯობია, ხევსური გახდე,
სახელად გერქვას მზექალი!

ნ.ქ-ს

ეჭვით გასცქერი სამყაროს,
წარბი ანაზდად გეხრება.
ქალავ, ვინ უნდა გასთვალო?
გულს ბრაზი საით ეხლება?
ხან შატილის ცას გიგავის
ეგ სილამაზე თვალისა.
ხან მახსენდება იგავი,
მუქად დაფერვა ყვარნისა.
ბუნებას ფერს ნუ უწუნებ,
მოეშვი ეჭვით ცქერასა,
მაგ თვალთ საით რას უწუნებ?
ხალისი დასდე მზერასა.
ეხ, ამ ცხოვრებას არ ახდა
რამდენი ნატვრა ნდომილი.
დაგჭირდები და მიგულე,
შენი ხევსური ძმობილი.

***********************************

არ მეძინება. შენზე ფიქრით გავცქერი ღამეს.
ვეძებ ვარსკვლავებს, მაგ თვალებში რომ დანთებულან.
,ბურუსი ფარავს, ვერა ვხედავ ჯადოსნურ რამეს.
თუმც იმედი მაქვს, გულში ცეცხლი კვლავ ანთებულა.
ანთებულა და სხვა რა გზა გაქვს გაუძელ, ლადო,
ვიცი გაშინებს მიჯნურობა, ქალზე ფიქრები.
ჯადოსნურ ღამეს ვერ ვუჯერებ, არ ვიცი რადო?
არც იმის მჯერა, თუ ოდესმე ჩემი იქნები.
პატარა ქალავ, მე არ ვითხოვ შენგან არაფერს.
შენი გაცნობით გალამაზდა ჩემი სამყარო.
პატარა ქალავ, სილამაზით წმინდა ცას გაფერ.
ყველაფერს ვიზავ, რომ ღრუბლები შორით გავყარო.
ვფიქრობ, ვფიქრობ და მიხარია, შენ რომ გიპოვე.
ხან და ხან რახელ ლამაზია ჩვენი ცხოვრება?!
და პირველ რიგში მეგობარო, ესეც იცოდე _
ჩემი იმედი მინდა გქონდეს, თუ რამ მოხდება!
ამ ოხერ ლექსებს ავყოლილვარ, არ ვიცი რადო?
ხვალინდელი დღე გათენდება მჯერა მზიანი.
ოხერ ლექსებში გაგაქარწყლებ, სულელო დარდო,
შენ მეც მეყოფი ამ ცხოვრებას ჩემი ზიარი.

მე ხევსურობა არ მასვენებს მთელი ცხოვრება

მე ხევსურობა არ მასვენებს, მთელი ცხოვრება.
ხან გავიმარჯვე, ხან წავაგე აზრთა ჭიდილში.
ბარში გაზრდილი სიამაყე არ მემონება!
ვერ დავივიწყე ალიონზე წვიმა ჩირდილში.
ვერ დავივიწყე შფოთიანი, ურჩი არაგვი;
ხევებს კი ნისლის ოხშივარი ისევ სდიოდათ.
გამახსენდება ანდრეზები, ბევრი არაკი . . .
ხევსურეთის ცის, ლაღი წვიმა როგორ მცვიოდა.

ბერდია ზვიადაურს

მჯერა არდოტში დატიობას
ავალთ, ბერდია!
კახეთში შევხვდით ერთურთს
ალბათ, ბედია!
დედამიწაზე ხევსურეთი
მხოლოდ ერთია!
იქავ დარჩენილ ციხე-კოშკებს
ჰფარავს ღმერთია!
ფეხით ავლიოთ ბილიკები
_ ხეობებისა.
ყანწები შევსვათ ლუდიანი
_ დღეობებისა.
მოვინახულოთ შატილს ჯურხა,
მუცოში გელა.
თუ გინდ პირიქით, თუ გინდ პირაქეთ,
ჩვენია ყველა.
ბალალაიკით… თუნდც ლექსებით
ვაწვდინოთ ხმები.
რას დავყიალებთ ბარში, შინშო,
ხევსური ყმები?

ქვებით ნაშენებ ყვავილს

ბალღობას ვიყავ ხევსურეთს,
ფიქრი დავაბი შატილსა.
მთები სულ თვალწინ მიდგანან,
ამ ნოსტალგია შაყრილსა.
უმღერს ურჯულო არღუნი
ქვებით ნაშენებ ყვავილსა.
გრძნობებს ტრფიალით გამოვცლი,
როგორც ჯიხვის რქას, შავსილსა.

ალუდას სიზმარი

ალუდას სიზმრად ელანდის
მთას დარჩენილი სოფელი.
სახლ-კარი, სახნავ-სათესი
უპატრონოდა მყოფელი.
უყურებს მშობლიურ მთებსა,
ჟანღის ნაღველში გახვეულს,
დაიაურთა კოშკებსა,
ჟამისგან ლიბო გახეულს.
ჭიუხებს მიმოიხედა,
ჯიხვს ვერა ჰკიდა თვალია,
უსულოდ დარჩენილი მთა,
საშინელი და ბრალია!
ყურს უგდებს ჩუმად მიცოცავს,
საუფლო სულთა მდინარე,
გაბუტულიყო არღუნი,
მიღმახევს ჩაუმდინარე.
გაბუტულიყვნენ ქედებიც,
ექოდ აწვდენდნენ ხმასაო,
რად მიგვატოვე ალუდავ?
ბრალად რა უძღვის მთასაო? . . .
იწრიალა და იბორგა,
გულს დარდი ჩამოუცო;
რა ცარიელი ყოფილხარ
უჩემოდ, ჩემო მუცო?!
. . .
ძილ-ღვიძილშია ელანდის,
სიზმარი ლეგა ფერებში.
გონს როცა მოვა ალუდა,
მთას ამოიდებს ფეხებში . . .

სხეულით ვცხოვრობ ქალაქში

სხეულით ვცხოვრობ ქალაქში,
გონება დაჰქრის მთაში.
ბედისწერასთან თამაშში,
ჭაღარა გაჩნდა თმაში.
ჰოი! რას ვფიქრობ? რად ვფიქრობ?
რად გამყინვია გონება,
ანთებულ გრძნობებს ჩავიქრობ,
სიამეს მომგვრის ცხოვრება?
დრო და დრო არ ხარ მართალი,
ბრძენო ბუნების ძალაო,
წერა უცნობი, ფრთამალი,
საით სად გვიფრენს ხანაო.
. . .
არწივი მთაში ნაშობი,
ბარში გაზრდილი, ბინაზე;
ინდაურს დამსგავსებოდა,
ვნახე და ვტირი იმაზე.
ზოპარკში, ჯიხვი, ღობეში
თხას დამსგავსოდა ბეჩავი!
უბადრუკ ქვებზე შემდგარი,
მთაზე ფიქრობდა ნეტავი?
. . .
ბაროც მიყვარხარ, ლამაზო,
განა შენზედა ვწყრებია,
შენ რომ მაჩუქე ცხოვრება,
სიყრმის ლამაზი წლებია. . .
. . .
ავიდეთ მთაში, ავმაღლდეთ!
მწყურვალ სულს ვასვათ ჩანჩქერი,
გრძნობებისაგან ვკანკალებ,
სისხლო, შენც გულში შაშჩქერი!
ავალ, წავალ და ვილაღებ,
გავყვები ჯიხვთა ბილიკებს.
ვეღარ დამთრგუნავს ქალაქი,
მოვწყდები ბარულ ქილიკებს.

წრიალი

წივის მწვერვალზე არწივი;
წვიმა წურწურებს წვნიანი;
წინ-ჭალას წიწკვი წიფლები;
წეროთა მწკრივი წრიანი;
წამწამთა წამის წამ-წამში,
წუთებიც წავლენ წლიანი.
წიკ-წიკებს წვეთის წვეთები,
წყაროზე წყალის წკრიალი.
წვალება, წიგნი, გაწაფვა.
წვა და წვრთვნა ნაპერწკლიანი.
წაღმით წყალობა საწუთროს,
წასვლა-წამოსვლა, წრიალი.
წუთიჟამს გვიწერს მწერელი;
წადის მიწასაც წიალი.

ჩემი ლოცვა

ჯავრო, ამიჭერ ფიქრები,
გულო, შენც რაად ტკივილობ?!
მაინც ხვთისაკენ ვიქნები,
ეშმავ, ტყუილად ღიღინობ.
ბევრჯერ მაგემე საწუთროს,
შენი ჭუჭყი და მტვერია.
შენით მოხიბლულ მწერელტყვეს,
კისერიმც მამიმტვრევია.
მაცდურო, სურვილ არ მაქვის,
შუშპარ ვქნა შენი ჭკვისაო.
უფალო, შენამც ისმინე,
წუხილ გუდანის ყმისაო.

***************************

მე ავირიე,
ეს ამინდიც გაგიჟებულა.
ჩემს თავს ვეღარ ვცნობ,
გრძნობაც ურცხვად ანიჟებულა.
ვეღარ ვეტევი ჩემს სხეულში,
არ ვიცი რა მჭირს?!
არც სიყვარულის მეშინია,
რომელიც დამჭრის.
მე ხევსური ვარ,
მომიხდება ნაიარები.
შრამებს ავიტან,
მუდამ ასე დავიარები.
დამავიწყდება ალაზნის ველი
და ის ადგილი?!.
გადარეულა მონატრება
ცრუ და ნამდვილი.
ეს თებერვალის მიწურულიც
გაგიჟებულა…
ამინდს ავყევი.
ლექსიც თვითონ ანიჟებულა.
დამავიწყდება `წითელი კლდე~?
ბოლო რვა წუთი????????
არსებობაა ხან ლამაზი
და ხან რა ცუდი.
… და ეს ცხოვრებაც
ამინდივით ანიჟებულა
და ეს ორივე
მხოლოდ ჩემთვის გაგიჟებულა!..
აღარ მოდიან მუზები,
ლექსები ვწერო ტიალი.
ოცნებადა მაქვს ქცეული,
მთას სიყვარულით ყიალი.
არ შამარჩინა ცხოვრებამ,
ერთი ქალაის ტრფიალი.
ამ ჩემ გონს ჯავრი შაჰყრია,
სულში ეშმაკის წრიალი.
ვერ გამტეხს ვერც მე,
ვერც ჩემს გულს!
ჩარხის უკუღმა ტრიალი.

ოცნება პატარა

ჩიჩქი არა ჩანს ღრუბელთა,
მზის სიცხე აჭერს თაკარა.
ერთი აიმ მთას შამავლო,
წყარო შამასვა ანკარა.
არ შეიძლება, რომ ახდეს
ნუთუ, ოცნება პატარა, _
კავკასიონის ქედები
სულ ფეხით შამამატარა.
შევეყრებოდი პირქუშ მთებს,
ვერცხლს ავიტანდი ფიცისთვის.
ვიძმობილებდი ერთგულებს,
სისხლსაც დავღვრიდი მიწისთვის.
ბარიდან რახელ მიზიდავ,
შე, თეთრ-ფაფახა მწვერვალო,
ჩანჩქერნო, საჯიხვეებო,
ცხოვრება როგორ შევცვალო?
თქვენ გეკითხებით ძმობილნო,
იავ, შენ, ჩემო დაიავ?
მე ვიცი, ჩემი წამალი,
ჭიუხიანი მთაია.
ჩიჩქი არა ჩანს ღრუბელთა,
მზის სიცხე აჭერს თაკარა.
ერთი აიმ მთას შამავლო,
წყარო შამასვა ანკარა.

მთების წაწალი

უტყვ მთებს შესძახებს ნიავი,
ჩაუზუზუნებს ხევებსა.
დაყუდებულხართ, ძმობილნო,
დამსგავსებიხართ დევებსა.
ვერ მამდის თქვენი სიჩუმე,
არ მამწონს, ჰაი, დედასა!
თუ ცოტას გამოგაფხიზლებთ,
ქარებით დაგცემ ბნედასა.
აი, მაშინ კი გონთ მოხვალთ,
ილაპარაკებთ ენაზე.
ვიცი, ღმუილით მოჰყვებით
ბოღმიან ჯავრებს ყველაზე. . .
აივლ-ჩაივლის ნიავი,
უხარია, რო მთაშია,
ძმობილებს დაეხმარება
ღრიალით ჯავრის ყრაშია.
ელაციცება დიდრონ მთებს,
მწვერვალებს მოჰფხანს ქოჩორსა,
თავის ქარული ყროყინით,
ხმას მიამსგავსებს ჩოჩორსა.
ჟინს მოიკლავს და დადგება,
თავნება, მთების წაწალი.
ჩაეხუტება ხევებში,
ბოლოს დაღლილი წანწალით.
ჰაი, სადა ხართ, ქარებო?
მთებთან შუშპრობამ დაგღალათ?
ჰაი, თქვენ, ჩემო დარდებო,
ნეტამც ნიავმა წაგლალათ.

მ. ლ. _ს

ლექსში ვბორგავ და მახელებს
ფიქრი იმ ჩვენი მთებისა.
რა დამავიწყებს იმ ხევებს,
ვიცი, შენც გენატრებისა.
ფიქრი რად გვიგავს ორივეს,
იქით რა გვეტანებისა?
ვგონებავ, შენაც აღგაგზნებს
შეხვედრა ლეგენდებისა,
რომელიც მუდამ თანამდევს
და აროს არ მშორდებისა.
ყურებში მიდგა წივილი
დაჭრილი არწივებისა.
თვალებს დავხუჭავ ლანდები . . .
მოსჩანან ხარ-ჯიხვებისა.
კლდით გადმოფრენა, შხუილი,
ნახტომი ჩანჩქერებისა,
არაგვი კალმახიანი,
არღუნი ჩქარ-ჩქერებისა,
მწვერვალებს მოწყვეტილი მზე
გულს სითბოდ ჩაეჭდებისა,
ხატები, სალოცავები,
წყალობა ჩვენი ჯვრებისა . . .
ლექსში ვბორგავ და მახელებს
მზექალავ, ფიქრი მთებისა.
ფიქრი რად გვიგავს ორივეს
ნატვრა იმ ჩვენი მთებისა? . . .

რარიგად მაკვირვებს

გავცქერი ცხოვრებას უცნაურს, საკვირველს.
არსება ადამის რარიგად მაკვირვებს?!
ზოგს ვადარ ყვავებს და ზოგს კიდევ არწივებს.
ზოგის ცას მზე ათბობს, ზოგის ცას აწვიმებს.
ბუნებამ გაგვშობა მთაში თუ ბარადა.
ჰოი! საკვირველი ცხოვრების ბალადა.
სხვის ბედს არ ვნატრულობ! არადა! არადა!
და თუმცა მთას მიჯობს, ცხოვრება ცალადა.
ჭიუხს არ შვენის ყვავი და ბარს არ ერგება არწივი,
ფრინველ ბედს ვერა გავუგე, ხან ყრანტალებს და
ხან წივის.
უკუღმართობის მნახველი მნათობი ცაში დაიწვის.
ბედ-იღბალს გავუწირივარ, როგორ მაბრაზებს,
რა იცის?!
ბედ-იღბალიო, ვიძახი, თუმცა არც ვიცი რა არი.
ამინდს მაგონებს ღრუბლიანს, ხან მოწმენდილი ცა არი.
მე შევქმენი თუ მან შემქმნა, ვერ გამიგია რა არი?
თუმცა კი აღარ მანაღვლებს, რა არ არი და რა არი.
ვფიქრობ და ვერ გამიგია, საით რას დამდევს ეს წერა.
იქნება ჯობდა, ხევსურეთს ტინზე ლექსები მეწერა.
მინდა გავექცე ჩემთავს და… მაინც დარდები მეწევა.
ცხოვრებავ, ჰაი, მე შენი!.. თუ ფრთის მოტეხვა მეწერა.

ლექსის მუქარა

ისეთ ლექსს დავწერ ამაღამ,
ღამეს სიბნელე რცხვენოდეს.
მთვარე მწყემსავდეს ვარსკვლავებს,
ჯოგათ მიერეკებოდეს.
ქარსაც დაეფრთხოს ღრუბლები,
ცას ლაქათ აღარ ჩნდებოდეს.
მიწა გაქვავდეს ყინვისგან,
წყალი სიცივით ხმებოდეს.
ისეთ ლექსს დავწერ ამაღამ,
გულს სისხლი ადუღდებოდეს.
სხეული სულ კანკალებდეს,
გრძნობები გახურდებოდეს,
ტიალ და ლამაზ ფიქრებში,
სიზმრებიც გახუნდებოდეს. . .

გვიან მოვიდა გაზაფხული, დღენი ღრუბლობენ.
ზამთრად დამფრთხალი ამინდები, კვლავაც ცუდობენ.
ბუნების ძალა, კანონია თვით ბუნებისა.
ზომიერებას ვერ დაძალავს ცდა ცდუნებისა.
აიჭრებიან ცად ღრუბლები, მზეიც იალებს.
თვალებს დაჰკოცნის გაზაფხული, ლამაზ ციალებს.
და მეც აქა ვარ ნაზამთრალი, მაგრამ არ ვჩივი.
თუმცა, ფიქრშია არ მამიდის უმთო არწივი.
სად გინახია ლაღი ხარი, უიალაღო?
სად გაგონილა ხევსური და უიარაღო?!
ჰაი, ცოდოა კლდის ბერხენი, შუნის გარეშე.
მათზე ფიქრები მთაჭიუხებს გავუთარეშე.
ეს გაზაფხულიც ვერ ივარგებს მჯერა უმზეოდ.
არც მე ვივარგებ, ჩემო ქალავ, ალბათ უშენოდ!
მაინც მოვიდა გაზაფხული, როგორც არასდროს.
ნაღდად გვიან სჯობს ნათქვამია, ვიდრე არასდროს!

****************************************

დამღალა შენმა ტრფიალმა,
გაქცევა მინდა მთაში.
მაგხელავ თან გაგიყოლებ,
ყვავილს ჩაგასვამ თმაში.
დაგსვამ, გიამბობ წარსულზე,
ცრუს არ გავურევ ხმაში.
ჩაგიკრავ, მოგეფერები,
არასდროს გაგცვლი სხვაში!

*****************************

თურმე ყოფილა ძნელი, დღეებს ცალცალკე ვითვლით.
ახდება ნატვრა ჩვენი, აღარ ვიქნებით ცალა.
იას ოცნებათ ველი, ღრეებს ცახცახებს ფითრი.
ახლა მხოლოდ შენ გელი, ჩემო პატარა ქალა.

მიყვარს

თუშური მუსიკა მიყვარს.
ფშაველ წაწალთა კაფია.
მოხევეთ მყინვარი მიყვარს.
მთიულთ უბარი, ბაქია.
ხევსურთა ლექსები მიყვარს,
საგმირო საქმეს ნაწერი.
მთიელთა სიცოცხლე მიყვარს,
ამ ენით ვერას ავწერი.

********************

ძლიერ მაღონებს წარსული,
წითელი კლდე და ლაწანი.
სახე იღმანჭა ცხოვრებამ,
ცუდად გაუდის პრაწანი.
ბევრი დავკარგე `ძმაკაცი~
თანაც გათხოვდა წაწალი.
ძალს მე ვარ, ძალს ბედისწერა,
ვერ მოვიშალე წანწალი.

******************************

გამოვიკეტე ოთახში,
გული მიმიწევს გარეთ.
ნეკრესო, გუდანის ჯვარო,
თქვენი ყმა დაიფარეთ!
კახით ავიდე ხევსურეთს,
პაპა ხირჩლაის მხარეთ.
ფიქრებს გაჯიბრებ ნისლები,
მთებო, თქვენ გაიხარეთ!!!

****************************

უფრო ჯიუტი ვარ,
ვიდრე სევდიანი.
მეც მიყვარს კლდეები,
როგორც ჯიხვს, ტიალსა.
იქიდან გადმოფრენილს
რქები დამელეწა;
ახლა თქვენ გიბედავთ
ლექსებით ტრფიალსა.

ჯინჭარ აული

ჯინჭარ მავიდა აულზე,
ქვას ხავსი ეკიდებისა.
ბილიკი შამბით გაივსო,
კლდეთ ცრემლი ედინებისა.
ძაღლთ ყეფა, ჩქამი კაცისა,
სოფელს არ ეფინებისა.
ალაგს უსულოს, უხორცოს,
ყვარანიც ერიდებისა.
წესი ირევა, დროება,
ჟამთა სვლას გვერდს ვერ აუვლი.
მთაში იცლება სოფლები,
დარდო, გულს ნუთუ გაუვლი?
პირქუშო უკაცურობავ,
შარას ბალახად დაუვლი.
არცა ჯვრის საყმო, არცა რა,
დარჩება ჯინჭარ აული.

********************************

ჰეო, ხევსურნო დაგძახებთ,
დავჯარდეთ ხესურთ შვილები.
მინდი, ალუდავ, მგელიკავ,
აქავ ორთ, ხირჩლათ შვილები.
გორდავ და დავითფერულო,
ღაჯიავ, ფარო ჯვრიანო,
ხსოვნა კაიყმათ წარსულნო,
ხევსურეთს სახელიანო.
დიდხანს გეცოცხლას, ხუცესო,
ადათებს მიმყოლიანო.
ჩვენო მთის სალოცავებო,
წყალობა მოგვეც ხვთიანო.
შენამც იხარე, არხოტო,
ჭიუხო ჯიხვებიანო,
მთასიქითავ და მთასაქეთ,
ჩემო ოცნებავ მზიანო.
შენამც იფრინე, არწივო,
ბუნებავ, მაღალ-ზნიანო.
ჰეო, ხევსურნო, დაგძახებთ,
დავჯარდეთ ხესურთ შვილები.
მინდი, ალუდავ, მგელიკავ,
აქავ ორთ, ხირჩლათ შვილები. . .

კეთილი გულით მიძღვნილი,
მცირედიც შაეწირების

ჯვარ-ჯვარის კარზე,
დანთებული თაფლის სანთელი.
ლუდის თასი და
სადღეგრძელო გულით ნათქვამი.
ხუცესის ლოცვა,
სალოცავი, წმინდა ნათელი.
არსაით კაცს არ წაუხდება
რწმენა მართალი.

ფიქრი მწერელტყვე

ფიქრნი გაიჭრნენ წინაპართ ხანაზე,
უყვარდათ თოფ-ხანჯლის ტრიალი.
ვოცნებობ მეც ერთი ამაზე,
ხევსური მწერელტყვე, ტიალი.

უიალაღო ხარი

გუნება ვერ მოვარგე ქალაქს,
მაინც მთის კაცი ვარ უბრალო.
სევდის ფიქრები მძალავს,
ეს რა ჭირი მჭირს, უფალო?!
გონება მიმიტირის ნასოფლარზე,
ოდესღაც ხირჩლას ნაკვალავ ბილიკზე.
უკაცოდ დარჩენილ ნაოფლარზე,
მხოლოდ რომ ერთგულობს პირიმზე.
კიდევ ვინ გაიგებს გულში როგორ მტკივა,
ნეტავი კლდეებო, თქვენ გგავდეთ,
ბარში ვარ და როგორც მთაში ისე მცივა,
ნისლებო, ფიქრით მინდა გადაგყვეთ.
სული ბინძურდება, სხეული ბეჩაობს,
სისხლი ყივილით მაგიჟებს.
შენ, ჩემო ცხოვრებავ, ბედშაო,
თუ იცი, რამდენ ცუდს მანიჭებ?!
მე ჩემ თავს არ ვჩივი, არც ოხერ ტკივილებს,
შემოგევლე მთაში, კოშკო დანგრეულო.
არწივთა ნაბუდზე ძერა ვერ იკივლებს,
ჟამო, როგორც გინდა არეულო.
ერთი მთის კაცი ვარ, უბრალო.
თუმცა გამზრდელია ბარი.
მაინც ხევსური ვარ უფალო,
უიალაღო ხარი.

დაგიბრუნდები

დაგიბრუნდები, ხევსურეთო, დაგიბრუნდები!
ფიქრით შენთან ვარ, შენი მტკივა, შენი მიხარის!
წინაპრის სისხლო, ჩემს ძარღვებში რათა დუღდები?
გახელებული რით დავმშვიდდე, ერთი მითხარი?
ავალ დათვისჯვარს, მუხლს მოგიყრი, შენ დაგიჩოქებ
პირიქითავ და პირაქეთავ, ჩემო საძვალევ!
ჩემო არხოტო, მიღმახევო, შენთვის ვილოცებ!
ეს უკუღმართი ბედისწერა რატომ მაწვალებს?!

ფიქრი `ხევსურეთი

ხევსურეთს გაზაფხულდება,
მთას მოედება ყვავილი.
ყინულო, შენცა დადნები,
ხევში მდინარედ ჩაივლი.
ჭიუხს გაჩნდება ხარ_ჯიხვი,
მოხდენილი და მარჯვე.
კლდის თავზე დაიბადება,
ვაჟას არწივის მართვე.
შატილი ახმიანდება,
ბანს გამოსძახებს მუცო.
მიმსვლელ_მომსვლელი გაჩნდება,
შინაური თუUუცხო.
მოხუცი ბანს ჩამოჯდების,
თან გააბოლებს ყალიონს.
ბალღებს მოუთხრობს ანდრეზებს,
თუ რა ძალა აქვს ჯვარიონს.
მთელი ხევსურეთ გამართავს
ათენგენაზე დღეობას.
მიღმახევლები გადავლენ
დატიობიდან ღრეობას.
დაამწყალობლებს ხუცესი
დასტურის ლუდს და საკლავს.
შუბლს გარდისახენ სისხლის ჯვრებს,
ხევსურეთს წესად აკრავს!
გუდანს გადუა მოჰყვება_
სამაგანძუროს ამბავს.
სამ გვართა ჩამომავლობა
ზეცის გახსნას რომ ახლავს.
იხსენებიან გმირები,
ვინც გოჯ_მიწაწყალს იცავდა.
სამშობლოს სიყვარულისთვის
ტანზე აბჯარსა იცვამდა.
მუდამ ციცაბო ყოფილა,
ხევსური კაცის სავალი.
ხევსურეთია სიმტკიცე,
საქართველოსთვის სამანი.
კიდევაც გამაიზრდება
მთაში მებრძოლი გმირია.
სამშობლოს სადარაჯოზე
არ მაერევა ძილია.
ჭაბუკი სროლას ისწავლის,
ერთს არ დააცდენს ათშია,
საჯიხვეს მოინადირებს,
თავ_რქას შესწირავს ხატშია.
დიდხანს ფხიზელი ვერ გასძლებ
ამ სილამაზის წალკოტსა.
ბარიდან მონატრებული
შინში აუვა არდოტსა.
სუფრაზე ჩამოსხდებიან
ვაჟები ახალუხლები.
ერთმანეთს სმაში დასცდიან
სიტყვაძუნწი და ჯმუხები.
გამოთვრებიან ხევსურნი,
მზე აერევათ მთვარეში.
სივრცეს ფლოქვებით გახეთქავს
ურჩი ულაყის თარეში…
დროს ვერ დაიჭერ თავხმელას,
ოთხით გარბიან დღენი.
შემოდგომისას ჭალაზე
დაყვითლდებიან ხენი.
მწვერვალს თოვლ შამააჯდების,
როგორც მწყემსს თავზე ფაფახი.
ხევში გახმება პირიმზე,
იალაღებზე ბალახი.
ჩამოზამთრდება ხევსურეთს,
ცხოვრება წყდება მჩქეფარა.
სიჩუმის წყვდიადს დაარღვევს,
ფრინველთა მეფე მყეფარა.
კვლავ დაემჩნევა თემ_სოფლებს,
ხალხის სიმცირის დამღა.
გამოზამთრებას ელიან
ბარისახო და ამღა.
კვლავ გადათეთრდა მიდამო,
თოვლმა დაფარა მთის-ტანი.
ლეგა ნისლებში ჩაფლულა
ლებაისკარი, კისტანი.
ღამეს შატილი წააგავს
კვამლმოკიდებულ ყალიონს.
დაჯარებულან კოშკები,
დინჯად ელიან ალიონს.
არა ჩერდება ოხერი,
თვენი გარბიან დღიანი.
მთაში კვლავ გაზაფხულდება,
ქუჩი ამოვა ცვრიანი.
კვლავ აფრინდება არწივი,
ჩრდილი აჰყვება ცაშია,
არასდროს არ აერევა
სამშობლო ბუდე სხვაშია.
კვლავ გადახედავს ჩანჩქერებს
ჯიხვი სალი კლდის მშვენება.
არასდროს არ მობეზრდება
შველს თავის ნუკრის ფერება.
კვლავ ადიდდება მდინარე,
მხტუნარე კალმახიანი.
კვლავ გაიზრდება კაი ყმა
ხევსურეთს სახელიანი!!!

2 thoughts on “ლადო ჭინჭარაული – “კიდევაც ვნახავ ხევსურეთს”

  • 03/06/2012 at 18:43
    Permalink

    მიყვარს ლადოს ლექსები.
    იქნებ საიტზე ფორუმიც გააკეთოთ,იქ ცალ-ცალკე გვერდებს გავხსნიდით და ლექსებიც უფრო ადვილი მოსაძებნი იქნებოდა

  • 17/02/2013 at 11:30
    Permalink

    ლადოს ლექსებში იგრძნობა დიდი სიყვარული და დიადი სული

    “ვერავინ ვერ დამაძალებს,
    მე, თუ არ მამეხოშოსა.
    არავის საქმე არ არის,
    ვის დავუძახებ `ვოშოსა~.
    დიდება გუდანის ჯვარსა!
    წყალობა გვქონდეს სულ თანა.
    მუსლიმი ძმებიც მიყვარან,
    იბრაგიმი და სულთანა.
    კაცობას რჯული არ უნდა,
    რწმენა რას ერჩის ძმობასა?!
    მგელი მგელს ასდევს, ვეფხვი ვეფხვს,
    ვაჟკაცი გულის ხმობასა”

    უმაგრესი ადამიანია

Comments are closed.