კოპალას დაარსება ლიქოკში

ლიქოკში არის ერთი მაღალი მთა  კარატისწვერი. ეს წვერი მთაზე პატარა დავაკებაა. ერთ მხარეზე გადახედავს ბულალაურთას, ფშავის სოფელს, და მეორე მხარეზე  ლიქოკის ხეობას. ამ ფშაველ-ხევსურების და, ნამეტნავად, ამ ორი სოფლის ადგილს საზღვრავს ეს მთა  კარატისწვერი. ამ მთაზე ზაფხულობით ამოდის როგორც ულალაურთის საქონელი, ისე ლიქოკლებისა და ამ მთის სიმაღლეზე სანიაოზე დგებიან.
აქ ამოდიოდნენ და ერთიმეორეს ხვდებოდნენ ორივე მხარის მწყემსები. ლიქოკში კარატის ჯვარის კოპალას დაარსებამდე იყვნენ ლიქოკელი ახალგაზრდა ვაჟი და ბულალაურელი ახალგაზრდა ქალი. იყვნენ სრულიად ახალგაზრდები და ძალიან უყვარდათ ერთიმეორე. მხოლოდ და-ძმასავით იყვნენ.
ერთხელ მათ ძროხები ჰყავდათ კარატისწვერზე. მოესმათ რაღაც წივილი. დაინახეს, რომ მათ მახლობლად ამოვიდა ზეციდან ერთი თასი და ვერცხლის ჯაჭვი. ქალ-ვაჟი ჯერ შეშინდა, მერე კი მივიდნენ ზეციდან ჩამოსულ საგნებთან. ამავე დროს ისევ გაისმოდა წივილი და რაღაც ჯღარუნი. ქალმა აიღო შიბი და ვაჟმა თასი (იმათ ეს დაინახეს და აიღეს იმიტომაო, ამბობენ ხევსურები, რომ ისინი ჯერ წმიდად იყვნენ და მამაკაცი და ქალი არ იცოდნენო, თორემ თუ მათი სიწმინდე შელახული ყოფილიყო, ისინი ვერც დაინახავდნენ და ვერც აიღებდნენ თასსა და შიბსაო).
მათ ეს ნივთები სახლში წაიღეს. მხოლოდ პირობა დადეს, რომ არავისთან ეთქვათ ეს ამბავი, არც ოჯახში და არც სხვაგან. ქალმა შიბი მიიტანა და პურიან კიდობანში დამალა, ვაჟმა კი თასი თავის ჭერხოს კარების უკან დადგა და ზედ მიაფარა რამეები, რომ ვერავის დაენახა.
დაღამდა თუ არა, ატყდა ორივე ოჯახში წივილი, მაგრამ ოჯახებში ვერ გაიგეს, რამ გამოიწვია ეს წივილი. ქალი და ვაჟი ერთიმეორის აღთქმის გულისათვის არ გამოტყდნენ და არაფერი უთქვამთ  მომხდარ ამბავზე. მეორე დღეს ქალ-ვაჟი ამავე მთაზე შეიყარნენ და უთხრეს ერთიმეორეს თავ-თავისი თავგადასავალი. გადაწყვიტეს, რომ თუ ეს ამბავი განმეორდებოდა, რაღაცა მიზეზი უნდა ყოფილიყო, და თავ-თავიანთი მშობლებისთვის თქვათ. მეორე დღე რომ დაღამდა, ორივე ოჯახში ისევ ატყდა საშინელი წივილი და ჯღარუნი. ქალ-ვაჟი იძულებული გახდა მშობლებისათვის ყველაფერი ეამბათ და ზეციდან ჩამოსული ნივთებიც ეჩვენებინათ. ქალ-ვაჟის მშობლები მკითხავთან წავიდნენ და მკითხავმა უთხრა, შიბი ორად გაეჭრათ და ნახევარი, სადაც პირველად ჩამოვიდა, იქ ჩაეგდოთ მიწაში და ზედ პატარა კოშკი აეშენებინათ. ასევე ის თასიც აქვე უნდა ჩაეგდოთ მიწაში და აქაც პატარა კოშკი აეშენებინათ. იმათაც შეასრულეს მკითხავის დარიგება და ასე მოიქცნენ. გააჩინეს კარატისწვერზე დღეობები წელიწადში ერთხელ, მკათათვეში.
შიბი რომ წაუღია ქალს და ბულალაურთას ქონია, აქ იგი მცველად დაუყენებია კარატის ჯვარს მოდე ქალის სახით. ქალი იმ ადგილზე დარჩა, სადაც შიბი იყო და კარატისწვერმა იქ ადგილის დედად დატოვა და ადგილის პატრონობა მას მიანდოო. თვითონაც როგორც მოდესთან კარგი განწყობილება აქვს და ურთიერთშორის მისვლა-მოსვლა. მკითხავ-ხუცესები ამბობენ, რომ ყოველ მეშვიდე წელს კარატისჯვარის კოშკიდან ამოვა გველი და ბულალაურთაში ადგილის დედის კოშკში ჩავაო. ამას მარტო წმინდა კაცები ვხედავთ და დანარჩენი ხალხი ვერ ხედავსო.

ალ. ოჩ. M 15, რვ. 11

მომზადებულია ზურაბ კიკნაძე-ს წიგნის “ანდრეზები” -ს მიხედვით

ეს საინტერესოა

  • სახლ-კარი ხევსურისა ხევსურთა საცხოვრებლები, სახნავ-სათესი სავარგულების უკმარისობის გამო, ძნელად მისადგომ, კლდოვან ადგილებში აშენებული კოშკურ-ქვითკირებული იყო, რასაც თავდაცვითი მნიშვნელობაც ჰქონდა. ხევსურის მიერ საცხოვრებელად […]
  • ლიქოკი ლიქოკის თემი ლიქოკის წყლის ხეობაში მდებარეობს, რომელიც ბარისახოსთან უერთდება არაგვს. ლიქოკის ხეობა იწყება შურისციხის ახალაღმოჩენილი ძველი სამაროვნითა და ლიქოკის ჭალით, რომელსაც ძველად ‘’სალაშქრო ჭალა’’ […]
  • თამარული ხევსურეთის ზეპირმა ისტორიამ მომხვდურებითან ვაჟკაცურად მებრძოლი რამოდენიმე გმირი ქალის სახელიც შემოგვინახა. ამათგან ერთ-ერთია თამარული (თამარი). სხვადასხვა მეანდრეზე სხვადსხვანაირად გადმოგვცემს თამარულის […]
  • პირუტყვის გამოკვება ზამთარში ხევსურეთში და საერთოდ, საქართველოსა და ჩრდილო კავკასიის მთიანეთში , თიბვის სეზონი იყო ყველაზე დაძაბული სამუშაო პერიოდი. ოჯახს უნდა მოესწრო რაც შეიძლება მეტი საკვების მომარაგება და მეორეც, თივის დროულად აღება […]
  • მეურნეობა ხევსურეთში მიწათმოქმედება აშკარად ჩამორჩება მესაქონლეობას. მთის რელიეფი არ იძლევა წლის სამყოფი პურის მოყვანის საშუალებას. კლდოვან ადგილებში დათესილი ქერი და ჭვავი არაა საკმარისი იმისათვის, რათა მოსახლეობამ […]
  • გიორგი არაბული – ზეცას შახენეო აპარეკავ ”ზეცას შახენეო აპარეკავ, მთვარე დათვისჯვრისკენ იტოლება,” ”ქალავ შავ თვალთ რაად მაპარებავ, ანამც ჭერხოში რად მიყოლებავ?!” ”დღეს მე შენ სწორფერი ვიქნებიო, ღამე გავიტანათ საუბარით.” ”ქალავ, ნუ ამირი […]
  • სარწმუნოება ხევსურთა სარწმუნოებრივი სისტემა სიმბიოზია წარმართობისა და ქრისტიანობისა. ღვთაებათა სიმრავლე ანუ პოლითეიზმი დასტურია იმისა, რომ უხსოვარ დროში ხევსურები ქრისტიანობამდელი რწმენა-წარმოდგენებით სარგებლობდნენ. მათ […]
  • ციხე-კოშკები მუდამ მტრიანი („ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი“, ვაჟა) და ბრძოლის ველზე ნაწრთობი ხევსურები დიდი განსაცდელის ჟამს თავდაცვითი დანიშნულების სამხედრო თუ ლებაისკარი საცხოვრებელ ნაგებობებში პოულობდნენ […]