კლიმატი

ფშავ-ხევსურეთის კლიმატი მის სხვადასხვა ნაწილში განსხვავებულია. მდინარე ასას და არღუნის (ჩრდილო ანუ პირიქითი ხევსურეთი) ხეობების კლიმატი უფრო მკაცრია ვიდრე ფშავისა და პირაქეთი ხევსურეთის (არაგვის ხეობა). ხევსურეთის ქედი ჩრდილოეთიდან მოქროლილ ცივ ქარებს სამხრეთით გავრცელებაში ხელს უშლის. ფშავს და პირაქეთ ხევსურეთს მხოლოდ სამხრეთის, აღმოსავლეთის და დასავლეთის ქარები აღწევენ და ჰავას სინოტივეს მატებენ. კავკასიონის მაღალმთიან ნაწილში ჭარბობს კონტინენტური ჰაერის მასები. ქარების მიმართულებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს კავკასიონის რთული მთათა სისტემა. შესაბამისად, სხვადასხვა ხეობას ხშირად განსხვავებული კლიმატი ახასიათებს. აღწერილი ტერიტორიისთვის დამახასიათებელია სიმაღლეთა დიდი ცვლილება, რაც განსზღვრავს ტემპერატურის სიმაღლებრივ ცვლას. არაგვის აუზი უფრო თბილია, ვიდრე კავკასიონის ჩრდილოეთით მდებარე ასას და არღუნის მდინარეთა ხეობები. ზღვის დონიდან დაახლოებით 1500მ-დან ჰაერის ტემპერატურის საშუალო მინიმუმები უარყოფითი ნიშნითაა 5 თვის განმავლობაში, ხოლო 3600მ-ზე მთელი წლის განმავლობაში უარყოფითი ნიშნითაა. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურები აუზის ფარგლებში დიდი მერყეობით არ ხასიათდება. აბსოლუტური მაქსიმუმი ყველა პუნქტისათვის აგვისტოში აღინიშნება. საშუალო მთიან ნაწილში ზაფხული ხანგრძლივია, მაგრამ მაინც შედარებით გრილია და 10 გრადუსზე მაღალი ტემპერატურა მხოლოდ 5 თვის განმავლობაშია. მაღალმთიან ნაწილში ზაფხული ხანმოკლე და გრილია, 2-4 თვის განმავლობაში საშუალო თვიური ტემპერატურა 2500მ სიმაღლემდე 10 გრადუსს აღემატება. უფრო ზემოთ კი – 3000მ-დან ზაფხული უფრო გრილია. კავკასიონის ქედის ჩრდილო ფერდობებზე მნიშვნელოვნად მცირე ნალექი მოდის ვიდრე სამხრეთით, თუმცა სიმაღლის მატებასთან ერთად ნალექების რაოდენობას შორის სხვაობა მცირდება. 1200-1300მ-დან 1800-1900მ-მდე დამახასიათებელია ზომიერად ნოტიო, ზომიერად ცივი კლიმატი ხანგრძლივი გრილი ზაფხულითა და ცივი ზამთრით. იანვრის საშუალო ტემპერატურა -3 3გრადუსიდან -6 გრადუსამდე მერყეობს, აბსოლუტური მინიმუმის დროს ტემპერატურა – 25-28 გრადუსამდე ეცემა. ნალექების რაოდენობა საკმაოდ მაღალია და 900-1400მმ-მდე მერყეობს. ნალექების მაქსიმუმი მაისშია. შეფარდებითი სინოტივის მაქსიმუმი წლის თბილ პერიოდშია და 74-76%-ს აღწევს, ხოლო მინიმუმ ზამთარში – 67-68%. თოვლის საბურველი 30-100სმ ხანგრძლივობა (3-6თვე). ზემოთ, 1800-1900მ-დან 2400-2500მ-მდე დამახასიათებელია ზომიერად ნოტიო კლიმატი ცივი ზმთრითა და ხანმოკლე გრილი ზაფხულით. ნალექების მაქსიმუმი გაზაფხულის ბოლოს და ზაფხულის დასაწყისში, ხოლო მინიმუმი იანვარშია. უთბილესი თვის ტემპერატურა 10 დან 15 გრადუსამდეა. წლიური ნალექების ჯამი 1200-1500მმ-ს შეადგენს. ნალექების მაქსიმუმი გაზაფხულის ბოლოს და ზაფხულის დასაწყისში, ხოლო მინიმუმ იანვარშია. თოვლის საბურველიზოგან 2მ-მდე აღწევს. ზაფხული ხანმოკლეა, ხოლო ზამთარი მკაცრი და ხანგრძლივი 2400-2500მ-დან 3400-3500მ-მდე. იანვრის საშუალო ტემპერატურე – 12-14 გრადუსია, ივლისის საშუალო ტემპერატურე 5-10 გრადუსამდე მერყეობს. საშუალო თვიური ტემპერატურა დადებითი ნიშნით 4-6 თვის განმავლობაშია. ტემპერატურის აბსოლუტური მინიმუმ – 30 გრადუსამდე ეცემა.. აქაც თოვლის საბურველის სიმაღლე 2მ-მდე აღწევს. ამაზე ზევით უკვე მაღალმთის კლიმატია, მარადი თოვლით, რომელიც 3500მ-ს ზემოთ ვრცელდება.. აქაურობისთვის დამახასიათებელია ძალიან ცივი და მკაცრი ზამთარი. უთბილესი თვის ტემპერატურა 5 გრადუსზე დაბალია. აბსოლუტური მინიმალური ტემპერატურები -30-35 გრადუსამდე ეცემა.