კლედ-ნაშალების (პეტროფილური) ფლორა | ხევსურეთი

კლედ-ნაშალების (პეტროფილური) ფლორა

განსაკუთრებით საინტერესოა ფშავ-ხევსურეთის სუბნივალური სარტყელის ფლორა. ზღვის დონიდან 2900-4000 მ სიმაღლეებზე ბინადრობს რამდენიმე იშვიათი ადგილობრივი მცენარეების სახეობა. აქ კლდეებში, ლოდებში და ღორღში ალაგ-ალაგ გვხვდება მცენარეთა პატარა დაჯგუფებები, რაც განპირობებულია მკაცრი, ექსტრემალური კლიმატური პირობებით. მიუხედავად იმისა, რომ ზღვის დონიდან სიმაღლის მატებასთან ერთად მცენარეთა რაოდენობა კლებულობს, იშვიათი და ენდემური მცენარეთა რაოდენობა იზრდება. მათგან აღსანიშნავია ფსევდოვესიკარია (Psevdovesicaria digitata), სიმფიოლომა (Symphyoloma graveolens), ვავილოვია (Vavilovia formosa), ბაიერნის ფურისულა (Primula bayernii), გრიგორაშვილის პოდოსპერმუმი (Podospermum grigoraschvilii), დაბალი ქოთანა (Silene humilis), თებულოს ბაია (Ranunculus tebulossicus) და მრავალი სხვა. ფშავ-ხევსურეთის რაიონის მაღალმთაში გავრცელებულია ასევე არქტო-ალპური მცენარეები – Saxifraga flagellaris, S. moschata, S. exerata, Myosotys alpestre, Oxyria digina, Empetrum caucasicum (=E. hermafroditum), Vaccinium myrtillus,Ligularia subsagittata, და სხვა. ფშავსა და პირაქეთ ხევსურეთში სუბნივალური სარტყელი მცირედაა გამოხატული და შესაბამისად მოკლებულია ამ ზონისთვის დამახასიათებელ უნიკალურ ფლორას.