კეჭნაობა

არ შეიძლება ხმლის მხრიდან მოქნევა.

ხევსურეთში  შურისძიების უფრო მსუბუქი ფორმაც არსებობს,რომელსაც კეჭნაობას უწოდებენ.

კეჭნაობა ხევსურეთში ჩვეულებრივი მოვლენაა და იშვიათია ხევსური დაუკეჭნავი  იყოს და მას თავ-პირი დაშნითა და საცერულით დასერილი არ ჰქონდეს,ამიტომ კეჭნაობაში და იარაღის ხმარებაში ხევსურები პატარაობიდან ვარჯიშობენ,ჯერ ხის დაშნებით და ფარებით,შემდეგ კი ნამდვილ ხმლებზე და ფარებზე გადადიან.

კეჭნაობაში მთავარია,გავარჯიშებული ხელი და კარგი ხმალი გქონდეს,ისე,რომ ხმლის ერთი მოქნევით მეშუღლეს მსუბუქი ჭრილობა მიაყენო,სისხლი გამოადინო და საფოთლეს(საექიმო) გარდა არაფერი გადაგხდეს,მძიმე დაკეჭნა სირცხვილია:იტყვიან,მკლავი ვერ დაიმორჩილა და მეშუღლემ ამიტომ გასწირა,მძიმედ დაკეჭნაო.

კეჭნაობა ან შუღლობა ხდება მიცვალებულის რიგებში,ქორწილში,ხატობაში და სხვა.მიზეზი მრავალნაირია:პირადი შეურაწყოფა,შური,სიმთვრალე,დედისა და მამის სულის შეგინება და სხვა.კეჭნაობა ვაჟკაცობად ითვლება და ქალებში კარგი მოკეჭნავე დიდ მოწონებაშია:“ქალისპირა ბიჭს უფრო ,მაუდის ჩხუბი და კეჭნა ქალების სათვალფეროდ’-ო.ვინც კეჭნაობას გაურბის,მას ძრახავენ,ბეჩავი და მხდალიაო,მაგრამ კეჭნაობაში მარტო პირადი  ვაჟკაცობა და გულადობა არ კმარა,საჭიროა აგრეთვე დრამის გადასახდელად ქონებრივი შესაძლებლობა,რომელიც ყველა ხევსურს არ მოეპოვება.

ამიტომ ღარიბი ხევსური კეჭნაობისგან თავს იკავებს,შეძლებული კი სახელს ეძებს,მუდამ შარზე დგას და დაკეჭნილს ეუბნება:“თეთრი ოქროთი აგილესავ მაგ ჭრილობას“ ან „ბაჯაღლო ოქროთი შეგიმკობ მაგ ჭრილობასო’.

კეჭნაობის სისხლი გვარზედ და თემზეც გადადის და სანამ შერიგება არ მოხდება,შუღლი მე 4-5 თაობამდე გრძელდება,ამიტომ მეშუღლეები ფარ-ხმლით არიან შეიარაღებულები და სადაც შეხვდებიან,იქვე კეჭნაობას გაიმართება.

კეჭნაობაში მთავრია კარგი ხმალი და ხევსურებიც ასეთ ხმალს დიდად აფასებენ.კეჭნაობაში ხმარობენ ხევსურულ სწორ ხმალს „ფრანგულს“-ს და რკინის ფარს.მოკეჭნავეს ხშირად თითში უკეთია დაკბილული  რკინის „ღაჯია“.

პირველის შეტაკებისთანავე მეშუღლეები ხმალს იშიშვლებენ,ფარებს მომიმარჯვებენ და ერთმანეთს კეჭნიან.ვინც ამ დროს მათ შეესწრება,უნდა გააშველოს გვერდის აქცევა სირცხვილია.თუ გამზავებელს ხმალი მოხვდა და დაიჭრა,ვისიც ხმალია,დრამა იმან უნდა გადაიხადოს.ზოგჯერ მოკეჭნავეთა შორის ქალი მანდილს შეაგდებს და იტყვის „ესეთა გეხვეწებით“ მაშინ უნდა გაშორდნენ,თორემ სირცხვილია.მაგრამ კეჭნაობის დროს მეშუღლეებს გამზავებელი თუ არ შეესწრო,როცა მოიღლებიან,თვითონვე იტყვიან,გვეყოფაო და იარაღს დაყრიან,შემდეგ ერთმანეთს ჭრილობას შეუხვევენ და გაშორდებიან.

კეჭნაობის დროს მეშუღლეები  ცდილობენ ხმალი ისე დაკრან,რომ მეშუღლეს მსუბუქი ჭრილობა მიაყენონ.

წყარო  სერგი მაკალათი  “ხევსურეთი”