დიპლომატია

ხევსურეთში სამართლებრივ საკითხებს ადგილობრივი რჯულ-სამართალი წყვეტდა და აგვარებდა. კუთხის „მაცოდარი“ რჩეული მამაკაცების საბჭო განიხილავდა სადავო, „საარდარაო“ საქმეებს და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში გამოჰქონდა შესაბამისი განაჩენი. ხელმძღვანელობდნენ ზეპირი, წერილობით გაუფორმებელი იურიდიული კოდექსით. ისჯებოდა ყველა, ვინც დადგენილ ნორმებს უპასუხისმგებლოდ მოეკიდებოდა და ეთიკისა თუ მორალის მოთხოვნებს არაფრად ჩააგდებდა… ვინაიდან ხევსურებს გამუდმებული სამტრო-სამეგობრო ურთიერთობა ჰქონდათ ჩრდილოკავკასიელ ტომებთან, მათ შორის ხშირად ჩნებოდა მწვავე კონფლიქტები. შურისძიებას საპასუხო რეაქცია მოჰყვებოდა და წლობით გრძელდებოდა ურთიერთდევნა და სისხლისღვრა. სწორედ ასეთ დროს იყო საჭირო გონიერი, წინდახედული, შორსმჭვრეტელი პირების აქტიურობა. რამდენიმე კაცისგან შემდგარი „დელეგაცია“, ე.წ. „კაც-შუაკაცი“ იღებდა პასუხისმგებლობას და სათათბიროდ მტრის სოფელ-ქვეყანაში ანდა სასაზღვრო ადგილზე მიდიოდა. მთიელები პატივს სცემდნენ სტუმარს, თუნდაც ის მათი მოსისხლე მტერი ყოფილიყო. იმართებოდა თათბირი, რაც ხანდახან რამდენიმე დღეს გასტანდა ხოლმე და, არცთუ იშვიათად, სასურველი შედეგით, შერიგებით და ზავით მთავრდებოდა. მტრობასა და უნდობლობაზე კეთილგონიერება იმარჯვებდა და კვლავ ახლდებოდა ერთურთის მიწაწყალზე მიმოსვლა. თავმომწონე ხევსური ახალგაზრდა სისხლის ასაღებად მიდის ქისტეთში. გადაივლის მთას, გაივლის ხევ-ხუვებსა და მიუახლოვდება მტრის აულს. ხელისგულივით უჩანს მოსისხლეთა სამოსახლო… მაგრამ ეს რა ხდება?! მთელ აულს ხიზრის ბანზე მოუყრია თავი. გაბმული მიდ-მოდენა და გნიასია. უცებ შეუდარებელი ქისტური საცეკვაო მელოდია აჟღერდება გარმონზე… ხიზირის უმცროსი დის ქორწილი აქვს… საცეკვაოში ელვასავით შეიჭრება ხიზირი, ცერებზე დგება და ირიბად მკლავგაშლილი არწივგოგოელი ქისტი არწივივით დამზერს ზემოდან წრეზე წასულ ტანწერწეტ ასულს. მატულობს ტაში. „ჰაი, ჰატ, მარჯაჰ!“ ისმის მოწონების შეძახილები… ხევსურ მეფელეს (მკვლელს) ნიშანში ჰყავს ამოღებული ხიზირი. სასხლეტზე ერთი თითის გამოკვრა და ჟამკარი აირევა… გახელებით ცეკვავს ნიშანში ამოღებული ქისტი… ხევსური თოფს დაბლა დაუშვებს და პირს სამშობლოსკენ იბრუნებს. სოფელში მისულს მთელი სოფელი მიეგებება და ამბავს ჰკითხავენ. ისიც უამბობს… – რად არ მახვალ? რისხვას ვერ მალავენ ბერ-ახალნი. მეომრები ითამაშებდა! (იცეკვებდა) გაუბზარავ პასუხს უბრუნებს თვისტომი ხევსური. წეს-ჩვეულება იყო სისხლის აღება, მაგრამ გარკვეულ შემთხვევებში წესი არ აღსრულდებოდა. მაგალითად: „მოსისხლეებმა მას თავი მიანებეს არა გველის გამო, არამედ იმიტომ, რომ მისი მოკვლით იხურებოდა ჩვენი, ჯალაბაურთ, მთაში განთქმული შთამომავლობა…“
მოსისხლეების სულგრძელობა!
„ხევსურის ბუნება ვერავითარ შემთხვევაში სილაჩრეს ვერ ეგუება. მაგრამ ამასთანავე ერთად, მას ზედმიწევნით კარგად აქვს შეთვისებული პიროვნების ღირსება და ამიტომ იგი მუდამ დაჯაბნებულის, დამცირებულის, თავმოყვარეობაშელახული ადამიანის მხარეზე დგას, თუნდაც ის მოსისხლე მტერი იყოს მისი“.
გიორგი თედორაძე

ამღიონმა გამიხარდიმ წინხადულ მიხეილს დაუბარა: „სუდარა უბით ატარეო“. ეს ხატოვნად შეთვლაა მტრობისა („მტრობის ბარება“), ჩვეულებრივ კი ასე უთვლიდნენ: „მზას იყავ, მე მზას ორ იარაღნ თან იქონიენი!“-ო. რაც შეეხება სისხლ-მესისხლეობას. უნდა შევნიშნოთ, რომ მთის სისხლ-მესისხლეობის ამბავი არასწორად, არაობიექტურად აისახა როგორც სამეცნიერო, ისე მხატვრულ ლიტერატურაშიც. შესაძლოა, ამას იმანაც შეუწყო ხელი, რომ ეს ადათი ეგზოტიკური და კოლორიტულია. ფაქტობრივად, თავის დროზე ეს ადათი ხელს უწყობდა მთაში სიკვდილიანობის შემცირებას. ადამიანებს აჩვევდა ერთმანეთის მიმართ ზომიერებას სიტყვასა თუ საქმეში, აჩვევდა იარაღის ხმარებას – მძიმე ჭრილობების მიმყენებელი მხდალი იყო და მოუქნელი… ამიტომ, რაც უნდა პარადოქსულად ეჩვენოს მკითხველს ეს აზრი, შურისძიების ადათს თავის დროზე დადებითი როლი აქვს შესრულებული.
ალექსი ჭინჭარაული 

„როცა ხევსურებს უცქერ, ნაჭდევებით სახეზე და ტანზე, მუდამ იარაღასხმულთ და მზადმყოფთ შეტევისათვის, გგონია, სისხლი სწყურიათ მათ მხოლოდ. მაგრამ ეს ასე არ არის, არავის ეშინია სისხლის დაღვრისა ისე, როგორც ხევსურს: არც ერთ ხალხს, არც ერთ ტომს. მკვლელს ხევსურეთში „ლაჩარის“ სახელით სდაღავენ, გმირი მათთვის ის მორკინალი კი არაა, ვინც სახიფათოდ დასჭრის მოპირდაპირეს. ჭრილობა კანის გაკაწვრა უნდა იყოს მხოლოდ, თვით გაავებულ შებმაშიაც კი – აი, უტყუარი ნიშანი ხევსურეთის ნამდვილი ვაჟკაცობისა“.
გრიგოლ რობაქიძე