ხევსურების თხოვნა ამერიკის მთავრობას

ჩვენი ხევსურეთის ხალხი შეწუხებულ არს ბოლშევიკებით. გვიკრძალავენ რჯულს. უნდათ კოლხოზების გაკეთება და ბევრის ნალოგების გამორთმევა და მოდიან და ხშირად გვეუბნებიან მაგრამ ჩვენ თანახმა არ ვართ სანამ სრუა დავიხოცებით მთელი ხევსურეთი თანახმად არ ვიქნებით. მართალია იარაღი არა გვაქვ მაგრამ ხმალითა და ხანჯრით უნდა ვიომოთ, მაგრამ ამერიკას გთხოვთ დიდის თხოვნით ძლიერის სახელმწიფო ხართ და მოგვეშველენით და დახმარება გაგვიწივეთ თორე ცოდო ვართ. იმედი გვაქვს რო მოგვეშველებით თუ გვიშველით თქვენ თუ არა ჩვენი მშველელი აღარა არი. აბა ძმებო უკანასკნელ დღეში იართ ჩვენ.
მთელი ხევსურეთის წარმომადგენლები
გიგა ლიქოკელი
ვ. გორგილაშვილი
23-6-36 წ.

პრეზიდენტ ბუშს ამ წერილის ინგლისურენოვანი ასლი გადასცა და ამით კიდევ ერთხელ ითქვა, აი, ბატონო პრეზიდენტო, თქვენთან მეგობრობა ქართველებს ყოველთვის გვინდოდაო.  წერილის ორიგინალი კი ეგრედწოდებულ ‘’კაგებეს’’ ამჟამად შსს-ს არქივში,  მის ავტორებზე შედგენილ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად ინახება.

ვინ დაწერა წერილი

ვ. გორგილაშვილი, რომელიც ოფიციალურად ცნობილია, როგორც წერილის ერთ-ერთი ავტორი, სინამდვილეში ვინ არის, არავინ იცის. მის შესახებ არც სისხლის სამართლის საქმეშია რამე ნათქვამი და ის ამ წერილის ავტორი არასდროს ყოფილა. სინამდვილეში გიგაუ ( და არ გიგა_მ.დ.) ლიქოკელთან ერთად ერთად წერილი კიდევ ორმა ადამიანმა ღერენა და გიორგი ლიქოკელებმა შეადგინეს.
საქმეში ისინი საიდუმლო ორგანიზაცია ‘’ლიქოკის’’ წევრებად არიან მოხსენიებული, იქვე წერია, რომ ‘’ლიქოკის’’ წევრები `ხალხის მტრები’’ იყვნენ და ბოლშევიკების წინააღმდეგ კონტრევოლუციას ამზადებდნენ.
სამოცს გადაბიჯებული ნასალდათარი და რუსული კარგი მცოდნე ღერენა, ორგანიზაციის მეთაურად ითვლებოდა. მთელს ხევსურეთში განთქმული ვაჟკაცი, საზარელი შესახედაობის ყოფილა. ერთ-ერთი ბრძოლისას ღერენას ცხვირი ხმლით ფუძიდან წაათალეს. ასეთი შესახედაობის გამო, მისი სურათი სისხლის სამართლის საქმეში არ დევს, ანფასში მას სურათს ვერ გადაუღებდნენ…
დაახლოებით მისი ასაკის იყო გიორგი ლიქოკელი, ხოლო მათზე ბევრად ახალგაზრდა გახლდათ გიგაუ ლიქოკელი, 36 წელს როცა ის დააპატიმრეს, გიგაუ მხოლოდ 35 წლის იყო. ავტორიტეტით ღერენას არც ერთი არ ჩამოუვარდებოდა.
მითუმეტეს, სამივე მათგანი ხევსურეთის ცნობილი აჯანყების ლიდერები იყვნენ. ამ აჯანყებას სამოცკაციანი რაზმით ქაქუცა ჩოლოყაშვილი ხელმძღვანელობდა.
1922 წლის აჯანყებისას სამი დიდი ბრძოლა ჩატარდა. პირველი ბრძოლის შემდეგ, ხევსურებმა მთელი მეთერთმეტე არმია და მათი მომხრე ქართული მილიციის და აქტივისტების ჯარი გაანადგურეს. ბრძოლა ორწყალში ბარისახოდან შვიდი კილომეტრის დაშორებით მოხდა. ამის შემდეგ კიდევ ორი ბრძოლა, ჩატარდა. მესამე ბრძოლა იყო ძირითადად ლიქოკში, ლიქოკის ხეობაში.
თუმცა ვერც ერთი ბრძოლისას ხევსურების ლიკვიდაცია ვერ მოხერხდა, რადგან მიუვალ კლდეებსა და ტყეებში ჩასაფრებული ხევსურები გამოცდილი სნაიპერებივით მოქმედებნენ და მთაში ბატების გუნდივით ერთად მობიდაილე კომუნისტებს წიწილებივით ხოცავდნენ. საბოლოოო ჯამში კომუნისტებმა ხევსურეთი დაიკავეს და რამოდენიმე სოფელი გადაწვეს. ბარისახოელები დროებით მიყუჩდნენ და შესაფერის დროს დაუწყეს ლოდინი კომუნისტების გასაძევებლად.

როგორ მოხვდნენ 36 წელს ხევსურეთში ამერიკელი ტურისტები

კომუნისტებმა ჩათვალეს რომ გაიმარჯვეს და მთის იდეურ გატეხვას შეუდგნენ.
გაიყვანეს საავტომობილო გზა ბარისახომდე, მოაწყვეს მისი ცენტრი ააშენეს სკოლა ინტერნატი, სასოფლო საბჭო, სასამართლო მილიცია, ფოსტა კოოპერატივი, საავდმოყოფო და დასასვენებელი სახლი. 35 წლისათვის მშენებლობები უკვე მთლიანად დამთავრდა. სკოლის მასწავლებლად გაამწესეს მუშფაკ დამთვარებული ალექსანდრე ოჩიაური, რომელიც შემდეგ სხვა შეთქმულებთან ერთად დააკავეს. სხვათოშორის ალექსი ოჩიაური მოქანდაკე გიორგი ოჩაიურის მამაა, რომელმაც ვაჟა- ფშაველას გამზირზე ვაჟას ძეგლი დადგა.
დასასვენებლ სახლში ჩასახლდა ერთი კაცი გვარად მშვენიერაძე, რომლის წარმოშობისა და ვინაობის შესახებ არავინ არაფერი არ იცოდა. რა თქმა უნდა მშვენიერაძე ‘’ჩეკას’’ ოფიცერი იყო. ის ხევსურებს, როგორც დასასვენებლი სახლის თანამშრომელი ისე გაეცნო და მათი ნდობის მოპოვებაც მოახერხა.
სულ მალე მშვენირაძეს უკან ამერიკელი ტურისტი ცოლ-ქმარი გრეგოკები ჩამოყვნენ. ისინი ხევსურეთში თხილამურებით სრიალებდნენ და თავიანთი ჭკუა მხიარულობით, ადგილობრივებში საკმაოდ არასერიოზულ განწყობას იწვევდნენ.
მშვნეირაძემ მარკ გრეგოკი ოჩიაურთან მიაგზავნა და თხოვა მას ამერიკელისთვის სარეკომენდაციო წერილი დაეწერა, რომ ვინმეს მისთვის ლიქოკში ღამე გაეთენებინა. პროფესიით ჟურნალისტ ამერიკელს ლიქოკში ეთნოგრაფიული მასალების შეგროვება უნდოდა. მეორე დღეს 14 იანვარი თენდებოდა, ლიქოკში ხატობა გაიმართებოდა…
მოგვიანებით სხვებთან ერთად დაპატიმრებული ოჩიაური თავის მოხსნებაში დეტალურად აღწერს, როგორ გააგზავნა მასთან მისული ამერიკელი ლიქოკში და ხახონ ლიქოკელთან პატარა ბარათიც გაატანა   ‘’ხახონ თუ ძმა ხარ, პატივი მეცი და გაათეინე ამ უცხო სტუმარს შენთან ერთი ღამე…’’
იქიდან დაბრუნებულმა ამერიკელმა ალექსის უამბო, რომ ხევსურებმა კარგი სუფრა გაუშალეს, თუმცა ენის უცოდინრობის, გამო მათთან მუნჯივით იყო. ამერიკელს ისიც უთქვამს რომ სალოცავში მას ცუდი თვალით შეხედეს ხევსურებმა და ამიტომ მეორე დღესვე წამოვიდა.
თუმცა საქმეში არ წერია, რომ სინამდვილეში ამერიკელი იქ მუნჯივით სულაც არ ყოფილა. მას თარჯიმნად ღერენა მიუყვანეს, რომელმაც რუსული კარგად იცოდა. ხატში ბუნებრივია პოლიტიკაზეც ჩამოვარდა საუბარი. ამერიკელის სრულიად არა კაპიტალისტურმა საუბარმა ხევსურები ცოტათი კი დააეჭვა და მთლად წესრიგში რომ ვერ იყო საქმე მაგასაც მიხვდნენ მაგრამ, რადგან არც სხვა ამერიკელი ყავდათ თვალით ნანახი, არც კაპიტალიზმი იცოდნენ რა იყო და დიდად ვერც იმაში ერკვეოდნენ ამერიკა სად მდებარეობდა,ამ ეჭვებს მაინცდამაინც დიდი ყურადღება არ მიაქციეს. ამერიკელს მართლა ცუდად შეხვდნენ ის კი არადა, ერთ-ერთმა მას თვალებში კერის კოცონიდან აღებული ნაცარიც შეაყარა, მერე უთქვამს ‘’ძმაო რაი გეწყინა, გემასხრეო…’’ ამერიკელმა წყენა არ შეიმჩნია, არც უნდა შეემჩნია, რადგან მას ხევსურებთან დაახლოება ჰქონდა მიზნათ, სამაგიეროს გადახდის საშუელბა კი მერე ნამდვილად ექნებოდა.
გრეგოკი ლიქოკში მეორედ ამაღლებაზე, აპრილში ავიდა. რადგან მისი მხოლოდ ღერენას ესმოდა ყველაზე მეტად მას დაუახლოვდა, დანარჩენმა ხევსურებმა ‘’ქარაქუცა’’ ამერიკელი, რომელმაც მათ თვალში ნაცრის შეყრა აპატია, არაფრად აღარ ჩააგდეს, მაგრამ ამერიკელს სხვები არც ანაღვლებდა, მისთვის მთავარი ღერენას ნდობის მოპოვება იყო. მესამედ ის ლიქოკში უკვე ზაფხულში ამოვიდა, თან ერთი ‘’თბილისელი მეგობარიც’’ ამოჰყვა, ვინმე ილარიონი. მათ სისხლის მოყვარულ და კომუნისტების მოძულე ღერენას ჩააგონეს, რომ თავისუფალი ხევსურეთის ოცნება, სულ ადვილად შეიძლებოდა რეალობად ქცეულიყო, იარაღს აჯანყებისთვის მათ ამერიკის პრეზიდენტი მიაწვდიდა, იმ მისამართზე სადაც ‘’ჩეკას’’ შენობამდებარეობდა, თუმცა ხევსურებმა არ იცოდნენ, რომ იქ ‘’ჩეკა’’ იყო.
ცოტა ხანში გიგუა, ღერენა და გიორგი თბილისში ჩამოვიდნენ და ‘’ამერიკელის ბინაზე’’ მივიდნენ. ამერიკელმა და ილარიონმა სუფრა გაშალეს, მოიტანეს ღვინო და კონიაკები, რომლებიც მანამდე არც ერთს თვალით არ ენახა და ხევსურები გვარიანად გამოათვრეს. უკვე ნასვამები დაარწმუნეს იმაში, რომ ამერიკელები აჯანყების მოწყობაში აუცილებლად დაეხმარებოდნენ, მხოლოდ ამისთვის უნდა დაწერათ წერილი პრეზიდენტის სახელზე და ასევე ჩამოწერათ სია იმ ხალხისა, ვინც აჯანყების შემთხვევაში მათთან ერთად მიიღებდა მონაწილეობას. საიდუმლო კონტრევოლუციური ორგანიზაცია ‘’ლიქოკის’’ წევრთა სია შედგა. არადა ლიქოკი უბრალოდ სოფელი იყო…

როგორ დააპატიმრეს წერილის ავტორები

‘’ჩეკამ’’ სამხილები მოიპოვა. ბუნებრივია საქმეში არსად არ არის მითითებული როგორ ჩაუვარდათ ხელში ეს წერილი და სია და არც ის, რა ბედი ეწიათ შემდგომში ამერიკელებს. დააპატიმრეს თერთმეტი ლიქოკელი, ერთი ჭინჭარაული, სამი არაბული და ალექსი ოჩიაური. ერთი ლიქოკელი და ალექსი ოჩიაური _ სოფლის სკოლის მასწავლებელი, სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო და გაათავისუფლა.
პირველად ბარისახოს მილიციის უფროსმა ქაქუცა ჩოლოყაშვილის ახლო მეგობარი დათვია ლიქოკელი დააპატიმრა. დათვია ტყეში იყო გავარდნილი, მან თოფით ერთი მილიციელი მოკლდა რამოდენიმე დაჭრა. თუმცა მთავრობამ ხევსურეთის აჯანყების ჩახშობის შემდეგ ეს დანაშაული მას ორჯერ აპატია. პირველად პატიების სიგელი ბერიას, ხოლო შემდგომ ფილიპე მახარაძის ბრძანებით მიიღო. მთავრობისგან ნაპატიებ კაცს მილიციის უფროსი ბუცაშვილიც ემეგობრებოდა. ‘’ჩეკაში’’ კარგად იცოდნენ, რომ დათვიას საკუთარი სიცოცხლე ფეხებზე ეკიდა, მუდამ თოფით დადიოდა და ყველა მიუვალი ბილიკი ზეპირად იცოდა., ის სხვა ხევსურების ასე ადვილად დაპატიმრებას კომუნისტებს არ დაანებებდა. ბუცაშვილმა დათვიას ღვინოში ძილის წამალი ჩაუყარა, გაკოჭა და ‘’ჩეკაში’’ ჩაიყვანა.
ღერენა, გიგუა და გიორგი ამერიკელმა ისევ დაპატიჟა თბილისში. ხევსურები კონიაკით დაათვრეს და შემდეგ ‘’ამერიკიდან გამოგზავნილი იარაღის’’ წამოსაღებად მიიყვანეს ‘’ჩეკაში’’.
დააპატიმრეს ხახონ ლიქოკელიც, რომელმაც ამერიკდელს ღამე გათენებინა.
საკანში ერთად შეყრილ ლიქოკელებს კი, ეს სია და ამერკაში გაგზავნილი წერილი მიუტანეს, არადა ხევსურებმა ისიც არ იცოდნენ წესიერად, რომ იმ პერიოდში ამერიკის პრეზიდენტი რუზველტი იყო.
მაშინ კი დაურტყავს გულზე ხელი გიორგი ლიქოკელს ‘’ვაჰ დედასა, როგორ ვერ მივხვდით ილარიონის მუხანათობას, თორემ გაბაწრულს შემოვიყვანდით აქაო’’.
იქიდან გასვლის უკანასკნელი იმედი კი საბოლოოდ გადაეწურათ, როცა დაკითხვაზე ერთ-ერთ გამომძიებლად ხევუსრეთში თხილამურებზე მოსრიალე და ლიქოკში ხატობაზე ნაცარნაყლაპი ‘’ამერიკელი’’ მოევლინათ. უკვე ძალიან გვიანი იყო. დაპატიმრებულთაგან დახვრიტეს ჭინჭარაული და დათვია ლიქოკელი. დანარჩნებს რვიდან ათ წლამდე პატიმრობა მიუსაჯეს. სისხლის სამართლის საქმეში არ წერია სად გადაასახლეს ისინი, თუმცა ხევსურეთში კარგად იციან, უკან არც ერთი მათგანი არ დაბრუნებულა.

One thought on “ხევსურების თხოვნა ამერიკის მთავრობას

Comments are closed.


Fatal error: Exception thrown without a stack frame in Unknown on line 0